XXVI თავი


მე და ნინო დივანზე ვისხედით, შუაში სპილოსძვლისფეხებიანი, სადაფით მოოჭვილი ნარდის დაფა გვედგა და კამათლებს ვაგორებდით, ფულზე, საყურეებზე, კოცნასა და ჩვენი მომავალი შვილების სახელებზე ვთამაშობდით. ნინო აგებდა, ითვლიდა თავის ვალებს და თან კამათელს აგორებდა. დაძაბულობისაგან თვალები უბრწყინავდა. თითებით სპილოს ძვლის ფეხებს ჩაბღაუჭებოდა, თითქოს ძვირფასი განძი იყო:

– შენ ბოლოს მომიღებ, ალი! – თქვა ნინომ ოხვრით, როცა წაგებული რვა ვერცხლის ფული ჩამითვალა. მერე დაფა გვერდზე გადადგა, თავი მუხლებზე დამადო და ოცნებებში გაირინდა. კმაყოფილი ჩანდა, შურისძიების მარჯვე შემთხვევა იგდო ხელთ. საქმე კი აი რაში გახლდათ:

უკვე დილიდანვე მთელ სახლში ისმოდა ნინოს დაუძინებელი მტრის, იაირა ყულის ოხვრა და კვნესა. ყბაახვეული, ლოყაგასიებული დადიოდა, კბილი სტკიოდა. რა საშინელებაა ეს კბილის ტკივილიო, ისეთი სახით მოთქვამდა, თითქოს მზად იყო, თავი მოეკლა. ნინოს თვალები უბრწყინავდა, ნიშნის მოგებით შეჰყურებდა, მერე ფანჯარასთან მიიყვანა და პირში ჩახედა. შუბლშეჭმუხნულმა თავი მზრუნველად გადააქნია. მერე მაგარი ძაფი აიღო, ერთი ბოლო იაირა ყულის მტკივან კბილს გამოსდო, მეორე კი ღია კარის სახელურზე დაამაგრა. „ასე“ – ჩაილაპარაკა საქმიანად. მერე კარისკენ გაიქცა და მთელი ძალით მიაჯახუნა. საჭურისს შეძრწუნებული ღრიალი აღმოხდა და გაოგნებული იატაკისაკენ დაიხარა. გაშტერებული მისჩერებოდა კბილს, ძაფზე გამობმული რომ მიექანებოდა კარის სახელურისაკენ.

– უთხარი მაგას, ალი ხან, ეგ იმის ბრალია, რომ კბილებს მარჯვენა ხელის სალოკი თითით იწმენდს.

ნინოს ნათქვამი იაირა ყულის სიტყვასიტყვით გადავუთარგმნე. იაირა ყულიმ იატაკიდან კბილი აიღო.

ნინოს ჯერ კიდევ ვერ დაეოკებინა შურისძიების ჟინი და განაგრძობდა:

– უთხარი მაგას, ალი ხან, რომ კარგა ხანს ეტკიება. ლოგინში ჩაწვეს, ექვსი საათი ცხელ-ცხელი ბალიში იდოს ლოყაზე და, სულ ცოტა, ერთი კვირის განმავლობაში ტკბილი არ შეჭამოს.

იაირა ყულიმ მორჩილად დაუქნია თავი და წავიდა. ეტყობა, შვება იგრძნო, მაგრამ გაოგნებულიც ჩანდა. როცა ხადუმი ოთახიდან გავიდა, ნინოს ვუსაყვედურე:

– გრცხვენოდეს, ნინო, საბრალოს სიცოცხლეს უმწარებ.

– ღირსია. – ჩაილაპარაკა გულქვად და ისევ ნარდის დაფა მოიტანა. ეტყობა უნდოდა, ანგარიში როგორმე გამოესწორებინა.

ჭერს შესცქეროდა და თან თითებით ნიკაპზე მეფერებოდა:

– ალი ხან, როდის დაიკავებენ ბაქოს?

– ალბათ ორ კვირაში.

– თოთხმეტი დღე, – ამოიოხრა მან, – მენატრება ბაქო, თურქების შესვლაზე ვოცნებობ, იცი, აქ უკვე ძალიან მიჭირს. შენ შეიძლება თავს კარგად გრძნობ, მაგრამ მე ყოველდღიურად შეურაცხყოფილი ვარ.

