XXIV თავი


უცნაურია! ნავთობით გაჟღენთილ ბიბი აიბატის სანაპიროსთან უკანასკნელი სროლა რომ გავიგე, მეგონა, ბედნიერი აღარასოდეს ვიქნებოდი. უკვე ოთხი კვირა იყო, აქ ვიყავი და შემრანის სურნელოვანმა ბაღმა ისეთი სიმშვიდით აღმავსო, თითქოს ისევ ვიპოვე სამშობლო.

ქალაქში იშვიათად გავდიოდი, შიგადაშიგ ვნახულობდი ნათესავებს, მეგობრებს, თეირანის ბაზრის ჩაბნელებულ ლაბირინთებში დავეხეტებოდი მსახურების თანხლებით.

ვიწრო ბილიკებზე დახლები ჩაედგათ და კარავივით გადაეხურათ ერთი უზარმაზარი ქოლგისებრი სახურავით. ვათვალიერებდი ხალიჩებს, ქსოვილებს, კაკლებს, ვარდებსა და ძვირფას სამკაულებს. ამდენ საქონელში ერთი უნიკალური დოქი აღმოვაჩინე – ოქროთი მოვარაყებული, უძველესი სპარსული ფილიგრანული ნაკეთობა, აქვე ვნახე ტარსიკონის ბალიშები, იშვიათი ნელსაცხებლები. სპარსელი ვაჭრები კი ვერცხლის ფულით სავსე ქისებს ჯიბეში იცურებდნენ. ჩემი მსახურები, აღმოსავლური ბაზრის ყველანაირი ძვირფასეულობით დატვირთულნი, უკან დამყვებოდნენ. ყველაფერს ნინოსათვის ვყიდულობდი, რომ შემრანის ვარდების ბაღში უცხოდ არ ეგრძნო თავი.

ერთ კუთხეში ტარსიკონის ყდაში ჩასმული ყურანი და მოხატული მინიატურები შევნიშნე: გოგონა კვიპაროსის ქვეშ და გვერდით უფლისწული, ნუშისებრი ფორმის თვალებით; მეფე ნადირობის ჟამს, შუბი და დამფრთხალი შველი. კვლავ აჩხრიალდა ვერცხლის მონეტები. ცოტა მოშორებით დაბალ მაგიდასთან ორი ვაჭარი იჯდა. ერთმა ვერცხლის თუმნიანი ამოიღო და მეორეს გაუწოდა. ამან კი ჯერ კარგად შეათვალიერა, კბილით გასინჯა, მერე პატარა სასწორზე შემოდო და ისე ჩაუშვა ერთ დიდ ტომარაში. დღეში, ალბათ, ასჯერ, ათასჯერ, იქნებ ათი ათასჯერაც უწევდა ამ მოძრაობის გაკეთება თავისი მოვალეობის აღსრულებისას. მისი ყოველი მიმოხვრა ღირსებით იყო სავსე. ვაჭრობა! წინასწარმეტყველიც ხომ ვაჭარი იყო.

ბაზარი მაცდუნებელი ლაბირინთია. ერთ დახლთან მოხუცი იჯდა და წიგნს ფურცლავდა. სახე ხავსმოკიდებული კლდის წარწერას მიუგავდა. ფაქიზი თითებიდან სათნოება და სიკეთე გამოსჭვიოდა. ფოლიანტების შეყვითლებული ფურცლებიდან შირაზის ვარდის სუნი იფრქვეოდა და ირანული ბულბულის ხმით სიმღერას აკვნესებდა. მოხუცი ნუშისებრი თვალებით იმზირებოდა და სათუთი ხელით ფურცლავდა ძველ წიგნს.

განუწყვეტელი ჩურჩული, ხმაური და ღრიანცელი ისმოდა. უძველეს ქირმანულ ხალიჩასთან ვიდექი და გამყიდველს ვევაჭრებოდი – ნინოს უყვარდა ნაზ ფერებში ჩაქსოვილი ბაღი. ვიღაც ვარდის წყალსა და ზეთს ყიდდა. ათასობით ვარდისაგან წვეთ-წვეთობით შეგროვილ ზეთში, ალბათ, იმდენი წვეთია, რამდენი ადამიანიცაა თეირანის ბაზრის ამ ლაბირინთებში. უკვე ვხედავდი, როგორ ყნოსავდა ნინო ვარდის ზეთის შუშას.

მსახურები ქანცგამოლეულები დამდევდნენ. მერე მათ მივუბრუნდი:

– ეს ყველაფერი ახლავე მიიტანეთ შემრანში და მეც მალე მოვალ.

მსახურები ქაოსში გაუჩინარდნენ. მე კი იქვე ახლოს დაბალკარიან სპარსულ ჩაიხანაში შევედი. იქაურობა ხალხით იყო სავსე. შუაში წითელწვერა კაცი იჯდა თვალდახუჭული და ჰაფეზის ლექსს წარმოთქვამდა სიყვარულზე. მსმენელები ტკბობისაგან ოხრავდნენ. მერე გაზეთის კითხვა დაიწყო:

– ამერიკაში რაღაც აპარატი გამოუგონიათ, იმაში ნათქვამი სიტყვა მთელ მსოფლიოს ესმის. მისმა უდიდებულესობა მეფეთა მეფემ, რომლის ბრწყინვალებაც მზეს ჩრდილავს, რომლის დიდებაც მარიხს სწვდება, რომლის სამეფოც მსოფლიოს აღაფრთოვანებს, სულთან აჰმად შაჰმა ინგლისის მმართველი მონარქების წარმომადგენლობა მიიღო ფადეშაჰის სასახლეში. ესპანეთში სამთავიანი და ოთხფეხა ბავშვი დაიბადა. მოსახლეობა ამას ავის მომასწავებლად მიიჩნევს.

