XIV თავი


დღეები დღეებს ცვლიდა, კვირები – კვირებს, თვეები – თვეებს. ბევრი რამ მოხდა ქვეყნად, სამყაროსა თუ სახლში. ღამეები უფრო გახანგრძლივდა. გუბერნატორის ბაღისკენ მიმავალ გზებს შემოდგომის ყვითელი ფოთლები უსიცოცხლოდ და ნაღვლიანად მოჰფენოდა. შემოდგომის წვიმამ თავისი ქნა და გარემო ჩამოაქუფრა.ზღვამ აქა-იქ ყინულები გადაიკრა და კლდოვან ნაპირებს ხმაურით ეხეთქებოდა. ერთ დილას ქუჩებმა თოვლის თხელი საფარი მოიკიდა და წამით თითქოს ზამთარიც დადგა. აქლემები ნაღვლიანად, დინჯად მოაბიჯებდნენ უდაბნოდან. ტანი მთლად ყვითლად ჰქონდათ დაფარული ქვიშით და მარადიულობის ხილვას ნაზიარებნი სივრცეს მიშტერებოდნენ. აქლემები კუზებით მოათრევდნენ ზარბაზნებს, საბრძოლო ვაზნებსა და იარაღს, ბრძოლის ველზე მოპოვებულ ნადავლს, ზღვისკენ მიჰყავდათ დაფლეთილ ნაცრისფერფორმიანი თურქი ტყვეები. მათ კუნძულ ნარგინისკენ უკრავდნენ თავს. იქ კი შიმშილით, დიზენტერიით, ან სამშობლოს ნოსტალგიით სიკვდილი ელოდათ. ზოგი გარბოდა, მაგრამ სპარსეთის მარილიან ქვიშაში ან ტყვიისფერი კასპიის ზღვის დინებაში იძირებოდა.

ომი შორს იყო, მაგრამ ჩვენს სიახლოვესაც შეიგრძნობოდა. დასავლეთიდან ჯარისკაცებითა და დაჭრილებით სავსე მატარებლები ჩამოდიოდა. რუსეთის მეფემ თავისი ბიძა გადააყენა და ათმილიონიან კავკასიაზე გაბატონდა. მისი მძლავრი აჩრდილი ჩვენს ქვეყანას ეცემოდა. დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე! მისი გრძელი, გამხდარი ხელი ანატოლიის გულამდე სწვდებოდა. ბოროტება, რაც მან რუსეთის მეფის წინააღმდეგ ჩაიდო გულში, თავისი დივიზიების ველური შეტევებით გამოისყიდა. დიდი მთავრის რისხვა მოგორავდა ბაღდადის, ტრაპიზონის, სტამბოლის თოვლიან და ქვიშიან უდაბნოებზე. მას „გრძელ ნიკოლოზს“ უწოდებდნენ, შიშით საუბრობდნენ მის სასტიკ სულზე და ბნელი, მძვინვარე ომის ილუზიებზე.

უამრავი ქვეყანა ჩაითრია ომმა. ფრონტი ავღანეთიდან ჩრდილოეთის ზღვამდე გადაიჭიმა. გაზეთები მოკავშირე სახელმწიფოების, მონარქებისა და ჯარების სახელებით ისე გაივსო, როგორც დაღუპულთა გვამები შხამიანი მწერებით.

ისევ ზაფხული დადგა. ქალაქს ცხელი მტვრის ბუღი ასდიოდა. დასავლეთსა და აღმოსავლეთში გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მე ხან ყავახანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად, ხან ჩაიხანაში. ბევრი მძრახავდა, სომეხ ნახარარიანთან რომ ვმეგობრობდი.

ილიას ბეგის პოლკი ჯერ კიდევ ქალაქში იდგა და ყაზარმის ქვიშიან ეზოში ვარჯიშობდა. ოპერა, თეატრი, კინო ისევ ძველებურად მუშაობდა. ბევრი რამ მოხდა სამყაროში, მაგრამ შეცვლით არაფერი შეცვლილა არც შინ, არც გარეთ.

