XVII თავი


მეჰმედ ჰაიდარი წამოხტა. თვალები სულ დაჰპატარავებოდა.

– ახლავე ცხენებს შევკაზმავ! – შესძახა და გარეთ გავარდა. სახე მიხურდა, სისხლი თავში ამივარდა. ყურები მიწიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი თავში ჯოხს მირტყამდა. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ილიას ბეგის ხმა იქიდან მესმოდა:

– დამშვიდდი, ალი ხან, თავს ნუ დაკარგავ, სწორედ ახლა გმართებს ძალების მოკრება, მანამდე მაინც, ვიდრე დაეწევი. – მამშვიდებდა ის, თუმცა თავადაც გაფითრებული იდგა ჩემ წინ. წელზე კავკასიური ხანჯალი შემომარტყა.

– გამომართვი, გამოგადგება. – მითხრა მან და ხელში რევოლვერი ჩამიდო. – დამშვიდდი, ალი ხან, სიშმაგე მარდაკიანის გზისთვის უნდა დაზოგო.

იარაღი მექანიკურად ჯიბეში ჩავიდე. მუსტაფას ნაყვავილარი სახე ჩემკენ გადმოიხარა. მისი ტუჩების მოძრაობით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიგებდი:

– ბრძენი მოლა ჰაჯი მასყუდის სანახავად ვიყავი. მისი სიბრძნის კარავი ოპერის ახლოსაა. თერთმეტ საათზე გამოვედი და დავინახე, როგორ გამოვიდნენ ოპერიდან, როგორ ჩაჯდა ნინო ნახარარიანის მანქანაში. მანქანა არ დაძრულა. რაღაცას ლაპარაკობდნენ. ნახარარიანის სახე არ მომეწონა. უკნიდან მივიპარე და ყური დავუგდე: „არა”, იმეორებდა ნინო, “მე ის მიყვარს“. „მე უფრო მიყვარხართ. ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დარჩება. წაგიყვანთ, მოგაშორებთ ამ საშინელ აზიას.“ – უთხრა ნახარარიანმა. „არა, სახლში წამიყვანეთ.“ – ეუბნებოდა ნინო. მანქანა დაქოქა. მოვასწარი და საბარგულს უკან მოვახტი. ყიფიანების სახლისაკენ წავიდა. რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას, არ მესმოდა. მანქანა ყიფიანების სახლთან გაჩერდა. ნინო ტიროდა. უეცრად ნახარარიანი ნინოს მოეხვია და კოცნა დაუწყო. თქვენ ველურების ხელში არ უნდა ჩავარდეთო, გაიძახოდა, კიდევ რაღაცეებს ეჩურჩულებოდა, მე მხოლოდ ამას მოვკარი ყური, „წავიდეთ ჯერ ჩემთან, მარდაკიანში, ჯვარი მოსკოვში დავიწეროთ, იქიდან კი შვედეთში გავემგზავროთ“. დავინახე, როგორ ჰკრა ნინომ ხელი. უცბად მანქანაც მოსწყდა ადგილს. მე კი გამოვიქეცი, რაც ძალა და ღონე მქონდა, რათა...

სათქმელი ვერ დაასრულა, თუ მე ვეღარ გავიგე ბოლომდე. ამასობაში მეჰმედ ჰაიდარმა კარები შემოგლიჯა და იყვირა:

– ცხენები შეკაზმულია!

ეზოში გავცვივდით.

– აქეთ. – მითხრა მეჰმედ ჰაიდარმა.

მთვარის შუქზე ცხენებს მოვკარი თვალი. ფრუტუნებდნენ და მიწას ფლოქვებს სცემდნენ. მეგონა, ჩემი ცხენისკენ მივყავდი, მაგრამ გავშტერდი – ჩემ წინ პოლკის უფროსის, მელიქოვის ყარაბაღული საოცრება, ოქროს რაში იდგა.

– კომენდანტის ცხენია, სასტიკად განრისხდება, რომ გაიგებს, რადგან ჯერ სხვა არავინ მჯდარა ამ ცხენზე. ქარივით დაქრის. ამაზე სწრაფად ვერც ერთი ვერ გაგაფრენს. ნუ დაზოგავ, ალი ხან. – ჩაილაპარაკა მოღუშულმა მეჰმედ ჰაიდარმა.

