შემოდგომის პირველი დღეები იდგა სპარსეთში, როცა ენვერის ჯარმა ბაქო დაიკავა და ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ ბაზარში, ჩაიხანებსა და სამინისტროებში. ქალაქიდან გამოქცეული დამშეული და დაქსაქსული უკანასკნელი რუსი ჯარისკაცები სპარსეთისა და თურქეთის ნავსადგურებს მოაწყდნენ. ისინი ჰყვებოდნენ, როგორ აღიმართა ციხე-სიმაგრის უძველეს გოდოლზე გამარჯვების ნიშნად წითელი დროშა, რომელზეც თეთრი ნახევარმთვარე იყო გამოსახული. არსლან აღამ თეირანის გაზეთებში არაჩვეულებრივი წერილი გამოაქვეყნა ბაქოში თურქების ძლევამოსილ შემოსვლაზე, მაგრამ ბიძია ასად ას-სალთანემ აკრძალა ეს გაზეთები. თურქები სძულდა და ეგონა, ამით ინგლისელებსაც ასიამოვნებდა. მამაჩემი პრემიერმინისტრთან მივიდა თხოვნით, გემებით მიმოსვლა განეახლებინათ სპარსეთსა და ბაქოს შორის. პრემიერ-მინისტრი ჯერ ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა. ჩვენც შესაძლებლობა მოგვეცა, ენზელისაკენ გავმგზავრებულიყავით, საიდანაც სპარსეთში გადმოხვეწილნი გემ „ნასრ ედ-დინით“ განთავისუფლებულ სამშობლოში დავბრუნდით.
ბაქოს ნავსადგურთან მხნედ შემოგვეგებნენ ბეწვის მაღალფაფახიანი ჯარისკაცები. ილიას ბეგი ხმლით მოგვესალმა, თურქმა პოლკოვნიკმა კი სიტყვა წარმოთქვა და თან ცდილობდა, სტამბოლურ თურქულში ჩვენი მშობლიური დიალექტიც გაერია. დავბრუნდით ჩვენს გაუკაცრიელებულ, გამოცარიელებულ, გაძარცულ სახლში. ნინომ დიასახლისობის შეუდარებელი უნარი გამოამჟღავნა. მთელი დღეები მუშებით იყო დაკავებული, ავეჯის მაღაზიებში დარბოდა, საქმიანი სახით ანგარიშობდა, ზომავდა ოთახების სიგრძე-სიგანეს, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა არქიტექტორებთან. სახლი ხელოსნების ხმაურით, საღებავის, ხისა და ცემენტის სუნით გაივსო.
მთელი ამ ქაოსის შუაგულში კი ნინო იდგა გაბრწყინებული და თავდაჯერებული იმით, რომ შეეძლო თავისუფლად აერჩია ავეჯი თუ შპალერი.
საღამოობით მორცხვად და ბედნიერი სახით ანგარიშს მაბარებდა:
– არ გაუჯავრდე შენს ნინოს, ალი ხან, საწოლები შევუკვეთე, ნამდვილი საწოლები, ტახტების ნაცვლად. შპალერები ღია ფერისა იქნება, იატაკზე ხალიჩები ეგება. ბავშვის ოთახს სულ თეთრად შევღებავთ. სპარსეთის ჰარამხანისაგან განსხვავებით, აქ ყველაფერი სხვაგვრად უნდა იყოს.
ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ყელზე მომეხვია, სახე ლოყაზე მომადო, რადგან სინდისი ქენჯნიდა. მერე თავი გვერდზე გადახარა და შეეცადა, პატარა ენით ცხვირის წვერს მისწვდომოდა. ყოველთვის ასე იცოდა, თუკი რაიმე სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა: გამოცდების, ექიმთან წასვლის თუ დაკრძალვის წინ. წმინდა ჰუსაინის დღესასწაული გამახსენდა და ყველაფერზე დავთანხმდი. მინდოდა ნინოს გაეხარა, თუმცა ფეხით ხალიჩების გადაქელვა, ევროპულ მაგიდასთან ჯდომა ჩემთვის საოცრად მტკივნეული იყო. მარტო სანაპიროს ცქერაღა დამრჩენოდა ჩემი საკუთარი სახლის ბანიდან. კიდევ კარგი, ნინოს სახურავის გადასხვაფერებაც არ შემოუთავაზებია.