გაოცებული მსმენელები ენას აწკლაპუნებდნენ. ჟღალწვერამ გაზეთი დაკეცა და ისევ გაისმა სიმღერა. ამჯერად რაინდ როსთამსა და მის შვილ სოჰრაბზე. თითქმის არც ვუსმენდი. ცხელ ჩაის ჩავშტერებოდი და ვფიქრობდი. ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო: მე სპარსეთში, სასახლეში ვცხოვრობდი და კმაყოფილი ვიყავი ამით. ნინოც ამ სასახლეში ცხოვრობდა, მაგრამ ვაი, რომ კმაყოფილი არ იყო. დაღესტანში მზად იყო თავის თავზე გამოეცადა ველური ცხოვრების ყველა სიძნელე. აქ კი სპარსული ეტიკეტის ყველა საპატიო წესს უარყოფდა. უნდოდა, ჩემთან ერთად ევლო ქუჩებში მაშინ, როცა ამას პოლიცია სასტიკად კრძალავდა. ქალს და კაცს ერთად არც სტუმრის მიღება შეეძლო და არც გარეთ გამოსვლა. როცა ვცდილობდი, გადამეთქმევინებინა მისთვის ჩემთან ერთად ქალაქის დათვალიერება, მიბრაზდებოდა. „სიამოვნებით დაგათვალიერებინებდი, ნინო, ქალაქს, მაგრამ უფლება არა მაქვს.“ ნინო კი იმედგაცრუებული გამომხედავდა ხოლმე თავისი დიდრონი, მუქი თვალებით. ვერაფრით ვარწმუნებდი, რომ ხანის ცოლისათვის ქუჩებში უჩადროდ სიარული არ შეიძლებოდა. არაერთხელ შემითავაზებია: „ნინო, უძვირფასეს ჩადრს გიყიდი. შეხედე, რა მშვენიერია, როგორ იცავს სახეს მზისა და მტვრისაგან. მეც სიამოვნებით დავიხურავდი.“ ის კი ნაღვლიანად იღიმებოდა და ყველანაირ ჩადრზე უარს მეუბნებოდა: „ქალმა რომ სახე ჩადრით დაიფაროს, ეს უპატივცემულობაა, ალი ხან. ამას თუ გავაკეთებ, საკუთარი თავი შემძულდება.“

პოლიციის დადგენილება ვუჩვენე. დახია. შემინული, დახურული ეტლი შევუკვეთე და ასე ვმგზავრობდი მასთან ერთად მთელ ქალაქში. ერთხელ ზარბაზნების მოედანზე მამაჩემი დაინახა და მისალმება მოისურვა. საშინელება იყო, მერე მთელი ბაზრის ყიდვა მომიხდა მის შემოსარიგებლად.

ეულად ვიჯექი და ჩაის ჭიქას ვუმზერდი. ნინო მოწყენილობისაგან იტანჯებოდა, მაგრამ ამის გამოსწორება არ შემეძლო. მას ევროპელ ქალებთან ერთად უნდოდა სიარული, არადა,

ხანის ცოლს ურწმუნოებთან ურთიერთობა ეკრძალებოდა. ევროპელი ქალებიც განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებდნენ, როგორ უძლებ ჰარამხანაში ცხოვრებასო, და იმდენი უჩიჩინეს, რომ მართლაც აუტანელი გახადეს მისთვის აქ ცხოვრება.

ამ ცოტა ხნის წინ ნინო ჩემს ბიძაშვილებსა და ბიცოლებთან იყო სტუმრად. აღშფოთებული დაბრუნდა უკან.

„ალი ხან,“ – ყვიროდა იმედგაცრუებული, – „იმათ უნდოდათ, გაეგოთ, დღეში რამდენჯერ წვები ჩემთან, როგორ მესიყვარულები და იცი, რატომ? ქმრებს უთქვამთ, რომ სულ ჩემთან ხარ და ჰგონიათ, სულ ამ საქმით ვართ გართულები. სხვაგვარად ვერც წარმოუდგენიათ. რაღაც დემონებისაგან დამცველი შანაც მომცეს, ყოველგვარი ბოროტი სულისაგან რომ დამიფაროს. ბიცოლაშენმა სულთან ხანუმმა ისიც კი მკითხა, არ იღლები, ახალგაზრდა კაცის ერთადერთი ცოლი რომ ხარო? ყველას უნდოდა, გაეგო, როგორ ვახერხებ, რომ დღემდე არ წასულხარ მოცეკვავე „გასართობ“ ბიჭთან. შენი ბიძაშვილი სეიდი დაინტერესდა, როდისმე რამე ბინძური დაავადება ხომ არ ჰქონია ალი ხანსო? მთელი დღე მიმტკიცებდნენ, თანაგიგრძნობთო. ალი ხან, თავს ლაფში ამოსვრილად ვგრძნობ.“

როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი. ის კი შეშინებული მიმჯდარიყო კუთხეში და დამფრთხალი ბავშვივით იყურებოდა. კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა.

