დივანზე ვიჯექი, წინ რუკა მქონდა ფართოდ გაშლილი. ხელში პატარა ჭრელი ალმები მეჭირა. რუკის ფერები ისეთი მკვეთრი და დამაბნეველი იყო, ზედ აღნიშნული მთების, ქალაქებისა თუ მდინარეების სახელები კი ისე იხლართებოდა ერთიმეორეში, რომ წაკითხვა ჭირდა. გვერდით გაზეთი მედო, რომელშიც სვეტებად ჩამოემწკრივებინათ ქვეყნების, მთებისა და მდინარეების სახელწოდებები. ორივეს გაფაციცებით ჩავცქეროდი და ვცდილობდი, გაზეთში შეცდომით დაწერილი სახელი და რუკაზე აბურდული გაურკვევლობა ერთმანეთთან შემეჯერებინა, რომ შესაბამისი ფერის ალამი ზუსტ ადგილზე ჩამემაგრებინა. ერთ პატარა წრეში მწვანე ალამი ჩავარჭე – გვერდით ბეჭდური ასოებით ეწერა „ელიზავეტპოლი (განჯა)“, ბოლო ხუთი ასო სანგულდაკის მთებით იყო გადაფარული. როგორც გაზეთი იუწყებოდა, ადვოკატმა ფათჰ ალი ხანმა ქალაქ ხოიდან განჯამდე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა. განჯის აღმოსავლეთით ჩარჭობილი მწვანე ალმები იყო ჯარი, რომელიც ენვერმა შექმნა ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად. მარჯვნიდან ნური ფაშას პოლკები ქალაქ აგდაშს უახლოვდებოდნენ. შუაში აზერბაიჯანელ მოხალისეთა ბატალიონები იბრძოდნენ. რუსების დაპყრობილი ბაქო ნელ-ნელა თურქების ალყაში ექცეოდა. მწვანე ალმების კიდევ რამდენიმე გადაადგილება და ერთიმეორეში ჩახლართული წითლად აღნიშნული გზები ბაქოს დიდ წარწერას შეეჯახებოდა.
საჭურისი იაირა ყული ზურგს უკან მედგა და ამ უცნაურ თამაშს დაძაბული დასცქეროდა. ეტყობა, ჭრელ ქაღალდზე ალმების გადაადგილება ჯადოქრის ძლიერ, შავბნელ გრძნეულებად ეჩვენებოდა, ჩემი მოქმედების არსს ვერ ჩასწვდა. ალბათ ფიქრობდა, მწვანე ალმებს ბაქოს წითელ ლაქაზე იმიტომ ვარჭობდი, რომ გრძნეულებით ჩემი ქალაქი ურწმუნოთა ხელიდან გამომეგლიჯა. არ უნდოდა, ხელი შეეშალა ამ იდუმალ საქმიანობაში და სერიოზული, მონოტონური ხმით საქმიანად წამოიწყო:
– ო, ხან, ფრჩხილები მინდოდა მისთვის წითელი ინით შემეღება, მან კი ბოთლი სადღაც გადაისროლა და დამკაწრა, არადა, უძვირფასესი ინა შევურჩიე. დილით ადრე ფანჯარასთან მივიყვანე, თავზე ნაზად მოვკიდე ხელი, პირის ღრუ მინდოდა შემემოწმებინა, ო, ხან, ეს ხომ ჩემი მოვალეობაა. ის კი დამისხლტა და მარჯვენა ხელით სილა გამაწნა მარცხენა ლოყაში. ტკენით იმდენად არ მტკენია, რამდენადაც შეურაცხყოფილი დავრჩი. აპატიე შენს მონას, ხან. ვერაფრით ვერ დავიყოლიე სხეულიდან თმის მოშორებაზე. უცნაური ქალია. არც შანას ატარებს, ბავშვზე ხომ მაინც უნდა იფიქროს?! გოგო თუ გეყოლება, მე ნუ დამაბრალებ, ხან, ნინო ხანუმს მოჰკითხე პასუხი. როგორც ჩანს, მის სულს ბოროტი ძალა დაჰპატრონებია, რადგან შევეხები თუ არა, სულ ცახცახებს. ვიცი, მეჩეთთან ერთი მოხუცი ქალია, აბდულ-ასიმი, კარგად ერკვევა ბოროტ სულებში. ხან, კარგი იქნება, თუ მოვაყვანინებთ. იფიქრეთ ამაზე. სახეს სულ ყინულივით ცივი წყლით იბანს და ვერ ხვდება, რომ ეს კანს აფუჭებს. კბილებს ისეთი მაგარი ჯაგრისით იხეხავს, ღრძილებიდან სულ სისხლი სდის, ნაცვლად იმისა, რომ წესიერად, სურნელოვანი მალამოთი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით გაიწმინდოს. ადამიანის ასეთ აზრებამდე მიყვანა მარტო ბოროტ სულს თუ შეუძლია.