მაშინვე მოვახტი. ჩემი მათრახის მძლავრი შეხება, ერთი ყოვლისშემძლე ნახტომი და ცხენი მართლაც გაფრინდა ყაზარმის ეზოდან. ზღვის სანაპიროს გასწვრივ მივქროდი, სახლები თითქოს აცეკვდნენ ჩემ თვალწინ. სიმწრისგან ვურტყამდი ცხენს, ისიც ისე მიაჭენებდა, რომ ფლოქვებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. უცბად ველურმა სიბრაზემ მომიცვა, ცხენს აღვირი მოვწიე. ყალყზე შედგა, მერე კი ისევ გაფრინდა. ჩემ უკან უკანასკნელი ქოხმახებიღა მოჩანდა. წინ მთვარით განათებული მინდვრები გადაიშალა. და აი, მარდაკიანისკენ მიმავალი ვიწრო გზაც გამოჩნდა. ღამის გრილი სიო სახეში მცემდა. მარჯვნივ და მარცხნივ ნესვის მინდვრები ოქროს ზოდებივით ყვითლად გადაშლილიყო. ჩემი ცხენი საოცრად მოქნილად და სხარტად, ბუმბულივით მიქროდა. მთელი ტანით წინ გადავიხარე, თითქმის ცხენის ფაფარს ვუსწორდებოდი.

მაშ ასე! ყველაფერი გარკვევით დამიდგა თვალწინ... მათი ყოველი სიტყვა, ფიქრიც კი მესმოდა; თითქოს იქვე ახლოს ლაპარაკობდნენ: „ენვერი იბრძვის მცირე აზიაში. მეფის ტახტი შერყეულია, დიდი მთავრის ჯარში სომხური ბატალიონებია. თუ ფრონტი დაირღვა, მაშინ ოსმალოთა არმია სომხეთს შეესევა, ყარაბაღს, ბაქოს“. ნახარარიანმა წინასწარ იყნოსა შედეგები და მთელი თავისი ფული, მძიმე სომხური ოქრო შვედეთისაკენ გაუშვა. დასრულდა კავკასიელ ხალხთა დამეგობრება. ორივეს თვალნათლივ ვხედავ ოპერის ლოჟაში. „თავადის ასულო, არ არსებობს არანაირი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არც სიყვარულის ხიდი არსებობს.“ – ყურებში მიწიოდა ეს სიტყვები.

ნინო დუმს და უსმენს. ის კი განაგრძობს: „ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ოსმალების მახვილი გვემუქრება. ჩვენ ევროპის ელჩები ვართ აზიაში. მე თქვენ მიყვარხართ, თავადის ასულო. ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით. სტოკჰოლმში უფრო იოლია ცხოვრება. იქ ევროპაა, იქ დასავლეთია“. და მერე, თითქოს იქვე, ჩემ ახლოს ალაპარაკდაო, დასძენს: „ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე აღარ დარჩება.“

„და ბოლოს, თქვენი ბედი თავადვე განსაზღვრეთ, ნინო, ომის შემდეგ ლონდონში წავალთ, სასახლის კარზე მიგვიღებენ. თქვენ ევროპელი ხართ და ევროპელმა თავად უნდა შეძლოს თავისი ბედის მოწყობა. მეც ვაფასებ ალი ხანს, მაგრამ ის ბარბაროსია, უდაბნოს ხიბლით დატყვევებული“.


