უდაბნო იდუმალებით აღსავსე ჭიშკარსა ჰგავს. ცხენის ფლოქვებქვეშ მტვერი და ქვიშა ირევა. თერგული ბედაურის უნაგირი ისეთი რბილია, თითქოს ბუმბულით იყოს სავსე. ამგვარ უნაგირზე დგომა, წოლა და ძილიც კი შეიძლება. უნაგირის ჯიბეებში ინახება მხედრის მთელი ავლა-დიდება – ერთი პური, ერთი ბოთლი არაყი და ყაბარდოს სოფლებში მოპარული ფული. ჩემი უნაგირის ჯიბეები ცარიელი იყო. ყურს ვუგდებდი უდაბნოს ქარის ზუზუნს, გავცქეროდი ნაცრისფერი ქვიშის უსასრულობას. მხრებზე მოგდებული ყაბარდოული ნაბადი მთელ ტანს მიფარავდა. ნაბადი ყარაბაღელმა ცხენოსნებმა აღმოაჩინეს და ძალზე მოსახერხებელი იყო მგზავრობისა და ყაჩაღობისთვის. არც მზის სხივებს ატარებდა, არც წვიმის წვეთებს, ხელის ერთი გაქნევა და ნაბადი კარვადაც შეგეძლო გექცია. ერთი სიტყვით, ნაბადშია მხედრის მთელი ავლა-დიდება. ქალების მოსატაცებლად ხომ სწორედ ზედგამოჭრილი იყო, ნაბადში ისე იყუჟებოდნენ, როგორც თუთიყუშები გალიაში.
რუხი მგლის ჭიშკრისაკენ მივაჭენებდი. ეს ჭიშკარი ბაქოსთან შუაგულ უდაბნოში უძველესი ხანის ტიტანებმა აღმართეს – ქვიშის უდაბნოში ორი ერთიმეორეში გადაგრეხილი კლდე წამომართულიყო. სარი ყურთი – რუხი მგელი, თურქთა მოდგმის მამამთავარი ოდესღაც აქ, ამ კლდე-ღრეში მიუძღოდა ოსმალოთა ტომს ანატოლიისაკენ.
სავსე მთვარისას ამ კლდეებთან ტურები და უდაბნოს მგლები იყრიან თავს. ისინი წინასწარ გრძნობენ ლეშის სუნს, და ყმუიან, როგორც ძაღლები, როცა მომაკვდავი კაცის სუნს იყნოსავენ, რადგან ისინი უდაბნოს მგლებს ენათესავებიან, ისევე, როგორც ჩვენ, რუსეთის ქვეშევრდომნი, ვენათესავებით იმ მგლებს, ენვერ ფაშა რომ მოუძღვება კავკასიისაკენ.
უკიდეგანო მტვრიან უდაბნოში გვერდი-გვერდ მივაჭენებდით ცხენებს მე და მამაჩემი. უნაგირზე ამხედრებული მამაჩემი კენტავრს ჰგავდა.
– საფარ ხან, – უცბად წამოვიწყე მე, – ჩემი ხმა ძლიერად ჟღერდა. სახელით იშვიათად მივმართავდი მამას. – საფარ ხან, შენთან სალაპარაკო მაქვს.
– ილაპარაკე, შვილო: სჯობს, ცხენებზე ამხედრებულებმა ვილაპარაკოთ, ასე ლაპარაკი უფრო იოლია, როცა მხედარი ცხენთან შერწყმულია და მას შეიგრძნობს.
– იოლი? – მე ცხენს გვერდზე მათრახი შემოვკარი. მამაჩემმა წარბები ასწია და მსუბუქი მოძრაობით დამეწია.
– აბა, მითხარი, შვილო.
– ცოლი მინდა შევირთო.
ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა, ცხენების თქარათქური არღვევდა ამ დუმილს და ბოლოს, როგორც იქნა, მისი ხმაც გაისმა:
– სანაპიროზე ვილას აგიშენებ. ერთი მშვენიერი ადგილი მეგულება, იქ საჯინიბოს აშენებაც შეიძლება. ზაფხულში მარდაკიანში იცხოვრებ ხოლმე. პირველ ვაჟს იბრაჰიმი უნდა დაარქვა, ჩვენი წინაპრის პატივსაცემად. თუ გინდა, მანქანასაც გაჩუქებ. თუმცა მანქანა უაზრობაა. ქუჩები არ გვივარგა. ცხენებით სავსე საჯინიბო გირჩევნია.
და კვლავ დუმილი ჩამოწვა. ზღვისკენ მივაჭენებდით. რუხი მგლის ჭიშკარი უკან მოვიტოვეთ. განაპირა ქალაქ ბაილოვისკენ ავიღეთ გეზი.
– მე მოგიძებნო კარგი ქალი, თუ უკვე არჩეული გყავს? დღეს ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ ქალებს.
– ნინო ყიფიანი უნდა შევირთო.
მამაჩემს გამომეტყველება არ შესცვლია. მარჯვენა ხელით ცხენს ნაზად ეფერებოდა ფაფარზე.
