ზეინალ აღა უბრალო გლეხი იყო სოფელ ბინიგადიდან. მშრალი ქვიშიანი სანაპიროს რაღაც ნაწილი ეკუთვნოდა. იმდენი თხარა, ვიდრე მიწიდან ნავთობმა არ ამოხეთქა. მას მერე გამდიდრდა, მაგრამ, რაც უფრო მდიდრდებოდა, უფრო მეტს ფიქრობდა. იცოდა, რომ ბედნიერებას სასჯელიც მოჰყვებოდა და, თითქოს ამ სასჯელის მოლოდინშიაო, განუწყვეტლივ აშენებდა მეჩეთებს, საავადმყოფოებს, ციხეებს, მექაში ლოცულობდა, ბავშვთა თავშესაფარიც ააშენა. მაგრამ უბედურებამ მაინც არ დააყოვნა.
თვრამეტი წლის ცოლი, რომელიც ჩვიდმეტი წლისამ შეირთო, გაექცა და ოჯახი დაინგრა. თავის ცოლზე მკაცრად და დაუნდობლად იძია შური, მაგრამ მას მერე სასტიკად დაძაბუნდა. ერთმა ვაჟმა მიატოვა, მეორემ კი გაუგონარი ცოდვა ჩაიდინა და თავს ლაფი დაასხა – თავი მოიკლა. და ახლა მოხუცი ბაქოში ცხოვრობდა, ორმოცოთახიან სასახლეში და თავის ერთადერთ ვაჟთან ილიას ბეგთან ერთად ნაღვლიანად ატარებდა დარჩენილ დღეებს. ილიას ბეგი ჩემი მეგობარი და კლასელი იყო. გამოსაშვები საღამოც სწორედ მასთან გვქონდა.
რვა საათზე შევაბიჯე ამ სასახლის კარში და მარმარილოს განიერ კიბეებს ავუყევი. მაღლა ილიას ბეგი იდგა და სტუმრებს ესალმებოდა. იმასაც ჩემსავით ჩერქეზული ტანსაცმელი ეცვა, ელეგანტურად გამოიყურებოდა, ქამარში ვიწრო ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი, კრაველის ბოხოხი არც იმას მოეხადა თავიდან, არადა, ახლა ეს მიღებული აღარ იყო. „სალამ ალეიქუმ, ილიას ბეგ!“ – მივესალმე და ერთმანეთს ხელი ძველი ადათის მიხედვით ჩამოვართვით: ჩემი მარჯვენათი მის მარჯვენას მოვუჭირე ხელი, მან კი თავის მარცხენა – ჩემს მარცხენას.
– დღეს ლეპროზორიუმი დაიხურება. – ჩამჩურჩულა მან. კმაყოფილმა თავი დავუქნიე.
ლეპროზორიუმი ჩვენი კლასის საიდუმლო აღმოჩენა იყო. რუსი მასწავლებლები, რომლებიც ბაქოში მუშაობდნენ და ქალაქზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, დავარწმუნეთ, თითქოს ბაქოს სიახლოვეს ლეპროზორიუმი იყო. როცა ვინმეს გაკვეთილის გაცდენა მოუნდებოდა, ჭორებს ვავრცელებდით მასწავლებლებში, რომ ლეპროზორიუმიდან რამდენიმე ავადმყოფი გამოიქცა და ქალაქში დაძრწისო. მთელი კვირით ან ორი კვირით გვითხოვდნენ, ვიდრე ავადმყოფებს არ დაიჭერდნენ. არც ერთ მასწავლებელს თავში არ მოსდიოდა სანიტარიული პუნქტებისათვის შეეტყობინებინა და რამე გაეგო ამ ლეპროზორიუმის შესახებ. დღეს კი ლეპროზორიუმი საზეიმოდ უნდა დახურულიყო.
დარბაზი ხალხით იყო სავსე. კუთხეში ჩვენი სკოლის „ღირსება“ – დირექტორი იჯდა, ვასილი გრიგორიევიჩ ხრაპკო. სახეზე საზეიმო განწყობა გადაჰფენოდა, გარს უამრავი მასწავლებელი ეხვია. მაჰმადიან მოსწავლეთა შორის ერთადერთი ვიყავი, ვისაც საოცარი მიდრეკილება მქონდა ენებისა და დიალექტებისადმი. ზოგს რუსული წინადადების სწორი გამოთქმაც კი უჭირდა, მე კი უკვე რამდენიმე რუსულ დიალექტს ვფლობდი. დირექტორი პეტერბურგელი იყო, ამიტომ მასთან პეტერბურგულად უნდა გელაპარაკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხმოვნები უნდა ჩაგეყლაპა და თანხმოვნები კბილებში გამოგეცრა, ამაში იგი ვერანაირ დაცინვას ვერ ამჩნევდა და უხაროდა ჩვენი ქვეყნის ასეთი წარმატებული გარუსება. მოკრძალებულად მივეახლე დირექტორს:
– საღამო მშვიდობისა, ბატონო დირექტორო.
