ალი და ნინო

წინასიტყვაობა


ეს წიგნი თბილისში მცხოვრებმა ინგლისელმა მეგობრებმა გამაცნეს. მწერალი პიტერ ნეისმიტი, რომელსაც საქართველოს შესახებ ორი თუ სამი წიგნი აქვს გამოცემული, აღელვებული ტონით, თვალებგაბრწყინებული მეუბნებოდა – ასეთი წიგნი კავკასიის შესახებ არ დაწერილა და აუცილებლად უნდა წაიკითხოო. პიტერის გემოვნებაში ეჭვი არ შემიტანია, მაგრამ ვიცოდი, რომ მას გარკვეული ინტერესი ჰქონდა საქართველოში ინგლისურენოვანი ლიტერატურის გავრცელების მიმართ და ნათქვამი გადაჭარბებულ შეფასებად აღვიქვი. მაგრამ, როცა ჟურნალისტმა ვენდელ სტივენსონმა (წერს ჟურნალ თიმე-ისათვის) მითხრა, ეს ნაწარმოები ჩემს ხუთ უსაყვარლეს წიგნს შორის არისო, მივხვდი, რომ საქმე განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოვლენასთან მქონდა.

მოკლედ, ვენდელმავე მათხოვა ეს წიგნი და მითხრა – რამდენ ხანსაც გინდა იკითხე, სახლში კიდევ ორი ცალი მაქვსო. ამის მიუხედავად, ორ დღეში წავიკითხე. იმიტომ, რომ ვერ მოვწყდი; იმიტომ, რომ ეს რომანი დაწერილია მათთვის, ვისაც უყვარს მხატვრული ლიტერატურა; იმიტომ, რომ ეს არის რომანტიკული ისტორია, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, როგორ შეიძლება წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდეს ისე, რომ თრილერი ან სკანდალური ავტორის ნაწარმოები არ იყოს.

რომანის პირველ გვერდზე აღწერილი ბაქოს სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილიდან დაწყებული და წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობით დამთავრებული, ნაწარმოების ყოველ წინადადებაში დასმულია კითხვა – პროგრესული ევროპა თუ ჩამორჩენილი აზია?

მიუხედავად იმისა, პასუხი ამ კითხვაზე გაქვთ თუ არა, წიგნის წაკითხვა მაინც ღირს; თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საშუალება მოგეცეთ ცხოვრება მუსლიმის თვალით დაინახოთ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ქრისტიანული სამყაროსათვის მუსლიმური ცხოვრების წესი ძალიან ხშირად გაუგებარი და მიუღებელია.

წიგნი სავსეა ბრწყინვალე ფრაზებით და დაწერილია სიტყვაკაზმული, მაგრამ არა სიტყვაჭარბი ენით. აქ შეხვდებით ძალიან ნაცნობ ადგილებს (თბილისი, ბაქო, ყარაბაღი, დაღესტანი), ძალიან ნაცნობ ტიპებს (ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი) და სიტუაციებს; ნაწარმოების ყოველი სცენა ისე გადადის შემდეგ ეპიზოდში, რომ თხრობის ძაფს შეუნელებელი ინტერესით მიჰყვები. და, რაც მთავარია, დღესაც ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც 80 წლის წინათ, როცა რომანის მოქმედება ვითარდება.

რომანზე არანაკლებ მიმზიდველია და საიდუმლოებით მოცული ავტორის ვინაობა – ამ შესანიშნავ წიგნს ძალზე საინტერესო და ერთობ ბუნდოვანი ისტორია აქვს. მისი ავტორის შესახებ მანამდე არაფერი მსმენია. არც არის გასაკვირი, რადგან ყურბან საიდი ფსევდონიმია და, ვეჭვობ, ვინმემ იცოდეს იმ ადამიანის სახელი, ვინც ეს ფსევდონიმი შეირჩია.