ძლივს ვუსმენდი. ყოველდღე ერთი და იმავე საჩივრით მოდიოდა. თანაც მთელი სერიოზულობითა და შეწუხებული სახით მიამბობდა ამ ყველაფერს, რადგან თავს ვალდებულად გრძნობდა, ნინოსა და მის მომავალ შვილზე ეზრუნა. ნინომ კი თითქოს სასაცილო, მაგრამ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. ბალიშებს ესროდა, ჯიბრით ჩადრდაუფარებელი დასეირნობდა სახურავზე, შანა რომ მისცა, ფანჯრიდან მოისროლა. თავისი ოთახის კედლები ქართველი ნათესავების ფოტოებით აავსო. საჭურისი ჩემთან მორბოდა და შეშინებული სახით შემომჩიოდა. საღამოობით კი ნინო იჯდა ჩემ წინ და მეორე დღისათვის შეტევის მორიგ გეგმებს სახავდა.
– როგორ ფიქრობ, ალი ხან, – ამბობდა იგი და ნიკაპს ჩაფიქრებით ისრესდა, – იქნებ სჯობდეს, ღამე ჯამით წყალი გადავასხა, ან დღისით ზედ კატა მივაგდო? არა, უკეთესი მოვიფიქრე! ყოველ დილით შადრევანთან ვივარჯიშებ და ჩემთან ერთად იმასაც ვაიძულებ, ივარჯიშოს, მსუქანია და მოუხდება.
ასე ადგენდა შურისძიების გეგმებს, ვიდრე ჩაეძინებოდა და მეორე დღეს ისევ თავიდან იწყებოდა ხადუმის საჩივრები:
– ხან, ნინო ხანუმი შადრევანთან დგას და ხელ-ფეხს უცნაურად იქნევს, მეშინია, ბატონო, ისე იხრება წინ და უკან, თითქოს ძვლები საერთოდ არ ჰქონდეს. ვშიშობ, ბატონო, იქნებ ასე რომელიმე უცნობ ღმერთს სცემს თაყვანს. თან დაუჩემებია, შენც გააკეთეო. მაგრამ მე მორწმუნე მუსლიმი ვარ, ხან, ალაჰის ფეხთა მტვერი. საგონებელში ვარ ჩავარდნილი მისი ძვლებისა და ჩემი სულის გამო.
აზრი არ ჰქონდა ამ საჭურისის დათხოვნას. მის ნაცვლად სხვა მოვიდოდა, რადგან ხადუმების გარეშე წარმოუდგენელია აქ სახლის მართვა. არავის შეუძლია ისე კარგად ჰარამხანაში მოფუსფუსე ქალების ყურისგდება, ფულის ანგარიში, გაფრთხილება და ყველაფრის რიგზე ქონა, როგორც საჭურისს.
ამიტომაც ვდუმდი, ჩაფიქრებული დავცქეროდი მწვანე ალმებს, ბაქოს რომ ერტყა გარს... საჭურისმა მოკრძალებით ჩაახველა:
– დავუძახო იმ მოხუც ქალს მეჩეთიდან?
– რისთვის, იაირა ყული?
