XVI თავი


დიდი მთავრის ჯარები ტრაპიზონში იდგა, დაიპყრეს ერზერუმი და ყურდიშის მთებით ბაღდადს მიადგნენ. ისინი თეირანთან, თავრიზთან და წმინდა ქალაქ მაშჰადთანაც განლაგდნენ. მტრის შავი აჩრდილი ნახევარ თურქეთსა და ნახევარ სპარსეთსაც ეცემოდა. დიდმა მთავარმა ქართველი თავადაზნაურობის კრებაზე მკაცრად განაცხადა: „რუსეთის მეფის ბრძანების თანახმად, მანამდე ვერ დავმშვიდდები, ვიდრე ბიზანტიური ჯვარი ახალი სხივმოსილებით არ გაბრწყინდება აია-სოფიას გუმბათზე“. ცუდი მდგომარეობა იყო ნახევარმთვარის ქვეყნების გარშემოც. ქუჩებში გაისმოდა ლაპარაკი ოსმალების ძლიერებასა და ენვერ ფაშას ცეცხლოვან მახვილზე. აღარც სპარსეთი არსებობდა და მალე თურქეთიც აღარ იქნებოდა.

მამაჩემი მდუმარე, დაფიქრებული დაიარებოდა, ხშირად გადიოდა სახლიდან. ზოგჯერ რუკას დასცქეროდა, ომის შედეგებს თვალს ადევნებდა, ჩურჩულებდა დაკარგული ქალაქების სახელებს. მერე საათობით უძრავად იჯდა და ქარვის კრიალოსანს მარცვლავდა. მე კი საიუველირო, ყვავილების, წიგნების მაღაზიებში დავდიოდი. ნინოს ძვირფას ქვებს, ყვავილებსა და წიგნებს ვუძღვნიდი. მის დანახვაზე ყველაფერი მავიწყდებოდა: ომიც, დიდი მთავარიც, მუქარით აღვსილი ნახევარმთვარეც.

ერთ დღეს მამამ მთხოვა:

– საღამოს სახლში დარჩი, ალი ხან. სტუმრები მოვლენ და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვისუბროთ.

ნირწამხდარი ჩანდა.

– მამა, შენ არ იყავი, რომ დამაფიცე, პოლიტიკაში არ ჩაერიოო? – ვუთხარი მე.

– შენს ხალხზე ზრუნვა სულაც არ ნიშნავს პოლიტიკაში ჩარევას. ზოგჯერ დგება დრო, როცა მოვალე ხარ შენს ხალხზე იზრუნო, მით უმეტეს, თუ შენი ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი.

იმ საღამოს მე და ნინო ოპერაში უნდა წავსულიყავით. შალიაპინი იყო ჩამოსული და ნინო ამ დღით წინასწარ ხარობდა. მე ტელეფონთან მივედი და ილიას ბეგს დავურეკე:

– ილიას, შეგიძლია დღეს ნინოს ოპერაში წაყვანა? მე მოულოდნელად რაღაც საქმე გამომიჩნდა. არადა, ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს.

ტელეფონში ილიას ბეგის გაღიზიანებული ხმა ჩამესმა:

– შენ სულ გამოთაყვანდი? დაგავიწყდა, რომ ჩემს თავს არ ვეკუთვნი? დღეს მე და მეჰმედ ჰაიდარს ღამის მორიგეობა გვაქვს.

სეიედ მუსტაფასაც დავურეკე.

– ნამდვილად არ შემიძლია. ამ საღამოს დიდ მოლასთან, ჰაჯი მაყსუდთან ვარ მიპატიჟებული. რამდენიმე დღითაა სპარსეთიდან ჩამოსული.

სხვა გზა არ მქონდა, ნახარარიანისთვის უნდა დამერეკა.

– შენ თავად რატომ არ მიდიხარ? – მკითხა მან ცოტა არ იყოს დაბნეულმა..

– სტუმრები უნდა მოვიდნენ ჩვენთან.

– სომხების ამოხოცვაზე რომ იმსჯელოთ, არა? ისე, როცა ჩემს ხალხს ასე უჭირს, მე თეატრში არ უნდა დავდიოდე, მაგრამ აბა ნამდვილი მეგობრები რისთვის არიან? მეგობრობას ხომ შალიაპინიც ხოტბას ასხამს.

