IX თავი


უძველესი ქალაქი აგვისტოს მცხუნვარე მზეში ნებივრობდა. დაღარული სახე სულაც არ შესცვლოდა. უამრავმა რუსმა დატოვა აქაურობა. ისინი ომში მიისწრაფოდნენ, რომ მეფისა და სამშობლოსათვის თავი გაეწირათ. პოლიცია გერმანელებისა და ავსტრიელების სახლებს ჩხრეკდა. ნავთობის ფასი ავარდა, რითაც ქალაქის კედლის აქეთა და იქითა მხრის მცხოვრებლები კმაყოფილნი ჩანდნენ. ომის ამბებზე მხოლოდ ჩაიხანაში თუ საუბრობდნენ ან გაზეთებში კითხულობდნენ. ომი შორს იყო, სხვა სამყაროში. დაპყრობილი ქვეყნების სახელები შორეულად და უცხოდ ჟღერდა. მოსკოვის ინსტიტუტში არ გავემგზავრე. ამ ომის პერიოდში სამშობლოსთან განშორება არ მინდოდა. სწავლა არსად გამექცეოდა. ბევრს უკვირდა, ბრძოლის ველისკენ რომ არ მივილტვოდი. როცა ჩემი სახლის ბანიდან ქალაქის ჭრელი ცხოვრების დინებას გადავცქეროდი, ვიცოდი, ჩემი განშორება ამ კედლებთან, ჩემს მშობლიურ მიწასთან რუსეთის არანაირ გაწვევას არ შეეძლო.

სახლს მივუახლოვდით.

მამა ზღურბლზე გამომეგება და მოსალმებისთანავე გაკვირვებულმა მკითხა:

– მართლა არ გინდა ომში წასვლა, ალი ხან შირვანშირ?

– არა, მამა, არ მინდა.

– ჩვენი წინაპრების უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა, ესაა ნამდვილი სიკვდილი ჩვენს ოჯახში.

– ვიცი, მამა. მეც ბრძოლის ველზე დავეცემი, მაგრამ ახლა არა.

– ღირსების შელახვას ღირსეული სიკვდილი სჯობს!

– მე ღირსებას არ დავკარგავ, მაგრამ ამ ბრძოლაში არანაირი ვალდებულება არ მაკისრია.

მამამ იმედგაცრუებულმა შემომხედა და უკვე მეასედ წამოიწყო მოყოლა ჩვენს წინაპრებზე:

– ნადირ შაჰის პერიოდში ხუთი შირვანშირი იბრძოდა ვერცხლის ლომის სამეფოსათვის. ამათგან ოთხი ინდოელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა. დელიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა უკან, თანაც გამდიდრებული. კარმიდამო იყიდა, სასახლეები ააგო. შაჰ რუქი ჰუსეინ ხანის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩვენი წინაპარი ყაჯარის ველური თავადის, აღა მაჰმადის მხარეზე იბრძოდა. რვა შვილის თანხლებით გაჰყვა მას ხორასნისა და საქართველოს გავლით. იმათგან ცოცხალი მარტო სამი გადარჩა, ბოლომდე ემსახურებოდნენ დიდ საჭურისს, მაშინაც, როცა შაჰი გახდა. აღა მაჰმადის მკვლელობის ღამითაც შუშაში, კარვებში იყვნენ მის გვერდით.