– ნინო ყიფიანი. ვიწრო თეძოები აქვს, თუმცა, ჩემი აზრით, ყველა ქართველ ქალს ასეთი აქვს. ისე, ჯანმრთელი ბავშვები გეყოლებათ. – თქვა მან .
– მამა, მამა!
– რა, „მამა“?! – ჩაილაპარაკა მან.
ზუსტად არ ვიცი, რამ, მაგრამ რაღაცამ გამაღიზიანა. მამა კი მიყურებდა და ეცინებოდა:
– ჯერ ახალგაზრდა ხარ, შვილო. არ იცი, რომ ქალისთვის თეძოები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენების ცოდნა? როდის გინდა იქორწინო?
– შემოდგომაზე, ნინო სკოლას რომ დაამთავრებს.
– ძალიან კარგი. ე.ი. ბავშვი მომავალ მაისში დაიბადება. მაისი ბედნიერების თვეა.
– კი, მაგრამ, მამა?
და კვლავ რაღაც გაურკვეველი სიბრაზე მომაწვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, მამა დამცინოდა. ნინოს თეძოების გამო კი არ ვირთავდი, ან იმიტომ, რომ ენები იცოდა, მე ნინო მიყვარდა. მამაჩემი ისევ იცინოდა. მერე ცხენი შეაჩერა და თქვა:
– რა მოსაწყენი და ცარიელია უდაბნო. ეგებ გვესაუზმა? ძალიან მშია. მოდი, აქ შევისვენოთ.
ცხენებიდან ჩამოვხტით. მამაჩემმა უნაგირის ჯიბიდან პური და გუდის ყველი ამოიღო. ნახევარი მე გამომიწოდა, თუმცა არ მშიოდა. ქვიშაზე წამოვწექით. მამა ჭამდა და შორს იყურებოდა. მერე სერიოზული სახით წამოჯდა, ფეხები მოიკეცა და მითხრა: „ძალიან კარგია, რომ ცოლის შერთვა გინდა. სამჯერ მოვიყვანე ცოლი, მაგრამ შემოდგომის ბუზებივით დამეხოცნენ. ახლა შენც იცი, ცოლი აღარა მყავს. იქნებ შენ რომ დაქორწინდები, მერე მეც შევირთო ცოლი. შენი ნინო ქრისტიანია. ნუ შემოატანინებ სახლში სხვა სარწმუნოებას. კვირაობით ეკლესიაში გაუშვი ხოლმე, მაგრამ სახლში მღვდელს ნუ მოაყვანინებ. ნუ სცემ, როცა ფეხძიმედ იქნება, ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ბატონი ხარ და ის კი შენს ჩრდილში ცხოვრობს. ყოველ მაჰმადიანს სამი ცოლის ყოლის უფლება აქვს, მაგრამ იქნებ სჯობდეს კიდეც, თუ შენ ერთს დასჯერდები. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნინოს შვილები არ ეყოლოს. ნუ მოატყუებ შენს ცოლს, მომთმენი იყავი მის მიმართ. მიუხედავად უამრავი ეშმაკობისა და სისულელისა, ქალები მაინც ბავშვებივით არიან. დაიმახსოვრე ეს. საჩუქრებით აავსე, ძვირფასი ქვებით თუ აბრეშუმით. მაგრამ თუ რჩევა დაგჭირდა და იმანაც გირჩია რამე, ნურასოდეს დაენდობი ცოლის რჩევას.
– მამა, მესმის, მაგრამ შენ არ იცი, როგორ მიყვარს.
მან თავი დამიქნია და განაგრძო:
– საყოველთაოდ ასეა მიღებული, მამაკაცს ომი და სამშობლო უნდა უყვარდეს ქალზე მეტად. ზოგს ლამაზი ხალიჩა უყვარს, ზოგს – იშვიათი იარაღი. ასეც ხდება, ზოგ კაცს მარტო ერთი ქალი უყვარს. ალბათ გსმენია სიმღერა ლეილის და მაჯნუნის სიყვარულზე. ან ჰაფეზის სასიყვარულო თავგადასავლები. მთელი თავისი სიცოცხლე ჰაფეზი სიყვარულს უმღეროდა, არადა, ზოგი ბრძენი ამბობს, რომ არც არასდროს წოლილა ქალთან. რაც შეეხება მაჯნუნს, ის ნამდვილი შეშლილი იყო. დაიმახსოვრე, კაცი ქალს უნდა მფარველობდეს, სიყვარული კი ქალის საქმეა. მას უნდა უყვარდეს თავისი ქმარი. ასე ინება უფალმა.
ვდუმდი. ხმას არ ვიღებდი. მამაც გაჩუმდა. უცბად გაიცინა და წამოიძახა:
– კარგი, ხვალ წავალ თავად ყიფიანთან და საქმეს მოვაგვარებ. თუ დღეს ახალგაზრდა კაცები თავად აგვარებენ თავიანთ საქმეებს?