– ნინო ხანუმის სხეულიდან ავი სულები რომ განდევნოს.
ამოვიოხრე. აბდულ-ასიმის მეჩეთიდან მოყვანილი დედაბერი რას გააწყობდა ევროპულ სულთან?
– საჭირო არ არის, იაირა ყული – მეც კარგად ვერკვევი სულების შელოცვაში. მაგ საქმეს თვითონაც მივხედავ. აი, ახლაც, ამ ალმებს ხომ ხედავ?
საჭურისის თვალებში შიში და ინტერესი შევნიშნე:
– თუ მწვანე ალმები წითლებს შეავიწროვებს, შენი სამშობლო გათავისუფლდება? ასეა, ხან?
– ასეა, იაირა ყული.
– შეგიძლია, მაშინვე იქ ჩააწყო მწვანე ალმები, სადაც იმათი ადგილია?
– არა, ეგ უკვე ჩემს ძალებს აღემატება.
– ღმერთს უნდა შესთხოვო, ხან, რომ ამისი ძალა მოგანიჭოს. მომავალ კვირას მოჰარამის დღესასწაული იწყება. რასაც ამ დღეს უფალს შესთხოვ, შეგისრულებს. – მირჩია გულწრფელი მზრუნველობით.
რუკა დავკეცე. დავიღალე. მოუსვენრობამ და სევდამ დამრია ხელი. აუტანელი იყო ამდენ ხანს მსახურის ლაყბობის მოსმენა. ნინო შინ არ იყო. მშობლები ჩამოუვიდნენ თეირანში და უმეტეს დროს მათთან ატარებდა. პატარა ვილა ჰქონდათ ნაქირავები. იქ ევროპელი ქალები იყრიდნენ თავს. ვიცოდი, მაგრამ ნინოს არაფერს ვეუბნებოდი – მეცოდებოდა, თუმცა გული მტკიოდა. საჭურისი ისევ უკან მედგა უძრავად და ჩემს ბრძანებას ელოდა. სეიედ მუსტაფა გამახსენდა. ცოტა ხნით ჩამოვიდა თეირანში. მაგრამ დროს ძირითადად მეჩეთებსა და წმინდანთა საფლავებთან, ჩამოფლეთილსამოსიან დერვიშებთან ბრძნულ საუბრებში ატარებდა და იშვიათად ვხედავდი.
– იაირა ყული, წადი სეიედ მუსტაფასთან, სეფაჰსალარის მეჩეთთან ცხოვრობს. სთხოვე, პატივი დამდოს თავისი სტუმრობით. – მივუბრუნდი ბოლოს.
საჭურისი წავიდა. მარტო დავრჩი. მწვანე ალმების ბაქოსაკენ გადაადგილების სურვილი აღარ მქონდა. სადღაც ჩემი სამშობლოს ტრამალებში თურქების ბატალიონები აზერბაიჯანელ მოხალისეებთან ერთად იბრძოდნენ ახალი დროშით. ეს დროშაც ვიცოდი, ჯარის რაოდენობაც და მათი ბრძოლაც. მოხალისეთა რიგებში ილიას ბეგიც იბრძოდა. საბრძოლო ველისა და ამ ველზე მონანავე დილის სუფთა სიოსაკენ მივილტვოდი. მაგრამ ჩემთვის ფრონტის გზა ჩაკეტილი იყო. საზღვარზე ინგლისელი და რუსი ჯარისკაცები იდგნენ. განიერი ხიდი მდინარე არაქსზე, ბრძოლის ველთან რომ აკავშირებდა ირანს, მავთულხლართებით, ტყვიამფრქვევებითა და ჯარისკაცებით გადაეღობათ. და როგორც კუ თავის ბაკანში, ისე შემძვრალიყო ირანი სიმშვიდეში. ადამიანი კი არა, ბუზიც ვერ შეფრინდებოდა, თაგვიც ვერ შეაღწევდა იმ მოწამლულ ადგილას, სადაც ისროდნენ, იბრძოდნენ და პოეტობისათვის არ ეცალათ. თუმცა ბაქოდან გამოქცეულები მაინც ახერხებდნენ შემოსვლას. მათ შორის ყბედი, მოუსვენარი არსლან