VI თავი


პეხახპიურის წყარო თავის ვიწრო, ქვიან კალაპოტში ნელ-ნელა მიჩუხჩუხებდა. ირგვლივ ხეებს დაღლილი წმინდანებივით ცისკენ აღეპყროთ მზერა. პატარა ბორცვები ფარავდნენ შუშის ხედს. სამხრეთით სომხეთის ნაყოფიერი მდელოები გადაჭიმულიყო, როგორც ბიბლიური მწყემსების ქვეყანა. აღმოსავლეთით ყარაბაღის მინდვრები აზერბაიჯანის მტვრიან სტეპებში ჩაკარგულიყო. იქიდან დიდი უდაბნოს მხურვალე სუნთქვა, ზარათუშტრას ცეცხლი უბერავდა. მშვიდად და უძრავად გამოიყურებოდა ჭალა, თითქოს ეს-ესაა ანტიკური ხანის უკანასკნელ ღმერთებს მიუტოვებიათ და ჩვენ წინ დანთებული კოცონიც მათთვის ყოფილა გაჩაღებულიო. ცეცხლის გარშემო დაფენილ ჭრელ ხალიჩებზე მოქეიფე ქართველთა საზოგადოებაში ვიჯექი. ირგვლივ ღვინის დოქები, ხილი, მწვანილი და ყველი შემოეწყოთ. შამფურზე ხორცი იწვებოდა. წყაროსთან ისხდნენ მოხეტიალე მუსიკოსები – საზანდარები, ხელში სხვადასხვა საკრავები ეჭირათ, რომელთა სახელებიც კი მუსიკასავით ჟღერდა: დაირა, ჭიანური, თარი, დიპლიპიტო. ქართველების თხოვნით რომელიღაც სპარსულ სამიჯნუროს – ბაიათს მღეროდნენ და ისედაც უცნაურად მშვენიერ გარემოს კიდევ უფრო ამშვენიერებდნენ. ამას ჩვენი ლათინურის მასწავლებელი „დიონისურ განწყობას“ უწოდებდა. ახლახან ჩამოსულმა ყიფიანების ოჯახმა ამ ჭალაში გამართა ნადიმი და აქაური დამსვენებლებიც მოიპატიჟა.

ჩემ წინ ნინოს მამა იჯდა. თამადა იყო და ტრადიციულ სადღეგრძელოებს სვამდა, თვალები უბრწყინავდა. ხშირი შავი ულვაში და წითური სახე ჰქონდა. ხელში თასი ეჭირა და ალავერდს ჩემთან გადმოვიდა. არ ვსვამდი, მაგრამ ცოტა მოვსვი. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დამელია, რადგან თამადა მოითხოვდა.

მსახურებს წყაროს წყალი მოჰქონდათ. ეს წყაროც ყარაბაღის უთვალავ საოცრებათა რიცხვს ეკუთვნოდა. ვინც ამ წყალს დალევდა, იმდენი შეეძლო ეჭამა, რამდენსაც მოისურვებდა. ვსვამდით ამ წყალს და საჭმლის გორაც უფრო და უფრო მცირდებოდა. ცეცხლის შუქზე ვხედავდი ნინოს დედის მკაცრ პროფილს. ის თავისი მეუღლის გვერდით იჯდა. თვალები უცინოდა. ეს თვალები სამეგრელოდან, რიონის მიდამოდან მოსდგამდა, სადაც ოდესღაც გრძნეული მედეა არგონავტ იაზონს შეხვდა.

თამადამ ჭიქა ასწია:

– ეს ღირსეულ დადიანებს გაუმარჯოს!

ერთმა მხცოვანმა, ბავშვურთვალება კაცმა მადლობის ნიშნად თავი დახარა. ჭიქები კვლავ დაიცალა. პეხახპიურის წყარო მართლაც სასწაულმოქმედი იყო. არავინ დამთვრალა. ეს მხოლოდ გულის თრობა იყო, ქართველი რომ განიცდის სუფრაზე. გონება კი ისევ პეხახპიურის წყაროსავით ანკარა ჰქონდათ.

ამ ჭალაში მარტო ჩვენ არ ვქეიფობდით. შორიახლოს უამრავი კოცონი დაენთოთ. წესად ჰქონდათ: ყოველ კვირას მთელი შუშა მიედინებოდა სხვადასხვა წყაროებთან. ნადიმები დილამდე გრძელდებოდა. და ამ წმინდა ჭალის წარმართულ ჩრდილში ქრისტიანებიცა და მაჰმადიანებიც ერთად დღესასწაულობდნენ.

მე ნინოს ვუყურებდი. ჩემ გვერდით იჯდა და ჭაღარათმიან დადიანს ესაუბრებოდა. ასეც უნდა ყოფილიყო – მოხუცები პატივისცემას იმსახურებენ, ახალგაზრდები კი სიყვარულს.