როგორც იქნა, გამოჩნდა ჭეშმარიტი მეგობარი. ნინოს შევატყობინე და სახლში დავრჩი.

შვიდ საათზე სტუმრები მოვიდნენ, სწორედ ისინი, ვისაც ველოდი. ჩვენს დიდ, წითელი ხალიჩებით მორთულ დარბაზში დადგმული რბილი ტახტები ზუსტად რვა საათზე ერთი მილიარდი მანეთით, ანუ ზუსტად რომ ვთქვათ, იმ ადამიანებით გაივსო, ერთ მილიარდს რომ ფლობდნენ. მათ კარგა ხანია ვიცნობდი.

პირველი ზეინალ აღა, ილიას ბეგის მამა მოვიდა. დარბაზი მოხრილმა გაიარა, ტახტზე მოიკეცა, გვერდით ჯოხი მოიდო და ნელ-ნელა შეექცა თურქულ თაფლს. მას მოჰყვა ორი ძმა: ალი ასადულაჰი და მირზა ასადულაჰი, რომელთაც გარდაცვლილი მამისგან მილიონები დარჩათ მემკვიდრეობით და არც გონიერება აკლდათ – მშვენიერი განათლება მიიღეს და თავისი კაპიტალი კიდევ უფრო გაზარდეს. მირზას ფული უყვარდა, ჭეშმარიტება და სიმშვიდე. მისი ძმა კი ზარათუშტრას ცეცხლივით იყო, ნაპერწკლებს ყრიდა, მაგრამ არ წვავდა. ომი, თავგადასავლები და ხიფათი ხიბლავდა, ქალაქში მომხდარი უამრავი სისხლიანი ამბის მთავარი გმირი გახლდათ. იდუმალებით მოცულ ბუნიად ზადეს კი, მის გვერდით რომ იჯდა, არანაირი თავგადასავლები არ იზიდავდა. აი რაც შეეხება სიყვარულს, ერთადერთი იყო ჩვენს შორის, ვისაც ოთხი ცოლი ჰყავდა. თავად კი რცხვენოდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა თავის ბუნებას. ცოლები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. შვილებისა და ფულის შესახებ თუ ჰკითხავდნენ ბუნიად ზადეს, ორივეზე ერთი პასუხი ჰქონდა – არ ვიცი, ასე თხუთმეტი თუ თვრამეტიო – იტყოდა ხოლმე ნაღვლიანად. იმდენი შვილი ჰყავდა და ფულიც იმდენი ჰქონდა, თავადვე ერეოდა სათვალავი.


იუსუფ ოღლი, დარბაზის მეორე ბოლოში რომ იჯდა, ბუნიად ზადეს ალმაცერად უყურებდა, რადგან თვითონ ერთადერთი ცოლი ჰყავდა და თანაც არც ისე ლამაზი. ქორწილის დღეს ამ ქალს უთქვამს – შენი თესლი რომ სხვა ქალში მოხვდეს, დაიმახსოვრე, იმ ქალს ცხვირს, ყურებსა და მკერდს დავაჭრი. თავად შენ რას გიზამ, ვერც კი წარმოიდგენო. ეს ქალი მებრძოლი გვარის შთამომავალი იყო და მუქარას ტყუილუბრალოდ არ ისროდა.

რვის ნახევარზე დარბაზში ერთი ტანდაბალი, გამხდარი კაცი შემოვიდა. თითები წითლად ჰქონდა შეღებილი. წამოვდექით და თანაგრძნობის ნიშნად ქედი მოვიხარეთ. ცოტა ხნის წინ მან ერთადერთი ვაჟი დაკარგა. თავისი ვაჟის ხსოვნის პატივსაცემად ნიკოლოზის ქუჩაზე მდიდრული შენობა ააგო. ფასადზე ოქროს ასოებით წააწერინა „ისმაილ“ და ქველმოქმედებს აჩუქა. ამ პატარა კაცს აღა მუზა ნაგი ერქვა და მხოლოდ თავისი ორი მილიონის გამო მოხვდა ჩვენს წრეში, რადგან ის კაი ხანია მუსლიმი აღარ იყო და ბაბის მწვალებლურ სექტას ეკუთვნოდა. იმ ბაბისა, რომლის დასჯაც შაჰმა ნასრ ედ-დინმა ბრძანა. თითქმის არავინ ვიცოდით, რა სურდა ბაბის. მხოლოდ ის გვქონდა გაგონილი, როგორ დევნიდა ნასრ ედ-დინი ბაბის მიმდევრებს; როგორ აწამებინებდა მათ გახურებული ლურსმნებით, როგორ აწვევინებდა კოცონზე და მათრახით აცემინებდა სულის ამოხდამდე. როგორც ჩანს, რაღაც საშინელებებს ქადაგებდნენ ბაბის მიმდევრები, რახან ასე სჯიდნენ.

