უმთვარო ღამე იყო.
იალქნიანი ნავით კასპიის ზღვის ტალღებზე მივცურავდით. წყლის შხეფები ნავის ფსკერზეც ეცემოდა. შავი აფრები ღამით უზარმაზარი ფრინველის გაშლილ ფრთებს ჰგავდა. ნავის ფსკერზე დაგებულ ცხვრის ტყავში ვიყავი გახვეული.
ბოცმანი ერთი თექელელი, ფართოსახიანი, პირტიტველა ბიჭი იყო. გულგრილად მისჩერებოდა ვარსკვლავებს. თავი წამოვწიე და გავძახე:
– სეიედ მუსტაფა!
ნაყვავილარი სახე ჩემკენ გადმოიხარა. ხელში მარჯნის კრიალოსანი ეჭირა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სისხლის წვეთებით თამაშობსო.
– სეიედ მუსტაფა! – დავუძახე ხელმეორედ.
კიდევ უფრო მომიახლოვდა და მითხრა:
– მშვიდად იწექი, ალი. აქა ვარ.
თვალებში ცრემლი შევნიშნე. ცოტათი წამოვიწიე.
– მეჰმედ ჰაიდარი მკვდარია. ნიკოლოზის ქუჩაზე დავინახე. ყურები და ცხვირი ჰქონდა მოჭრილი. – ჩავილაპარაკე.
– რუსები ბაილოვიდან შემოვიდნენ, ბაილოვის მხრიდან შემოარტყეს ალყა სანაპიროს. შენ დუმის მოედანი გაათავისუფლე. – თქვა მან.
– ჰო, მახსოვს, მერე ასადულაჰი მოვიდა და შეტევაზე გადასვლა ბრძანა. ხიშტებითა და ხანჯლებით ხელში წინ მივიწევდით. შენ ლოცვა „იასინს“ ღიღინებდი.
– შენ, შენ მგელივით მიიწევდი წინ. პირდაპირ ეწაფებოდი მტრის სისხლს. გახსოვს, აშუმის კუთხესთან ნახარარიანის მთელი საგვარეულო იდგა.
– ჰო, ჰო, მახსოვს. ყველა იქ იდგა, – გავიმეორე მეც, – ტყვიამფრქვევები აშუმის სახლის ბანზე დავდგი. მთელ არემარეს ვხედავდით.
სეიედ მუსტაფა შუბლზე ხელს ისვამდა. სახე სულ გამურული ჰქონდა:
– მთელი დღე ისმოდა ტყვიამფრქვევების კაკანი. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ მოგკლეს. ნინომაც მოჰკრა ყური ნათქვამს, მაგრამ დუმდა, არც სარდაფში ჩადიოდა, ოთახში უძრავად იჯდა და ხმას არ იღებდა. უცბად თავი ხელებში ჩარგო და გულის გამგმირავად იკივლა: „აღარ მინდა, აღარ მინდა!“ ტყვიამფრქვევები კი ისევ კაკანებდა. ასე გაგრძელდა საღამოს რვა საათამდე. მერე კი ტყვია-წამალი გაგვითავდა. თუმცა მტერმა არ იცოდა. იმათ ეგონათ, რაღაც მანევრიაო. მუზა ნაგიც მკვდარია, ლალაიმ მოკლა.
ვდუმდი. თექელელი ბოცმანი, წითელი ქვიშის უდაბნოს შვილი, ისევ ვარსკვლავებს მისჩერებოდა. მისი ჭრელი აბრეშუმის ხიფთანი მსუბუქ ნიავზე აქეთ-იქით ფრიალებდა.
სეიედმა განაგრძო:
– გავიგე, როგორ იბრძოდი ციციანაშვილის ჭიშკართან. თავად არ დამინახავს, რადგან კედლის მეორე ბოლოში ვიყავი.