– ერთხელ ჩემთან უნდა ჩამოხვიდეთ ზუგდიდში ალი ხანთან ერთად და იქ ნახავთ სამეგრელოს ტროპიკულ, უღრან ტყეებს ათასწლოვანი ხეებით, – მოგვმართა თავადმა დადიანმა.

– სიამოვნებით ჩამოვალთ, მაგრამ ხეების სანახავად კი არა, თქვენს პატივსაცემად.

– მაინც რა გაქვთ ხეების საწინააღმდეგო, ჩემთვის ხეები სრულქმნილი სიცოცხლის განსახიერებაა.

– ალი ხანს ისე ეშინია ხეების, როგორც ბავშვს – მოჩვენებებისა.

– ეგ არაფერია. მაგ საქმეს ეშველება. მაგრამ ერთი კია, იმ შეგრძნებას, რასაც თქვენ ხეები განიჭებთ, მე უდაბნო მგვრის. ხეების სამყარო გონებას მირევს, შიშსა და იდუმალებას აღმიძრავს. ტყე დემონებითა და მოჩვენებებით არის სავსე. ტყის ჩრდილი, მზის სხივებს რომ შთანთქავს, სევდას მგვრის. ხეების შრიალის ხმაც კი მთრგუნავს. ისევ ჩემი უდაბნო მირჩევნია მთელი თავისი უბრალოებით: ქვიშით, ქარითა თუ მზით. უდაბნო ისეთივე იოლი რამაა, როგორც ხანჯლის დარტყმა. ტყე კი გორდიას კვანძივით რთულია. ტყე თავგზას მიბნევს.

დადიანმა დაფიქრებით გამომხედა.

– თქვენ უდაბნოს ადამიანის სული გაქვთ. – მითხრა მან. – იქნებ სწორიცაა ადამიანთა ამგვარი დაყოფა: ტყის და უდაბნოს ადამიანები. აღმოსავლელს მშრალი თრობა, ალბათ, უდაბნოდან მოსდგამს. იქ ცხელი ქვიშაც, ცხელი ნიავიც კი ათრობს. უდაბნოს სამყარო უბრალოა და დაბრკოლებებს არ გიქმნის. ტყე კი კითხვებითა და იდუმალებითაა სავსე. უდაბნო არც არაფერს გეკითხება, არც არაფერს გაძლევს, არც არაფერს გპირდება. ჩემი აზრით, უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან აღვსილნი, ერთი ჭეშმარიტება გააჩნიათ. ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვთ. სულის ცეცხლოვანება ტყიდან მომდინარეობს. უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში კი – შემოქმედნი. ალბათ ესაა ძირითადი განსხვავება აღმოსავლელსა და დასავლელს შორის.

– ამიტომაც გვიყვარს ჩვენ, სომხებს და ქართველებს, ტყე. – ჩაერია საუბარში მელიქ ნახარარიანი, სომხური კეთილშობილური წარმომავლობის მსუქანი კაცი, გადმოკარკლული თვალებითა და ხშირი წარბებით. უყვარდა ფილოსოფოსობა და სმა. ერთმანეთისადმი ცუდად არ ვიყავით განწყობილნი. მან ჩემი სადღეგრძელო შესვა და მომაძახა:

– ალი ხან, მთებში არწივებია, ჯუნგლებში – ვეფხვები, მაშ უდაბნოში რაღაა?

– ლომები და მებრძოლები. – არ დავაყოვნე პასუხი. ნინომ აღტაცებით შემოჰკრა ტაში.

შამფურზე აგებული ცხვრის მწვადები ჩამოატარეს. კვლავ და კვლავ ივსებოდა დოქები. ქართველთა სიცოცხლის ხალისი მთელ ტყეს მოსდებოდა. დადიანი ნახარარიანს ებაასებოდა. ნინომ ეშმაკურად, მალულად გამოაპარა ჩემკენ მზერა. მეც თავი დავუქნიე. უკვე ბნელოდა. ცეცხლის შუქზე ადამიანები მოჩვენებებსა ჰგავდნენ. ჩვენთვის არავის ეცალა. შეუმჩნევლად წამოვდექი და წყაროსკენ მიმავალ გზას ნელ-ნელა გავუყევი. წყაროსთან ჩავიმუხლე და მუჭით შევსვი. დიდხანს ჩავცქეროდი წყლის ზედაპირზე არეკლილ მოციმციმე ვარსკვლავებს. უკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. ხმელ ტოტებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდათ მის პატარა ფეხქვეშ. ნინოს ხელი ჩავკიდე და ასე ხელიხელჩაკიდებულებმა, ტყის სიღრმისკენ გავწიეთ. ხეები მუქარით შემოგვცქეროდნენ. პატარა მდელოზე ჩამოვსხედით. ნინო ჩემკენ მაცდურად გადმოიხარა. მოხუცი მუსტაფას ნაამბობი გამახსენდა: მას მერე შემცირდა მოსავალი, რაც ამ თვრამეტი წლის წინ ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეილახაო. ერთმანეთს თვალებში ჩავცქეროდით. ამოუცნობად მეჩვენა მთვარის შუქზე გაფერმკრთალებული ნინოს სახე.

