ჩვენი სახლის ბრტყელ, ქარისგან დაცულ ბანზე გაფენილ ყარაბაღულ ხალიჩაზე ფეხმორთხმულნი ვისხედით მამაჩემი, ბიძაჩემი და მე. უკან ფარნებით ხელში მსახურები იდგნენ. ძალიან ცხელოდა. წინ კი მადის აღმძვრელი აღმოსავლური ნუგბარი კერძების მთელი წყება ეწყო: თაფლის ნამცხვარი, დაშაქრული ხილი, შამფურზე აგებული ცხვრის ხორცი, ქათამი ბრინჯით და ქიშმიშით.
როგორც ყოველთვის, ახლაც აღფრთოვანებული ვიყავი მამაჩემისა და ბიძაჩემის მოხერხებულობით. მარცხენა ხელს არც კი ხმარობდნენ, ისე მოატეხდნენ ლავაშს, დაახვევდნენ, ამოავსებდნენ ხორცით და მადიანად შეექცეოდნენ. მთელი გრაციოზულობით ჩაყოფდნენ მარჯვენა ხელს ცხიმიან ფლავში, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ოხშივარი და ისე ჭამდნენ სამი თითით, ერთი მარცვალიც არ უვარდებოდათ.
რუსები კი თავისი ჭამა-სმის ხელოვნებით ტრაბახობენ. არადა, დანა-ჩანგალს ხომ ყველაზე სულელიც კი ერთ თვეში გაართმევს თავს. მეც მშვენივრად ვხმარობდი დანა-ჩანგალს და ევროპული სუფრის ყველა წესს ვფლობდი მაშინ, როცა თვრამეტი წლისაც ისე დახვეწილად ვერ ვჭამდი თითებით, როგორც ბიძაჩემი და მამაჩემი. გასაოცარი იყო, მაგრამ ისინი სამი თითით აღმოსავლურ კერძებს ისე მიირთმევდნენ, რომ ხელისგულებიც კი არ ესვრებოდათ. ჩვენი ჭამის წესებს ნინო ბარბაროსულს უწოდებდა. ვერაფრით ვერ წარმოედგინა, როგორ ვიჯექი ხალიჩაზე და როგორ ვჭამდი ხელით. თუმცა ერთი რამე ავიწყდებოდა: მამამისიც, ალბათ, ოცი წლისა იქნებოდა, ჩანგალი პირველად რომ აიღო ხელში.
ჭამის შემდეგ ხელები დავიბანეთ. ბიძაჩემმა ერთხანს ილოცა. მსახურებმა კერძები აალაგეს, პატარა ფინჯნებით მუქი ჩაი შემოიტანეს და, როგორც ძველად იტყოდნენ, კარგ ჭამას კარგი საუბარი მოსდევსო, ბიძაჩემმა ძველი ამბების გახსენება დაიწყო. მამაჩემი შიგადაშიგ თუ ჩაურთავდა ერთ-ორ სიტყვას, მე კი ვდუმდი. წესი მოითხოვდა ასე. მხოლოდ ბიძაჩემი ლაპარაკობდა. ყოველთვის ასე იყო, როცა ბაქოში ჩამოდიოდა ხოლმე. შაჰ ნასრ ედ-დინის დროს იხსენებდა, რომლის კარზეც მან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩემთვის გაურკვეველი როლი შეასრულა.