– ჰო, ხელჩართულ ბრძოლაში პირისპირ აღმოვჩნდი მტერთან. იმისი შავი ტყავის ქურთუკი ხანჯლით დავსერე, სისხლმა იფეთქა და სულ წითლად შეღება. ჩემი ბიძაშვილი აიშეც მკვდარია.
ზღვა მშვიდი იყო. ნავში კუპრის სუნი იდგა. ეს ნავიც წითელი ქვიშის უდაბნოს სანაპიროსავით უსახელო იყო. სეიედი ჩუმად ლაპარაკობდა:
– მეჩეთიდან გამოსვლისას გვამები ავიფარეთ, მერე ხმლები ვიშიშვლეთ და მტერს ვეძგერეთ. თითქმის ყველა დაიხოცა. ილიას ბეგი გადარჩა. სოფელში დაიმალა. თქვენი სახლი სულ გაძარცვეს. არც ხალიჩა, აღარც ავეჯი, აღარც ჭურჭელი – აღარაფერი დატოვეს, მარტო ცარიელი კედლებიღაა.
თვალები დავხუჭე. სულში მარტო ტკივილს ვგრძნობდი. თვალწინ მედგა გვამებით სავსე ურმები, ნინო თავისი ნივთების პატარა ფუთით ხელში, ბიბი აიბატის ნავთობით მდიდარი ღამეული სანაპირო, რომელსაც უდაბნოს მხრიდან იალქნიანი ნავი მოადგა. კუნძულ ნარგინზე კოშკი ბრწყინავდა. ღამეული ქალაქი სიბნელემ შთანთქა. მხოლოდ ნავთობის შავი ჭაბურღილები იმზირებოდნენ კუშტად.
მე კი ვიწექი აქ, ცხვრის ტყავში გახვეული, და გულს ყრუ ტკივილი მიფლეთდა. წამოვდექი. პატარა გადასაფარებლის ქვეშ ნინო მოკუნტულიყო. გამხდარი და ფერმკრთალი სახე ჰქონდა. მისი პატარა გაყინული თითები ხელში მოვიქციე და ვიგრძენი, როგორ უთრთოდა.
ჩვენ უკან, ბოცმანის გვერდით, მამაჩემი იჯდა. მათი საუბრიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები მესმოდა:
– მართლა ეცვლება ადამიანს თვალების ფერი ჩარჯოუს ოაზისში?
– დიახ, ხან! მსოფლიოში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ასეთი რამე ხდება. წმინდა კაცმა იწინასწარმეტყველა...
– ნინო, – მოვუბრუნდი ისევ ნინოს, – გესმის, მამაჩემი ჩარჯოუს ოაზისსა და მის საოცრებებზე ლაპარაკობს. ასეც უნდა იყოს, როგორღაც რომ აიტანო ეს სამყარო.
– არ შემიძლია, ალი, არ შემიძლია, – თავი ხელებში ჩარგო, – ქუჩებში ქვიშა სულ წითლად იყო შეღებილი.
ნინო უხმოდ ტიროდა, მთლად ცახცახებდა. ვიჯექი მის გვერდით და მახსენდებოდა სისხლიანი მოედანი, მეჰმედ ჰაიდარის გვამი და მტკიოდა, რომ ცოცხალი ვიყავი.
შორიდან ისევ მესმოდა მამაჩემის ხმა:
– ჩელექინის კუნძულზე გველებია.
– დიახ, ხან, საშინლად გრძელი და შხამიანი გველები. თუმცა არავის უნახავს. მხოლოდ ერთი წმინდანი მერვის ოაზისიდან ყვებოდა ერთხელ...
ვეღარ მოვითმინე და მამასთან მივედი:
– მამა, აზია მოკვდა. მეგობრები დაგვეღუპნენ, ჩვენ გამოვიქეცით. ღვთის რისხვაა ჩვენს თავს და შენ კი კუნძულ ჩელექინზე რომ გველებია, იმაზე საუბრობ?