– თავადის ასულო,– ჩავიბუტბუტე მე. ოცდაოთხი საათი იქნებოდა, რაც ის თავადის ასული იყო. და ალბათ ოცდაოთხი წელი დასჭირდა მამამისს, ვიდრე ეს წოდება მოიპოვა. სწორედ ამ დილას მიიღო პეტერბურგიდან დეპეშა. ბავშვივით ხარობდა თავადი, თითქოს დაკარგული დედა ეპოვოს. ნადიმიც ამ ამბის აღსანიშნავად გამართა ჭალაში.

– თავადის ასულო, – გავიმეორე კვლავ და იმისი სახე ხელებში მოვიქციე. არ გამძალიანებია. იქნებ კახური ღვინის ბრალი იყო, ან იქნებ ამ ტყემ, ამ მთვარემ დაათრო? საოცრად ნაზი და თბილი ხელები ჰქონდა. რბილ ხავსზე გადავეშვით და ერთიმეორეს თვალებში ჩავხედეთ. ხელებით მისი მკერდის სიმკვრივეს შევიგრძნობდი. მისგან რაღაც უცნაურ ლტოლვას ვგრძნობდი და მეც გადმომეცემოდა. თითქოს მთელი მისი არსება მიწის წიაღში ჩაკარგული სუნთქვის მსგავსად დაგროვილ ვნებას აევსო. თვალები მიელულა. კაბის ღილები ფრთხილად შევუხსენი. და მთვარის შუქზე მისი ქათქათა კანი ოპალივით ყვითლად გამოკრთა. გული უფართხალებდა და დაუოკებელი ვნებისაგან გონებაარეული, დაბნეულად რაღაცას ჩამჩურჩულებდა. ბაგეებით მის პატარა მკერდში ჩავიკარგე. მისი ტანის სურნელს, მისი კანის მოტკბო გემოსაც კი შევიგრძნობდი. მუხლები უცახცახებდა. თვალებიდან ნეტარების ცრემლები სდიოდა. მე კი ამ ცრემლიან თვალებს ვუკოცნიდი და დანამულ ლოყებს ვუმშრალებდი. უცბად წამოიმართა. დუმდა. საკუთარი გამოუცნობი შეგრძნებებისა თუ მღელვარებისაგან ხმას ვერ იღებდა. ჩვიდმეტი წლის იყო ჩემი ნინო, ჯერ კიდევ წმინდა თამარის სახელობის ლიცეუმში დადიოდა.

– მგონი, მიყვარხარ, ალი ხან, მერე რა მოხდა, რომ თავადის ასული ვარ? – დაარღვია მან დუმილი.

– შეიძლება დიდხანს ვეღარც დარჩე თავადის ასულად. – ვუთხარი მე ხუმრობით.

ნინომ გაოცებით შემომხედა.

– რას გულისხმობ, მეფე წოდებას ჩამოგვართმევს?

– არა, შენ მაგ წოდებას თავისთავად დაკარგავ, როცა გათხოვდები და ხანის წოდებას მიიღებ. ისე არც ხანის წოდებაა ნაკლები.

ნინომ ხელები შემოიწყო კისერზე. თავი უკან გადააგდო და კისკისით მითხრა:

– ხანი, თუ როგორ იტყვიან ქალზე? თუ მაგის შესატყვისი არ არსებობს? ისე, ხელის სათხოვნელად უცნაური ადგილი კი შეარჩიე. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, სადმე ხომ უნდა გეთქვა?

– დიახ, უნდა მეთქვა.

– და თუ მე თანხმობას გეტყვი, შუშაზე კარგი მოგონება დაგრჩება და ხეებიც შეგიყვარდება?

– მგონი, უკვე მიყვარს კიდეც.

– მაგრამ, იცოდე, საქორწინო მოგზაურობაში ბიძაშენთან თეირანში წავალთ და მეც ვნახავ მისი აღმატებულების ჰარამხანას, მაინტერესებს, ერთხელ მაინც შევავლო თვალი სქელ-სქელ ქალებს, ჩაის რომ მიირთმევენ და საუბრობენ.

– მერე?

– და მერე უდაბნოში წამიყვან, რადგან იქ არავინაა, მე რომ მიმზიროს.

– არა, ნინო, უდაბნო შენ არ გჭირდება, არ მოგეწონება.