– როგორ – შეურაცხყოფილი?

– აქ ყველა ისე მეპყრობა, თითქოს რაღაც ძვირფასი, ადვილად მსხვრევადი ნივთი ვიყო, მაგრამ არც მსხვრევადი ვარ და არც ნივთი. გახსოვს დაღესტანი?! რა მშვენიერი იყო იქ! ასე დიდხანს ვერ გავძლებ. თუ ბაქო მალე არ გათავისუფლდება, სხვაგან უნდა გადავიდეთ. მე არ ვიცი ის პოეტები, რომლებითაც ასე ამაყობს სპარსეთი. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ ჰუსაინის დღესასწაულის დღეს ადამიანები მკერდს იღადრავენ, თავში ხმლებს იშენენ, ზურგზე რკინის ჯაჭვებს იცემენ. დღეს ბევრი ევროპელი ტოვებს ქალაქს, რომ ამ სანახაობას გაერიდოს. ეს ყველაფერი ზიზღსა მგვრის. გამუდმებით ველი საფრთხეს, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც დამატყდეს თავს. – მისი ნაზი სახე აღშფოთებით შემომცქეროდა. მუქი თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა და ჩასცვენოდა. გუგები გაფართოებოდა, მზერა უფრო დანაზებული და სულში ჩამწვდომი გახდომოდა. მხოლოდ თვალები ამჟღავნებდა ფეხმძიმობას.

– გეშინია, ნინო?

– რის? – მკითხა გულწრფელი გაოცებით.

– ზოგიერთ ქალს ეშინია!

– არა, – ჩაილაპარაკა ნინომ სერიოზულად, – არ მეშინია. შეიძლება თაგვების, ნიანგების, გამოცდებისა და საჭურისების მეშინია, მაგრამ ამისი არა. მაშინ, გამოდის, ზამთარში გაციებისაც უნდა მეშინოდეს?

მშვენიერი თვალები დავუკოცნე. მერე წამოდგა, თმა უკან გადაიყარა და მითხრა:

– ახლა მშობლებთან წავალ, ალი ხან.

თავი კი დავუქნიე, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ ყიფიანების ვილაში ჰარამხანის ყველანაირი კანონი ირღვეოდა. თავადის ოჯახში თავს იყრიდნენ ქართველი მეგობრები, ევროპელი დიპლომატები. ნინო ჩაის სვამდა, ინგლისურ ნამცხვრებს მიირთმევდა და ჰოლანდიელ კონსულს რუბენსსა და აღმოსავლელი ქალების პრობლემებზე ელაპარაკებოდა. ნინო წავიდა. ნაღვლიანად გავაყოლე თვალი შემინულ ეტლს, ეზოდან რომ გადიოდა.

მარტო დავრჩი და ჭრელ რუკაზე მწვანე ალმებით მონიშნულ იმ მცირე მანძილზე ვფიქრობდი, სამშობლოს რომ მაშორებდა. ოთახში სიბნელე ჩამოწვა. ბალიშებს ისევ ნინოს ნელსაცხებლის სურნელი ასდიოდა. იატაკზე ჩავცურდი და კრიალოსანს დავწვდი. ოთახის კედელზე ვერცხლისფერი ლომი ბრწყინავდა. იმას მივაშტერდი. მძიმე თათებში ვერცხლისფერი მახვილი უელვარებდა. თავს ისე უღონოდ ვგრძნობდი, თითქოს სილა გამაწნესო. მრცხვენოდა ვერცხლისფერი ლომის ჩრდილში ჯდომა იმ დროს, როცა განჯასთან ტრამალებში ხალხი სისხლს ღვრიდა. მეც აზიზად შეფუთულ, განებივრებულ ნივთად ვიგრძენი თავი. შირვანშირი, ოდესღაც დიდებით მოსილი სასახლის ტიტულის მფლობელი, ახლა კლასიკური ენით დახვეწილ გრძნობებზე საუბრობს, ამასობაში კი ჩემი ხალხი განჯასთან სისხლსა ღვრის. ღრმა იმედგაცრუებამ შემიპყრო. კედლიდან ვერცხლისფერი ლომი მიღიმოდა.