მამაჩემს წარბიც არ შეუხრია. ჩემკენ გადმოიხარა, დიდხანს მიყურა და აუღელვებლად მითხრა:
– აზია არ მომკვდარა. მხოლოდ მისი საზღვრები შეიცვალა სამუდამოდ. ბაქო ახლა ევროპაა. და ეს შემთხვევითი არ არის. ბაქოში აზიატები აღარ იყვნენ.
– მამა, სამი დღე ზარბაზნით, ხმლით და ხიშტებით ვიცავდი ჩვენს აზიას.
– მამაცი ხარ, ალი. შენც და ყველა, ვინც შენთან ერთად იბრძოდა. მაგრამ აქ სიმამაცე არაფერ შუაშია. ევროპელებიც ძლიერები არიან. არც შენ და არც შენი მეგობრები, კარგა ხანია, აზიატები აღარა ხართ. მე ევროპა არა მძულს. ევროპა ჩემთვის სულერთია. შენ კი ევროპა გძულს იმიტომ, რომ შენში თავად არის ნაწილი ევროპისა. რუსულ სკოლაში დადიოდი, ლათინური იცი, ევროპელი ცოლი გყავს. მაინც აზიატი ხარ? კიდეც რომ გაგემარჯვა, გენდომებოდა თუ არა, ევროპა მაინც შემოვიდოდა ბაქოში. განა სულერთი არ არის, ჩვენ გავაშენებდით აქ ახალ ავტოტრასებსა და ფაბრიკებს, თუ რუსები?! სხვაგვარად ვერ იქნება. ჭეშმარიტი აზიატობა მარტო ის როდია, ურიცხვი მტრის სისხლი დაღვარო!
– როდის დაიწყო ეს? – ვკითხე მე.
– შენ ნახევრად ევროპელი ხარ, ალი ხან, ამიტომ მეკითხები ასე. ახსნას აზრი მაინც არა აქვს. ნანახით ხარ შეძრული, მიწიერზე ფიქრობ და ამიტომაც ამჟღავნებ ტკივილს, ამიტომაც გტკივა დამარცხება.
მამაჩემი გაჩუმდა. გამჭოლად მიყურებდა. ბაქოში თუ სპარსეთში მცხოვრები ყველა მხცოვანივით, ისიც იცნობდა რეალურ სამყაროსთან ერთად იმ მეორე იდუმალ სამყაროს, რომელშიც შეეძლო განმარტოებულიყო და შეუცნობლად დარჩენილიყო. ვგრძნობდი იმ მეორე სამყაროს სიმშვიდეს, რომლითაც შეეძლო ერთდროულად მკვდარი მეგობრების გლოვაც და ოაზისის საოცრებებზე საუბარიც. ვცდილობდი ამ სამყაროს დაკეტილ კარში შეღწევას, მაგრამ კარიბჭეს ვერ ვპოულობდი. მე მხოლოდ მტკივნეული რეალობით ვიყავი შეძრული.
თავად აზიელი აღარ ვიყავი და, როგორც ჩანს, ყველა გრძნობდა ამას, თუმცა არავინ მთხოვდა, აზიელად დავრჩენილიყავი. გავუცხოვდი, მაგრამ ისევ აზიის ოცნებისეულ სამყაროში დარჩენისაკენ მივილტვოდი.
ასე ვიჯექი ნავში, ჩავცქეროდი წყლის შავ ზედაპირს. დაიხოცნენ ჩემი მეგობრები – მეჰმედ ჰაიდარი, აიშე. ჩვენი სახლი დაინგრა. მე კი პატარა იალქნიანი ნავით სპარსეთის სიმშვიდეში, დიდი შაჰის ქვეყანაში მივცურავდი. უცბად ნინო მომიახლოვდა:
– სპარსეთი, – თქვა მან, – იქ რა უნდა ვაკეთოთ?