ოჯახის ცხრა წევრის სისხლის საფასურად შირვანშირებს აღა მაჰმადის მემკვიდრემ ფათჰ ალიმ მამულები დაურიგა შირვანში, მაზანდარანში, გილანსა და აზერბაიჯანში. სამივე ძმა შირვანში ბატონობდა, როგორც მეფეთ მეფის მემკვიდრის ვასალი. რუსები რომ შემოვიდნენ, იბრაჰიმ ხან შირვანშირმა ბაქო დაიცვა და გმირული სიკვდილით შირვანშირების გვარს ახალი ღირსება შემატა. მხოლოდ თურქმენჩაის განთავისუფლების შემდეგ გაიყო შირვანშირების მამულები, დროშები და საბრძოლო ველები. სპარსული გვარის ღირსების დამცველნი იბრძოდნენ და კვდებოდნენ მოჰამად შაჰისა და ნასრ ედ-დინ შაჰისთვის თურქმენებისა და ავღანელების წინააღმდეგ. რუსული გვარის ღირსების დამცველნი კი სისხლს ღვრიდნენ ყირიმის ომში რუსეთის მეფისათვის თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში და იაპონელთა ომში. სწორედ ამიტომ გვაქვს მამულები, ღირსება და ჯილდოები. ვაჟიშვილები თავისი ოჯახის ღირსებას მაშინაც იცავენ, როცა გერუნდიუმს გერუნდივუმისაგან ვერ არჩევენ. და ახლა, როცა ქვეყანაში ბრძოლაა, შენ ზიხარ, ალი ხან შირვანშირ, ხალიჩაზე და მეფის შემწყნარებლური კანონის უკან იმალები. ნუთუ არაფერს გეუბნება შენი მამა-პაპის გმირობა? მკვდარ, მტვრად ქცეულ წიგნის ფურცლებში კი არა, შენს ძარღვებში უნდა წაიკითხო გმირობის სურვილი. – კუშტად დაასრულა მამამ. ის გაოგნებული იდგა, ვერ დაეჯერებინა, რომ ლაჩარი ვაჟი ჰყავდა. ქვეყანაში ომი იყო და მისი შვილი კი ომში არ მიისწრაფოდა, მტრის სისხლი არ სწყუროდა, მტრის თვალებში ცრემლების დასანახად არ მიილტვოდა. ვერ გაეგო, ასე რამ დასცა მისი ვაჟი.

მე ხალიჩაზე რბილ ბალიშებზე დაყრდნობილი ვიჯექი და გავეხუმრე:

– სკოლა რომ დავამთავრე, მითხარი, სამ სურვილს შეგისრულებო. ერთი უკვე შემისრულე, ახლა მეორის ჯერია. მე ჩემს მახვილს მაშინ გამოვიყენებ, როცა მომესურვება. გვიანი არასოდეს იქნება. თანაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს და დადგება დრო, როცა მამულს ჩემი მახვილი მართლაც დასჭირდება.

– კარგი. – ჩაილაპარაკა მან და ვეღარაფერი მითხრა. მიმზერდა და მაკვირდებოდა. იქნებ არც იყო მისი ვაჟი ჭეშმარიტების გზას აცდენილი.

მოლასაც ველაპარაკე ტაცა-ფირის მეჩეთში. მაშინვე გამიგო. მამაჩემსაც დაელაპარაკა და დაარწმუნა, რომ ამ ომში ჩვენ, როგორც მუსლიმებს, არანაირი ვალდებულება არ გვეკისრებოდა. ამასვე ამბობდა ყურანიც. ამის შემდეგ ჩვენს სახლში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მაგრამ მხოლოდ სახლში, რადგან ომის ქარცეცხლმა ახალგაზრდობა ისე შეიპყრო, რომ ყველა ვერ ახერხებდა თავის მოთოკვას. ზოგჯერ ჩემს მეგობრებთან დავდიოდი. გავივლიდი ციციანაშვილის ჭიშკარს, გადავუხვევდი მარჯვნივ აშუმის ქუჩისაკენ, გადავჭრიდი წმინდა ოლღას ქუჩას და ასე ხეტიალ-ხეტიალით მივადგებოდი ხოლმე მოხუცი ზეინალ აღას სახლს.

ერთ დღეს ჩემს მეგობარ ილიას ბეგთან რომ მივედი, ასეთი სურათი დამხვდა: ილიას ბეგი მაგიდასთან იჯდა და შუბლშეჭმუხნული სამხედრო სტატიას ჩაჰკირკიტებდა. ჩვენს სკოლაში ყველაზე სულელი მეჰმედ ჰაიდარი გვერდით მოსჯდომოდა. ომმა ისიც გამოაფხიზლა. ცოდნის სახლი დატოვა და ილიას ბეგს მიადგა. ოცნებობდა, როდის ეღირსებოდა ოფიცრის სამხრეები. ორივე ოფიცრის გამოცდისათვის ემზადებოდა. ოთახში რომ შევდიოდი, გავიგე მეჰმედის ბურდღუნი: „ჯარისა და ფლოტის ამოცანაა მეფისა და სამშობლოს დაცვა შინაური და გარეშე მტრისაგან“.