სასაზღვრო ხიდი არაქსზე ჩაკეტილი იყო, და არც ირანიდან ნინოს სულამდე არსებობდა რამე გზა.

თითებით კრიალოსანს ნერვულად ვმარცვლავდი. ძაფი გაწყდა და ყვითელი მძივები იატაკზე მიმოიფანტა.

შორს ტამბურინის შიშისმომგვრელი ხმა ისმოდა ყრუდ, თითქოს მიხმობდა და იდუმალის არსებობას მახსენებდა. ფანჯარასთან მივედი. მტვრიან ქუჩას სიცხის ბუღი ასდიოდა. მზე შემრანის თავზე მარჯვნივ გადახრილიყო. ტამბურინის ხმა თანდათან ახლოვდებოდა და მის რიტმს თან წყვეტილი შეძახილები სდევდა, უთვალავჯერ გამეორებული: „შაჰ სეი, ვაჰ სეი... შაჰ ჰუსეინ... ვაჰ ჰუსეინ...“

კუთხეში პროცესია გამოჩნდა. უამრავ ძლიერ ხელს სამი უზარმაზარი, მოოქროვილი მძიმე დროშა მოჰქონდა. ერთზე დიდი ოქროს ასოებით ეწერა – „ალი“ – მიწაზე ალაჰის მეგობრის სახელი. მეორე დროშის ხავერდის შავ ზედაპირზე ფატიმას კურთხეული და ამავდროულად ცოდვილი მარცხენა ხელისგულის ფართო კონტური იყო გამოსახული – ფატიმა წინასწარმეტყველის ქალიშვილი გახლდათ. მესამე დროშაზე, რომელიც თითქოს ცას სწვდებოდა, დიდი ლათინური ასოებით ერთადერთი სიტყვა ეწერა – წამებულისა და მხსნელის, წინასწარმეტყველის შვილიშვილის სახელი – ჰუსაინი.

პროცესია ნელ-ნელა მოიწევდა ქუჩაზე. წინ შავ სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილ ღვთისმოშიშ მონანიეთა მკერდმოშიშვლებული რიგი მოუძღვოდა. ხელში მძიმე ჯაჭვები ეჭირათ. დოლის რიტმულ ბაგუნზე ხელებს მაღლა სწევდნენ და ჯაჭვების ნაადგილევზე დასისხლიანებული, დაწითლებული ზოლები მოუჩანდათ. უკან, ნახევარ წრეში მხარბეჭიანი კაცები მოდიოდნენ – ორი ნაბიჯით წინ, ერთი ნაბიჯით უკან. მთელ ქუჩაზე ისმოდა მათი ჩახლეჩილი ხმა: “შაჰ სეი... ვაჰ სეი...“ და ყოველ დაძახებაზე იცემდნენ მუშტებს შიშველ, ბანჯგვლიან მკერდში. მერე კი თავგადაპარსული, ქედმოდრეკილი, მათი მდგომარეობისათვის შესაფერის თეთრ, სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილი მოჰარამის ღვთისმოსავნი მოდიოდნენ, წესისამებრ, წელზე მწვანე ქამარი შემოერტყათ, ხელთ კი გრძელი ხმლები ეჭირათ. მოქუფრულ სახეებზე იდუმალება აღბეჭდოდათ, თითქოს სხვა სამყაროში გადასახლებულანო. „ შაჰ სეი... ვაჰ სეი...“ – წამოიძახებდნენ ხოლმე, მერე ხმლებს აღმართავდნენ და მოტვლეპილ თავებზე იკრავდნენ. ტანჯულთა სამოსი სისხლით იფარებოდა. ერთი მათგანი წაბორძიკდა და უკან მომავალი თანამოძმეების ჯგრომ ზედ გადაუარა.