აღაც იყო. ჩაიხანებში დარბოდა, წერდა სტატიებს, სადაც თურქების ლაშქრობებს ალექსანდრეს ლაშქრობებს ადარებდა. ერთი მისი სტატია აიკრძალა, ცენზორმა ალექსანდრეს განდიდებაში სპარსეთის საწინააღმდეგო დაინახა, რადგან ალექსანდრემ ერთხელ სპარსეთიც დაამარცხა. ამის მერე არსლან აღა საკუთარი აზრების მსხვერპლად მონათლეს. არსლან აღამ ერთხელ მეც მომინახულა, სულ ბაქოს კედელთან ჩადენილ ჩემს გმირობებზე მელაპარაკა. მისი ფანტაზიით ჩემმა ტყვიამფრქვევმა უამრავი მტერი მიაწვინა, ლეგიონებად რომ მოაბიჯებდნენ ძველი კედლისაკენ. მაშინ თვითონ ერთ სარდაფში, სტამბაში იჯდა. პატრიოტულ მოწოდებებს ქმნიდა, თუმცა სტატიები არსად გამოქვეყნებულა. წამიკითხა თავისი წერილები და მთხოვა გამეზიარებინა, თუ რას გრძნობს, რას განიცდის გმირი ბრძოლის შემდეგ. მე კი ტკბილეულობით გამოვუტენე პირი და გარეთ გავისტუმრე. არსლანმა ტიპოგრაფიული საღებავების სუნი და სუფთა სქელი რვეული დამიტოვა. მთხოვა, გადმომეცა გმირის განცდები ბრძოლის შემდეგ. თეთრ ფურცელს რომ დავქცეროდი, ნინოს ნაღვლიანი, დაბნეული თვალები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა ჩემი არეული ცხოვრება და ანგარიშმიუცემლად კალამს დავავლე ხელი. არა, იმიტომ არა, რომ ჩემი ბრძოლისშემდგომი განცდები გადმომეცა, არამედ იმიტომ, რომ ის გზა გამომეკვეთა, რომელმაც მე და ნინო შემრანის სურნელოვან ბაღში მოგვახვედრა და ნინოს თვალებიდან ღიმილი გააქრო.
ვიჯექი და ბამბუკისგან გამოთლილი სპარსული კალმით ვწერდი. თავი მოვუყარე გაფანტულ ჩანაწერებს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში რომ დავიწყე. მთელი წარსული ამომიტივტივდა გონებაში. მუსტაფა ოთახში ისე შემოვიდა, რომ ვერც გავიგე, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა ჩემს მხრებთან დაიხარა.
– სეიედ, სულ ამერ-დამერია ცხოვრება. ფრონტზე დასაბრუნებელი გზაც მოჭრილია. აღარც ნინო იცინის. მე კი მელანს ვღვრი სისხლის ნაცვლად. რა უნდა ვქნა, როგორ მოვიქცე, სეიედ?! – წამოვიძახე მე.
ჩემი მეგობარი მშვიდად, დაკვირვებით მიმზერდა. შავი ტანსაცმელი ეცვა. სახე უფრო გახდომოდა, ისედაც მოხრილი, კიდევ უფრო მოხრილიყო, თითქოს იდუმალი ტვირთი აწევსო. ერთ ხანს მიმზირა, მერე კი ჩამოჯდა და წამოიწყო:
– ხელებით ვერაფერს მიაღწევ, ალი ხან. ადამიანს მხოლოდ ხელები არა აქვს. შეხედე ჩემს ტანსაცმელს და მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. იდუმალი სამყაროს ძალა ადამიანებშია. შეეხე შენს იდუმალებას და შენი ძალაც ამოქმედდება.
– არ მესმის, შენი, სეიედ. სული მტკივა და ამ უკუნეთიდან გამოსასვლელ გზას ვეძებ.