„პატივი მქონდა, ოცდაათ წელიწადს დედოფლისა და მეფის გვერდით ერთ ხალიჩაზე ვმჯდარიყავი. სამჯერ ვახლდი მის უდიდებულესობას საზღვარგარეთ. ალბათ ჩემზე უკეთ ურწმუნოთა სამყაროს არავინ იცნობს. ბევრი რამ ვნახე კაიზერის სასახლეებში, ჩვენი დროის ცნობილი ქრისტიანები გავიცანი. უცნაურია მათი სამყარო. მაგრამ ყველაზე უცნაური კი ისაა, როგორ ეპყრობიან ისინი ქალებს. მეფისა და კაიზერის ცოლები ყველას თვალწინ თითქმის შიშვლები დადიან და ეს არავის აღელვებს. ალბათ ქრისტიანები ნამდვილი მამაკაცები არ არიან, ან იქნებ რამე სხვა მიზეზიც კი არსებობს. ღმერთმა უწყის, არადა, ურწმუნოები შეიძლება ზოგჯერ უმნიშვნელო რამემაც კი ააღელვოს. ერთხელ მისი უდიდებულესობა რუსეთის მეფის კარზე იყო მიწვეული. შაჰმა თავის თეფშზე დადებულ ქათმის ნაჭერს მარჯვენა ხელის სამი თითით ხორცის საუკეთესო ნაწილი მოაცილა და დედოფალს თეფშზე დაუდო. უნდოდა, ასეთი თავაზიანობით მისთვის თავი მოეწონებინა; ის კი გაფითრდა და შიშისგან ხველა აუტყდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ უფლისწული და სასახლის დიდებულები საშინლად აღუშფოთებია შაჰის ამ საქციელს. ისინი რომ თავის სიშიშვლეს მთელ მსოფლიოს უჩვენებენ, არაფერია, თავაზიანობას კი არაფრად დაგიდევენ. ის კი არა, მეფემ საფრანგეთის ელჩს ნებაც კი დართო, რომ დედოფალი რაღაც ხმაურიან მუსიკაზე მთელ დარბაზში ებზრიალებინა. მეფეც და უამრავი ოფიცერიც შესცქეროდა ამას და აზრად არავის მოსვლია, მეფის ღირსება დაეცვა.
ბერლინში კიდევ უფრო უცნაური სანახაობის მოწმენი გავხდით. ოპერაში ვიყავით. ოპერის სახელწოდება იყო „აფრიკელი ქალი“. ერთი მსუქანი ქალი იდგა სცენაზე და საშინლად მღეროდა. კაიზერი ვილჰელმი მიხვდა, რომ მომღერლის ხმა არ მოგვეწონა და ჩვენი გულის მოსაგებად ბრძანა, მომღერალი ადგილზევე დაესაჯათ. უკანასკნელ აქტში უამრავი ზანგი გამოჩნდა, დიდი კოცონი დაანთეს, ქალი შეკრეს და დაწვეს, რაც ძალზე გვეამა. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ ცეცხლი ნამდვილი არ იყო, მაგრამ არ დავიჯერეთ, რადგან ქალი ისეთი განწირული ხმით გაჰკიოდა, როგორც ის ერეტიკოსი ქალი პიურიით იულ აინი, ამ ცოტა ხნის წინ შაჰმა თეირანში რომ დააწვევინა“.
ბიძაჩემი ცოტა ხანს გაჩუმდა. ფიქრებსა და მოგონებებში ჩაძირულმა ამოიოხრა და განაგრძო:
„ამ ქრისტიანებისა ერთი რამე არ მესმის: საუკეთესო შეიარაღება აქვთ, საუკეთესო ჯარები, ფაბრიკები, ყველაფერი, რაც მტრის გასანადგურებლად არის საჭირო. ერთი მხრივ, ყველა, ვინც რამეს შექმნის, სხვები მოხერხებულად, სწრაფად და მრავლად რომ ამოხოცოს, დიდად პატივდებულია და უამრავ ფულსა და ჯილდოს იღებს. კარგი, ეს გასაგებიცაა და მისასალმებელიც. ომი მართლაც უნდა არსებობდეს. მეორე მხრივ კი, ევროპელები საავადმყოფოებს აგებენ. და მათ, ვინც სასიკვდილო იარაღს იგონებს, და იმათაც, ვინც მტრის ჯარისკაცზე ზრუნავს და აჭმევს, პატივს ერთნაირად მიაგებენ და აჯილდოებენ. მისი უდიდებულესობა შაჰი გაოგნებულია მათი ამ ურთიერთსაპირისპირო მოქმედებით. ერთხელ ვენაში კაიზერსაც კი ჰკითხა და ვერც იმან აუხსნა.
ევროპელები ჩვენ ვერ გვიტანენ, რადგან ჩვენთვის მტერი მტერია და დაუზოგავად ვხოცავთ. გვძრახავენ იმისთვისაც, რომ ოთხი ცოლის ყოლის უფლება გვაქვს მაშინ, როცა თავად შეიძლება უამრავი ქალი ჰყავდეთ. ჩვენ ისე ვცხოვრობთ და ისე ვმართავთ ქვეყანას, როგორც უფალმა გვიბრძანა“.