ცხენს მივაქროლებ, თან ველურივით ვყმუი. ასე ყმუის ხოლმე უდაბნოს მგელი მთვარის დანახვაზე – დიდხანს, ხმამაღლა, მოთქმით. მთელი ღამე ისმის გაბმული ყმუილი. ხახა მტკივა ველური შეძახილისგან. რატომ ვყივი მარდაკიანისკენ მიმავალ მთვარით განათებულ გზაზე? არა, ძალები უნდა დავზოგო, ჯერ არ მმართებს სიშმაგე! მწველი ქარი სახეში მირტყამს. თვალებიდან ცრემლები მდის. ეს ქარის ბრალია, დიახ, სწორედ ქარის. მე არ ვტირი და არც ვიტირებ! მაშინაც კი, როცა უეცრად ვხვდები, რომ არ არსებობს არანაირი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არც სიყვარულის ხიდი არსებობს. მაცდური, მოციმციმე ქართული თვალები! დიახ, მე უდაბნოს მგლების, თურქეთის რუხი მგლების შთამომავალი ვარ. რა კარგად მოუფიქრებია ნახარარიანს, მოსკოვში ჯვარს დავიწერთო, მერე შვედეთში გავემგზავროთო. სასტუმრო სტოკჰოლმში, თბილი, მდიდრული ოთახი, სუფთა, ქათქათა თეთრეული. ვილა ლონდონში. ვილა? – გამახსენდა უცბად და სიმწრისაგან ოქროსფერ რაშს კისერში კბილები ვასობ. პირი მარილიანი სისხლით მევსება. ვილა? მარდაკიანში ხომ აქვს ნახარარიანს ვილა, ბაღის შუაში გაშენებული, როგორც ყველა ბაქოელ მდიდარს – ზღვის სანაპიროსთან ახლოს კორინთულ სვეტებზე შემდგარი მარმარილოსაგან ნაგები ვილა ხეხილიან ოაზისში. კარგად ვიცი ეს ვილა. საძინებელში წითელი ხის საწოლი, განიერი თეთრი ზეწრები, როგორც სტოკჰოლმის სასტუმროში. ნეტავ რომელი უფრო სწრაფია – ევროპული მანქანა თუ ყარაბაღული ცხენი? მთელ ღამეს ფილოსოფოსობას ხომ არ მოჰყვება? ალბათ... რაღა თქმა უნდა, რომ... უკვე ვხედავ საწოლს, შიშისა თუ სურვილისაგან არეულ ქართულ თვალებს. კიდევ უფრო ღრმად ვარჭობ კბილებს ცხენს ხორცში. ის გაშმაგებით მიქრის. მიდი, მიდი! დაზოგე შენი სიშმაგე, ალი ხან, ვიდრე დაეწევი!

გზა ვიწრო იყო. უცბად გამეცინა. ერთი მხრივ ბედნიერებაა, რომ აზიაში ვცხოვრობთ. ამ ველურ, ჩამორჩენილ, არაცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სამანქანო ტრასები. მხოლოდ ვიწრო ბილიკებია, სწორედ ყარაბაღული ცხენისთვის ზედგამოჭრილი. ნეტავ რომელი გაუსწრებს – ევროპული მანქანა თუ ყარაბაღული ცხენი?

აქეთ-იქიდან, მთვარით განათებული მდელოებიდან, მწიფე ნესვები შემომცქეროდნენ და თითქოს მამხნევებდნენ. ცუდი გზაა, ინგლისური მანქანისთვის არ გამოდგება. ეს გზა მხოლოდ ყარაბაღული ცხენისთვისაა.

