ჯოხს ორი მხარე აქვს – თავი და ბოლო. აქედან დაიჭერ, ბოლო თავი გახდება, იქიდან ამოაბრუნებ და პირიქით. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ისევე ვიყავი, როგორც ამ ერთი თვისა თუ ერთი წლის წინ. გარეთ ისევ ის ომი იყო, იგივე გენერლები იმარჯვებდნენ და მარცხდებოდნენ. და ისინი, ვინც უწინ მშიშარას მიწოდებდნენ, ახლა რომ ჩავუვლიდი, თვალებს ხრიდნენ, ნათესავები და ნაცნობები ჩემს გამჭრიახობას ხოტბას ასხამდნენ და აღარც მამაჩემი მიმზერდა გაოცებული.
ერთ დღეს ქალაქში ასეთი ამბავი გავრცელდა: ოტომანის სამეფოს სულთანმა მეჰმედ V რაშიდმა გადაწყვიტა სამყარო რუსეთისა და ინგლისის ძალებისაგან გაათავისუფლოს. მისი უძლეველი ჯარები მოიწევენ აღმოსავლეთისა თუ დასავლეთისაკენ, რომ მართლმორწმუნენი რუსი და ინგლისელი მწვალებლებისაგან იხსნან. სულთანმა წმინდა ომი გამოაცხადა და მწვანე დროშები აღმართა ხალიფის სასახლეზეო.
ასე გავხდი გმირი. მეგობრები მოდიოდნენ და მაქებდნენ, როგორც შორსმჭვრეტელს. არასოდეს არ უნდა იბრძოლოს მაჰმადიანმა სულთნის წინააღმდეგ. თურქები ბაქოში შემოვლენ და ჩვენი ხალხი ერთიანი სარწმუნოებით გაერთიანდება. მე ვდუმდი, როცა ჩემი მეგობრები რუკას ჩაჰკირკიტებდნენ და გამწარებულები კამათობდნენ, რომელი მხრიდან შემოვიდოდნენ თურქები ბაქოში. გადაჭრით ვამტკიცებდი, რომ თურქები საიდანაც არ უნდა წამოსულიყვნენ, ჯერ ქალაქის სომხურ უბანში შემოიჭრებოდნენ. მეგობრები გაკვირვებულები მიყურებდნენ და გამჭრიახობას მიქებდნენ.
მებრძოლთა სულები ერთ ღამეში შეიცვალა. აღარც ერთი მუსლიმი აღარ მიილტვოდა ომისკენ. ზეინალ აღას დიდ ფულად დაუჯდა ილიას ბეგის ბაქოს მახლობელ გარნიზონში დატოვება, როცა მისი ვაჟი უცბად სიზარმაცემ შეიპყრო. არადა, საწყალმა ილიას ბეგმა და მეჰმედ ჰაიდარმა ზუსტად ომის გამოცხადების წინ ჩააბარეს გამოცდა ოფიცრის წოდების მისაღებად. გასაოცარი ის იყო, რომ მეჰმედ ჰაიდარიც გაძვრა. ახლა კი ისხდნენ ყაზარმებში და ჩემი შურდათ, ჩემი, რომელსაც მეფის წინაშე არანაირი სამხედრო ფიცი არ მავალდებულებდა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდათ. მათ ხომ თავისი ნებით აირჩიეს ეს გზა და ფიცი დადეს. ფიცს თუ გატეხდნენ, მე პირველი ვაქცევდი ზურგს.
გამუდმებით ვდუმდი, თავადაც ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ აზრებში, ამიტომაც ვცდილობდი, ცოტა მელაპარაკა. ზოგჯერ, საღამოობით, გვიან სახლიდან გამოვდიოდი და პატარა მეჩეთისაკენ მივდიოდი. იქვე, ახლოს ძველი სახლი იდგა, სადაც ჩემი სკოლის მეგობარი სეიედ მუსტაფა ცხოვრობდა.
სეიედ მუსტაფა წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. ვიწრო, გამჭოლი თვალები და ნაყვავილარი სახე ჰქონდა. როგორც რწმენის მსახური, მწვანე ფართო ბაფთას ატარებდა. მამამისი იმამი იყო პატარა მეჩეთში, პაპა კი – ცნობილი სწავლული წმინდა ქალაქ მაშჰადში, იმამ რეზას საფლავზე. მუსტაფა დღეში ხუთჯერ ლოცულობდა. ფეხის ქუსლებზე ცარცით იწერდა ურჯულო ხალიფა იაზიდის სახელს, რათა ყოველდღიურად მტერი ფეხით გაეთელა. მოჰარამის თვეში, წმინდა გლოვის დღეს მან ტანიდან სულ სისხლი იდინა. ნინო სეიედს ვერ იტანდა, ველურად თვლიდა. მე კი მიყვარდა წრფელი მზერის გამო. მუსტაფას შეეძლო კეთილი ბოროტისაგან, ჭეშმარიტება არაჭეშმარიტებისა-გან გაერჩია.