რვისთვის ყველა სტუმარი შეიკრიბა. დარბაზში იჯდა ყველა მდიდარი მენავთობე თავადი. ჩაის მიირთმევდნენ და ზედ ტკბილეულს აყოლებდნენ. შიგადაშიგ საქმეებზე, ცხენებსა და წვეულებებზე საუბრობდნენ. ასე გაგრძელდა ცხრამდე. ცხრაზე კი, როგორც ეს ჩვენში იყო მიღებული, მსახურებმა ჭურჭელი გაიტანეს, კარი დაიხურა და მამამ დაიწყო: „მირზა ასადულაჰს სხვადასხვა მოსაზრებები აქვს ჩვენი ხალხის ბედზე. მოდი, მოვუსმინოთ“.


მირზა ასადულაჰი წამოდგა. ლამაზი და დანაღვლიანებული სახით წამოიწყო:

– თუ დიდი მთავარი ომს მოიგებს, აღარცერთი ისლამური ქვეყანა აღარ დარჩება. მეფის ხელიც უფრო დაუნდობელი გახდება. ჩვენ კი ხელს ვერ დაგვადებს, რადგან ფული გვაქვს, მაგრამ სკოლებს, მეჩეთებს დაგვიკეტავს და მშობლიურ ენაზე ლაპარაკს აგვიკრძალავს. უცხოელები შემოვლენ ქვეყანაში და წინასწარმეტყველის ხალხს ვეღარავინ დაიცავს. ჩვენთვის აჯობებს, თუ ენვერი გაიმარჯვებს. მაგრამ ამისათვის თუ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება? – არა, – ვამბობ მე. ჩვენ ფული გვაქვს, მაგრამ მეფეს ჩვენზე მეტი ფული აქვს, ჩვენ ხალხი გვყავს, მაგრამ მეფეს უფრო მეტი ხალხი ჰყავს.მაშ როგორ მოვიქცეთ? თუ შევკრებთ ხალხს, შევაიარაღებთ და ჩვენი ხალხისა და ფულის ნაწილს მეფეს მივცემთ, შეიძლება ომის შემდეგ მეფის ხელი უფრო შემწყნარებლური იყოს. იქნებ სხვა გზებიც არსებობს?

ის გაჩუმდა. მისმა ძმამ ალიმ განაგრძო:

– მეფის ხელი მძიმეა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ ომის შემდეგ აღარანაირი ძალაც არ ჰქონდეს მის ხელს.

– მაშინაც ექნება, ჩემო ძმაო. ქვეყნად ხომ უამრავი რუსია.

– მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდება, ჩემო ძმაო.

– ყველას ვერ გაწყვეტ, ალი.

– რატომ, ყველას მოკვლა შეიძლება, მირზა.

მერე კი ორივე ძმა დადუმდა. ზეინალ აღამ ჩუმი, მისუსტებული ხმით წამოიწყო:

– არავინ იცის, რა წერია ბედის წიგნში. დიდი მთავრის გამარჯვება გამარჯვება არაა, თუნდაც სტამბოლი დაიპყროს. ჩვენი ბედნიერების გასაღები სტამბოლში არ არის, ის დასავლეთშია და იქ თურქები, ან იქნებ გერმანელები გაიმარჯვებენ. რუსები დაიკავებენ ტრაპიზონს, თურქები – ვარშავას. რუსები? რუსებსაც გააჩნია. განა რუსები კიდევ არსებობენ? გავიგე, ვიღაც გლეხი, გვარად რასპუტინი, მეფეზე ბატონობს, მეფის ქალიშვილს ეკურკურება. დედოფალს დედას ეძახის. ზოგიერთ დიდ მთავარსაც მეფის დამხობა სურს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მშვიდობას ელიან, რომ ამბოხება მოაწყონ. ომის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

– დიახ, ომის მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. – წამოიწყო ერთმა სქელმა, გრძელწვერა მოჭუტულთვალებიანმა კაცმა, ეს ფათჰ ალი ხანი იყო, ადვოკატი ხოიადან, რომელიც ყოველთვის ბევრს ფიქრობდა ადამიანთა ბედზე.