ფანჯარასთან ვიდექი. სულში უცნობი გრძნობა ჩამისახლდა. რაღაც ძახილი მაცდურად შემოიჭრა ჩემში და თავგანწირვის მოთხოვნილება მომეძალა. ქუჩის მტვერში არეულ სისხლის წვეთებს მივშტერებოდი. ტამბურინების ხმა დამამშვიდებლად, მაცდურად ჟღერდა და თითქოს მიხმობდა. ეს უხილავის საიდუმლო იყო, ტანჯვის კარიბჭე, რომელსაც ხსნამდე, შეწყალებამდე მიჰყავხარ. ტუჩებს ვკუმავდი, ფანჯრის რაფას მაგრად ვეჭიდებოდი. ჰუსაინის დროშამ ჩემ წინ ჩაიფრიალა, ფატიმას ხელსაც მოვკარი თვალი და უცბად ყველაფერი ხილული სადღაც გაქრა, ჩაიძირა. კიდევ ერთხელ ჩამესმა ყრუდ ტამბურინის ხმა, ჩემში ჩასახლებულ ველურ ხმას რომ ჰგავდა და უცბად მეც ამ პროცესიის მონაწილე გავხდი. მხარბეჭიანთა რიგში მივაბიჯებდი და მოშიშვლებულ მკერდში მუშტებს ვიცემდი. მოგვიანებით ჩემ ირგვლივ ყველაფერი მეჩეთის ცივმა სიბნელემ შთანთქა და იმამის მოთქმა-გოდებაც ჩამესმა. ვიღაცამ მძიმე ჯაჭვი მომაჩეჩა ხელში და ზურგზე მწვავე ტკივილი ვიგრძენი. უკვე რამდენიმე საათი იყო, რაც ამ ჯგროში დავაბიჯებდი. ფართო მოედნისაკენ მივდიოდით და ყელიდან ველური გამყინავი ღრიალი ამომდიოდა: „შაჰ სეი... ვაჰ სეი...“ ჩემ წინ ერთი გაწამებული დერვიში იდგა, დამჭკნარი კანიდან ნეკნები მოუჩანდა. მლოცველებს თვალები გაშტერებოდათ. ისინი მღეროდნენ. მოედანზე წამებული ჰუსაინის ცხენი გამოჩნდა. ზედ სისხლიანი ჩული ეფარა. დერვიში ხმამაღლა და ხანგრძლივად ღრიალებდა განწირული სახით. უცბად სპილენძის თასი გვერდზე მოისროლა და ცხენს ფლოქვებში ჩაუვარდა. წავბორძიკდი, კვლავ მუშტებს ვიშენდი მკერდში. ბრბო ხარობდა და განუწყვეტლივ გაჰყვიროდა: „შაჰ სეი... ვაჰ სეი...“ ვიღაც თეთრსამოსიანი, დასისხლიანებული კაცი ბრბომ ჩემკენ მოათრია. შორს უთვალავი ანთებული მაშხალა კიაფობდა. ხალხის მასა მიდიოდა და მეც თან მივყავდი. მოგვიანებით მეჩეთის ეზოში ვიჯექი, გარშემო ხალხი ირეოდა, მაღალი, მრგვალი ქუდები ეხურათ და თვალებში ცრემლი ჩასდგომოდათ. ვიღაც ყმაწვილი ჰუსაინზე სიმღერას მღეროდა და მწარედ მოთქვამდა. წამოვდექი. პროცესია უკან ბრუნდებოდა. გრილი ღამე იყო. ჩავუარეთ მთავრობის შენობებს, ბოძებზე აღმართულ შავ დროშებს. ანთებული მაშხალების უსასრულო რიგი მდინარეს ჰგავდა, ზედ რომ ვარსკვლავები დასთამაშებენ. კუთხეებიდან შეშინებული სახეები იყურებოდნენ. საკონსულოს ჭიშკართან პატრული იდგა შემართული ხიშტებით. სახურავებიც ხალხით იყო სავსე. ზარბაზნების მოედანზე მლოცველთა პროცესიის წინ აქლემების ქარავანი გადადიოდა. ირგვლივ მოთქმა-გოდება ისმოდა. ქალები მიწაზე ეცემოდნენ. მთვარის შუქზე მოჩანდა, როგორ უთრთოდათ სხეულები. აქლემებზე აღმართულ ტახტრევანზე წმინდა ყმაწვილის ოჯახი იჯდა. უკან სარაცინის მუზარადით შენიღბული მრისხანე ხალიფა იაზიდი, წმინდანის მკვლელი, შავ რაშს მოაჭენებდა. ქვები წამოვიდა აქეთ-იქიდან და ხალიფის მუზარადს ეხეთქებოდა. მან ცხენი სასწრაფოდ გააჭენა და ნასრ ედ-დინ შაჰის საგამოფენო დარბაზის ეზოში მიიმალა, ხვალ იქ უნდა დაწყებულიყო წამებულის ტანჯვის წარმოდგენა.