სეიედი ბრძენის ნათელი მზერით, ღიმილით შემომეგება. დანახვისთანავე მკითხა:
– ალი ხან, უკვე გაიგე? მისმა უდიდებულესობამ იაყუბ ოღლიმ თორმეტი ყუთი შამპანური იყიდა, ქალაქში თურქ ოფიცრებს რომ გაუმასპინძლდეს. წარმოგიდგენია, შამპანური – მაჰმადიანმა – წმინდა ომის პატივსაცემად!
– რა გიკვირს, სეიედ, ადამიანებმა გონება დაკარგეს. – ავიჩეჩე მხრები.
– ვინც ალაჰს განუდგება, უდიდეს ცოდვას სჩადის! – თქვა სეიედმა და გამწარებული წამოხტა, – გუშინ რვა კაცი გაიქცა, რომ სულთნის არმიაში იმსახურონ, რვა კაცი. ამიხსენი, ალი ხან, რა უყრია ამ რვა კაცს თავში?
– მშიერი ვირის მუცლებივით ცარიელი აქვთ. – ვუპასუხე მე.
სეიედი სიმწრისაგან თავს ვერ იკავებდა:
– შიიტები სუნიტი ხალიფისათვის იბრძვიან. განა იაზიდმა არ დაღვარა წინასწარმეტყველის სისხლი? განა მუავიამ არ მოკლა დიდებული ალი? ვის ეკუთვნის მემკვიდრეობა წინასწარმეტყველისა – ხალიფას თუ დრო-ჟამის იმამს, რომლის ძარღვებშიც სწორედ წინასწარმეტყველის სისხლი ჩქეფს? საუკუნეებია, ჩვენი ხალხი შიიზმს მისდევს. სისხლია ჩვენსა და მოღალატეებს შორის, რომლებიც ურჯულოებზე საშიშები არიან – „ჰიე შია, ჰიე სუნა“. ჩვენს შორის არანაირი ხიდი არ არსებობს. დიდი ხანი არ გასულა მას მერე, რაც სულთან სელიმ ორმოცი ათასი შიიტის ამოხოცვა ბრძანა. და ახლა? რა გამოდის? შიიტები იბრძვიან ხალიფისათვის, რომელმაც წინასწარმეტყველთ მემკვიდრეობა მოჰპარა? ყველაფერი დაივიწყეს: ღვთისმოსავთა სისხლი, იმამის საიდუმლო. აქ, ჩვენს შიიტურ ქალაქში ზოგიერთები სხედან და მოუთმენლად ელიან, როდის შემოვლენ სუნიტები და როდის შეარყევენ ჩვენს რწმენას. რა უნდათ თურქებს? ენვერი უკვე ურმიას მიადგა; რწმენა დაირღვევა, ირანი დანაწევრდება. ო, ალი, მოდი ცეცხლოვანი მახვილით და გაანადგურე მოღალატეები. ო, ალი, ალი!..
ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე და მკერდში მუშტებს იცემდა. გაოგნებული შევცქეროდი. ვეღარ გამეგო, სად იყო ჭეშმარიტება. დიახ, ვიცოდი, რომ თურქები სუნიტები იყვნენ და მაინც გულით მინდოდა, ენვერი ჩვენს ქალაქში შემოსულიყო. რა იყო ეს? ნუთუ მართლაც უშედეგოდ დაიღვარა სისხლი ჩვენი წამებულისა?“
– სეიედ, – დავიწყე უცბად, – თურქებიც ხომ ჩვენი წარმომავლობისანი არიან. მათი ენაც ხომ ჩვენი ენაა. თურანის სისხლი ხომ ორივეს ძარღვებში ჩქეფს. იქნებ ხალიფის მთვარის ქვეშ გვიჯობდეს სიკვდილი?