ჩაი სულ გამიცივდა. ჩაიხანაში დიდხანს ვიჯექი. მინდოდა, ხალხს დაენახა, რომ მთელ დღეს ჩემს ცოლთან, ჰარამხანაში არ ვატარებდი. განუწყვეტლივ ცოლთან ჯდომა არ შეიძლება. მას მხოლოდ გარკვეული საათები ეკუთვნის. უკვე საკუთარი ბიძაშვილებიც დამცინოდნენ. მაგრამ ნინოს ერთადერთი გართობა მე ვიყავი. მე ვიყავი მისი გაზეთი, თეატრი, კაფე, მეგობარი და, ამავე დროს, ქმარიც. ამიტომაც არ შემეძლო მისი მარტო დატოვება. დღესაც სწორედ ამიტომ ვუყიდე მთელი ბაზარი. საღამოს ბიძაჩემთან დიდი მიღება იმართებოდა მამაჩემის პატივსაცემად, მისი აღმატებულება იმპერიის უფლისწულიც იქ იქნებოდა. უნდა წავსულიყავი. ნინოს მარტო მოუწევდა სახლში დარჩენა საჭურისების გარემოცვაში, რომლებიც მის აღზრდას ცდილობდნენ.

ბაზრიდან გამოვედი და შემრანისკენ გავწიე. ნინო დიდ, ხალიჩებით მოფენილ დარბაზში იჯდა და დაფიქრებული მისჩერებოდა საყურეების, სამაჯურების, აბრეშუმის ქალაღაიებისა და ნელსაცხებლების შუშების მთელ გორას. ისე ნაზად და მშვიდად მაკოცა, რომ სასოწარკვეთილებამ კიდევ უფრო მეტად დამრია ხელი. საჭურისი შემოვიდა და საჩუქრების დანახვაზე გამკიცხავად გადმომხედა, კაცმა ასე არ უნდა გაანებივროს თავისი ცოლიო.

სპარსელის ცხოვრება ღამით იწყება. აქ ღამით იღვიძებს ადამიანი და მისი აზრიც და სიტყვაც ღამით იძენს სიფაქიზეს, დღისით კი ჭუჭყი და მტვერი ამძიმებს. ღამით იღვიძებს თეშახიუთიც – სპარსული ღირსების დიდებულება. საოცრად მიყვარს და მაოცებს იგი. ეს განსხვავებული სამყაროა, ბაქოსთან, დაღესტანსა თუ საქართველოსთან შედარებით.

რვა საათზე ბიძაჩემის საპარადო ეტლები მოადგა ჩვენს სახლს, ერთი ჩემთვის, ერთი მამაჩემისთვის. ასე მოითხოვდა ეტიკეტი. ყოველ ეტლს წინ უძღოდა სამი მალემსრბოლი და შათირი გრძელი ფარნებით ხელში, რომელთა თვალისმომჭრელი სინათლე კიდევ უფრო აკიაფებდა მათ ისედაც გულმოდგინე სახეებს. სიყმაწვილეში მათ ელენთა ამოაჭრეს და მათი მოვალეობა ის იყო, რომ მთელი ცხოვრება ეტლების წინ ერბინათ და ძლიერი შემართებით ეყვირათ: „ყურადღება! ყურადღება!“

მართალია, მთელ ქუჩაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მაგრამ მალემსრბოლნი მაინც მონოტონურად იძახდნენ: „ყურადღება! ყურადღება!“ – ესეც ეტიკეტის განაწესს მიეკუთვნებოდა.

ვიწრო ქუჩებით მივდიოდით უსასრულო, ნაცრისფერი თიხის კედლების წინ, რომელთა მიღმაც ყაზარმები თუ ქოხები, სასახლეები თუ სახელმწიფო დაწესებულებები იდგა, მაგრამ თვალი მხოლოდ თიხის ნაცრისფერ კედლებს ხედავდა. ეს კედლები იცავდა სპარსულ ცხოვრებას უცხოს უუფლებო თვალისაგან.

ბაზრის დახლებზე გადაფარებული ამოზნექილი, გუმბათისებური სახურავები მთვარის შუქზე უთვალავ საჰაერო ბუშტს ჰგავდა და თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს ყველა ერთად ეჭირა. ერთ კედელთან გავჩერდით თაღებიან თითბრის ჭიშკართან. ჭიშკარი გაიღო და სასახლეშიც შევედით.

ერთხელ, ჩვეულებრივ დღეს რომ მოვინახულე ეს სახლი, ჭიშკართან მხოლოდ ერთი მსახური იდგა ჩამოფლეთილი სერთუკით. დღეს კი სასახლის ფასადთან ყვავილწნულები და ლამპიონები ეკიდა. რვა მსახური დაგვხვდა. ეტლი გაჩერდა თუ არა ჩვენს წინაშე ქედი მოიხარეს.