– დიახ, – გაიმეორა მან კვლავ, – მერე ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ არავისთვის ქედის მოხრა არ დაგვჭირდება. ამ ომიდან რომელმა მხარემაც არ უნდა გაიმარჯვოს, დასუსტებული, დაჭრილი და ომით დათრგუნული გამოვა. ჩვენ კი არც დასუსტებული და არც ნაიარევი არ ვიქნებით; ამიტომაც შეგვეძლება, კი არ ვთხოვოთ, არამედ მოვთხოვოთ. ჩვენ ისლამური, შიიტური ქვეყანა ვართ და რომანოვებისა თუ ოსმალებისაგან ერთსა და იმავეს ველით – დამოუკიდებლობას ყველა სფეროში. და, რაც უფრო დასუსტდება მტრის ძლევამოსილება ამ ომში, მით უფრო ახლოს ვიქნებით თავისუფლებასთან. და მერე ამ თავისუფლების გაძლიერებას თვითონაც შევძლებთ, ჩვენი ფულით, ჩვენი ნავთობით. ნურც იმას დაივიწყებთ, მსოფლიოს ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე მსოფლიო – ჩვენ.

ოთახში შეგროვილი მილიარდერები საოცრად აღაფრთოვანა ამ სიტყვებმა – მშვენიერი სიტყვაა „ლოდინი“. დიახ, მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია. ვინ გაიმარჯვებს, რუსი თუ თურქი? ჩვენ ნავთობი გვაქვს. გამარჯვებულს ჩვენთან სათხოვარი ექნება. და მანამ? მანამ კი ვაშენოთ საავადმყოფოები, ბავშვთა სახლები, თავშესაფრები ჩვენი რწმენის დამცველთათვის.

ჩემთვის კუთხეში ჩუმად ვიჯექი. ალი ასადულაჰმა დარბაზი გადმოკვეთა, გვერდით მომიჯდა და წამჩურჩულა:

– თქვენ რა აზრის ხართ ამაზე, ალი ხან? – და ისე, რომ პასუხსაც არ დალოდებია, ჩემკენ გადმოიხარა და განაგრძო, – კარგი იქნებოდა ყველა რუსის ამოჟლეტა ჩვენს ქვეყანაში. და არა მხოლოდ რუსების, ყველა უცხოელისა, ვინც სხვა ენაზე საუბრობს, სხვაგვარად ლოცულობს, და სხვაგვარად ფიქრობს. გულში, ალბათ, ყველა ჩემნაირად ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა მარტო მე ვაღიარებ. მერე კი, ჩემი აზრით, ფათჰ ალიმ უნდა იბატონოს. თუმცა, გულახდილად გითხრათ, ენვერის მომხრე ვარ. მაგრამ ჯერ ყველა უცხოელი უნდა ამოიჟლიტოს.

სიტყვა „ამოჟლეტას“ ისეთი აღტაცებით წარმოთქვამდა, თითქოს სიყვარულზე ლაპარაკობსო. თვალები ერთიანად უბრწყინავდა, მთელი პირისახე თავხედურად უღიმოდა. ვდუმდი. დარბაზში ახლა ბაბისტი აღა მუზა ნაგი ლაპარაკობდა:

– მოხუცი კაცი ვარ და გული მტკივა, რასაც ვხედავ, რაც მესმის. რუსები ამოხოცავენ თურქებს, თურქები სომხებს, სომხები – ჩვენ. არ ვიცი, განა ეს კარგია? მესმის რაზეც ფიქრობენ და რაც აწუხებთ ზეინალ აღას, მირზას, ალის და ფათჰ ალის; ვიცი, მათ ჩვენი ხალხის ბედი აფიქრებთ, ეშინიათ ჩვენი სკოლებისა და ენის, საავადმყოფოების, თავისუფლების დაკარგვის. მაგრამ რაში გვჭირდება სკოლა, თუ იქ მხოლოდ უაზრობას ასწავლიან. ან ისეთი საავადმყოფო რად გვინდა, სადაც სხეულს გამოაჯანმრთელებენ, მაგრამ სულს არად დაგიდევენ. ჩვენი სულები ღმერთს ეკუთვნის. თუმცა ყოველი ხალხი ფიქრობს, რომ სხვა ღმერთი ჰყავს. მე კი ვთვლი, რომ ყველა ჭეშმარიტად ბრძენის ენით ღმერთი ქადაგებს. ამიტომაც ვცემ პატივს ქრისტეს, კონფუცის, ბუდას, მუჰამადს. გვავიწყდება, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. ჩვენ ყველანი ღმერთისგან მოვდივართ და ბაბის მეშვეობით ისევ მასთან ვბრუნდებით. ეს უნდა შეიგნოს ხალხმა, რადგან არ არსებობს შავი და თეთრი. შავშიცაა თეთრი და თეთრშიცაა შავი. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება: ნურაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც დედამიწაზე ვინმეს ზიანს მიაყენებს, რადგან ჩვენ თითოეულში ვართ და თითოეული ჩვენშია.

გაოგნებულები ვუსმენდით ბაბის ერესს და ვდუმდით.

გვერდიდან ვიღაცის ზლუქუნი მომესმა, გაკვირვებულმა მივიხედე და აცრემლებული ალი ასადულაჰი დავინახე, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

– ო, ჩემო სულო, როგორი სიმართლეა თქვენს სიტყვებში. ბედნიერებაა თქვენი მოსმენა. ო, ყოვლადძლიერო! ნეტავ, ყველა ადამიანს ჰქონდეს ასეთი ღრმა შეგნება, – მოთქვამდა ის. მერე ცრემლები შეიმშრალა, კიდევ რამდენჯერმე ამოიზლუქუნა და უცბად ცივად წამოიწყო:

– ეჭვგარეშეა, ღრმად პატივცემულო, ყველაფერში ღვთის ხელი ურევია, მაგრამ ადამიანი ვერ დაუცდის მხოლოდ ყოვლადძლიერის ზეშთაგონებასა და კეთილშობილებას. ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ და, თუ შთაგონება გვაკლია, თავად უნდა გამოვძებნოთ გზები, რომ სიძნელეები გადავლახოთ.

ჭეშმარიტი სიტყვები და ჭეშმარიტი ცრემლები იყო. შევნიშნე, როგორი გაოცებით შეჰყურებდა მირზა თავის ძმას.

სტუმრები წამოიშალნენ. ძველი ადათ-წესების თანახმად, შეჭმუხნულ შუბლზე ხელის შეხებით, ქედის მოხრითა და თავის დაკვრით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. თან გასვლისას ბუტბუტებდნენ: „მშვიდობა ჩვენდა, სიხარული და ღიმილი არ მოგვშლოდეს, მეგობრებო“.

თერთმეტის ნახევარი იქნებოდა, შეკრება რომ დაიშალა და ერთი მილიარდი ქუჩას მოეფინა. დარბაზში სულის შემხუთველმა სიცარიელემ დაისადგურა. მარტოობა მომაწვა და მსახურებს დავუბარე, ყაზარმაში მივდივარ-მეთქი. ზღვისკენ გავემართე, ნინოს სახლს ჩავუარე და ყაზარმისკენ ავიღე გეზი. ყაზარმის საყარაულოში სინათლე ენთო. ილიას ბეგი და მეჰმედ ჰაიდარი კამათლებს აგორებდნენ. შევედი. ჩუმი თავის დაქნევით მივესალმეთ ერთმანეთს. როგორც იქნა, დაამთავრეს თამაში. ილიას ბეგმა საყელო შეიხსნა და მკითხა:

– რაო, რა მოხდა კრებაზე, ასადულაჰი კიდევ იმუქრებოდა ყველა რუსის ამოხოცვით?

– ჰო, დაახლოებით. რა ისმის ომისა? – ვკითხე მე.

– ომი? – წამოიწყო უკმაყოფილოდ, – გერმანელებმა მთელი პოლონეთი დაიკავეს. დიდი თავადი ბაღდადს დაიკავებს, თურქები, ალბათ, ეგვიპტეს. რა ვიცი, ძალიან მოსაბეზრებელია ამ დედამიწის ზურგზე.

