თვალები დავხუჭე, თითებით ყურები დავიცე და საკუთარ თავში ჩავიძირე. როგორ იყო ეს მაშინ, თეირანში?
უზარმაზარი ცისფერი ქვის დარბაზის შესასვლელში ღირსეული შაჰ ნასრ ედ-დინის სახელი ეწერა. მთელი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლებით. ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, აქ იყვნენ პატივცემული, ღირსეული ოჯახის წარმომადგენლები, მეოცნებე ყმაწვილები. ერთი სიტყვით, წარმოდგენას წმინდა ჰუსაინზე ათასი ჯურის მაყურებელი ესწრებოდა. თითქმის ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ ოთხკუთხა სცენა გაენათებინათ. სცენაზე წვეროსანი ანგელოზები ყმაწვილ ჰუსაინს ამშვიდებენ. განრისხებული ხალიფა იაზიდი თავის კაცს გზავნის უდაბნოში წმინდა ყმაწვილის თავის მოსატანად. მოთქმა-გოდების საშინელ სიმღერას ხმლების ჟღრიალი ახშობს.
ალი, ფატიმა და ევა სცენაზე დასეირნობენ და ოთხსტრიქონიან რობაის მღერიან. მძიმე ოქროს ლანგრით ურჯულო ხალიფას ყმაწვილის თავს აწვდიან. მაყურებელი კანკალებს და ტირის. მოლა რიგებს შორის დადის და ერთ პატარა ბოთლში, ბამბით აგროვებს მაყურებელთა ცრემლებს, ამ ცრემლებშია სწორედ მაგიური ძალა. და რაც უფრო ღრმაა მაყურებლის რწმენა, მით უფრო მაგიურია წარმოდგენის ზეგავლენა. სცენაზე მოჩანს ალმასებით მოოჭვილი ხალიფის ტახტი, ედემის ბაღისაკენ მიმავალი ფიცარნაგისაგან გაკეთებული გზა, სიღრმეში კი წამებულის ქალიშვილამდე რამდენიმე წვეროსანი დგას.
თვალები გავახილე, ხელები ჩამოვუშვი და მიმოვიხედე. წითელი ხავერდით გაწყობილ ლოჟებს უთვალავი ელექტრონათურის მკაფიო შუქი ეცემოდა. მაყურებელთა დარბაზში ქალების მოშიშვლებული მკლავები და მხრები თეთრად ელვარებდა. მაყურებლის დარბაზსა და სცენას შორის პატარა ადგილი დაეტოვებინათ, სადაც მოკრძალებით ისხდნენ მუსიკოსები თავიანთი ინსტრუმენტებით. პარტერში აქა-იქ ჩურჩული და პროგრამების შრიალი გაისმოდა. ასე გამოიყურებოდა ბაქოს სახელმწიფო ოპერა „ევგენი ონეგინის“ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
გვერდით ნინო მეჯდა, სახე ჩემკენ ჰქონდა გადმოხრილი, ცოტას ლაპარაკობდა. შუქი რომ ჩაქრა, ხელი მხრებზე მოვხვიე. თავი ოდნავ უკან გადასწია და მთელი არსებით ჩაიძირა ჩაიკოვსკის მუსიკაში. ტატიანას არია სრულდებოდა.
ოპერა დრამას იმიტომ მირჩევნია, რომ ოპერაში მოქმედება წინასწარ არის ცნობილი და დაძაბვა არ მჭირდება, რომ გავიგო, სცენაზე რა ხდება. მუსიკაც იშვიათად მიშლის ხელს, ისიც მარტო მაშინ, როცა ძალიან ხმამაღლა შემოსძახებენ. დარბაზში ბნელა და, თუ თვალებს დახუჭავ, ირგვლივ მყოფთ ეგონებათ, რომ მთელი არსებით სიმფონიურ ოკეანეში ჩაიძირე.
მაგრამ ამჯერად თვალს ვერ ვხუჭავდი, ნინოს უნაზეს სახეს ვუმზერდი. ოდნავ წინ გადავიხარე. და ნინოს პროფილის მიღმა, მესამე რიგში ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი: ჩვენი ძველი მეგობარი იყო შუშიდან, მელიქ ნახარარიანი, ღირსეული წარმომავლობის სომეხი, მსუქანი, ფილოსოფოსის გამოხედვით.
– შეხედე, იქ ნახარარიანია. – გადავუჩურჩულე ნინოს.