სეიედ მუსტაფამ თვალები შეიმშრალა და ამაყად წარმოთქვა:
– ჩვენს სისხლში მუჰამადის სისხლი ჩქეფს. თურანის სისხლი? მგონი, რაღაც დაგავიწყდა. რა გასწავლეს სკოლაში? გაემგზავრე ალტაის მთებზე, ან კიდევ უფრო იქით, ციმბირის საზღვრამდე. ვინ ცხოვრობს იქ? ჩვენი ენის, ჩვენი სისხლის ადამიანები იქაც სახლობენ, მაგრამ ისინი გზააბნეულნი არიან, კერპებს ეთაყვანებიან – წყლის ღმერთს შუ-თენგრის, ცის ღმერთს – თებ-თენგრის. თუ ეს იაკუტები და ალტაის მცხოვრებნი გაძლიერდებიან და ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებენ, ჩვენ, შიიტებს უნდა გაგვიხარდეს წარმართების გამარჯვება, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სისხლისანი ვართ?
– აბა რა ვქნათ, სეიედ? – ვკითხე მე, – ირანის მახვილი დაჟანგდა. ვინც თურქების წინააღმდეგ იბრძვის, რუსეთს ეხმარება. მუჰამადის სახელით ჩვენ მეფის ჯვარი უნდა დავიცვათ ხალიფის ნახევარმთვარისაგან? რა უნდა ვიღონოთ, სეიედ?
მუსტაფას წარმოუდგენლად მოწყენილი სახე ჰქონდა:
– რა უნდა ვიღონოთ, ალი ხან? თავადაც არ ვიცი.
სეიედში სწორედ ეს გულწრფელობა მომწონდა. საოცრად მართალი კაცი იყო. მისი თვალებიდან მომაკვდავი საუკუნის იმედგაცრუება გამოკრთოდა.
– რა უნდა ვიღონოთ, ალი ხან? თავადაც არ ვიცი.
ვდუმდი. ოთახში ნავთის ლამპის ჭვარტლის სუნი იდგა. სუსტ შუქზე სალოცავი ნოხის ფერები ირეკლებოდა. ნოხი წააგავდა ბაღს , რომლის დაკეცვაც და სამოგზაუროდ წაღებაც შეგეძლო. სეიედ მუსტაფას ადამიანების ცოდვა-მადლის გარჩევა შეეძლო. ის აქ, ამ დედამიწაზე მოგზაურს ჰგავდა. კიდევ ათი, ოცი წელი და იმამი გახდებოდა წმინდა რეზას საფლავზე, მაშჰადში. მას ახლავე ჰქონდა დაღლილი მოხუცის თვალები, იმ მხცოვანისა, რომელსაც ჭეშმარიტი რწმენის შეფასება შეეძლო და ჭეშმარიტი რწმენის დაცვისას მცირე შეცდომასაც კი არ დაუშვებდა, მაშინაც, თუ ამით სპარსელები გაძლიერდებოდნენ და განდიდდებოდნენ. ისევ განადგურება ერჩივნა, ვიდრე ბინძური ცოდვებით მიწიერი ბრწყინვალების მიღწევა. ამიტომაც დუმდა და არ იცოდა, რა ეღონა. საოცრად მიყვარდა ეს მარტოსული დარაჯი, ჭეშმარიტი სარწმუნოების ზღურბლთან რომ იდგა.
– ჩვენი ბედი ალაჰის ხელშია, სეიედ, – ჩავილაპარაკე, – მხოლოდ უფალს ძალუძს ჩვენი სწორ გზაზე დაყენება. მაგრამ დღეს სხვა საქმეზე მოვედი.
დუმდა და თავის ინით შეღებილ ფრჩხილებს დასცქეროდა. მერე კი თვალები აღაპყრო და მითხრა:
– ვიცი, ალი ხან, შენ ცოლის შერთვა გინდა.
შეცბუნებული წამოვხტი. აქ იმ განზრახვით მოვედი, რომ მაჰმადიანურ-შიიტური სკაუტური ორგანიზაციის დაფუძნებაზე მემსჯელა, ის კი საქმეში ჩახედულ სულიერ მამასავით შემომცქეროდა.
– საიდან იცი, რომ დაქორწინება მინდა, ან რა შენი საქმეა?
– ამას შენს თვალებში ვხედავ და ჩემი საქმეცაა, რადგან შენ ჩემი მეგობარი ხარ. ვიცი, ნინო გინდა ცოლად შეირთო, ნინო ქრისტიანია და ვერ მიტანს.
– კი, ეგრეა. მერე, რას მეტყვი?
მუსტაფამ გამჭოლად შემომხედა და განაგრძო:
– მე „ჰოს“გეტყვი, ალი ხან. კაცი უნდა დაქორწინდეს, კარგი ცოლი მოიყვანოს, რომელიც უყვარს და მოსწონს. ჭკვიანი კაცი ქალს კეთილგანწყობის გამო კი არ ირთავს. ქალი ყანაა, რომელიც კაცმა უნდა გაანაყოფიეროს. სულ არ არის საჭირო, ყანასაც უყვარდეს თავისი მხვნელი. შეირთე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ქალი ყანაა.