მისი უდიდებულესობის სასახლის ალმასის ჭიშკართანაც გამოეკიდათ შავი დროშები. ყარაულში მდგომ ბაჰადარებს სამგლოვიარო მოსასხამები მოესხათ და თავდახრილები იდგნენ. თვით იმპერიის მეუფე აქ არ იყო, ფადეშაჰის საზაფხულო სასახლეში იმყოფებოდა. პროცესიამ ალა-ოდ-დავლეს ქუჩაზე გადაუხვია და უცბად მარტოდმარტო აღმოვჩნდი სიბნელეში ჩაშავებული ზარბაზნების მოედანზე, რომელთა დაჟანგებული ლულები გულგრილად შემომცქეროდა. სხეული ისე მტკიოდა, თითქოს როზგის ათასჯერ დარტყმით დაეგლიჯათ. მხრებს რომ შევეხე, შედედებული სისხლი მომხვდა ხელში. თავბრუ მეხვეოდა. მოედანი გადავჭერი და ცარიელ ეტლს მივუახლოვდი. მეეტლე სიბრალულითა და თანაგრძნობით მიყურებდა.

– აიღე ცოტა მტრედის სკინტლი, აურიე მცირეოდენი ზეთი და ჭრილობებში შეიზილე, უებარია. – მითხრა მან საქმიანად. დაღლილი ეტლში ჩავეშვი.

– შემრანში, შირვანშირების სასახლისაკენ. – გავძახე მეეტლეს. ოღროჩოღრო გზაზე ეტლი აქეთ-იქით ირწეოდა. მეეტლე, ჩემი შემხედვარე, გაოცებას ვერ ფარავდა და მთხოვა:

– გეტყობა, ძალზე მორწმუნე კაცი ხარ. ღამით ჩემთვისაც ილოცე. თავად დრო არა მაქვს, უნდა ვიმუშაო. სოჰრაბ იუსეფი მქვია.

შინ რომ დავბრუნდი, ნინო ატირებული დამხვდა. დივანზე იჯდა, ხელები უღონოდ ჩამოეყარა. ტირილისაგან ტუჩებთან და ცხვირთან ლოყები დანაოჭებოდა. მთელი ტანი უცახცახებდა ქვითინისაგან. წამწამებზე გამჭვირვალე ცრემლები უბრწყინავდა, და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ლოყებზე. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. დატანჯული ვიდექი მის წინ და აღარ ვიცოდი, რა მეღონა. არც იძვროდა, არც ცრემლებს იწმენდდა, ტუჩები ისე უთრთოდა, როგორც შემოდგომის ფოთლები ქარში. გაყინული პატარა ხელები უსიცოცხლოდ ეწყო კალთაზე. მისი ხელები ჩემსაში მოვიქციე, სველი თვალები დავუკოცნე, მაგრამ ის გაოგნებით, უაზროდ შემომცქეროდა.

– ნინო, ნინო, რა მოგივიდა?! – წამოვიძახე.

ხელი პირთან მიიტანა და ტუჩები მაგრად მოკუმა. დაბლა რომ დაუშვა, ხელზე ნაკბენის კვალი შევნიშნე.

– მძულხარ, ალი ხან! – შიშისაგან შეძრულს ხმა უკანკალებდა.

– ნინო, ავადა ხარ?

– მძულხარ! მძულხარ! მძულხარ! – ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და გულნატკენი ბავშვის თვალებით შემომაცქერდა. აღშფოთებული მიყურებდა დახეულ ტანსაცმელზე, დასისხლიანებულ მხრებზე.

– ნინო, რა გემართება?

– მძულხარ!

ის დივნის კუთხეში მოიკუნტა, ფეხები მაღლა აიკეცა და ნიკაპი მუხლებს ჩამოაყრდნო. ცრემლების ნაკადი დროებით შეწყდა. ნაღვლიანი, გაუცხოებული თვალებით მდუმარედ შემომცქეროდა.