ებრაელი ბიზნესმენის შვილი, ლევ ნასიმბაუმი (იგივე ყურბან საიდი) 1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა.როცა აზერბაიჯანში რევოლუცია მოხდა, მამასთან და გერმანელ აღმზრდელ ქალთან ერთად (დედა ადრე მოუკვდა) სტამბოლს შეაფარა თავი. იქიდან ბერლინში ჩავიდა, სადაც უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო წერა და მალე სრულფასოვან ჟურნალისტად და მწერლად ჩამოყალიბდა. 30-იანი წლების ბოლოს გერმანულ ფაშიზმს ავსტრიაში გაექცა. როცა ნაცისტებმა იქაც შეაღწიეს, იძულებული გახდა იტალიაში გადასახლებულიყო. 1942 წელს დეპორტა-ციისათვის თავის ასარიდებლად ფეხი დაიჭრა, მაგრამ სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა. დაკრძალულია იტა-ლიაში მაჰმადიანური წესით. ლევ ნასიმბაუმს ასად ბეის სახელით გამოცემული აქვს მუჰამადის, რეზა შაჰის, ნიკოლოზ მეორის და ლენინის ბიოგრაფიები, ეს რომანი კი ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

„ალი და ნინო“ დაწერილია გერმანულად და გამოცემულია ვენაში 1937 წელს. საავტორო უფლება ეკუთვნოდა ავსტრიელ ბარონესას, ელფრიდე ერენფელსს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ის და ყურბან საიდი მეგობრები იყვნენ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ბარონესას განცხადებით, წიგნი მისი დაწერილი იყო.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. გამოჩენილი აზერბაიჯანელი სცენარისტის, რუსტამ იბრაჰიმბეკოვის თქმით, მის სამშობლოში თვლიან, რომ „ალი და ნინო“ იუსიფ ვეზიროვის დაწერილია, ხოლო ყურბან საიდი უბრალოდ პლაგიატორია. ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი იუსიფ ვეზიროვი ჩემინზემინლის ფსევდონიმით წერდა. ის სტალინური რეპრესიების მსხვერპლია: 1940 წელს დააპატიმრეს, 1943-ში დახვრიტეს, 1956-ში კი რეაბილიტირებულ იქნა. დღეს მისი შვილი ფიქრეთ ვეზიროვი აცხადებს, ნასიმბაუმი თაღლითი იყო, ავანტიურულ რომანებს წერდა, ხოლო „ალი და ნინო“ მამაჩემმა გამოსცა ვენაში იქ მცხოვრები ბიძაშვილის საშუალებითო.

იმ დროს, როცა რომანი გამოქვეყნდა, ანუ ნაციზმის აყვავების დროს, ეროვნებათშორისი ქორწინება სრულიად მიუღებელი სალიტერატურო თემა იყო. ასე რომ, ის დროებით დაივიწყეს და ხელახლა მხოლოდ ომის შემდეგ აღმოაჩინეს. რომანი ითარგმნა და რამდენჯერმე დიდი წარმატებით გამოიცა ინგლისსა და ამერიკაში. დღეს, როცა წიგნის გამოქვეყნებიდან 65 წელია გასული, ჭეშმარიტი ავტორის დადგენა ძალიან სერიოზულ ძიებას მოითხოვს. პირადად ჩემთვის კი ავტორობის სამივე პრეტენდენტის პრეტენზია მისაღებია. სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდა ამ ისტორიის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც ნასიმბაუმმა გაამდიდრა სათავგადასავლო-ავანტიურული ელემენტებით, ხოლო ბარონესამ ყველაფერ ამას საბაზრო-ევროპული სახე მისცა. თუმცა ჯერ დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ალი და ნინო“ ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიერ არის დაწერილი.

წაკითხვის შემდეგ ამ წიგნის ინგლისური გამოცემის ოთხი ეგზემპლარი ვიყიდე საჩუქრად დასარიგებლად. ერთი ცალი შოტლანდიაში გავუგზავნე ახლობელ ოჯახს. როცა წიგნი მიიღეს, ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე დამირეკა, რაც უცნაური იყო, რადგან საერთოდ წელიწადში ერთხელ თუ მირეკავდნენ ხოლმე. ორივემ ერთი და იგივე მითხრა: დიდ მადლობას გიხდით წიგნისათვის, რომელიც მთელს მსოფლიოში ბესტსელერია, შოტლანდიაში კი ჯერ არ იყიდება და ვერსად ვიშოვეთო.

აი, ასეთი წიგნი გიჭირავთ ხელში და, დარწმუნებული ვარ, მანამ არ გადადებთ გვერდზე, სანამ ბოლო წინადადებას არ წაიკითხავთ.

ბიძინა მაყაშვილი

თბილისი, 2002

Загрузка...