ზოგჯერ დაღლილი და შიშით შეპყრობილი ნინო ჩემთან მორბოდა ხოლმე ცოდნის სახლიდან. ვამშვიდებდი და მის ნაზ, გრილ კანს ხელით ვეხებოდი. ჩემი ბიძაშვილი აიშე ხშირად მსაყვედურობდა: ჯერ მაგის სწავლაზე უნდა გეფიქრა, და მერე – ცოლად შერთვაზე, დღეს შირვანშირის მომავალ მეუღლეს მასწავლებელმა „დამაკმაყოფილებელი“ დაუწერა ჟურნალშიო. ხშირად დავდიოდით ერთად ქალაქის კლუბში, თეატრში, საღამოებზე, მაგრამ მარტონი იშვიათად ვრჩებოდით. გარს ყოველთვის მზრუნველი მეგობრების წრე გვეხვია: ილიას ბეგი, მეჰმედ ჰაიდარი, ნახარარიანი, ზოგჯერ ღვთისმოშიში სეიედ მუსტაფაც. როცა მსუქანი და მდიდარი ნახარარიანი შამპანურს წრუპავდა და კავკასიელი ხალხების ურთიერთსიყვარულზე ლაპარაკობდა, მეჰმედ ჰაიდარს სახე ეცვლებოდა და ეუბნებოდა:

– ჩემი აზრით, ბატონო ნახარარიან, ტყუილად ირჯებით ასე, ომის შემდეგ აქ სომხების მარტო გარკვეული ნაწილი დარჩება.

– ჰოდა, ნახარარიანიც სწორედ მაგ ნაწილს ეკუთვნის. – ამბობდა ნინო. ნახარარიანი დუმდა და შამპანურს წრუპავდა. როგორც გავიგე, ნახარარიანს მთელი თავისი ფული შვედეთში გაეტანა.

თუმცა ეს ჩემი საქმე სულაც არ იყო.

მეჰმედ ჰაიდარს რომ ვთხოვე, ნახარარიანის მიმართ ცოტა თავაზიანობა გამოეჩინა, შუბლი შეიჭმუხნა და განმიცხადა:

– ვერ ვიტან სომხებს, ღმერთმა უწყის, რატომ.

და აი, ნანატრი დღეც დადგა. ნინო ხიბლით სავსე ქართული თვალებით კომისიის წინაშე იდგა წმინდა თამარის სახელობის ლიცეუმის დარბაზში და თავის ცოდნას ავლენდა მათემატიკაში, ლიტერატურასა თუ ისტორიაში.

გიმნაზიის გამოსაშვები საღამოდან გაბრწყინებული ნინო შინ რომ მივიყვანე, მოხუცმა ყიფიანმა განგვიცხადა:

– ახლა კი დანიშნულები ხართ. ალი ხან, ჩაალაგე ჩემოდნები, თბილისში მივდივართ, მინდა ჩვენს ოჯახთან წარგადგინო.

ასე გავემგზავრეთ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში.

თბილისი უღრან ტყეს ჰგავდა, ყოველ ხეს თავისი განშტოებები ჰქონდა: ბიძა, ბიძაშვილი, დეიდა, დეიდაშვილი. ადვილი არ იყო ამ ტყეში გზის გაკვლევა. მათი გვარები ძველი ფოლადივით ჟღერდა: ორბელიანი, ჭავჭავაძე, წერეთელი, ამილახვარი, აბაშიძე.

ქალაქის განაპირას, დიდუბის ბაღში, ახალი სიძის პატივსაცემად ორბელიანების სახლში დიდი ნადიმი მოეწყოთ. ქართული ზურნა მრავალჟამიერს უკრავდა, კახურ საბრძოლო სიმღერას და ველურ ხევსურულ ლილოს. ქუთაისელმა ბიძაშვილმა, აბაშიძემ იმერული საბრძოლო შემოსძახა. ზოგი დავლურს უვლიდა, ზოგიც ბუქნავდა. ქეიფი მთელი ღამე გაგრძელდა. მზის ამოსვლის ჟამს კი ჰიმნი დასცხეს: „აღსდექ, დედოფალო თამარ, შენს დროს მისტირის საქართველო“. ნინოს გვერდით ვიჯექი გაუნძრევლად. დილის რიჟრაჟზე ნინოს ბიძაშვილებმა ქართული ცეკვა გააჩაღეს ხანჯლებით . ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, დადგმული გეგონებოდა. გვერდით მსხდომთა საუბარს ვუგდებდი ყურს, თავიანთი გვარების უძველეს წარმომავლობაზე საუბრობდნენ:

– წერეთელი იყო სწორედ, ჩინგის ხანისგან რომ დაიცვა თბილისი.