– საღამო მშვიდობისა, შირვანშირ, გადაგიარა უკვე გამოცდების ციებ-ცხელებამ?
– დიახ, ბატონო დირექტორო, მაგრამ ამჯერად სხვა რამ მაწუხებს.
– მაინც რა?
– არაფერი გაგიგიათ, ბატონო დირექტორო, ლეპროზორიუმის შესახებ?
– ლეპროზორიუმის? რა უნდა გამეგო?
– გუშინ იქიდან ავადმყოფები გამოქცეულან და ქალაქისაკენ დაძრულან. შეიარაღებული ჯარისკაცები გაუგზავნიათ მათ წინააღმდეგ. ავადმყოფებს ორი სოფელი დაუკავებიათ. ჯარისკაცებს ალყა შემოურტყამთ სოფლებისათვის და ცეცხლი გაუხსნიათ ავადმყოფებისათვისაც და ჯანმრთელებისათვისაც. სახლები ცეცხლის ალშია გახვეული. განა საშინელება არ არის, ბატონო დირექტორო?! ლეპროზორიუმი აღარ არსებობს. ქალაქის კარიბჭესთან ყრია ავადმყოფთა დაჩეხილი გვამები, რომელთაც ბენზინს გადაასხამენ და დაწვავენ.
დირექტორს შუბლზე ოფლმა დაასხა. ალბათ იმ წუთას იმაზე ფიქრობდა, მინისტრისათვის ხომ არ ეთხოვა სხვა, ცივილიზებულ მხარეში გადაყვანა: „საშინელი ქვეყანაა, საშინელი ხალხი, მაგრამ ხომ ხედავთ, ბავშვებო, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი და მოხერხებული ძლიერი მმართველობის ყოლას.“– ამბობდა დათრგუნული.
მთელი კლასი გარს შემოგვერტყა და ისმენდა მის ქადაგებებს წესრიგის აუცილებლობაზე.
– ბატონო დირექტორო, იცით, რომ მეჰმედ ჰაიდარის ვაჟი უკვე ორი წელია ჩვენს გიმნაზიაში დადის? – ვკითხე მე უცბად დირექტორს.
– რაა?
დირექტორს თვალები გადმოსცვივდა. მეჰმედ ჰაიდარი გიმნაზიის სასჯელი იყო. ის ყოველ კლასში სამ-სამჯერ რჩებოდა, თექვსმეტი წლის ასაკში ცოლი შეირთო, მაგრამ სკოლაში მაინც დადიოდა. მისი ცხრა წლის ვაჟიც იმავე კლასში გადავიდა, რომელშიც მამამისი იჯდა. პირველად ამაყი მამა ამის დამალვას ახერხებდა, მაგრამ ერთხელ კლასში შემოვიდა იმისი პატარა, მსუქანი ბიჭი საქმიანი, უმანკო სახით და მამამისს აზერბაიჯანულად განუცხადა: „მამა, თუ ხუთ კაპიკს არ მომცემ შოკოლადის საყიდლად, დედას ვეტყვი, რომ მათემატიკის დავალება გადაიწერე“.
მეჰმედ ჰაიდარი სირცხვილისაგან მთლად გაწითლდა, თავისი უტაქტო ბიჭი დატუქსა და გვთხოვა, შვილის ამბავი დირექტორის ყურამდე არ მიგვეტანა.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ მოსწავლე მეჰმედ ჰაიდარს ვაჟი ჰყავს და ჩვენს სკოლაში დადის? – გვკითხა დირექტორმა.
– დიახ, მაგრამ ის პატიებას გთხოვთ და უნდა, რომ მისი შვილი თქვენსავით სწავლული გამოვიდეს. ხომ ხედავთ, ბატონო დირექტორო, რა ფართო მასები მოიცვა დასავლური ცოდნისკენ ლტოლვამ?
დირექტორი კმაყოფილებისაგან გაწითლდა. დუმდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა, რომ ეს სასკოლო წესების დარღვევა იყო. სად გაგონილა მამა-შვილის ერთ სასწავლებელში ყოფნა! თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ამ საკითხს ვერ მოაგვარებდა და მამა-შვილი დასავლეთის ცოდნის კერაში ერთად სიარულს კვლავაც გააგრძელებდა.