– შენ მიწიერს დამორჩილდი, ალი ხან, და დაგავიწყდა, რომ არაამქვეყნიურიც არსებობს, რომელიც მიწიერს მართავს. 680 წელს მტრისგან დევნილი ჰუსაინი, წინასწარმეტყველის შვილიშვილი, ქარბალასთან დაეცა. ის იდუმალებით მოცული მხსნელი იყო. ყოვლადძლიერმა თავისი სისხლით გამოსახა ჩამავალი და ამომავალი მზე. თორმეტი იმამი ბატონობდა შიიტებზე: პირველი ჰუსაინი იყო და უკანასკნელი კი ბოლო დღის იმამია – უხილავი, რომელიც შიიტებს ფარულად დღესაც მართავს. ყველგან, ყოველ შენს მოქმედებაში აშკარად თუ ფარულად იდუმალი იმამია. მას მზის ამოსვლის საოცრებაში, ზღვის ტალღებში ვხედავ, მისი ხმა ტყვიამფრქვევის კაკანშიც მესმის, ყველგან, ქალის ოხვრასა თუ ქარის ქროლვაში. გლოვაა ხვედრი შიიტისა! გლოვა ჰუსაინის სისხლისათვის, ქარბალასთან უდაბნოს ქვიშაში რომ დაიღვარა! წელიწადის ერთი თვე გლოვაა გამოცხადებული. ეს მოჰარამის თვეა. თუ ტანჯული მოჰარამის თვეში იგლოვებს, მოჰარამის მეათე დღეს შიას ხვედრი აღსრულდება, რადგან ეს წამებულის სიკვდილის დღეა... ტანჯვა, რომელიც ყმაწვილმა ჰუსაინმა იტვირთა, მორწმუნემ მხრებით უნდა ზიდოს. ვინც ამ ტანჯვის ნაწილს იტვირთავს, მის წყალობასაც ეზიარება. ამიტომაც იმათრახებს თავს მორწმუნე მოჰარამის თვეში და გზააბნეული ამ თვითგვემის ტკივილში შეწყალების გზასა და განთავისუფლების სურვილს ავლენს.
– სეიედ, გეკითხები, როგორ უნდა დავიბრუნო სახლში სიხარული, შიშისაგან ლამის გავგიჟდე, შენ კი ღვთისმეტყველების გაკვეთილებს მიტარებ. გამოდის, მეჩეთებში უნდა ვირბინო და რკინის ჯაჭვები ვიცე ზურგზე? მორწმუნე ვარ და მოძღვრების მოთხოვნებს ვასრულებ. მწამს უხილავთა იდუმალება, მაგრამ არ მჯერა, რომ ბედნიერების გზას ჰუსაინის საიდუმლოთი ვიპოვი. – გაღიზიანებული ხმით ვუთხარი დაღლილმა.
– მე კი მჯერა, ალი ხან. შენ გზა მკითხე და მეც დაგისახელე. მეტი ვერაფრით დაგეხმარები. ილიას ბეგი განჯასთან ღვრის სისხლს. შენ განჯაში ჩასვლა არ შეგიძლია. ამიტომ შენი სისხლი უხილავს უნდა მიუძღვნა, სისხლი, რომელსაც მოჰარამის მეათე დღეს შენგან უხილავი მოითხოვს. ნუ იტყვი, რომ წმინდა მსხვერპლი უაზროა – ტანჯვის სამყაროში უაზრო არაფერია. იბრძოლე მოჰარამში სამშობლოსათვის, როგორც ილიასი იბრძვის განჯასთან.
ხმას არ ვიღებდი. ეზოში შემინული ეტლი შემოვიდა. შუშის მიღმა ნინოს სახე ბუნდოვნად მოჩანდა. ჰარამხანის ბაღის კარი გაიღო და სეიედ მუსტაფა უცბად, ნაჩქარევად წამოდგა:
– მოდი ხვალ ჩემთან სეფაჰსალარის მეჩეთში და მუსაიფი იქ განვაგრძოთ.