– თქვენ, ალბათ, იცით, რომ ჩვენ, ჭავჭავაძეები, უძველესი წარმომავლობისანი ვართ და სულაც არ ჩამოვუვარდებით ბაგრატოვანთა საგვარეულოს.

– პირველი ორბელიანი? სამი ათასი წლის წინ წამოვიდა ჩინეთიდან. ზოგიერთ ორბელიანს დღემდე გამოჰყვა ვიწრო თვალები.

მოკრძალებით ვიყურებოდი აქეთ-იქით. ნინო მიმიხვდა, რასაც ვგრძნობდი:

– ნუ წუხარ, ალი ხან, ჩემი ბიძაშვილები მართლა დიდებული გვარიშვილები არიან, მაგრამ სად იყვნენ მაგათი წინაპრები, როცა შენმა წინაპრებმა თბილისი დაიპყრეს.

არაფერი მითქვამს, მაგრამ მესიამოვნა. ნინო ჯერ ჩემი ცოლი არ იყო და უკვე შირვანშირივით ლაპარაკობდა. მადლიერად გადავხედე. მერე ბრაზმორეულმა ჭიქა ავწიე ორბელიანთა სადღეგრძელებლად. ნამდვილი თხევადი ცეცხლია ეს კახური ღვინო. ერთი მოხუცი ქალი ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:

– მშვიდად სვით, ალი ხან, ღვინოში თავად ღმერთია, ცოტამ თუ იცის ეს.

უკვე თენდებოდა. სასტუმროში მინდოდა წასვლა, როცა ნინოს ერთმა ბიძამ და ბიძაშვილმა გამაჩერეს და მითხრეს:

– წუხელ ორბელიანის სტუმარი იყავით, ახლა ჩვენი სტუმარი იქნებით. ჩვენ „პურ-ღვინოში“ ვისაუზმებთ, შუადღით კი მეგობრებს შევხვდებით.

ერთი სიტყვით, ქართველ თავადთა ტყვეობაში აღმოვჩნდი. ასე გაგრძელდა ერთ კვირას.

ნინო და მე იშვიათადღა ვრჩებოდით მარტო. მაოცებდა ნინოს გამძლეობა. კვირის ბოლოსაც გაზაფხულის პირველი მერცხალივით მომაჯადოებელი სილამაზისა იყო. თვალები უღიმოდა, არ იღლებოდა ნათესავებთან ლაპარაკით, ცეკვით. მხოლოდ ერთხელ დაიჩივლა, რომ ამდენი დღე და ღამე გადაბმულად ცეკვავდა, სვამდა და თითქმის არ ეძინა.

მერვე დღე გათენდა. გაბრუებული ვიყავი. ჩემს ოთახში სანდრო, დოდიკო, ვამეხი და სოსო შემოვიდნენ. შეშინებულმა გადასაფარებელი წავიფარე.

– ალი ხან, დღეს ჯაყელების სტუმარი ბრძანდებით. – თქვეს მათ დაუნდობლად.

– დღეს არავის სტუმარი არა ვარ, ვკვდები. დღეს ჩემთვის, საცოდავი წამებულისთვის, სამოთხის ჭიშკარი გაიხსნება და მთავარანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით შემიძღვება, როგორც ზნეობრიობის ბილიკზე მოკვდინებულს. – ჩავილაპარაკე მოღუშულმა.

ბიძაშვილებმა შეუბრალებლად გაიცინეს, ერთმანეთს გადახედეს და ერთადერთი სიტყვა ახსენეს – „გოგირდი“.

– გოგირდი? – გავიმეორე მე, – მეგონა, სამოთხეში მოვედი, გოგირდი კი ჯოჯოხეთშია. ხომ არაფერი მეშლება?

– არა, გოგირდი, სწორად გაიგე. – ჩაიცინეს მათ.