უზარმაზარ სასახლეს დაბალი კედელი ყოფდა შუაზე. იქითა მხარეს შადრევნები მოჩანდა, ბულბულების სტვენა ისმოდა – ეს ჰარამხანა იყო. მამაკაცების სამყოფელში კი უბრალო სწორკუთხოვანი აუზი ჩაედგათ, რომელშიც ოქროს თევზები დაცურავდნენ.

ეტლებიდან გადმოვედით. ზღურბლზე ბიძაჩემი გამოგვეგება. პატარა ხელი სახეზე მიიფარა, ქედი მოიხარა და სასახლეში შეგვიძღვა. დიდსვეტებიან, ხით მოპირკეთებულ დარბაზში უამრავი ხალხი შეკრებილიყო: ჩალმებში, შავი ცხვრის ტყავის ბოხოხებსა და თხელ, მუქი ყავისფერი ქსოვილის ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. შუაში ერთი ჭაღარა მოხუცი იჯდა, მოკაუჭებული ცხვირითა და ხშირი წარბებით – ეს მისი უდიდებულესობა იმპერიის უფლისწული გახლდათ. ჩვენი შესვლისთანავე ყველა წამოდგა. ჯერ უფლისწულს მივესალმეთ და შემდეგ – დანარჩენებს. მერე თეთრ რბილ ბალიშებზე დავეშვით. სხვებიც ასევე მოიქცნენ. ორი წუთში კვლავ ფეხზე წამოვიჭერით, ერთიმეორის წინაშე ქედი მოვიხარეთ, ბოლოს დავსხედით და ღირსეულ დუმილში ჩავიძირეთ. მსახურებმა სურნელოვანი ჩაი შემოიტანეს ცისფერი ფინჯნებით. ხილით სავსე კალათები ხელიდან ხელში გადადიოდა. დუმილი მისმა უდიდებულესობა იმპერიის უფლისწულმა დაარღვია:

– ბევრი მიმოგზაურია, უამრავი ქვეყანა მინახავს, მაგრამ არსად გამისინჯავს ისეთი გემრიელი კიტრი და ატამი, როგორც სპარსეთში.

კიტრი გათალა და ნაღვლიანი თვალებით ნელ-ნელა შეუდგა ჭამას.

– თქვენო უდიდებულესობავ, მართალი ბრძანდებით. ევროპაში ვიყავი და სულ მიკვირდა, რა პატარა და უჯიშო ხილი აქვთ ურწმუნოებს. – დაეთანხმა ბიძაჩემი.

– თავისუფლად ამოვისუნთქავ ხოლმე, როგორც კი სპარსეთში ვბრუნდები. მსოფლიოს არაფერი აქვს ისეთი, ჩვენ რომ გვშურდეს. კაცმა რომ თქვას, სწორედ ასეა. არსებობს მხოლოდ სპარსეთი და ბარბაროსები. – დასძინა ერთმა კაცმა, რომელიც ევროპის რომელიღაც სასახლის კარზე სპარსეთის იმპერიის წარმომადგენლად ყოფილა.

– ამას კიდევ რამდენიმე ინდოელიც შეიძლება მივუმატოთ, – განაგრძო ახლა უფლისწულმა, – წლების წინ, ინდოეთში ყოფნისას ვნახე ადამიანები, პატივს რომ იმსახურებდნენ და თითქმის ჩვენი კულტურის სიმაღლესაც კი აღწევდნენ. მაგრამ ადამიანებში ადვილად შეიძლება შეცდე. ერთი ღირსეული ინდოელი, რომელთან ერთადაც სადილზე მოვხვდი, ბარბაროსი გამოდგა, სალათის გარეთა ფურცლებს ჭამდა.

ამ ფაქტმა სასტიკად აღაშფოთა დარბაზში მყოფნი. ერთმა მოლამ, ჩავარდნილი ლოყები რომ ჰქონდა და დიდი ჩალმა ეხურა, დაღლილი, მშვიდი ხმით აღნიშნა:

– განსხვავება სპარსელებსა და არასპარსელებს შორის ისაა, რომ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ გვესმის სილამაზის ფასი.

– სრული ჭეშმარიტებაა. – თქვა ბიძაჩემმა, – მე ლამაზი ლექსი მირჩევნია ხმაურიან ფაბრიკას. ამიტომაც ვაპატიებ დიდ პოეტს, აბუ საიდს მკრეხელობას, რადგან პირველად მან შემოიტანა ჩვენს ლიტერატურაში ლექსის უმშვენიერესი ფორმა – რობაი. მან ჩაახველა და წარმოთქვა:

„ვიდრე მეჩეთები და მედრესეები

არ გაუკაცრიელდება,

ჭეშმარიტების მაძიებელთა საქმეც

არ აღსრულდება.

ვიდრე რწმენა და ურწმუნოება

ერთი არ იქნება,

ვერც მუსლიმი ეზიარება ჭეშმარიტებას.“

– საშინელებაა, მართლაც საშინელებაა, მაგრამ საოცრად ჟღერს. – თქვა მოლამ. და თან სიყვარულით გაიმეორა: „ვერც მუსლიმი ეზიარება ჭეშმარიტებას.”

მერე კი წამოდგა, ყელყარყარა ვერცხლის სურა აიღო და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, დოქი იატაკზე დადგა. ჩვენ წამოვდექით და ხმამაღლა მივულოცეთ შემსუბუქება.