– რა ჩავიდინე, ნინო?

– შენი სული დამანახვე, ალი ხან. – თქვა ჩუმად, ძლივს გასაგონი ხმით, თითქოს სიზმარში ლაპარაკობსო. – ჩემს მშობლებთან ვიყავი, ჩაის ვსვამდით. ჰოლანდიელმა კონსულმა დაგვპატიჟა თავის სახლში, ზარბაზნების მოედანზე. ფანჯარასთან ვიდექით. ფანატიკოსების ბრბომ ჩაგვიარა, მესმოდა ტამბურინის ხმა, საშინელი ველური ღრიალი, ვხედავდი ველურ სახეებს და თავი ცუდად ვიგრძენი.

„ფლაგელანტები...“ – ჩაილაპარაკა კონსულმა და ფანჯარა დახურა, რადგან ქუჩიდან ოფლისა და ჭუჭყის საშინელი სუნი შემოდიოდა. უცბად ველური ღრიალი შემოგვესმა. გარეთ გავიხედეთ და იმ სანახაობამ შეგვძრა, როგორ შეუვარდა დაფლეთილსამოსიანი დერვიში ცხენს ფლოქვებში! და მერე, მერე... უცბად კონსულმა ხელი გაიშვირა და გაოცებულმა მკითხა: „ეს თქვენი...“ და წინადადება ვეღარ დაასრულა. თვალი გავაყოლე მის თითს და იმ ბრბოში შემოგლეჯილი ტანსაცმლით, დასისხლიანებული მკერდით შენ დაგინახე. შენ იყავი, ალი, მკერდზე მუშტებს რომ იშენდი და ზურგზე ჯაჭვს იცემდი?! ეს შენი ნამდვილი სახე იყო, ალი! სირცხვილისაგან ლამის დავიწვი, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. მე ამ ფანატიკოსის, ველურის ცოლი ვარ. გაოგნებული შევცქეროდი შენს ყოველ მოძრაობას და კონსულის სიბრალულით აღსავსე მზერას ვგრძნობდი. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, ჩაი დავლიეთ თუ ვისადილეთ. თავს ძლივს ვიკავებდი. უცბად ჩვენ შორის უფსკრული აღმოვაჩინე, უფსკრული, რომელიც გვყოფს. ალი ხან, ყმაწვილმა ჰუსაინმა დაარღვია ჩვენი ბედნიერება. ამდენ ცრუმორწმუნე ველურს შორის შენი ველური სახე აღმოვაჩინე, და, ალბათ, სხვაგვარად ვეღარასოდეს დაგინახავ.

მერე გაჩუმდა. გულნატკენი, გატანჯული სახით იჯდა – მე ხომ უხილავში ვეძიებდი სამშობლოსა და მშვიდობას.

– ახლა რაღა ვქნათ, ნინო?

– ვშიშობ, ბედნიერები ვეღარასოდეს ვიქნებით. აქედან წასვლა მინდა სადმე სხვაგან, სადაც ისევ შევძლებ შენთვის თვალებში ჩახედვას, შენს შეცნობას ამ გიჟების გარეშე, ზარბაზნების მოედანზე რომ ვნახე. გამიშვი, ალი.

– სად, ნინო?

– არ ვიცი, – მისი თითები ჩემს ნაჭრილობევ ზურგს ეხებოდა. – რატომ გააკეთე ეს, ალი?

– შენს გამო, ნინო. თუმცა შენ ამას ვერ გაიგებ.

– არა, წასვლა მინდა. საშინლად დავიღალე. აზია საშინელებაა. – თქვა მან სასომიხდილმა.

– გიყვარვარ? – ვკითხე მე.

– ჰო. – თქვა მან. ხელში ავიყვანე და საწოლ ოთახში გავედი. ტანსაცმელი გავხადე. შიშით შეპყრობილი აბნეულ-დაბნეულ სიტყვებს ბუტბუტებდა სიცხიანივით.

– კიდევ რამდენიმე კვირა, ნინო, და ბაქოში წავალთ.