ადგომა ვცადე, სხეულის ნაწილები ჩემი აღარ იყო, თავი დამძიმებული მქონდა. სარკეში ჩავიხედე, იქიდან ჩამქრალ-ჩაყვითლებული თვალები მიმზერდნენ.

– ჰო, – ჩავილაპარაკე, – მართლა ცეცხლია. – კახურ ღვინოს ვგულისხმობდი. – მუსლიმმა არ უნდა დალიოს.

– ნინოს შევატყობინებთ. – თქვა ვამეხმა, – კოჯორში ოთხი საათის მერე ავალთ, ცოტა რომ გამოკეთდები.

გარეთ გავიდა. მისი ხმა გავიგე, ტელეფონით ლაპარაკობდა:

– ალი ხანი უცბად შეუძლოდ გახდა, ახლა გოგირდი თუ უშველის. ოთხ საათში ისევ კარგად იქნება. ნინოს და მის ოჯახს გადაეცით, რომ უჩვენოდ გაემგზავრონ. ჩვენც მოვალთ. საშიში არაფერია.

ზლაზვნით ჩავიცვი. თავბრუ მეხვეოდა. ქართული სტუმართმოყვარეობა სრულიად განსხვავდებოდა იმ მშვიდი და საპატიო მიღებებისაგან, ბიძაჩემთან თეირანში რომ იციან. იქ სხედან, ჩაის სვამენ და სიბრძნესა და ლექსებზე საუბრობენ. აქ კი ღვინოს სვამენ, ცეკვავენ, იცინიან. ესაა ევროპის გზა? არა, რა თქმა უნდა, არა. მაშ საით მიდის ეს გზა? იქნებ უკანასკნელი სიბრძნისაკენ, რომელიც შესაძლოა ბავშვური, უზრუნველი თამაშით იტყუებს თავს? არ ვიცი. უსაზღვროდ დავიღალე. ბარბაცით ჩავედი კიბეზე. ეტლში ჩავსხედით.

– აბანოსკენ! – გასძახა სანდრომ მეეტლეს. მეიდნისკენ მივდიოდით. ერთ დიდ შენობასთან შევჩერდით. ნახევრად შიშველი კაცი იდგა ჭიშკართან და ჩვენ მიღმა თითქოს ნირვანას გასცქეროდა.

– გამარჯობა, მექისე! – დაიძახა სანდრომ.

– გამარჯობა, თავადო.

მერე მექისე ბებუთოვის აბანოს დიდ, ქვით მოპირკეთებულ დარბაზში შეგვიძღვა. იქ ცხელოდა და ორთქლის ბუღი იდგა. ირგვლივ ქვის ტახტებზე უამრავი შიშველი სხეული გაწოლილიყო. მიწაში ოთხკუთხა აუზები ჩაედგათ და გოგირდის ცხელი წყლით აევსოთ. ტანთ გავიხადე და ერთ-ერთ ასეთ აუზში ჩავედი. შორიდან როგორც სიზმარში, ისე ჩამესმოდა სანდროს ხმა:

– დიდი ხნის წინ მეფემ ნადირობისასშევარდენი დაადევნა ხოხობს. ბევრი იცადა მეფემ, მაგრამ უკან რომ არ დაბრუნდნენ, თავადვე გასწია მათ საძებნელად. და ცხელ წყალში ჩამხრჩვალები იპოვა. ასე აღმოაჩინა მეფემ გოგირდის წყლები და დააარსა ქალაქი თბილისი.

ჯადოსნურმა ძალამ თავისი ქნა. მთელ სხეულში საამოდ დამიარა. თვალები დავხუჭე და ოცნებებში გავცურე. გავიხსენე ყველა დამპყრობელი და მებრძოლი, ვინც ამ ქალაქში შემოსულა და ამ წყალში უბანავია. ხვარაზმელი ჯალალ ედ-დინი, ჩაღათა – ჩინგის ხანის შვილი, თემურ ლენგი, სისხლით დამთვრალნი და გამაძღარნი ჩადიოდნენ ამ წყალში და ყველა სისხლიანი ცოდვა ეხსნებოდათ.

– გეყოფა, ალი ხან, ამოდი.

ბიძაშვილების ხმამ ოცნებიდან გამომარკვია. გოგირდის წყლიდან ამოვედი და გვერდით ოთახში გავედი. ქვის ტახტზე მუცელზე დავწექი.