მე წიგნი ავიღე და შესამოწმებლად ვკითხე:

– გარეშე მტერი ვინ არის, ჰაიდარ?

– ავსტრიელები და გერმანელები.

– ძალიან ცდები, ჩემო ძვირფასო, – ვუთხარი ნიშნის მოგებით და ხმამაღლა წავუკითხე: „გარეშე მტერია ყველა ის სამხედრო ფორმირება, ვინც ჩვენს საზღვრებს მტრული განზრახვით გადმოლახავს“.

მერე ილიას ბეგს მივუბრუნდი და ვკითხე:

– სროლაში რა იგულისხმება?

ილიას ბეგმა პასუხი ჩაარაკრაკა.

კითხვა-პასუხობანას თამაში კარგა ხანს გაგრძელდა. გაგვიკვირდა, რა ძნელი ყოფილა მტრის წინააღმდეგ ბრძოლა თეორიული თვალსაზრისით და რა დილენტანტურადაა სამხედრო საქმე ჩვენს ქვეყანაში განვითარებული. ორივენი, მეჰმედ ჰაიდარიც და ილიას ბეგიც, ბრძოლის ველისკენ მიილტვოდნენ. ალბათ, უცხო ქალებიც იზიდავდნენ, დაპყრობილი ქვეყნების ნანგრევებზე რომ იპოვიდნენ. თითქმის ერთი სააათი იოცნებეს მეგობრებმა და მერე ამაყად დაასკვნეს, ყოველმა ჯარისკაცმა თავისი მარშლის კვერთხი ბოლომდე უნდა ზიდოსო და ქედმაღლურად გადმომხედეს.

– მე რომ ოფიცერი გავხდები და გვერდით ჩამივლი, შენ გვერდზე უნდა გადგე და პატივი მომაგო, რადგან მე ჩემი მამაცური სისხლით შენი ზარმაცი ხორცი უნდა დავიცვა.

– ვიდრე შენ ოფიცერი გახდები, ომიც დამთავრდება.

ჩემს ნათქვამს მომავალი გმირები არ აღუშფოთებია. მათთვის სულერთი იყო, ვინ მოიგებდა, ისევე როგორც ჩემთვის. ჩვენსა და ფრონტს შორის მთელი სამყაროს მეექვსედია გადაჭიმული. ამდენის დაპყრობას გერმანია მაინც ვერ შეძლებს. ერთ ქრისტიან მონარქს მეორე ქრისტიანი მონარქი შეცვლის, ეს არის და ეს. ილიას ბეგისთვის ეს ომი თავგადასავალი იყო, მეჰმედ ჰაიდარისთვის კი რამე ახალი ხელობის შეძენა და სწავლისგან თავის დახსნა. რა თქმა უნდა, გამოცდას ორივე ჩააბარებდა და იმათგან ჭეშმარიტი ოფიცრებიც დადგებოდა. ჩვენს ხალხს ვაჟკაცობა არ აკლდა. მაგრამ რა? ბიჭებისთვის ზედმეტი კითხვები აღარ დამისვამს, ან კი რა აზრი ჰქონდა? ორივეს აღმოსავლელის სისხლის წყურვილი გაეღვიძა.

დაფიქრებული წამოვედი ზეინალ აღასაგან. ზღვის სანაპიროსაკენ დავეშვი. მარილიან ზღვას ტყვიისფერი დაჰკრავდა. ვიდრე სანაპიროს მივაღწევდი, სომხების უბნის გავლა მომიხდა. ნაპირს ქვემეხებით დატვირთული ნავი მოსდგომოდა. შორიახლოს ჩამოვჯექი და იალქნიან ნავს შევცქეროდი, მამაცურად რომ ებრძოდა ტალღებს. ასეთი ნავით თავისუფლად ვიმგზავრებდი ასტარამდე, შაჰის ამ მშვენიერ, აყვავებულ ქვეყნამდე. იქ, იმ მშვიდობის ბუდეში ცხოვრობდნენ პოეტები და ნაღვლიან სიყვარულს უმღეროდნენ, იქ ცოცხლობდა მოგონებები რუსტამის საგმირო საქმეებზე, იქ იყო დიდებული სასახლეები სურნელოვან ვარდის ბაღებში. ეს იყო უმშვენიერესი საოცნებო ქვეყანა.