თავი დახარა. თვალები დახუჭა. ძილბურანში წასულმა ჩემი ხელი აიღო და გულთან მიიტანა. დიდხანს ვიჯექი ასე. მის გულისცემას, მის თბილ სხეულს ვგრძნობდი. პატარა ბავშვივით მარცხენა გვერდზე იწვა, მუხლები მოეხარა, თავი კი საბანქვეშ ჩაემალა. მერე მეც გავიხადე და გვერდით მივუწექი. საოცრად თბილი სხეული ჰქონდა.

დილით ადრე გაეღვიძა. მაშინვე წამოხტა და გვერდით ოთახში გავიდა. დიდხანს იბანდა და იხეხებოდა, მე არ მიშვებდა. როცა გამოვიდა, თვალს მარიდებდა. ხელში მალამოს პატარა ქილა ეჭირა. დანაშაულის შეგრძნებით მომიახლოვდა და ჭრილობებზე მალამო წამისვა.

– რატომ არ მეჩხუბე, ალი?! – მკითხა მშვიდად.

– არ შემეძლო. მთელი დღე საკუთარ თავს ვებრძოლე და ძალა აღარ მქონდა. – ვუპასუხე მე. მალამო დადო. საჭურისმა ჩაი შემოიტანა. ნინო ხარბად დაეწაფა ჩაის, თან ჩაფიქრებული ბაღში იყურებოდა. უცბად გამომხედა და მტკიცედ გამომიცხადა:

– მნიშვნელობა არა აქვს, ალი. მძულხარ და მეძულები, ვიდრე სპარსეთში ვიცხოვრებთ. სხვაგვარად არ შემიძლია.

ბაღში გავედით, შადრევანთან ვისხედით მდუმარედ. ჩვენ წინ ფარშავანგი სეირნობდა. მამაჩემის ეტლმა ხმაურით ჩაირახრახა ეზოში, კაცების მხარეს. დუმილი ნინომ დაარღვია. თავი გვერდზე გადასწია და მორცხვად მითხრა:

– შემიძლია ნარდი იმასაც ვეთამაშო, ვინც მძულს.

ნარდს უხალისოდ და დაბნეულად ვთამაშობდით. მერე პირქვე დავწექით და წყალში არეკლილ ჩვენს სახეებს ვაკვირდებოდით. უცბად ნინომ კამკამა წყალში ხელი ჩაყო და ჩვენი სახეები პატარა ტალღებმა დაფარა.

– ნუ ხარ ასეთი ნაღვლიანი, ალი ხან. შენ კი არ მძულხარ, ეს უცხო ქვეყანა მეჯავრება და ეს უცხო ხალხი. და ეს, ალბათ, მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სახლში არ დავბრუნდებით და ვიდრე... – და უცბად პირი წყლისკენ გადახარა. ცოტა ხანს ასე იყო, თავი რომ წამოსწია, ლოყებზე და ნიკაპზე წვეთები ჩამოსდიოდა:

– ალბათ, ბიჭი იქნება, თუმცა წინ ჯერ კიდევ შვიდი თვე გვაქვს. – ჩაილაპარაკა მან დაფიქრებით და ამაყად გამომხედა.

წყლით დანამული სახე შევუმშრალე და გრილი ლოყები დავუკოცნე. მან გამიღიმა.

ჩვენი ბედი იმ პოლკებზე იყო დამოკიდებული, აზერბაიჯანის მზით განათებულ დაბლობზე საბურღი კოშკურებით სავსე ძველი ქალაქისკენ – ბაქოსკენ რომ მიიწევდნენ.

შორს ისევ ტამბურინის ხმა და ველური ღრიალი ისმოდა. ნინოს ხელი მოვხვიე და სასწრაფოდ შინ შევიყვანე. ყველა ფანჯარა დავკეტე. გამოვიტანე გრამოფონი ყველაზე გამძლე ნემსით და ყველაზე ხმამაღალი ფირფიტა დავუდე. და აი, ყურისწამღები ბანის ხმაც გაისმა გუნოს „ფაუსტიდან“. და, როცა შიშისაგან აცახცახებული ნინო უცბად მთელი ტანით მომეკრა, მეფისტოს ძლევამოსილმა ბანმა გარედან შემოღწეული ტამბურინის ხმა და ღრიალი „შაჰ სეი, ვაჰ სეი...“ ჩაახშო.


Загрузка...