გვერდითი კარი გაიღო. ოთხ მუქკანიან ბრმა მუსიკოსს ათი წლის ბიჭი შემოუძღვა. სპარსეთიდან მოწვეული მუსიკოსები კუთხეში ხალიჩაზე მოკალათდნენ, იშვიათი უძველესი საკრავები ეჭირათ. აღმოსავლური ჰანგები დაირხა. ერთმა მომღერალმა ყურთან ხელი მიიტანა. ეს იყო აღმოსავლელი მომღერლის კლასიკური ჟესტი. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა და ტამბურინის ველური ხმაც გაისმა. ერთ-ერთმა მომღერალმა სევდიანად დააკვნესა:
„სახე სპარსული ხმალივით ბასრი,
პირი ცეცხლოვან ბადახშს მიგიგავს,
თურქთა სულთანი რომ ვყოფილიყავ,
უმალვე ცოლად შენ შეგირთავდი,
მარგალიტებით თმას მოგირთავდი
დაგიკოცნიდი ფეხის გულებსაც,
და ოქროს თასით საკუთარ გულსაც
შენ მოგიძღვნიდი, შენ მოგიძღვნიდი.“
ის რომ გაჩუმდა, ტამბურინის ველურ ხმას ვიოლინოც აჰყვა და მეორემ წამოიწყო:
„შენ ყოველ ღამით,
ვითარცა ვირთხა,
მიძვრები მეზობლის ეზოსკენ.“
მერე კი მესამე მომღერლის ტანჯული ხმაც გაისმა:
„ო, ურწმუნო ტურავ!
ო, უბედურებავ, ო, უწმინდურებავ!“
წამით სიჩუმე ჩამოწვა და სამი-ოთხი მოკლე მუსიკალური ტაქტის შემდეგ მეოთხე მომღერლმა, თითქოს ოცნებებში ჩაძირულაო, ნაზი ხმით დაიწყო:
„სამი დღეა ვლესავ ჩემს ხმალს,
მეოთხე დღეს ჩემს მტერს მოვკლავ
და მას ნაკუწ-ნაკუწ ვაქცევ.
შენ კი, ჩემო სიყვარულო, უნაგირზე შემოგისვამ,
სახეს მებრძოლის საფარველით შევიბურავ
და შენთან ერთად მთებს მივაშურებ.“
დარბაზის ერთ კუთხეში, ფარდასთან ვიდექი. ჩემ ახლოს სკოლის დირექტორი და გეოგრაფიის მასწავლებელი ისხდნენ. აქა-იქ ჩურჩული გაისმა.
– რა საშინელი მუსიკაა. კავკასიური ვირის ყროყინს ჰგავს. ან ეს სიტყვები რაღას ნიშნავს? – ჩუმად ჩაილაპარაკა დირექტორმა.
– სიტყვებიც ისეთივე უაზროა, როგორც მელოდია. – კვერი დაუკრა გეოგრაფიის მასწავლებელმაც.
მინდოდა, იქიდან ფეხაკრეფით გავბრუნებულიყავი, მაგრამ უეცრად ფარდა შეირხა, უკან მივიხედე და ფარდის იქით თეთრთმიანი მოხუცი კაცი შევნიშნე. ილიას ბეგის მამა ზეინალ აღა იყო. მუსიკას ყურს უგდებდა და ტიროდა, ცისფრად დაძარღვული დამჭკნარი ხელები ერთთავად უცახცახებდა. ეს გამხდარი ხელები, მის სახელსაც კი გაჭირვებით რომ დაწერდნენ, შვიდ მილიონს ფლობდნენ.
თვალი მოვარიდე. ამ მოხუცს, ოდესღაც უბრალო გლეხს, უფრო მეტი ესმოდა მუსიკის ხელოვნებისა, ვიდრე მასწავლებლებს, ჩვენი განათლება რომ ევალებოდათ.
სიმღერა დასრულდა. მუსიკოსებმა საცეკვაო მელოდია წამოიწყეს. დარბაზში მიმოვიხედე. მოსწავლეები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ღვინოს სვამდნენ, მაჰმადიანებიც კი. მე არ ვსვამდი.
აქა-იქ კუთხეში გოგონები იდგნენ. მათ შორის ქერათმიანი ცისფერთვალება რუსი ქალიშვილებიც იყვნენ, ისინი სომხებს, რუსებს, ქართველებს ესაუბრებოდნენ, მაგრამ თუ რომელიმე მაჰმადიანი დაელაპარაკებოდა, მაშინვე ხითხითს იწყებდნენ და ზურგს აქცევდნენ.