გაუძლებს ცხენი ამ სისწრაფეს? გამახსენდა მელიქოვის სახე, შუშაში რომ შემხვდა და ამაყად განმიცხადა, თუ მეფე ომში გამიწვევს, შემოვაჯდები ჩემს ყარაბაღულ რაშს და ისე გამოვცხადდებიო. ეჰ, მოუწევს თავადს ცხენთან გამომშვიდობება. მათრახის კიდევ ერთი გადაჭერა, კიდევ ერთი... ქარი სახეში მცემდა, თითქოს მუშტებს მირტყამდნენ. ერთ მოსახვევთან გზის პირზე ველური ბუჩქები იყო მოდებული. შორს მანქანის ხმა გავიგე. და აი, გამოჩნდა კიდეც, ნელ-ნელა მიირწეოდა ოღრო-ჩოღრო გზაზე. ევროპული მანქანა! არ იყო აზიის გზებისთვის შექმნილი. ერთი ნახტომიც და საჭესთან მჯდომ ნახარარიანსაც მოვკარი თვალი. კუთხეში ნინო მიკუნტულიყო. რატომ არ ესმით ცხენის თქარათქური? თუ ღამის ხმაურმა შთანთქა ეს ხმა? ეტყობა, თავს იმედიანად გრძნობს თავის ევროპულ მანქანაში. როგორღაც უნდა გავაჩერო, ახლავე ადგილზევე უნდა შევაჩერო ეს გალაქული ყუთი! ხელით ბელგიური რევოლვერი მოვსინჯე – მიდი, საყვარელო, გამიწიე სამსახური, შეასრულე შენი მოვალეობა. თითი გამოვკარი. წამით გაიელვა ცეცხლის ზოლმა. ცხენს აღვირი მოვწიე. კარგი ნასროლი იყო. ყოჩაღ, ჩემო ბელგიურო იარაღო! მარცხენა საბურავი დაეშვა და გალაქული ყუთიც გაჩერდა. მანქანასთან მივაგდე ცხენი. სისხლი მაწვებოდა საფეთქლებში. იარაღი მოვისროლე, ზუსტად რას ვაკეთებდი, არც ვიცოდი. ორი სახე მომჩერებოდა, ველური შიშისგან ლამის ბუდიდან უცვიოდათ თვალები. უცბად მანქანაში აკანკალებული მსუქანი ბრილიანტისბეჭდიანი ხელი შევნიშნე, იარაღი ეჭირა. ეტყობა, მთლად იმედიანად მაინც ვერ იყო თავის ევროპულ მანქანაში, რადგან იარაღს ატარებდა. ჩქარა, ალი ხან! ახლა კი აღარ გმართებს სიშმაგის დაზოგვა! არ უნდა გაისროლოს ამ აკანკალებულმა მსუქანმა ხელმა. ხანჯალი ამოვიღე. ვერც კი მოვასწარი გააზრება, უკვე მესმოდა გასროლილი ხანჯლის მელოდიური წუილი. სად ვისწავლე ხანჯლის სროლა? სპარსეთში? შუშაში? არსად. ალბათ, ეს ცოდნა სისხლში, ძარღვებში მაქვს, წინაპრებისაგან მომდგამს, იმ პირველი შირვანშირისაგან, ინდოეთში რომ წავიდა და დელი დაიპყრო. უცბად გამყინავი ხმა გაისმა, მსუქანი ხელი კოტიტა თითებს კვლანჭავდა. იდაყვზე სისხლი ჩამოსდიოდა. მშვენიერია მტრის სისხლის დანახვა მარდაკიანისკენ მიმავალ გზაზე. უცბად მანქანიდან მსუქანი მუცელი გადმოხოხდა. წამის მერე კი უკვე ველური ბუჩქნარისაკენ გარბოდა. ცხენიდან გადმოვხტი, ძირს დავარდნილი ჩემი ხანჯალი ავიღე და ქამარში ჩავაგე. ნინო გაქვავებულივით, უძრავად იჯდა მანქანის რბილ სალონში. მთელი სხეული უცახცახებდა. შორიდან ცხენების თქარათქურის ხმა შემომესმა. ბუჩქნარში შევვარდი, წვრილ-წვრილ ტოტებში ვიხლართებოდი, თითქოს უხილავი მტრის ხელები მაბრკოლებდნენ. ფეხქვეშ ხმელი ტოტები ტკაცუნობდა, გამხმარი ტოტები ხელებს მიკაწრავდა. შორს ბუჩქებში დაჭრილი ცხოველი – ნახარარიანი მძიმედ ქშინავდა. სასტუმრო, სტოკჰოლმი! ნახარარიანის მსუქანი მაძღარი ტუჩები ნინოს სახეზე! გონება მერეოდა. უკვე ვხედავდი, ნესვების მინდორზე, ზღვისკენ გარბოდა. რევოლვერი მოვისროლე. ეკლიანი ბუჩქებისაგან ხელები მთლად დასისხლიანებული მქონდა. უცბად ფუყე მრგვალ ნესვს დავადგი ფეხი, გასკდა და ტკაცანი გაიღო. მინდორზე გავრბოდი. ნახარარიანი წაბორძიკდა, მსუქანი ხელებით ბუჩქს ჩაებღაუჭა. მთვარე ცივი, ოქროსფერი ნათებით დაგვცქეროდა, თითქოს სიკვდილს შეიგრძნობდა. ვერ წაიღებ ოქროებს შვედეთში, ნახარარიან! მხრებში ვწვდი. შემოტრიალდა, გამოყეყეჩებულ თვალებში იმედგაცრუებულის ზიზღი ჩასდგომოდა. მუშტი გამოაქანა, ნიკაპში მომხვდა, მერე მკერდში. ევროპაში ისწავლე მუშტი-კრივი, ნახარარიან? წამით თავბრუ დამეხვა, სუნთქვა შემეკრა. მე აზიატი ვარ, ნახარარიან, კრივის ხელოვნებას ვერასოდეს გავიგებ. მე მხოლოდ უდაბნოს მგელივით გამძვინვარება შემიძლია. გაშმაგებული ვხტოდი, ფეხები მის სხეულს, როგორც ხის ტანს, ისე შემოვაჭდე. ხელები მსუქან ყელში წავუჭირე. ველურივით მირტყამდა მუშტებს. ჩავბუქნე, დაბლა მიწაზე დავეშვით და ერთხანს ასე ვგორაობდით. უცბად ქვეშ მოვყევი, ნახარარიანი მახრჩობდა. მე წიხლებს ვურტყამდი და ვეფლობოდი მის ქონით გავსებულ მუცელში. დასხლტომას ცდილობდა. უცბად შემოხეული პერანგიდან მისმა თეთრმა ქათქათა ყელმა გამოანათა. კბილები ჩავასე მსუქან ხორცში. დიახ, ნახარარიან, ასე ვაკეთებთ ჩვენ აზიაში, მუშტი-კრივის გარეშე! ასე იცის რუხმა მგელმა! პირში მისი ძარღვების ფეთქვა შევიგრძენი. სულ დამავიწყდა ჩემი ხანჯალი ამ ორთაბრძოლაში. ნახარარიანმა დრო იხელთა, თვალწინ ფოლადმა გამიელვა. უცბად ხანჯალი ნეკნებში შემიცურა. რა თბილი სისხლი მქონია! ტკივილისაგან გონსმოგებულმა იმის ყელს თავი ვანებე და დაჭრილი ხელიდან ხანჯალი გამოვგლიჯე. ახლა ის იწვა მიწაზე პირით მთვარისკენ. ხანჯალი მე მეჭირა ხელში. შიშისაგან სიკვდილის კარიბჭესავით ისე ფართოდ დაეღო პირი, რომ ცარიელი ხახაღა მოუჩანდა და გაბმული ხავილი ამოსდიოდა. სტოკჰოლმის სასტუმრო! მარდაკიანის გზა! შე ღორო!