ცოტა ხნის შემდეგ მამაჩემმა წამოიწყო:

– თქვენო უმაღლესობავ, მართალია, რომ ვოსუჰ ოდ-დავლე, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ინგლისთან ახალი ხელშეკრულების დადებას აპირებს?

უფლისწულმა გაიცინა:

– ეგ თქვენ ასად ას-სალთანეს უნდა ჰკითხოთ, საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს.

– დიახ, – წამოიწყო ბიძაჩემმა, – მართლაც კარგი ხელშეკრულებაა, რადგან ამის შემდეგ ბარბაროსები ჩვენი მონები გახდებიან.

– როგორ?

– როგორ? ინგლისელებს მუშაობა უყვართ, ჩვენ კი – მშვენიერება. მათ ბრძოლა უყვართ, ჩვენ – სიმშვიდე. ერთი სიტყვით, შევკავშირდებით. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ჩვენი საზღვრების დაცვაზე ზრუნვა. ინგლისმა ირანის დაცვა იკისრა; ქუჩებს დააგებს, შენობებს აღმართავს და თანაც ფულსაც ჩაგვითვლის. ინგლისმა იცის, რომ მსოფლიო კულტურა ჩვენ უნდა გვიმადლოდეს.

ახალგაზრდა კაცმა, ჩემმა ბიძაშვილმა ბაჰრამ ხან შირვანშირმა, ბიძაჩემის გვერდით რომ იჯდა, თავი ასწია და იკითხა:

– როგორ ფიქრობთ, ინგლისი ჩვენი კულტურის გამო გვიცავს, თუ ჩვენი ნავთობის?

– ორივე ანათებს მსოფლიოს და ორივეს სჭირდება დაცვა, ყოველ შემთხვევაში, ჯარისკაცებად ყოფნა ჩვენ არ მოგვიწევს . – უპასუხა ბიძაჩემმა.

– რატომ არა? – ამჯერად მე დავსვი შეკითხვა, – მე, მაგალითად, ვიბრძოდი ჩემი ხალხისათვის, და მინდა ვთქვა, რომ კიდევაც ვიბრძოლებ მომავალში.

ასად ას-სალთანემ გამკიცხავად გადმომხედა. უფლისწულმა ჩაის ფინჯანი დადგა:

– მე არ ვიცოდი, რომ შირვანშირებს შორის ჯარისკაცებიც არიან. – აღნიშნა მან ქედმაღლურად.

– მაგრამ, თქვენო უდიდებულესობავ, ის ოფიცერი იყო.

– ეს ერთი და იგივეა, ასად ას-სალთანე. „ოფიცერი“, – გაიმეორა მან დამცინავად და ტუჩი აიბზუა.

ხმას არ ვიღებდი. სულ დამავიწყდა, რომ სპარსელი დიდებულების თვალში ჯარისკაცი საპატიო წოდებას არ წარმოადგენს.

მხოლოდ ჩემი ბიძაშვილი ბაჰრამ ხანი იყო სხვა აზრისა, ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყო. მუშირ ოდ-დავლე, დიდად პატივსაცემი და ღირსეული პიროვნება, უფლისწულის გვერდით რომ იჯდა, თავგამოდებით ამტკიცებდა:

– ღვთისაგან დაცულ ქვეყანას, ირანს, მახვილი აღარ სჭირდება, მსოფლიოში რომ გაიბრწყინოს. ეს წარსულში ჩვენმა წინაპრებმა დაასაბუთეს. მეფეთ მეფის საგანძურში ოქროს გლობუსია, რომელზეც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ძვირფასი ქვით არის აღნიშნული. მხოლოდ ირანის ტერიტორიაა წმინდა წყლის ბრილიანტებით დაფარული. ეს მხოლოდ სიმბოლო არ არის, ეს ჭეშმარიტებაა.

გამახსენდა გადამთიელი ჯარისკაცები, ქვეყანაში რომ დათარეშობდნენ, ის ჩამოფლეთილტანსაცმლიანი პოლიციელები ენზელის პორტთან. აქ იყო აზია. აზია, რომელმაც იარაღი დაყარა ევროპის წინაშე იმის შიშით, რომ თავად არ გამხდარიყო ევროპა. უფლისწული ჯარისკაცის პროფესიას პატივს არ სცემდა. არადა, თავადვე იყო იმ შაჰის შთამომავალი, რომლის დროსაც ჩემი წინაპარი გმირულად დაეცა თბილისთან ბრძოლაში. მაშინ იცოდა ირანმა იარაღის ტარება და არც თავის სახეს მალავდა. დრო შეიცვალა. სეფიანთა შთამომავალნი ხელოვნებაში გადაეშვნენ. უფლისწულს ტყვიამფრქვევს ლექსი ერჩია. იქნებ იმიტომ, რომ თვითონ ლექსში უკეთ ერკვეოდა. უფლისწულიც და ბიძაჩემიც უკვე მოხუცდნენ. ირანი მოკვდა, მაგრამ ეს გრაციოზული სიკვდილი იყო. რატომღაც უცბად ომარის ლექსი გამახსენდა:

„დიდი ჭადრაკის დაფა იყო დღეცა და ღამეც,

სადაც წყდებოდა ბედისწერით თამაში კაცთა.