აუტანელი მტვრითა და ხმაურით აივსო მთელი სახლი. მამაჩემთან ერთად ბანზე ვიჯექი, თავი გვერდზე მქონდა გადახრილი, ნინოსავით ვაწვალებდი ენას და მამას დამნაშავესავით შევქცეროდი. მამაჩემის გამოხედვაში დაცინვას ვგრძნობდი!
– არაფერია, შვილო, რას იზამ! სახლის საქმე ქალს ეხება. ნინო სპარსეთში კარგად მოიქცა. თუმცა ეს მისთვის იოლი არ იყო. ახლა შენი ჯერია. ნუ დაგავიწყდება, რაც გითხარი. ბაქო ახლა ევროპა გახდა სამუდამოდ. ჩაკეტილი ცივი ოთახები და წითელი ხალიჩები კედლებზე სპარსეთის ცხოვრებაა.
– შენა, მამა?
– მეც სპარსეთს ვეკუთვნი. იქ ვიქნები, ვიდრე ბავშვი დაიბადება. ჩვენს სახლში ვიცხოვრებ და დაველოდები, სანამ იქაც საწოლები და თეთრი შპალერები შემოვა.
– მე აქ უნდა დავრჩე, მამა.
– ჰო, – დამეთანხმა იგი გულწრფელად, – ვიცი.
მერე კი განაგრძო:
– შენ ეს ქალაქი გიყვარს, ნინოს – ევროპა. მე მაღიზიანებს ეს ახალი დროშა, ახალი სახელმწიფოს ხმაური და უღმერთობის სუნი, მთელ ქალაქს რომ მოსდებია.
მშვიდად საუბრობდა. ახლა თავის ძმას, ასად ას-სალთანეს ჰგავდა.
– მოხუცი ვარ, ალი ხან. გამიჭირდება ამ ყველაფერთან შეგუება. შენ ჯერ ახალგაზრდა და ძლიერი ხარ და აზერბაიჯანს სჭირდები.
ბინდში ჩაძირულ ბაქოს ქუჩებში დავსეირნობდი. კუთხეებში თურქებს პატრული ჩაეყენებინათ. ცივი, უაზრო მზერა ჰქონდათ. ერთ-ორ ოფიცერს გამოველაპარაკე. ისინი სტამბოლის მეჩეთებზე, ტატლი-სუს ზაფხულის საღამოებზე მიამბობდნენ. მოხუცი გუბერნატორის შენობასთან ახალი სახელმწიფო დროშა ფრიალებდა. სკოლაში პარლამენტი დაბინავებულიყო. ძველი ქალაქი თითქოს მასკარადულ ცხოვრებაში ჩაეთრიათ. ფათჰ ალი ხანი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო – კანონებსა და ბრძანებებს გამოსცემდა. მირზა ასადულაჰი, ძმა იმ ასადულაჰისა, ყველა რუსის ამოხოცვას რომ გეგმავდა, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ და ხელშეკრულებებს დებდა მეზობელ ქვეყნებთან. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შეუჩვეველმა გრძნობამ უცბად მეც მომხიბლა და ეს ახალი გერბი, ფორმები, სახელმწიფო მოღვაწეები და კანონები თითქოს შემიყვარდა კიდეც. თავი პირველად ვიგრძენი ნამდვილად საკუთარ სახლში, საკუთარ სამშობლოში. რუსები მოკრძალებით მეპყრობოდნენ, თვით ჩემი ყოფილი მასწავლებლებიც კი პატივისცემით მესალმებოდნენ.