– რაღას უყურებ? – მომესმა ჩემ უკან მეჰმედ ჰაიდარის ხმა, – ჩაარჭე, ალი ხან, ჩაარჭე. გულთან ახლოს, ზემოდან ქვემოთ ჩაარჭე!

ხმა შეწყდა. ვიცოდი, სად იყო სასიკვდილო ადგილი. ცოტა ხანს კიდევ ვაყოვნებდი. წამით კიდევ მინდოდა, მტრის მავედრებელი ხმა გამეგო.

მერე კი ხანჯალი მაგრად ჩავბღუჯე, კუნთები დავძაბე. ჩემი ხანჯალი მტრის სხეულს შეერწყა. ერთხელ გაფართხალდა, მეორედ... ნელ-ნელა წამოვიწიე. ტანსაცმელი სისხლიანი მქონდა. ჩემი სისხლით, თუ იმისი სისხლით? თუმცა ახლა ეს უკვე სულერთი იყო.

მეჰმედ ჰაიდარი კბილებს აღრჭიალებდა:

– რა ლამაზად გააკეთე, ალი ხან. შენით მუდამ ვიამაყებ.

ნეკნები მტკიოდა. ვბარბაცებდი. ბუჩქებში შევედით და ცოტა ხანში უკვე მარდაკიანის გზაზე ვიდექით, სადაც გალაქული ყუთი, ოთხი ცხენი და ორი მხედარი გველოდა. ილიას ბეგმა ხელი ამიწია მოსალმების ნიშნად. სეიედ მუსტაფას მწვანე ჩალმა კეფაზე მოეგდო. თავის უნაგირზე ნინო შემოესვა და მაგრად მოეხვია ხელი. ნინო ჩუმად იყო.