ის გვთავაზობდა და ადგენდა ქიშსაც, შამათსაც,

და ყველას ისევ იქ აწყობდა, სად უწინ იდგა“.

ვერც შევამჩნიე ფიქრებში წასულმა, ხმამაღლა რომ წარმოვთქვი ლექსი. უფლისწულს სახე გაუნათდა.

– თქვენ მხოლოდ შემთხვევით გამხდარხართ ჯარისკაცი. როგორც ჩანს, განათლებულიც ყოფილხართ. თქვენთვის რომ ბედს არჩევანის უფლება მოეცა, მაინც ჯარისკაცობას აირჩევდით? – მკითხა მან შემწყნარებლურად.

ქედი მოვიხარე:

– თქვენო უდიდებულესობავ, ოთხი რამაა მხოლოდ, რასაც ავირჩევდი: „ლალისფერ ტუჩებს, თარის ჰანგებს, ბრძნულ სწავლებასა და წითელ ღვინოს.“

დაყიყის ცნობილმა გამოთქმამ ყველა იქ მყოფი ჩემს მიმართ პატივსცემით განაწყო. თვით ლოყებჩაცვენილი მოლაც კი თბილად მიღიმოდა.

შუაღამე იქნებოდა, სასადილო ოთახის კარი რომ გაიღო. შიგ შევედით. ხალიჩაზე დიდი სუფრა გაეშალათ. კუთხეებში მსახურები იდგნენ ხელში ფარნებით. სუფრაზე თეთრი პურის კვერები ეწყო. შუაში თითბრის დიდი სინით ფლავი იდგა, სხვადასხვაგვარი ხონჩებით ათასნაირი კერძი ელაგა. ყველა კერძს თავისი დრო ჰქონდა და ჩვენც, წესისა და რიგის მიხედვით, ხან რომელი და ხან რომელი ხონჩიდან შევექცეოდით. როგორც ამას ადათი მოითხოვდა, ჩქარა ვჭამდით. ეს ერთადერთი რამაა, რასაც სპარსელები სწრაფად აკეთებენ. მოლამ მოკლე ლოცვა წარმოთქვა. გვერდით ჩემი ბიძაშვილი ბაჰრამ ხანი მეჯდა. ცოტას ჭამდა და ცნობისმოყვარეობით შემომცქეროდა:

– მოგწონს სპარსეთში?

– დიახ, ძალიან.

– კიდევ რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას?

– ვიდრე თურქები ბაქოს დაიკავებენ.

– მშურს შენი, ალი ხან.

ხმაში აღტაცება ეტყობოდა. ლავაში დაახვია და ბრინჯით ამოავსო.

– შენ ტყვიამფრქვევთან მჯდარხარ და მტრის თვალებში ცრემლი დაგინახავს. ირანის მახვილი კი დაჟანგდა, უფრო ლექსებისაკენ მივილტვით, ათასი წლის წინ რომ დაწერა ფირდოუსიმ. რუდაქის ლექსი დაყიყის ლექსისაგან უშეცდომოდ შეგვიძლია გავარჩიოთ. მაგრამ არც ერთმა არ ვიცით, როგორ დავაგოთ გზატკეცილები, ან ჯარს როგორ ვუწინამძღვროთ.

– გზატკეცილი, – გავიმეორე მე და გამახსენდა მთვარით განათებული ნესვების მინდორი მარდაკიანისაკენ. კარგიც იყო, აზიაში რომ არავინ იცოდა, როგორ დაეგოთ გზატკეცილები. ყარაბაღული ცხენი ევროპულ მანქანას სხვაგვარად ვერც დაეწეოდა. – რაში გჭირდება, ბაჰრამ ხან, გზატკეცილები?

– სატვირთო მანქანით ჯარისკაცების გადასაყვანად. მინისტრები კი ამტკიცებენ, რომ არც ჯარისკაცები გვჭირდება, მაგრამ, დიახაც, რომ გვჭირდება! გვჭირდება ტყვიამფრქვევები, სკოლები, საავადმყოფოები, მოწესრიგებული მმართველი სისტემა, ახალი კანონები და შენნაირი ადამიანები. და რაც ნაკლებად გვჭირდება, სწორედ ძველი ლექსებია, რომლის ნაღვლიან ჰანგსაც ირანი უხრის ქედს. არადა, ხომ არსებობს სხვა ლექსებიც? გაგიგია გილანელი პოეტის, აშრაფის ლექსები? ჩემკენ გადმოიხარა და ჩუმად წარმოთქვა:

„სამშობლოს ტანჯვა და უბედურება დაატყდა.

აღსდექ და მიჰყევი ირანის კუბოს დამკრძალავ პროცესიას.

სპარსეთის ახალგაზრდობა ამ სვლისას ამოჟლიტეს.

იმათი სისხლით წითლად შეიღება მთვარე, მდელოები, ბორცვები, ველები“.

– რა საშინელი რითმააო, იტყოდა უფლისწული და ამას ხელოვნებაზე თავისი შეხედულების ღრმა შეურაცხყოფად ჩათვლიდა.