საღამოობით ადგილობრივ კლუბში მშობლიურ მელოდიებს უკრავდნენ. იქ ვუმასპინძლდებოდით მე და ილიას ბეგი ფრონტიდან დაბრუნებულ ოფიცრებს, ისევ ფრონტზე რომ აპირებდნენ წასვლას. ისინი ბაღდადის დაკავების, სინის უდაბნოს ამბებს გვიამბობდნენ. მათ ტრიპოლის ქვიშიანი დიუნები, გალიციის დამტვერილი გზები, სომხეთის მთების თოვლიანი ქარიშხალი იხილეს. წინასწარმეტყველის მოძღვრების მიუხედავად, ისინი შამპანურს ეტანებოდნენ, გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ენვერსა და თურანის მომავალ სამფლობელოზე, რომელშიც ყველა თურქული წარმომავლობისა და სისხლის ადამიანს შეეძლო გაერთიანება. გაოგნებული, მთელი გულისყურით ვუსმენდი მათ ნაამბობს და, საბოლოოდ, არარეალურად და ბუნდოვნად მესახებოდა, როგორც მშვენიერი, დაუვიწყარი სიზმარი. ქალაქში დიდი სამხედრო აღლუმი გაიმართა. სამხედრო მარშზე, ცხენზე ამხედრებულ, ვარსკვლავებით მკერდდამშვენებულ ფაშას, მთელი ფრონტი რომ ჰქონდა შემოვლილი, მადლიერებით აღვსილნი დიდებითა და პატივით ვესალმებოდით. სუნიტებსა და შიიტებს შორის განსხვავებაც კი დაგვავიწყდა და მზად ვიყავით, ფაშისათვის დაკუნთული ხელი დაგვეკოცნა და ოსმალთა ხალიფისათვის შეგვეწირა თავი. მხოლოდ სეიედ მუსტაფა იდგა განზე. მის თვალებში ზიზღი, სიძულვილი იკითხებოდა. სეიედმა ფაშის მკერდზე ვარსკვლავებსა და ნახევარმთვარეს შორის ბულგარეთის სამხედრო ჯვარი შენიშნა და მუსლიმის მკერდზე ეს უცხო რწმენის სიმბოლოდ მიიჩნია.
აღლუმის შემდეგ მე, ილიას ბეგი და სეიედი სანაპიროზე ვისხედით. ხეებს შემოდგომის ფოთლები სცვიოდა. ჩემი მეგობრები ახალი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებზე ცხარედ კამათობდნენ. თურქ ოფიცრებთან საუბრისა და საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ილიას ბეგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენს ქვეყანას რუსების ხელახალი შემოჭრისაგან მზარდი ევროპული რეფორმები თუ გადაარჩენდა.
– ხომ შეიძლება, ააგო ციხე-სიმაგრეები, გაატარო ახალი რეფორმები, გაიყვანო გზატკეცილები და მაინც ჭეშმარიტ მაჰმადიანად დარჩე?! – დაასრულა მან პათეტიკურად.
სეიედმა შუბლი შეიჭმუხნა. დაღლილი თვალები ჰქონდა და ცივად უთხრა:
– განაგრძე, ილიას ბეგ. მითხარი ერთი, შესაძლებელია, რომ ღვინო სვა, ღორის ხორცი ჭამო და მაინც ნამდვილ მაჰმადიანად დარჩე? ევროპელები კაი ხანია ღვინის ხიბლს ეზიარნენ და აღმოაჩინეს, რომ ღვინო ჯანმრთელობაა, ღორის ხორცი კი – გემრიელი. მაშინაც შეიძლება, ჭეშმარიტ მაჰმადიანად დარჩე? მთავარანგელოზი ამას არ დაიჯერებს სამოთხის კართან.
ილიას ბეგს გაეცინა:
– დიდი სხვაობაა ღორის ხორცის ჭამასა და საბრძოლო მომზადებას შორის.
– ჰო, მაგრამ ღორის ხორცის ჭამასა და სმას შორის არა. თურქები კი შამპანურს საჯაროდ სვამენ და გულზე ჯვარი ჰკიდიათ.
ვუსმენდი ჩემს მეგობრებს და უცბად ვკითხე:
– სეიედ, შეიძლება, საწოლზე იწვე, მაგიდასთან დანა-ჩანგლით ჭამდე და ჭეშმარიტ მაჰმადიანად დარჩე?
სეიედს გაეცინა და თბილად მომმართა:
– შენ მაინც ყოველთვის ნამდვილ მაჰმადიანად დარჩები. მე გნახე შენ სპარსეთში მოჰარამის დღეს.
ხმა არ ამომიღია. ილიას ბეგმა სამხედრო ქუდი გვერდზე გადაიწია:
– მართალია, რომ ევროპულ სახლს იწყობ, თანამედროვე ავეჯითა და ნათელი შპალერით?
– ჰო, მართალია, ილიას ბეგ.