– ქალს რა ვუყოთ? შენ მოკლავ, თუ მე მოვკლა? – სეიედ მუსტაფა ჩუმად და დინჯად ლაპარაკობდა. თვალები მოჭუტული ჰქონდა, თითქოს სიზმარში იყო.

– მოკალი, ალი ხან. – ახლა მეჰმედ ჰაიდარის ხმა გავიგე. ხანჯალს მიწვდიდა.

ილიას ბეგს გადავხედე. თავი დამიქნია, ცარცივით იყო გათეთრებული:

– მერე ზღვაში გადავაგდებთ.

ფეხი ნინოსკენ გადავდგი. თვალები გაფართოებოდა... შესვენებაზე სულ ჩვენთან მორბოდა, ჩანთით ხელში, ატირებული. გამახსენდა, როგორ ვიჯექი ერთხელ მერხის ქვეშ მოკუნტული და ვკარნახობდი: „რვაას წელს აახენში მეფედ აკურთხეს კარლოს დიდი.“ რატომ დუმდა ნინო? რატომ არ ტიროდა, როგორც მაშინ, დიდ შესვენებაზე? ხომ შეეძლო ეტირა, როცა არ იცოდა, როდის გამეფდა კარლოს დიდი, ახლა რად არ ტიროდა?

მის ცხენს ყელზე შემოვეხვიე. ნინოს თვალებში ჩავხედე, მაგრამ მისი თვალები არაფერს მეუბნებოდა, ჩემს ხანჯალს მიშტერებოდა უძრავად... საოცრად ლამაზი იყო, სეიედის ცხენზე ამხედრებული, მთვარის შუქზე გაცისკროვნებული. ქართული სისხლი, მსოფლიოში საუკეთესო ქართული ბაგეები, ნახარარიანმა რომ დაკოცნა.

ოქროს მონეტები შვედეთში... იმან ნინოს აკოცა...

– ილიას ბეგ, დაჭრილი ვარ. წაიყვანე თავადის ასული ნინო სახლში. ცივი ღამეა, რამე მოახურე. იცოდე, ილიას ბეგ, მოგკლავ, თუ თავადის ასულს უვნებელს არ მიიყვან შინ. დაიმახსოვრე, ილიას ბეგ, ეს ჩემი ურყევი სურვილია.

– მეჰმედ ჰაიდარ, სეიედ მუსტაფა, სუსტად ვარ. დამეხმარეთ შინ წასვლაში. თავბრუ მეხვევა, სისხლისგან ვიცლები.

მეჰმედი ოქროს რაშზე ამხედრებაში მომეხმარა. ილიას ბეგმა ფრთხილად გადაიყვანა ნინო თავის ცხენზე და თავისი რბილი ნაბადი მხრებზე ნაზად მოახურა. ის არ ეწინააღმდეგებოდა... ჯერ კიდევ გაფითრებული იყო. მერე ილიას ბეგმა წამიერი მზერა მესროლა, თავი დამიკრა და წავიდა. მას ნინოს შინ უვნებლად მიყვანა ევალებოდა. ჩვენ ცოტა ხანს შევყოვნდით. მეჰმედ ჰაიდარი და მუსტაფა გვერდიდან არ მშორდებოდნენ, მათ ვეყრდნობოდი. მეჰმედი უნაგირს მოახტა.

– გმირი ხარ, ალი ხან, ლამაზად იბრძოდი. მშვენივრად აღასრულე შენი მოვალეობა. – არ ჩერდებოდა ჰაიდარი.

სეიედს თვალები დაეხარა.

– მისი სიცოცხლე შენ გეკუთვნის. შეგიძლია მოკლა, შეგიძლია აპატიო, კანონით ორივე დასაშვებია. – თქვა მან და ფიქრებში წასულმა ჩაიცინა, მერე კი სადავეები გამომიწოდა. მდუმარედ მივაბიჯებდით ღამის სიბნელეში. ბაქოდან გამოღწეული სინათლე სიყვარულით გვიხმობდა.


Загрузка...