– მექისე, – გასძახა სანდრომ. მექისე ის შიშველი კაცი იყო, წეღან აბანოს შემოსასვლელში რომ იდგა. გადაპარსულ თავზე ჩალმა შემოეხვია.

მექისის ხელები მოქნილად დაცურავდა ჩემს საპნის ქაფით თეთრად დაპენტილ სხეულზე. ძვლებს სულ ჭახა-ჭუხი გაუდიოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, უნდა დავმორჩილებოდი მის მოქნილ დარტყმებს. ვგრძნობდი, როგორ გამეშალა თანდათან სხეულის ყველა კუნთი.

– მიდი, მიდი, მექისე, ძალიან ავად არის. კიდევ შეადექი ზურგზე და მაგრად დაზილე! – ბიძაშვილები გარს შემომხვეოდნენ და მარიგებდნენ.

– საკმარისია. – ჩაილაპარაკა მექისემ. მერე კი გაინაბა და ტანჯული სახით წამოიმართა.

მექისემ რომ დაამთავრა, წამოვდექი. მთელი სხეული მტკიოდა. მერე გვერდით ოთახისკენ გავემართე და ყინულივით ცივ წყალში ჩავხტი. სუნთქვა შემეკრა. ჩემი სხეული ახალ ძალებს იკრებდა. ყველა მოლოდინით შემომცქეროდა.

– მშია! – აღმომხდა ბოლოს და წამოვჯექი. ბიძაშვილებმა ერთხმად შესძახეს:

– გამოჯანმრთელდა! ჩქარა საზამთრო, ყველი, მწვანილი, ღვინო!

მკურნალობა დასრულდა.

აბანოს წინა ოთახში ვისხედით და მადიანად შევექცეოდით. ყოველგვარმა დაღლილობამ გადამიარა. ხორცისა და ცივი საზამთროს სასიამოვნო სუნი მთელს აბანოში დატრიალდა. ბიძაშვილები თეთრ ნაფარეულს სვამდნენ.

– ნახე? – გადმომხედა დოდიკომ, ისე, რომ წინადადებაც კი არ დაუსრულებია. მაგრამ ისეთი სიამაყით იყო წარმოთქმული ეს ერთი სიტყვა, რომ აშკარად იგრძნობოდა, გოგირდს გულისხმობდა. თანაც თანაგრძნობით და მზრუნველობით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა, უკვე ვიცი ჩვენი ახალი სიძის სისუსტე, რას იზამ, უცხო ხარ, ქართველთა სტუმართმოყვარეობამ და ნათესაურმა სიყვარულმა გაგაბრუაო.

სულ ახალ-ახალი ხალხი ემატებოდა ჩვენს სუფრას. აბანოდან გამოსულები, ღვინის ჭიქამომარჯვებულები, შიშვლებივე გვიერთდებოდნენ. თავადები, მათი კრედიტორები, მსახურები, მუქთახორები,მთიელი მემამულეები, დიდებულები, პოეტები თუ სწავლულები ვისხედით ერთად, როგორც ქართული სუფრის თანაბარუფლებიანობის სიმბოლო. ეს აბანო აღარ იყო, უფრო ჩაიხანას თუ ყავახანას ჰგავდა. ქეიფობდნენ და შეზარხოშებულნი გულითად სადღეგრძელოებსაც წარმოთქვამდნენ.

– ოსმალები მოდიან, დიდი მთავარი სტამბოლს ვერ დაიპყრობს. გავიგე, გერმანელ გენერლებს სტამბოლში ზარბაზანი გაუკეთებიათ. ის თუ გაისვრის, სიონის ტაძრამდეც მოაღწევს თბილისში. – წამოიწყო ერთმა მსუქანმა კაცმა.

– ცდებით, თავადო, ეგ ზარბაზანი ჯერ მხოლოდ დაგეგმილი აქვთ, ჯერ არ გაუკეთებიათ. მაგრამ, თუნდაც მზად იყოს, თბილისამდე ვერ მოაღწევს. ყველა რუკა, რომლის მიხედვითაც გერმანელები ამ ზარბაზნების განლაგებას აპირებენ, რუსებმა შეადგინეს ომის წინ და არასწორადაა შედგენილი. თქვენც ხომ მეთანხმებით? – ჩაერია მეორე.