– მამა, ჯერ მე დაველაპარაკები ყიფიანების ოჯახს. – ვუთხარი მე.
მერე ისევ ჩვენს ცხენებს მოვახტით და ბაილოვისკენ გავწიეთ. მალე გამოჩნდა ბიბი-აიბატის ნავთობის კოშკები. ჩვენ ბაილოვის ციხესთან ჩავიარეთ. სროლის ხმები შემოგვესმა.
– ვინმე დახვრიტეს? – ვიკითხე მე.
– არა, ამჯერად სროლის ხმა ბაქოს გარნიზონის ყაზარმიდან მოდის. იქ ომის ხელოვნებას ბეჯითად ეუფლებიან. გინდა, შენი მეგობრები მოინახულო? – მკითხა მამამ.
თავი დავუქნიე. ცხენები ყაზარმის ფართო ალაყაფისაკენ გავაჭენეთ. ილიას ბეგი და მეჰმედ ჰაიდარი თავიანთ ნაწილში ვარჯიშობდნენ.
– მარჯვენა – მარცხენა! მარჯვნივ – მარცხნივ!
მეჰმედ ჰაიდარი მთელი სერიოზულობითა და მონდომებით ვარჯიშობდა. ილიას ბეგი კი მარიონეტს წააგავდა, თითქოს რაღაც უცხო ძალა მართავსო. დაგვინახეს თუ არა, ჩვენსკენ გამოემართნენ და მოგვესალმნენ.
– მოგწონთ აქ სამსახური? – ვკითხე მე. ილიას ბეგი დუმდა. ჰაიდარმა ბურდღუნით მიპასუხა:
– სკოლას ბევრად სჯობია.
– ჩვენ ახალი უფროსი გვეყოლება, ვინმე თავადი მელიქოვი შუშიდან. – თქვა ილიას ბეგმა.
– მელიქოვი? წითელ-ოქროსფერი რაშით?
– ჰო, ეგ არი, მთელ გარნიზონში მაგ ცხენზე ლეგენდებს ყვებიან.
გავჩუმდით. ყაზარმის ეზოს სქელი მტვერი დასდებოდა. ილიას ბეგის მზერაში შური და მონატრება შევნიშნე. მამაჩემმაც შეამჩნია და მხარზე ხელი დაჰკრა:
– შენ, ალბათ, ალი ხანის თავისუფლება გშურს. ნუ შეგშურდება, სწორედ ახლა აპირებს თავისუფლება სხვას აჩუქოს.
ილიას ბეგმა დაბნეულად გაიცინა.
– ვინ, ნინო?
მეჰმედმა ცნობისმოყვარედ ასწია თავი და წამოიძახა:
– სწორედ რომ დროა.
მეჰმედი კარგა ხნის დაოჯახებული იყო, მაგრამ არც მე და არც ილიასმა მისი ცოლისა სახელის მეტი არაფერი ვიცოდით. ჩადრს ატარებდა. მეჰმედი გამოცდილი კაცივით შუბლშეჭმუხნული, დაფიქრებული იდგა და მეუბნებოდა: „ახლა კი გაიგებ, სინამდვილეში როგორია ცხოვრებაო.“ ეს ნათქვამი, ცოტა არ იყოს, მიამიტურად ჟღერდა ჰაიდარის პირიდან. მერე ორივეს ხელი ჩამოვართვით და ყაზარმა დავტოვეთ. ნეტა, რა უნდა სცოდნოდათ მეჰმედ ჰაიდარსა და მის ჩადრიან ცოლს ცხოვრების შესახებ?
სახლში რომ დავბრუნდი, ტახტზე დავწექი. აზიელის ოთახში ყოველთვის სიგრილეა; ღამით წყაროს წყლის სიგრილე გავსებს, დღისით ისეთი შთაბეჭდილება გეუფლება, თითქოს ცივ აბაზანაში მოხვდი. უცბად ტელეფონმა დარეკა. ნინოს ხმა გავიგე:
– ალი ხან, სიცხისა და მათემატიკისაგან სული მეხუთება. მოდი, გთხოვ, მიშველე.
ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ნინოს მელნით დათხუპნულ თითებს ვუკოცნიდი.
– ნინო, უკვე ველაპარაკე მამაჩემს. თანახმაა.
ნინო გაწითლდა და შეშინებული მზერა სიცილით მიმოავლო ოთახს. მთლად ცახცახებდა. მერე კი მომიახლოვდა და გაფართოებული თვალებით ჩამჩურჩულა:
– ალი ხან, მეშინია, იცი, როგორ მეშინია?
– გამოცდის, ნინო?
– არა. – ჩაილაპარაკა მან და თვალები ზღვას მიაპყრო. თან ხელით თმაზე მეფერებოდა. მერე კი, ვითომც არაფერიაო, ამოცანის კითხვა განაგრძო: „მატარებელი ქალაქ ხ-დან ქალაქ ყ-მდე საათში 50 კილომეტრს გადის...“ მეც საქმიანად დავაცქერდი მის რვეულს.