– შენი აზრით, ქალს არც სული აქვს და არც გონება? – ვკითხე მე. სიბრალულით გამომხედა.
– მაგას როგორ ამბობ, ალი ხან. ქალს სულიცა აქვს და გონიც, იმდენი, რაც შვილების გაჩენისთვის კმარა. ამბობენ, ერთი კაცის ნათქვამი სჯობს სამი ქალის ნათქვამსო. ეს არ დაივიწყო, ალი.
შევცბუნდი, რომ ამ სათნო ღვთისმსახურმა ქორწინება არ დამიშალა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, დამწყევლიდა, როცა შეიტყობდა, რომ ქრისტიანს ვირთავდი. მისმა პასუხმა შემძრა. ჭეშმარიტად ბრძენი და გულწრფელი ადამიანი იყო. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ფრთხილად ვკითხე:
– შენ არ გაწუხებს, რომ ქრისტიანია? თუ ისლამზე უნდა მოიქცეს?
– რისთვის? – მკითხა მან, – გონებისა და სულის უქონელ არსებას რწმენა რაში სჭირდება. ქალს სიკვდილის მერე არც ჯოჯოხეთი ელის და არც სამოთხე. ქალი სიკვდილის შემდეგ არარად იქცევა. ვაჟები კი ნამდვილი შიიტები უნდა იყვნენ.
თავი დავუქნიე.
წამოდგა და წიგნების კარადასთან მივიდა. მაიმუნივით ტლანქი, გრძელი ხელებით მტვრიანი წიგნი გადმოიღო. სათაურს მივაშტერდი – „ამბავი სელჩუკებისა“. წიგნი გადაშალა.
– აი, 207-ე გვერდი. – წამოიწყო სეიედმა. – დაახლოებით 637 წელს კაბადიის სასახლეში სულთანი ალა ედ-დინ ქეიყობადი მიიცვალა. სელჩუკების ტახტზე ღიას ედ-დინ ქაიხოსრო ავიდა. მან ცოლად ქართველი თავადის ასული შეირთო. და ისე ძლიერ უყვარდა ქრისტიანი ქართველი, რომ ბრძანა, ფულზე მის გვერდით ამ ქალის სახეც ამოეტვიფრათ. მასთან ბრძენკაცები მივიდნენ და უთხრეს, განზრახვა შენი ცოდვაა და ნუ დაარღვევ ღვთის კანონსო. მან კი ბრძენნი უკან გააბრუნა ამ სიტყვებით: „მე უფალმა თქვენს მბრძანებლად მომავლინა და თქვენი ვალია, დამემორჩილოთ“. მეორე დღეს უფალმა გონს მოაგო მეფე. მან დაიბარა ბრძენკაცები და განუცხადა: „არ მინდა, დავარღვიო ღვთის წმინდა კანონები, რომელთა აღსრულებაც უფალმა მე მომანდო: ლომი გრძელი ფაფრით და მარჯვენა თათში მახვილით მე ვიქნები, ხოლო ჩემს თავზე ამოსული მზე კი ჩემი საყვარელი ქალი“. მას მერე დაკანონდა სპარსეთის სიმბოლოდ ლომი და მზე. ბრძენკაცებმაც აღიარეს, ქართველ ქალზე მშვენიერი არსად მოიძევებაო.
მუსტაფამ წიგნი დახურა და მომაშტერდა.
– ხედავ, რაც გააკეთა ქაიხოსრომ? შენც ასე მოიქეცი. არც ერთი კანონი არ კრძალავს იმას, რაც შენ გსურს. ქართველი ქალები – ესეც იმ ნადავლის ნაწილია, წინასწარმეტყველმა რომ აღუთქვა ღვთისმოსავებს: მიდი და დაეუფლე მას. ასე წერია წიგნში.
სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა. ბედნიერი იყო, რადგან შეძლო წმინდა წიგნის წმიდა სიტყვით გაეფანტა მეოცე საუკუნის ეს უმცირესი ეჭვი. ურწმუნოები უნდა მიხვდნენ, სად არის ჭეშმარიტება.
მეგობარს გადავეხვიე, გადავკოცნე და წამოვედი. თავდაჯერებული მყარად მივაბიჯებდი ღამის სიბნელეში. წმინდა წიგნი, მოხუცი სულთანი და ბრძენი მუსტაფა გვერდში მედგნენ.