ნინომ კირესზე შემომაჭდო ხელები, ცხვირი შუბლზე მომადო და მითხრა:

– იქნებ მართლაც გამოგყვე ცოლად, ალი ხან?! მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია, რამდენი რამის გადალახვა მოგვიწევს კიდევ უდაბნოსა და ტყის გარდა?

– მაინც რის?

– ჯერ ერთი, დედაჩემი და მამაჩემი დაიხოცებიან, მე რომ ცოლად მაჰმადიანს გავყვე. მამაშენი კი ჩემგან სარწმუნოების შეცვლას მოითხოვს. მე თუ ამას გავაკეთებ, დიდი მეფე დამსჯის ქრისტიანობის ღალატისათვის და ციმბირში გადამასახლებს. შენც ზედ მოგაყოლებს შეცდენისათვის.

– და მერე ვისხდებით მე და შენ ერთად ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ერთ-ერთ ყინულზე და თეთრი დათვები შეგვჭამენ, – ვიცინოდი მე. – არა, ნინო, მთლად ასე საშინლად არ იქნება საქმე. შენ არ მოგიწევს ისლამის მიღება, არც შენი მშობლები დაიხოცებიან დარდისაგან. ჩვენ საქორწინო მოგზაურობით პარიზსა და ბერლინში წავალთ. და შენ იქ ბულონის ტყეში ხეებს, ნაკრძალებში კი ცხოველებს ნახავ. აბა, რას იტყვი?

– შენ ისეთი კეთილი ხარ, უარს ვერ გეტყვი. თუმცა ცოტა ხანს უნდა მოვიცადოთ. სკოლას რომ დავამთავრებ, მშობლებს ვუთხრათ. მაგრამ, იცოდე, მოტაცების ნებას არ მოგცემ, ეგ არა. კარგად ვიცი, როგორც აკეთებთ ხოლმე: ქალს ცხენზე შემოისვამთ, მთებში გააქანებთ და მერე ყიფიანების მოსისხლე მტრები გახდებით. უცბად ნინო საოცარმა სიცელქემ შეიპყრო. თითქოს ყველაფერი უღიმოდა: სახე, ბაგეები, ხელები. ხის ტანს მიეყრდნო, თავი გადახარა და ქვეშიდან მიმზერდა. ხეების ჩრდილში მონადირისაგან დამფრთხალ, ტყეში შემოხიზნულ ნადირს ჰგავდა.

– წავიდეთ. – თქვა მან და კვლავ დიდი ცეცხლისკენ გავწიეთ. გზაში ისევ რაღაც გაახსენდა ნინოს. შეჩერდა, მთვარეს ახედა და მკითხა: – ჰო, მართლა, ჩვენი შვილები რა რჯულისა იქნებიან?

– რაღა თქმა უნდა, ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი სარწმუნოებისა. – ვთქვი მე დათმობით.

მან უნდობლად გამომხედა და ცოტა ხნის დუმილის შემდგომ კვლავ წამოიწყო: „ძალიან დიდი ხომ არა ვარ შენთვის? მალე ჩვიდმეტისა ვხდები. შენი მომავალი ცოლი ხომ თორმეტისა უნდა იყოს.“

– ნუ გეშინია, დიდი არა ხარ, მაგრამ აი, ჭკუას რაც შეეხება, მგონი, საჭიროზე მეტად ჭკვიანიც ხარ. – დავამშვიდე მე. – თუმცა ჭკუა ყოველთვის მისასალმებელი არაა. ვინ იცის, იქნებ ჩვენში, აღმოსავლეთში, ნაადრევად ვიზრდებით და ვბრძენდებით.

ხეებმა, ნინომაც, კოცონის შორეულმა ნათებამ და, განსაკუთრებით კი საკუთარმა თავმა, სულ ამრია. ზედმეტი ხომ არ მომივიდა კახური ღვინო, უდაბნოს ყაჩაღივით სიყვარულის მშვიდ ბაღში რომ გადავსახლდი? თუმცა ნინო სულ არ ჰგავდა უდაბნოს ყაჩაღის მსხვერპლს, მშვიდად და აუღელვებლად მოაბიჯებდა ჩემ გვერდით. სად გაქრა ის წეღანდელი ლტოლვა, ან ის ცრემლები, ან ის სიცილი. ჩვენი გაუჩინარება არავის შეუმჩნევია. ცეცხლთან რომ დავჯექი, მაშინღა შევნიშნე, როგორ მეწვოდა ტუჩები. ჭიქა პეხახპიურის წყლით შევავსე და ხარბად დავეწაფე. ჭიქას რომ ვდგამდი, ნახარარიანის ეშმაკურ მზერას წავაწყდი, თითქოს თანამიგრძნობდა.



Загрузка...