– ეგ კარგია, – თქვა გადაჭრით, – ჩვენ ახლა მთავარი ქალაქი ვართ. უცხოელების მიღებაც მოგვიწევს. ისეთი სახლები გვჭირდება, სადაც მათი მიღება შეგვეძლება, გვჭირდება ქალები, რომლებიც დიპლომატების ცოლებთან საუბარს შეძლებენ, ჭეშმარიტად კარგი ცოლი გყავს საამისოდ. სახლიც ზედგამოჭრილი გექნება. ერთი სიტყვით, საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იმუშაო.
გამეცინა:
– ილიას ბეგ, შენ ჩემს ცოლსა და სახლზე ისე მსჯელობ, თითქოს ცხენები ვიყოთ, საერთაშორისო რბოლაში მონაწილეობისათვის რომ ამზადებენ. გგონია, სახლს საერთაშორისო მიზნებისთვის ვაშენებ?
– წესით, ასე უნდა იყოს. – ისე დამაჯერებლად თქვა ილიას ბეგმა, რომ ვიგრძენი, მართალს ამბობდა. ჩვენ ახლა ახალი სახელმწიფოსათვის უნდა გვემსახურა და ყველაფერი გვეღონა, რომ აზერბაიჯანი გაბრწყინებულიყო.
შინ რომ დავბრუნდი, ნინომ მკითხა, წინააღმდეგი ხომ არა ხარ, იატაკი პარკეტისა იყოს და კედლებზე ზეთის საღებავით შესრულებული ნახატები დავკიდოთო. როცა გაიგო, რომ თანახმა ვიყავი, თვალები ისე გაუბრწყინდა, როგორც მაშინ, პეხახპიურის წყაროსთან.
ამ ხანებში ხშირად გავდიოდი უდაბნოში. მზე სისხლისფერი დასავლეთისაკენ ეშვებოდა. საათობით დავეხეტებოდი სანაპიროზე. ხშირად ვხედავდი თურქი ოფიცრების დაძაბულ, შეფიქრიანებულ სახეებს. ჩვენი ქვეყნის ალიაქოთი მსოფლიო ომის შორეული ზარბაზნების ქუხილმა ჩაახშო. სადღაც, აქედან შორს, თურქების მოკავშირე ბულგარელების პოლკები მტრის შემოტევაზე უკან იხევდნენ.
– ფრონტი გაარღვიეს, ვეღარ გაუძლებენ. – ამბობდნენ ისინი. უხასიათოდ იყვნენ, შამპანურსაც აღარ სვამდნენ. ქალაქში მწირი ამბები აღწევდა და ელვისებურად ვრცელდებოდა. მუდროსის შორეულ სანაპიროზე, ბრიტანულ მძიმე კრეისერ „აგამემნონში“ ერთი მხრებში მოხრილი კაცი ჩაჯდა. ეს გახლდათ დროებითი ზავის დასრულებამდე დიდი ოტომანის იმპერიის ხალიფის ნდობით აღჭურვილი პირი, საზღვაო ფლოტის მინისტრი ჰუსეინ რაუფ ბეი. საკმარისი აღმოჩნდა მისი ერთი ხელმოწერა ფურცლის კუთხეში, რომ ფაშას, რომელიც ჩვენს ქალაქზე ბატონობდა, თვალები ცრემლით ავსებოდა.
ერთხელ კიდევ გაისმა ბაქოს ქუჩებში სიმღერა თურანის სამეფოზე, მაგრამ ამჯერად მას სამგლოვიარო ელფერი უფრო დაჰკრავდა. ცხენზე ამხედრებულმა ლაიკის ხელთათმანებიანმა ფაშამ კიდევ ერთხელ შემოიარა ფრონტი. თურქებს გაოგნებული სახეები ჰქონდათ. ოსმალთა წმინდა სახლის წინ დროშები აახვიეს, დაფდაფებს შემოჰკრეს. ფაშამ, წინასწარმეტყველის მოსასხამს რომ ატარებდა, ხელთათმანიანი ხელი შუბლთან მიიტანა და კოლონებმა ნელ-ნელა იწყეს ქალაქიდან გასვლა, უკან მოიტოვეს სტამბოლის მეჩეთების, ხალიფის და წინასწარმეტყველის მოსასხამის ზღაპრული სილუეტები.