– სცენას უყურე, შე ველურო! – გამიბრაზდა, თან მაინც შეავლო თვალი სქელ სომეხს, რომელმაც შორიდან თავაზიანად დაგვიკრა თავი.
შესვენებისას, ნინოსთვის კამფეტებს რომ ვყიდულობდი, ბუფეტთან შევხვდი. ჩვენს ლოჟაში გამომყვა და ცოტა ხნით დარჩა კიდეც ეს ჩასუქებული, შემელოტებული სომეხი.
– რამდენი წლისა ხართ, ბატონო მელიქ? – ვკითხე.
– ოცდაათის. – მიპასუხა მან.
– მაშინ თქვენ მალე ვეღარ გიხილავთ ჩვენი ქალაქის ქუჩებში. – უთხრა ნინომ.
– ეგ როგორ, თავადის ასულო?
– თქვენი თაობისა ყველა გაიწვიეს.
მან ხმამაღლა გაიცინა და თავი გადაიქნია:
– სამწუხაროდ, თავადის ასულო, მე ომში წასვლა არ შემიძლია. ექიმმა ამიკრძალა. ნაწლავის ემფიზემა მჭირს.
ამ ავადმყოფობის სახელმა მუცლის ტკივილი მომაგონა.
– ასეთი საშინელი ავადმყოფობაა? – ჰკითხა ნინომ თანაგრძნობით და თან გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ამ ჩვენი ექიმების ხელში ყველა ავადმყოფობა საშინელია. – ჩაილაპარაკა მელიქ ნახარარიანმა, ამ დათვივით ძლიერმა, ჯერ კიდევ უცოლო კაცმა, რომელიც წარჩინებული სომხური ოჯახის შვილი იყო. მამა გენერალი ჰყავდა. ლოჟიდან რომ გადიოდა, ვთხოვე, წარმოდგენის შემდეგ ჩვენთან ერთად ევახშმა. მან თავაზიანი მადლობა გადაგვიხადა და მიწვევა მიიღო.
ფარდა რომ აიწია, ჩაიკოვსკის ცნობილი ვალსის ჟღერაში, ნინო გადმოიხარა და ჩამჩურჩულა:
– იმასთან შედარებით ნამდვილი გმირი ხარ, შენ ნაწლავის ემფიზემა მაინც არა გჭირს.
– სომხებს უფრო მეტი ფანტაზია აქვთ, ვიდრე მაჰმადიანებს. – ჩავილაპარაკე მე.
ნინომ თავი მხარზე დამადო და მაშინაც არ შერხეულა, როცა ლენსკიმ თავისი ძლიერი ტენორით დასძახა და ონეგინის რევოლვერისაკენ გადადგა ნაბიჯი. ფინალით გათვალისწინებული მკვლელობაც აღსრულდა. ეს მშვენიერი, სრულქმნილი დასასრული ნამდვილად სათანადო აღნიშვნის ღირსი იყო.
ოპერის დასრულების შემდეგ ნახარარიანი გასასვლელთან გველოდებოდა. რაღა თქმა უნდა, ევროპული მანქანა ჰყავდა, რაც შირვანშირების ცხენებთან შედარებით უპირატესობად ეთვლებოდა. ამ ევროპული მანქანით გავისეირნეთ ჩვენი ქალაქის ღამეულ ქუჩებში. განათებულ კლუბთან ჩამოვედით.
ჩვენი მხრიდან ეს გონივრული არ იყო. ნინო ხომ ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლობდა. მაგრამ თავადის ასულს ორი ისეთი გვარის ადამიანი ახლდა, როგორიც შირვანშირი და ნახარარიანია. ასე რომ, მშვიდად შეეძლო დაერღვია წმინდა თამარის სახელობის ლიცეუმის წესები.
კლუბის გაკაშკაშებულ ტერასაზე გავედით. აქეთ-იქით ჭიქების წკარუნი გაისმოდა. ნინო და ნახარარიანი შამპანურს სვამდნენ. მსოფლიოში არაფერს, ნინოს უმშვენიერეს თვალებსაც კი, არ შეეძლო ვეიძულებინე, ჩემს მშობლიურ მხარეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ღვინო დამელია. ამიტომაც, ჩვეულებისამებრ, ვიჯექი და ფორთოხლის წვენს ვწრუპავდი.
მუსიკა რომ შეწყდა და ყურებმაც დაისვენა, ნახარარიანმა მთელი სერიოზულობით მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა:
– აქ ვსხედვართ კავკასიის სამი დიდი ხალხის წარმომადგენელი: ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი, ერთი და იმავე ცის ქვეშ, ერთსა და იმავე მიწაზე დაბადებულნი, სრულიად განსხვავებულნი, მაგრამ მაინც ერთნი ვართ, როგორც ღვთის სამსახეობა. ერთდროულად აზიელებიც და ევროპელებიც!
– ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კავკასიელთათვის ძირითადი ელემენტი ბრძოლაა, – თქვა ნინომ. – ახლა მე ორ კავკასიელს შორის ვზივარ, რომელთაგანაც არც ერთს არ უნდა ომში წასვლა.
ნახარარიანმა მოკრძალებით გახედა და უთხრა:
– ორივეს უნდა, მაგრამ ერთიმეორის წინააღმდეგ არა, თავადის ასულო! ერთი მაღალი კედელი გვაშორებს რუსებისაგან. ეს კედელი კავკასიონია. თუ რუსები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენი ქვეყანა მთლიანად რუსული გახდება. ჩვენ საკუთარ თავს, ენას, ეკლესიებს, თავისთავადობას დავკარგავთ. ჩვენ აზიასა და ევროპას შორის არსებულ ქაოსში მოვექეცით, იმის ნაცვლად, რომ ამ ორ სამყაროს შორის ხიდები ავაგოთ. ვინც რუსეთის მეფისათვის იბრძვის, ის კავკასიის წინააღმდეგაც იბრძვის.
ნინოს ლაპარაკში უცბად თამარის სახელობის ლიცეუმის ცოდნამ იჩინა თავი:
– ირანელები და თურქები ჯიჯგნიან ჩვენს ქვეყანას. შაჰი აცამტვერებს აღმოსავლეთს, სულთანი დასავლეთს, რამდენი ქართველი მონა ხვდება ჰარამხანაში. რუსები თავად ხომ არ შემოჭრილან, ჩვენ დავუძახეთ. გიორგი XII თავისი ნებით არ გადასცა გვირგვინი რუსეთის მეფეს, მანიფესტის სიტყვები მაინც არ გახსოვთ: „არა ძალთა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის ვკისრულობთ ჩვენ საქართველოს სამეფოს მართვას. მხოლოდ ღირსება, პატივი და ადამიანურობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, შევისმინოთ ტანჯულთა ვედრება…“
რაღა თქმა უნდა, ჩვენც გვახსოვდა ეს სიტყვები, მთელი რვა წელი რომ გვიჩიჩინებდნენ სკოლაში, რა გააკეთა ალექსანდრე პირველმა ამ ასი წლის წინ. ეს თბილისის მთავარ ქუჩაზე სპილენძის დაფაზეც კი ეწერა. ნინო მართალს ამბობდა. სწორედ მაშინ გაივსო ჰარამხანები მოტაცებული კავკასიელი ქალებით. კავკასიის უამრავი ქალაქი მოირწყა ქრისტიანთა სისხლით. სიამოვნებით ვეტყოდი ნინოს: „მე მაჰმადიანი ვარ, თქვენ – ქრისტიანები. ღმერთმა თქვენი თავი ჩვენ გვაჩუქა“. მაგრამ გავჩუმდი და ნახარარიანის პასუხს დაველოდე.
– იცით რა, თავადის ასულო, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანს ობიექტური განსჯის უნარიც უნდა ჰქონდეს. კი, რუსების შემოსვლამ მშვიდობა შემოიტანა ქვეყანაში, მაგრამ დღეს ჩვენ, კავკასიის ხალხები, ამ მშვიდობის შენარჩუნებას მათ გარეშეც მოვახერხებთ. რუსები თვლიან, რომ მათ ჩვენ ერთიმეორისაგან უნდა დაგვიცვან. ამიტომაც შემოიღეს რუსული რეჟიმი, ამიტომაც გვისხედან აქ რუსი სახელმწიფო მოხელეები, გუბერნატორი. მაგრამ, თავადის ასულო, გჭირდებათ ჩემგან ან ალი ხანისაგან დაცვა? ახლა ხომ ასე არ ვისხდებოდით არც აქ და არც პეხახპიურის წყაროსთან. სპარსეთი დღეს ის მტერი აღარ არის, ვისიც კავკასიელებს უნდა ეშინოდეთ. მტერი ჩრდილოეთშია, რომელიც ბავშვებად გვთვლის და უნდა, რომ ერთიმეორისაგან დაგვიცვას. მაგრამ კარგა ხანია, ბავშვები აღარა ვართ.
– ამიტომაც არ მიდიხართ ომში? – იკითხა ნინომ.