მეჰმედ ჰაიდარმა მოკლედ შეჭრილი თმა მოიფხანა და შეედავა:

– სულაც არაა მოსაბეზრებელი. ჩვენ გვყავს ცხენები, ჯარისკაცები, ვიცით იარაღის ხმარება. მეტი რა სჭირდება ადამიანს? ზოგჯერ მინდა, მთებზე გადავიდე, სანგრებში ვიწვე და ჩემ წინ მტერს ვხედავდე. მტერს მაგარი კუნთები უნდა ჰქონდეს და ტანზე ოფლის სუნიც უნდა უდიოდეს.

– მერე, რატომ არ მიდიხარ ფრონტზე? – ვუთხარი მე.

აღფრთოვანება გაუქრა ხმაში, დაბალ შუბლში ჩამჯდარი თვალებიდან გამომხედა და სევდიანად განაგრძო:

– მე ის კაცი არა ვარ, ვინც მაჰმადიანს ესვრის, თუნდაც სუნიტი იყოს. თანაც ფიცი მაქვს დადებული და დეზერტირობა არ შემიძლია. ეჰ, ჩვენს ცხოვრებაში სხვაგვარად რომ იყოს ყველაფერი!

სიყვარულით გავხედე. მხარბეჭიანი, ძლიერი იჯდა და თითქოს ბრძოლის სურვილი ახრჩობდა.

– თან მინდა, თან არც მინდა ფრონტზე. – დასძინა მან შეფიქრიანებულმა.

– რა ელის ჩვენს ქვეყანას? – ვკითხე მე.

ის გაჩუმდა და შუბლი შეიჭმუხნა. ფიქრი არ ეხერხებოდა. ბოლოს თქვა:

– ჩვენს ქვეყანას? უნდა მეჩეთები ვაშენოთ, მიწას წყალი ვასვათ, ჩვენი მიწა მართლაც ძალზე მოწყურებულია. არც ის ვარგა, ყველა უცხო რომ მოდის და გვეუბნება, რა სულელები ხართო. თუნდაც სულელები ვიყოთ, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა. მერე კი, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ერთ დიდ კოცონს გავაჩაღებთ და ნავთობის ყველა ჭაბურღილს, ასე უხვად რომაა ჩვენს ქვეყანაში, დავწვავთ. მშვენიერი სანახაობა იქნება. მერე ისევ გავღარიბდებით, აღარავის დავჭირდებით და უცხოელებიც მოგვასვენებენ. ჭაბურღილების მაგივრად ლამაზ, ცისფერ მეჩეთებს ავაგებთ, კამეჩებს მოვაშენებთ და ნავთობის ქვეყანაში პურის მოსავალს მოვიყვანთ.

მეჰმედი მომავალზე ფიქრებმა გაიტაცა.

ილიას ბეგმა სიცილით განაგრძო:

– მერე წერა-კითხვის სწავლას ავკრძალავთ, სანთლის შუქს შემოვიტანთ და ერთ სულელს დავსვამთ ქვეყანაში მეფედ, არა?

მეჰმედ ჰაიდარმა ხუმრობას წაუყრუა და თქვა:

– ცუდი არ იქნებოდა. გასულ საუკუნეებში უფრო სულელებიც ყოფილან, განა იმათ არ ამოთხარეს წყლის ჭაბურღილები ნავთობის საბადოების მაგივრად? მაგრამ მაშინ ადამიანები ბევრად ბედნიერები იყვნენ.

მომინდა გადავხვეოდი გულუბრყვილო ბიჭებს და გადამეკოცნა.

ფანჯარაზე გამალებული კაკუნი შემომესმა. გარეთ გავიხედე. სიბნელიდან მუსტაფას მოქუფრულმა, ნაყვავილარმა სახემ შემომანათა. კართან მივირბინე. მთლად გაოფლილი მუსტაფა ოთახში შემოვარდა, ჩალმა გვერდზე მოჰქცეოდა, მწვანე ქამარიც შეხსნოდა, მოსასხამი დამტვერილი ჰქონდა. იქვე სკამზე ჩაიკეცა და ჩახლეჩილი ხმით ძლივს წამოიძახა:

– ნახევარი საათის წინ ნახარარიანმა ნინო მოიტაცა. უკვე მარდაკიანის გზაზე იქნებიან.


Загрузка...