– დავისვენოთ.
– ჰო, დავისვენოთ. მე მინდა ვიძინო, ალი ხან, ერთი თვე, ერთი წელი. მინდა ვიძინო მწვანე ბაღში, სადაც არ ისვრიან.
– სწორედ ასეთ ქვეყანაში მივდივართ. სპარსეთს უკვე კაი ხნის ძილით სძინავს. იქ იშვიათად ისვრიან.
მერე ისევ ნავის ფსკერზე დავწექით. ნინოს ჩაეძინა, მე კი კარგა ხანს მეღვიძა. ვუყურებდი სეიედის სილუეტს და მის თითებში მოთამაშე კრიალოსნის მძივებს, სისხლის წვეთებს რომ მაგონებდა. ისიც იცნობდა იდუმალ სამყაროს, რეალური სამყაროს მიღმა რომ იწყებოდა.
ამომავალი მზის ბრწყინვალებაში სპარსეთი გამოჩნდა. მისმა სუნთქვამ ჩვენშიც შემოაღწია. ნავის ფსკერზე ვისხედით, გამხმარ თევზს ვჭამდით და წყალს ვაყოლებდით. მამაჩემი ისევ თექელელ ბოცმანს ელაპარაკებოდა ოაზისის საოცრებებზე, მე კი გულგრილად მიმზერდა, თითქოს უმნიშვნელო საგანი ვყოფილიყავი.
მეოთხე დღის საღამო ხანს, შორს, ჰორიზონტზე ვიწრო ზოლი გამოჩნდა. ღრუბელს ჰგავდა. ეს სპარსეთი იყო. ვიწრო ზოლი თანდათან გვიახლოვდებოდა. ვხედავდი თიხით შელესილ ქოხებს და შაჰის მოკრძალებულ ნავსადგურს – ენზელს. ჩვენ ხის მონჯღრეულ მოაჯირს მივაწყდით. ნავსადგურთან ვიდექით. ერთი კაცი მოგვიახლოვდა, სერთუკი ეცვა და ცხვრის ფაფახი ეხურა, რომელზეც ვერცხლისფერი ლომი და ამომავალი მზე უბრწყინავდა შუბლთან. უკან პორტის პოლიციელი მოჰყვებოდა, ფეხშიშველი, ჩამოფლეთილი ტანსაცმლით.
ფაფახიანი კაცი მრგვალი, გაფართოებული თვალებით შემოგვცქეროდა. მერე კი მოგვმართა:
– ვითარცა ახალშობილი ესალმება ამომავალი მზის პირველ სხივს, ასევე მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. თქვენი საბუთები, თუ შეიძლება.
– ჩვენ შირვანშირები გახლავართ. – უპასუხა მამამ.
– დიდი სამეფოს ლომს ასად ას-სალთანეს, რომლისთვისაც ჩვენი მეუფის კარი მუდამ ღიაა, აქვს ბედნიერება იმავე სისხლისა იყოს, რაც თქვენ?
– დიახ, ჩემი ძმაა!
ნაპირზე გადმოვედით. ის კაციც თან გამოგვყა. და გვაუწყა:
– ასად ას-სალთანე გრძნობდა თქვენს ჩამოსვლას და ძლიერმა, ვითარცა ლომმა, მარდმა, ვითარცა ირემმა, ლამაზმა, ვითარცა არწივმა და ურყევმა, ვითარცა ციხე-სიმაგრემ, მანქანა გამოგიგზავნათ.
მოსახვევთან ძველი, კარგად ნახმარი ფორდი იდგა, დაკერებული საბურავებით. ჩავსხედით. ნახევარ საათში მანქანა დაიძრა. მძღოლს გემის კაპიტნის მზერა ჰქონდა. ნახევარი საათი დასჭირდა, ვიდრე მანქანა დაიქოქა. რაშთის გავლით თეირანისკენ დავიძარით.