ვიღაც ოხრავდა. მიმოვიხედე, ერთი თეთრწვერა მოხუცი იჯდა და მოთქვამდა:

– საბრალო ქართველი, თითქოს მაკრატლის ორ ბასრ პირს შორისაა მოქცეული. ოსმალები გაიმარჯვებენ – თამარის ქვეყანა აღარ იქნება, რუსები გაიმარჯვებენ და მაინც იგივე გვემუქრება. მეფემ თავის მიზანს მიაღწია, მაგრამ დიდი მთავრის ხელი მაინც მოგვწვდა და გვახრჩობს. ომში საუკეთესო ბიჭები გვეღუპება. ვინც გადარჩება, იმათაც შთანთქავს ოსმალი, ამერიკელი, თუ ვინც იქნება. დასრულდა შენი სიცოცხლე, თამარის ქვეყანავ! შეხედეთ, როგორ დაჩიავდნენ და ჩამოხმენ ჩვენი მებრძოლები, რა ღარიბი და მწირია ჩვენი მოსავალი, ღვინოც როგორი მჟავეა.

მოხუცი კვლავ გაჩუმდა. ჩუმად ოხრავდა, ჩვენც ვდუმდით. უცბად ვიღაცამ შეშინებული ხმით ჩურჩული წამოიწყო:

– ბაგრატიონი მაგათ მოკლეს. მეფის ბიძაშვილი შემოუშვა სახლში და რუსებმა ეს არ აპატიეს. თავად მეფემ ბრძანა, ერევნის ფრონტზე გაეგზავნათ. ლომივით იბრძოდა ბაგრატიონი და თვრამეტი ტყვიით განგმირული დაეცა ბრძოლის ველზე.

ბიძაშვილები ღვინოს სვამდნენ. მე ფეხმორთხმული ვიჯექი და გაშტერებული ვიყურებოდი. ბაგრატიონი ქრისტიანული სამყაროს უძველესი წარმომავლობის გვარია. მოხუცი მართალია, საქართველო მაკრატლის ორ ბასრ პირს შორისაა მოქცეული-მეთქი, გავიფიქრე.

– ერთი ვაჟიც დარჩა, თეიმურაზ ბაგრატიონი. ის ჭეშმარიტი მეფეა. სადღაც იმალება. – დასძინა სხვამ.

სიჩუმე ჩამოწვა. მექისე კედელთან იდგა. დოდიკო იზმორებოდა და ამთქნარებდა.

– ლამაზია ჩვენი ქვეყანა: გოგირდის წყლები, ჩვენი თბილისი, ომი, კახური ღვინო. შეხედეთ, როგორ მოედინება ალაზანი. ბედნიერებაა ქართველობა მაშინაც, თუ საქართველო იღუპება. რასაც თქვენ ამბობთ, უიმედოდ ჟღერს, მაგრამ განა თამარის დროს კი სხვაგვარად იყო? მაშინაც მოედინებოდა მდინარეები. მაშინაც იბადებოდნენ და კვდებოდნენ, მაგრამ ლამაზი იყო ჩვენი საქართველო მუდამ და ლამაზად დარჩება ყოველთვის ყველა თავისი უიმედობით. – წამოიწყო მან.

და მერე წამოიმართა ეს მშვენიერი, წარმოსადეგი ყმაწვილი, პოეტებისა და გმირების ჭეშმარიტი შთამომავალი.

თეთრწვერა მოხუცმა სიყვარულით გახედა დოდიკოს და თავმომწონედ აღნიშნა:

– მადლობა ღმერთს, კიდევ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა.

ვამეხი ჩემკენ გადმოიხარა:

– არ დაგავიწყდეს, ალი ხან, შენ დღეს ჯაყელების სტუმარი ხარ კოჯორში.

წამოვიშალეთ და გარეთ გავედით. მეეტლემ მათრახი გადაჰკრა ცხენებს.

– ჯაყელები უძველესი დიდგვაროვანი წარმომავლობისანი... – წამოიწყო ვამეხმა. მე ეშმაკურად გავხედე და გამეღიმა.


Загрузка...