– კიდევ არის უმშვენიერესი ლექსი, მირზა აღა ხანს ეკუთვნის, – განაგრძო ბაჰრამ ხანმა შეუპოვრად, – მისმინე:

„ირანს შეეძლო გაფრთხილებოდა ბედს და

ურწმუნო მტრის ბატონობა აეცილებინა.

ირანის საცოლეს უფლება არა აქვს სარეცელი რუს საქმროს გაუზიაროს.

მისი არამიწიერი მშვენიერება ინგლისის ლორდს არ უნდა ემსახურებოდეს“.

– ცუდი არაა. – ვთქვი მე და გავუცინე. ეს ახალგაზრდა სპარსელი მხოლოდ უვარგისი ლექსებით განსხვავდებოდა მოხუცებისაგან. – მითხარი, ბაჰრამ ხან, რას გინდა ამით მიაღწიო?

ის მოწითალო ხალიჩაზე იჯდა და განაგრძობდა:

– ყოფილხარ ზიბეჰის მოედანზე? იქ ასი ძველი, დაჟანგებული ზარბაზანია. ლულები ოთხკუთხივ ცისკენ აქვთ მიშვერილი. ამ დამტვრეული, არაფრის მაქნისი, მომაკვდავი გვარისაგან მემკვიდრეობით შემ- ჯარისკაცი არა გვყავს, გარდა რუსი კაზაკებისა, ინგლისელი მცველებისა და ოთხასი გასიებული ბაჰადარისა, სასახლის ყარაულში რომ დგანან.

შეხედე ბიძაშენს და უფლისწულს, ან ყველა ამ მაღალტიტულოვან ღირსეულ დიდებულს. შეხედე იმათ ნაღვლიან თვალებს, უღონო, იმ დაჟანგებული ზარბაზნების მსგავს, დამჭკნარ ხელებს. ეგენი დიდხანს ვერ იცოცხლებენ და დროა, გადადგნენ. დიდი ხანია, ჩვენი ბედი უფლისწულისა და პოეტების დაღლილ ხელშია. სპარსეთი მოხუცი მათხოვრის გამოწვდილ ხელისგულსა ჰგავს. მინდა, რომ ჩემი სამშობლო ამ გამხმარი ხელისგულიდან ახალგაზრდის ძლიერ მუშტად იქცეს. დარჩი აქ, ალი ხან. შენს შესახებ ბევრი მსმენია: როგორ იდექი ტყვიმფრქვევთან, როგორ იცავდი ბაქოს ძველ კედელს, როგორ გამოღადრე შენს მტერს ყელი მთვარის შუქზე. დარჩი აქ, აქ ძველ კედელზე მეტია დასაცავი. აქ, ტყვიამფრქვევის გარდა, სხვაც ბევრი რამ გექნება. ჰარამხანაში ჯდომასა და ბაზრის მშვენიერებით ტკბობას ეს სჯობია.

ფიქრმა გამიტაცა და ხმას არ ვიღებდი. თეირანი! მსოფლიოს უძველესი ქალაქი! ბაბილონელები მას როგა-რეის უწოდებდნენ. როგა-რეი მეფურ ქალაქს ნიშნავს. ძველი ლეგენდების მტვერი, დაცემული სასახლეების გაუფერულებული ოქრო, ალმასის ჭიშკრის გრეხილი სვეტები, უძველესი ხალიჩების გახუნებული ხაზები და ბრძნული რობაიების მშვიდი რითმები აქ, ჩემ წინ გადაშლილიყო, როგორც წარსულის, აწმყოს და მომავლის სურათები!

– ბაჰრამ ხან, თუ შენს მიზანს მიაღწევ,ასფალტის ქუჩებს დააგებ, ციხე-სიმაგრეებს ააშენებ და ამ უგემოვნო ლექსებს სკოლებში ასწავლი, აზიის სული სადღა გაქრება? – წამოვიწყე მე.

– აზიის სული? – გაიცინა მან, – ზარბაზნების მოედნის ბოლოს დიდ შენობას აღვმართავთ და იქ მივიტანთ აზიის სულს: მეჩეთის დროშებს, ხელნაწერ ლექსებს, მინიატურულ ნახატებს, „გასართობ“ ყმაწვილებს, რადგან ისინიც აზიის სულის ნაწილია. ფასადზე ქუფური ლამაზი ხელით დავაწერთ „მუზეუმი“. ძია ასად ას-სალთანეს შეუძლია ამ მუზეუმის დარაჯი იყოს, მისი უდიდებულესობა იმპერიის უფლისწული კი – დირექტორი. არ გინდა, ამ ლამაზი შენობის აგებაში დაგვეხმარო?

– უნდა მოვიფიქრო, ბაჰრამ ხან.

სადილი დამთავრდა. სტუმრები ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ დარბაზში. წამოვდექი და ღია ვერანდაზე გავედი. სახეზე სუფთა ჰაერი მომელამუნა. ბაღიდან ირანული ვარდების მათრობელა სურნელი იჭრებოდა. ჩავიმუხლე. ბაზრის გუმბათის მიღმა შემრანი მოჩანდა და იქ, ერთ სასახლეში, ბალიშებსა და ხალიჩებს შორის ჩემი ნინო მეგულებოდა. ახლა, ალბათ, ეძინა. გამახსენდა ცრემლებით დანამული წამწამები, გაპობილი ნოტიო ბაგეები და ღრმა ნაღველმა მომიცვა. ალბათ ბაზრის მთელი ძვირფასეულობის ყიდვა დამჭირდებოდა, მისი თვალები ღიმილით რომ ამევსო.