ნახარარიანს უკვე ბევრი ჰქონდა დალეული:
– არა, მარტო მაგიტომ არა. – თქვა მან. – ზარმაცი ვარ და კომფორტს მიჩვეული. ეგეც არ იყოს, გულმოსული ვარ რუსებზე, ვერ ვაპატიებ სომხური საეკლესიო მამულების კონფისკაციას. თანაც აქ, ამ კლუბში მირჩევნია ჯდომა, ვიდრე სანგრებში. ჩვენი ოჯახისათვის დღემდე მოხვეჭილი სახელიც კმარა. მე ტკბობა მიყვარს.
– მე სხვა აზრისა ვარ. ტკბობა არ მიყვარს. ომი მიზიდავს, მაგრამ ეს არა.
– თქვენ ახალგაზრდა ხართ, ყმაწვილო. – თქვა მან და კიდევ დალია.
იმდენს ლაპარაკობდა და ისე დამაჯერებლად, რომ მგონი ნინოც დაარწმუნა თავისი აზრების სისწორეში. მერე ისევ მისი მანქანით წამოვედით. გზაში ჩაილაპარაკა:
– რა მშვენიერია ეს ქალაქი. რუსეთი რომ ასეთი ჩამორჩენილი არ ყოფილიყო, ჩვენ უკვე ევროპის ქვეყნად ჩავითვლებოდით.
გეოგრაფიის მასწავლებელი გამახსენდა და გამეცინა.
მშვენიერი საღამო იყო. გამომშვიდობებისას ნინოს თვალები და ხელები დავუკოცნე. ამ დროს ნახარარიანი ზღვას უმზერდა. მერე ციციანაშვილის ჭიშკრამდე მიმიყვანა, იმის იქით მანქანა აღარ მიდიოდა. ამ კარის მიღმა იწყებოდა აზია.
– ნინოზე იქორწინებთ? – მკითხა მან.
– თუ ალაჰი ინებებს.
– თქვენ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, ჩემო მეგობარო. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩემი იმედი გქონდეთ. მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენი ხალხი ერთად, ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ცხოვრობდეს.
გულთბილად ჩამოვართვი ხელი. როგორც ჩანს, მართლაც არსებობენ ღირსეული სომხები.
გადაღლილმა შევაბიჯე სახლში. მსახური იატაკზე იჯდა და ყურანს კითხულობდა. წიგნის ფურცლებიდან მშვენიერმა არაბულმა შრიფტმა შემომანათა. ცოტა ხნით გამოვართვი. ეწერა: „მორწმუნენო, გახსოვდეთ: თამაში, ღვინო საშინელებაა, ეშმაკისაა. უფრთხილდით! ეშმაკს ალაჰისა და ლოცვისაგან თქვენი გადაბირება უნდა“. ყურანის ფურცლებს საამო, მოტკბო სურნელი დაჰკრავდა. მშვენიერ ტყავის ყდაში ჩასმულ შეყვითლებულ ფურცლებს შრიალი გაუდიოდა. გამაფრთხილებლად და მკაცრად ჟღერდა ღვთის სიტყვები. წიგნი მოსამსახურეს დავუბრუნე და ჩემს ოთახში გავედი. განიერ, რბილ ტახტზე წამოვწექი და თვალი დავხუჭე, როგორც ყოველთვის, როცა რამის წარმოდგენა მინდოდა. გარკვევით ვხედავდი ნახარარიანის ცხვარივით თვალებს, შამპანურს, ევგენი ონეგინს სცენაზე, ნინოს საამო ბაგეებს, ქალაქთან მომდგარ მტერს, ძველი კედლების გადმოლახვას რომ ლამობდა.
ქუჩიდან სიმღერის ხმა ისმოდა. შეყვარებული ჰაშიმი მღეროდა. ის უკვე ხანში იყო შესული და არავინ უწყოდა, რომელ სიყვარულს მისტიროდა. პატივისცემით არაბულად მაჯნუნს – სიყვარულით ავადმყოფს, ეძახდნენ. ღამ-ღამობით ქუჩაში გადიოდა, ერთ კუთხეში მიჯდებოდა და გათენებამდე თავის სიყვარულსა და ტკივილს უმღეროდა ხოლმე. მისმა მონოტონურმა ხმამ ძილი მომგვარა. კედლისკენ გადავბრუნდი და უკუნეთსა და სიზმარეთში ჩავიძირე. ცხოვრება ჯერ ისევ მშვენიერი იყო.