რამდენჯერმე ავუყევ-ჩავუყევი პრომენადს. ნინოსთან სახლში ვაპირებდი მისვლას, თუმცა ეს ურთიერთობის მიღებულ წესებს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მოხუცმა ყიფიანმა ეგებ შეხედულებები შეიცვალა ომის გამო! ბოლოს სუნთქვა შევიკარი და ოთხსართულიანი სახლის კიბეები ავირბინე. მეორე სართულის კარზე წარწერა იყო: „თავადი ყიფიანი“.

თეთრწინსაფრიანმა მოახლემ გამიღო კარი და თავი დამიკრა. ქუდი მივაწოდე. აღმოსავლური წესით ქუდი არ უნდა მომეხადა, მაგრამ ევროპული წესი რას მოითხოვდა, ვიცოდი და ასე მოვიქეცი.

თავადის ოჯახი სალონში ჩაის მიირთმევდა. დიდ ოთახს წითელი აბრეშუმით გაწყობილი ავეჯი ამშვენებდა. კედლები არც მოხატული იყო, არც ხალიჩებით მორთული. თავადის ოჯახი დიდი, ლამაზი ფინჯნებით ინგლისურ ჩაის სვამდა და თან ნამცხვარსაც მიირთმევდა. თავადის მეუღლეს ხელზე რომ ვეამბორე, სულ ვანილისა და ლავანდის სუნი შემომაფრქვია, მერე ნინოს მივუახლოვდი, სამი თითი გამომიწოდა და ქვეშიდან გამოაპარა მზერა ისე, რომ ფინჯნიდან თვალებიც არ აუწევია. თავადმაც ჩამომართვა ხელი. დავჯექი თუ არა, ჩაი მომართვეს.

– მაშ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამჟამად ომში მონაწილეობა არ მიიღოთ? – მკითხა თავადმა კეთილგანწყობით.

– დიახ, თავადო.

– მე თქვენს ადგილზე ომში დაზარალებულთა კომიტეტში შევიდოდი, ფორმა მაინც გექნებათ. – მითხრა თავადის მეუღლემ.

– შეიძლება, ქალბატონო, კარგი აზრია.

– მეც ასე უნდა მოვიქცე. თავისუფალი დრო მამულს უნდა მივუძღვნა. – განაცხადა თავადმა.

– მართალია, თავადო, მაგრამ მე, სამწუხაროდ, თითქმის არა მაქვს თავისუფალი დრო.

– რითა ხართ, ყმაწვილო, დაკავებული?

– ჩემი მამულების ადმინისტრაციული საკითხებით.

ამ წინადადებამ თავადისა და მისი მეუღლის თვალში ამამაღლა. კიდევ ერთი-ორი თავმომწონე წინადადება და ნინოს ოპერაში წაყვანის ნებართვაც მივიღე. გამომშვიდობებისას თავადის მეუღლეს ხელზე კვლავ ვეამბორე. საუბრისას „ღ“-ს პეტერბურგულად ვუქცევდი. გამოსვლისას დავიბარე, რომ ნინოს რვის ნახევრისათვის შევუვლიდი წასაყვანად.

ნინომ კარამდე მიმაცილა და დამტვრეული აზერბაიჯანულით მითხრა:

– მიხარია, ომში რომ არ მიდიხარ, მაგრამ, ალი, გულწრფელად მითხარი, ომის გეშინია? ვაჟკაცებს ომი უნდა უყვარდეთ. მე შენი ჭრილობებიც მეყვარება.

არ გავწითლებულვარ. ხელი მოვკიდე, მოვუჭირე და ვუთხარი:

– არა, შიში რა შუაშია. როდისმე ჩემი ჭრილობების მოვლაც მოგიწევს. თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს, მანამდე რაც გინდა, ის იფიქრე, თუ გინდა, ლაჩრად ჩამთვალე.

ნინო გაოგნებული მიმზერდა. შინ დაბრუნებულმა ქიმიის ძველი წიგნი სიმწრისგან ნაფლეთებად ვაქციე.

მერე ჩაი დავლიე, ნამდვილი ირანული ჩაი და ოპერაში ლოჟა შევუკვეთე.


Загрузка...