სპარსეთი! აქ უნდა დავრჩე? ამ საჭურისებსა და უფლისწულებს, დერვიშებსა და სულელებს შორის? გზატკეცილების დაგება, ჯარების გაწვრთნა, ევროპის სულის აზიაში შემოტანა... და ამ ყველაფერში მე უნდა დავეხმარო?

და უცბად მივხვდი, რომ მთელ სამყაროში ნინოს მომღიმარ თვალებზე ძვირად არაფერი მიღირდა. მხოლოდ ეს მინდოდა – მის თვალებში ღიმილის დანახვა. როდის უცინოდა ბოლოს თვალები? – ბაქოს ძველ კედელთან?! შინ დაბრუნების ველურმა სურვილმა შემიპყრო. თვალწინ დამიდგა მტვრით დაფარული ძველი კედელი, მზე, ნარგიზის კუნძულს რომ ეფარებოდა.

მესმოდა ტურების ხმა, რუხი მგლის ჭიშკართან მთვარეს რომ შეჰკიოდნენ. ვხედავდი უდაბნოს ქვიშით დაფარულ ბაქოს ტრამალებს, ნავთობით გაჟღენთილ მდიდარ ქვეყანას, სანაპიროს გასწვრივ რომ გადაჭიმულიყო, ქალთა მონასტერთან მოვაჭრე ჩარჩებს, წმინდა თამარის ლიცეუმისაკენ მიმავალ ნიკოლოზის ქუჩასაც თვალნათლივ ვხედავდი. გამახსენდა, ლიცეუმის ეზოში, ხის ქვეშ, წიგნით ხელში რომ იდგა ნინო და დიდრონი გაკვირვებული თვალებით იყურებოდა. და სპარსული ვარდების სურნელი მოგონებებმა შთანთქა. მივტიროდი სამშობლოს, როგორც ბავშვი – დედას და ყრუდ ვგრძნობდი, რომ ეს სამშობლო აღარ არსებობდა. ბაქოს სანაპიროს სუფთა ჰაერი, ზღვის, ნავთობისა თუ ქვიშის სუნით გაჟღენთილი სურნელი მენატრებოდა. უფლება არ მქონდა, დამეტოვებინა ეს ქალაქი. ღმერთმა იქ ინება ჩემი გაჩენა! ქალაქის ძველ სულს ისე ვიყავი მიჯაჭვული, როგორც ძაღლი თავის ბუდრუგანას. ცას შევცქეროდი – სპარსული ვარსკვლავები ჩემთვის შაჰის პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინივით თვალმიუწვდომელი, შორეული და უცხო იყო. არასოდეს მიგრძვნია ასე აშკარად, რომ ბაქოს ვეკუთვნოდი, მის ძველ კედელს, სადაც ნინოს თვალები ღიმილით უბრწყინავდა.

ფიქრებიდან მხარზე ბაჰრამ ხანის ხელის შეხებამ გამომარკვია.

– ალი ხან, ვატყობ, ოცნებამ გაგიტაცა. რა პასუხს მაძლევ, დამეხმარები ახალი ირანის აშენებაში?

– ჩემო ბიძაშვილო, ბაჰრამ ხან, კარგად მესმის შენი. მაგრამ მხოლოდ გადახვეწილმა იცის, რა არის სამშობლო. არ შემიძლია ირანის აშენება. ჩემი ხმალი ბაქოს კედელზე უნდა აილესოს. – ვუთხარი მე.

მან ნაღვლიანად გამომხედა.

– მაჯნუნ. – ჩაილაპარაკა მან არაბულად, რაც შეყვარებულსაც ნიშნავს და შმაგსაც.

ის ჩემი სისხლისა იყო და ჩემს გულისნადებს ჩასწვდა. დარბაზში დავბრუნდით. დიდებულები მისი უდიდებულესობის წინაშე ქედს იხრიდნენ. ვუმზერდი ამ გრძელ გამხდარ თითებს, წითლად შეღებილ ფრჩხილებს. არა, აქ იმისათვის არ ჩამოვსულვარ, რომ ფირდოუსის ლექსები, ჰაფეზის სასიყვარულო კვნესა და საადის ბრძნული გამონათქვამები მუზეუმის დიდებულ შენობას მივაბარო.

მეც დავიხარე მისი უდიდებულესობის ხელისაკენ და ვემთხვიე. კაეშნით სავსე თვალები და დაბნეული მზერა ჰქონდა, თითქოს მუქარით აღვსილი ბედის მოახლოებას გრძნობდა. შემრანში რომ ვბრუნდებოდი, დაჟანგული ზარბაზნების მოედანზე გავლისას კვლავ გამახსენდა მისი უდიდებულესობა უფლისწულის დაღლილი თვალები. თვალწინ დამიდგა ნინოს მორჩილი, იძულებითი სიმშვიდე. და ვერ გამეგო, სად იყო ხსნა, გამოსავალი ამ გამოცანებით აღსავსე დაცემიდან.


Загрузка...