სანაპიროზე ვიდექი, როცა ერთ დღეს შორს, კუნძულ ნარგინის უკან, ინგლისელ ოკუპანტთა ჯარებით სავსე პირველი გემები გამოჩნდა. გენერალს ცისფერი თვალები ჰქონდა, მოკლე წვერს ატარებდა. ქალაქი თანდათან ივსებოდა კანადელებით, ავსტრალიელებით, ახალზელანდიელებით.
იაკის გაერთიანების დროშა აფრიალდა ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით. ერთ დღეს ფათჰ ალი ხანმა თავისთან, სამინისტროში დამიბარა.
როცა სამინისტროში შევედი, სავარძელში იჯდა, დამინახა თუ არა, ცეცხლოვანი მზერა მესროლა.
– ალი ხან, რატომ არა ხართ სახელმწიფო სამსახურში? – მკითხა მან.
თავადაც არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მის მაგიდაზე ქაღალდების სქელ შეკვრას რომ გადავხედე, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი:
– მთლიანად ჩემს სამშობლოს ვეკუთვნი, ფათჰ ალი ხან. თქვენს სამსახურში მიგულეთ.
– როგორც ვიცი, თქვენ უცხო ენებისადმი მიდრეკილება გაქვთ, რამდენ ხანში შეძლებთ შეისწავლოთ ინგლისური?
მოულოდნელობისაგან გამეცინა:
– სწავლა არ მჭირდება, დიდი ხანია, ვიცი.
გაჩუმდა, სავარძელში ღრმად ჩაჯდა და ცოტა ხნის შემდეგ მკითხა:
– ნინო როგორ არის?
გამიკვირდა, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ჩვენი ყველა ადათი იცოდა, ცოლის ამბავს მეკითხებოდა.
– გმადლობთ, თქვენო ღირსებავ, ჩინებულად.
– იმანაც იცის ინგლისური?
– დიახ.
ის დუმდა და ხელით წვერს იწვალებდა.
– ფათჰ ალი ხან, ვიცი, რაც გსურთ. ჩემი სახლი ერთ კვირაში მზად იქნება. ნინოს კარადა სავსეა საღამოს კაბებით, ინგლისურს ვფლობთ და შამპანურის ყიდვაც შემიძლია.
მან წვერი მოიფხანა, შეფარვით ჩაიცინა და თვალებში სითბო ჩაეღვარა:
– მომიტევეთ, თქვენი შეურაცხყოფა არ მინდოდა – ხალხი ჩვენს ქვეყანაში ღარიბია. იშვიათია ვინმე, ვისაც ევროპელი ცოლი ჰყავს, უძველესი წარმომავლობის გვარისაა და ინგლისურს ფლობს. თუნდაც მე არასოდეს მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისური მესწავლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპულ სახლსა და ევროპელ ცოლზე. არადა, დღეს ჩვენ სწორედ ისეთი ადამიანები გვჭირდება, თქვენ რომ ბრძანდებით.
დაღლილი ჩანდა. კალამი აიღო.
– დღეიდან თქვენ ხართ ატაშე დასავლეთ ევროპის დეცენატში. ასადულაჰთან, საგარეო მინისტრთან მიბრძანდით, ყველაფერს აგიხსნით. და ნუ გაბრაზდებით... თქვენი სახლი ხუთ დღეში მზად იქნება, არა? მრცხვენია, ამგვარი თხოვნით რომ მოგმართავთ, მაგრამ...
– რა თქმა უნდა, პატივცემულო. – ვუთხარი მე და თან ჩემს თავს შევნიშნე, რომ სიამაყე დამეუფლა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემში ჩემი ძველი, ერთგული, საყვარელი მეგობარი ბოროტი განზრახვით მივატოვე და უარვყავი.
სახლში დაბრუნებულს ნინო კიბეზე დამხვდა. ხელები სულ თიხითა და საღებავით ჰქონდა მოთხუპნული. კიბეზე იდგა და ლურსმანს ათვალიერებდა, რომელზეც ზეთის საღებავით შესრულებული ტილო უნდა დაეკიდებინა. გაოცდებოდა, ალბათ, რომ მეთქვა, ამ ყველაფრით შენ სამშობლოს ემსახურები-მეთქი, მაგრამ სიტყვაც არ დამიძრავს. უბრალოდ, უფლება, მივეცი მაცივარი შეეძინა ევროპული ღვინის ჩასაციებლად. მერე კი ჭუჭყიანი თითები დავუკოცნე.