ვიღაც როიალს უკრავდა. დირექტორი გუბერნატორის ქალიშვილთან ცეკვავდა.
და აი, როგორც იქნა, კიბეზე მისი ხმაც გაისმა:
– საღამო მშვიდობისა, ილიას ბეგ, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის.
უკან მივიხედე. ნინოს არც საღამოს კაბა ეცვა, არც წმინდა თამარის ლიცეუმის ფორმა. თასმები ისე მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი წელზე , მეგონა, მუჭაში მოვიქცევდი. მხრებზე მოკლე ოქროსფერღილებიანი პელერინა მოესხა. კოჭებამდე გრძელი შავი ქვედა კაბა ეცვა, მხოლოდ ტარსიკონის ფეხსაცმლის მოოქროვილი ჭვინტები მოუჩანდა. თავზე პატარა ქუდი ეხურა. შუბლზე ორ წყებად ოქროს ფირფიტები ეფინა. საქართველოს დედოფლის უძველესი სადღესასწაულო ტანსაცმელი ეცვა ჩემს პრინცესას, ბიზანტიელ ღვთისმშობელს ჰგავდა და სახე უღიმოდა.
– არ გამიწყრე, ალი ხან, ამ თასმების შეკვრას ერთი საათი მოვუნდი. ბებიას ნაქონია. თქვენს პატივსაცემად ჩავიცვი.
– პირველი ცეკვა ჩემთან. – დაიძახა ილიას ბეგმა. ნინომ კითხვის ნიშნად გამომხედა. მე თავი დავუქნიე, რადგან ცუდად ვცეკვავდი, ილიას ბეგისთვის კი ნინოს მინდობა შეიძლებოდა.
– შამილის ლოცვა! – დასძახა ილიას ბეგმა და ბრმა მუსიკოსებმაც მაშინვე დასცხეს ველური მელოდია... ილიას ბეგმა ხანჯალი იშიშვლა და შუა დარბაზში ისკუპა. კავკასიელი მთიელების ცეკვის ცეცხლოვან რიტმს ფეხები ააყოლა. ხელში ხანჯალი უელვარებდა. მის წინ ნინო დასრიალებდა. ფეხებს პატარა ძვირფას თოჯინასავით ამოძრავებდა. დაიწყო შამილის მისტერიები. ნინო საცოლეს განასახიერებდა, რომელიც უნდა მოეტაცათ. მის ყოველ მოძრაობაში შიში, სასოწარკვეთა, თუ უსასოობა გამოკრთოდა. მარცხენა ხელში მანდილი ეჭირა. მთელი სხეული უცახცახებდა, მაგრამ მონეტები ქუდზე ოდნავაც არ ირხეოდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს იყო ამ ცეკვის ურთულესი ნიუანსი: მონეტები ერთხელაც არ უნდა გაწკრიალებულიყო.
დარბაზში მყოფნი მელოდიას რიტმულად ვაყოლებდით ტაშს. მხოლოდ ქართველს თუ შეეძლო ასე სხარტად მოძრაობა. ბიჭი გასაქანს არ აძლევდა. რაც მეტი სიმტკიცე შეიგრძნობოდა ვაჟის მოძრაობაში, მით მეტი სინაზე იფრქვეოდა ქალის სხეულის მოძრაობიდან. უცბად ნინო შეჩერდა. ის ნადირობის ჟამს დამფრთხალ შველს წააგავდა. ილიას ბეგი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა და გზას უღობავდა. ნინოს თვალებში მორჩილება და სინაზე გამოკრთოდა. მოულოდნელად მუსიკის ველურ ჰანგზე მარცხენა ხელი გაშალა და ცხვირსახოცი იატაკზე დაეშვა. არც ილიას ბეგის ხანჯალმა დააყოვნა, უცბად გაიზუზუნა და ცხვირსახოცის შუაგულში ჩაერჭო. სასიყვარულო ცეკვის სიმბოლოც აღსრულდა.
მე, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებული მქონდა და ცეკვის წინ ილიას ბეგს ჩემი ხანჯალი მივეცი. ასე რომ, ნინოს მანდილი იატაკზე ჩემი ხანჯლის წვერით იყო დამაგრებული. ნათქვამია: „ვიდრე აქლემს ალაჰს მიანდობ, ჯერ შენს ბაგაზე მაგრად მიაბიო“.