ბიძაჩემი გაჩუმდა. სიბნელეში მისი ჩრდილი გამხდარ, ბებერ ჩიტს ჰგავდა. მოხუცმა ჩაახველა და კვლავ ომახიანად განაგრძო:
„და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, ევროპელები კი არაფერს, რასაც იმათი ღმერთი მოითხოვს, მაინც ძლიერდებიან, ჩვენ კი ვსუსტდებით. ვინ ამიხსნის ამას?“
ამის ახსნა ჩვენც არ შეგვეძლო. მოხუცი წამოდგა, დაღლილი, ღონემიხდილი გაემართა თავისი ოთახისაკენ. მამაც გაჰყვა. მოსამსახურეებმა ჩაის ფინჯნები გაიტანეს. ბანზე მარტო დავრჩი. არ მეძინებოდა. ქალაქი სიბნელეში ჩაიძირა და ღამით ჩასაფრებულ, ნახტომისთვის შემართულ მხეცს დაემსგავსა. თითქოს ბაქოში მართლაც ორი ქალაქი იყო და ერთი მეორესთან ისე იყო შერწყმული, როგორც კაკლის გული ნაჭუჭში. ნაჭუჭი ქალაქის ძველი კედლის გარე ნაწილი იყო: ფართო ქუჩებით, მაღალი სახლებით, ხმაურიანი, ფულს დახარბებული მდიდარი ადამიანებით. ეს ნაწილი ჩვენი მიწის წიაღის ნავთობმა წარმოშვა. იქ იყო უამრავი თეატრი, სკოლა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, პოლიცია, ლამაზი ქალები შიშველი მხრებით. ქალაქის ამ ნაწილში დროდადრო ისროდნენ, ისიც ფულის გამო. სწორედ აქ იწყებოდა ევროპის გეოგრაფიული საზღვარი. ნინოც ამ ნაწილში ცხოვრობდა.
ძველი კედლის შიგნით კი დაბალი, ვიწრო, აღმოსავლური სახლები იდგა. სამლოცველოების კოშკები მშვიდად მიილტვოდა მთვარიანი ცისაკენ და სულ არ ჰგავდა აღმოსავლეთ კედელთან აღმართულ საბურღ კოშკურას. ძველ ქალაქს ეკუთვნოდა ქალწულის კოშკიც, რომელიც მეჰმედ იუსუფ ხანმა ქალიშვილის პატივსაცემად ააგო. ხანს თავისი ქალიშვილის ცოლად შერთვა სურდა, მაგრამ ქორწილი არ შედგა. გოგონა კედლიდან გადმოხტა, როცა სიყვარულს დახარბებული მამა მისი ოთახისაკენ მიიჩქაროდა. ქვას, რომელზეც გოგონა დაენარცხა, ქალწულის ქვა ჰქვია. ზოგჯერ, ქორწილის წინ, აქ წყვილებს ყვავილები მიაქვთ ხოლმე.
საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქალაქის ქუჩებში უამრავი სისხლი დაღვრილა. და, ალბათ, ეს დაღვრილი სისხლი გვაძლიერებს და გვაძლებინებს.
ჩვენს სახლთან ახლოს აღმართულია თავად ციციანაშვილის ჭიშკარი. აქაც მრავალი მამაცი ადამიანის სისხლია დაქცეული. ეს იყო მრავალი წლის წინ, როცა ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ სპარსელებს ეკუთვნოდა და აზერბაიჯანის გუბერნატორს ხარკს უხდიდა. თავადი ციციანაშვილი მეფის რუსეთის ჯარების გენერალი იყო. მაშინ ჩვენს ქალაქს ჰასან ყული ხანი განაგებდა. ამ უკანასკნელმა თავადს ქალაქის კარიბჭე გაუღო და შიგნით შემოუშვა, როცა ის თავისი ჯარებით ქალაქს მოადგა. თავადი შიგნით რამდენიმე ოფიცრის თანხლებით შემოვიდა, რადგან ჰასან ყული ხანმა დააჯერა, რომ ნებდებოდა დიდი რუსეთის მეფეს. კარიბჭის წინ მოედანზე ღრეობა მოაწყვეს, კოცონი გააჩაღეს, უამრავი ცხვარი შეწვეს შამფურზე. თავადი ციციანაშვილი დათვრა, დაღლილმა ჰასან ყული ხანს მკერდზე მიაყრდნო თავი და ჩაეძინა. ჩემმა წინაპარმა იბრაჰიმ ხან შირვანშირმა დიდი ხმალი იძრო და ჰასან ყული ხანს მიაწოდა. იმან კი თავადს ყელი გამოსჭრა. თავი მარილიან ტომარაში ჩადეს და თეირანში მეფეთ მეფეს მიართვეს ჩემი წინაპარის ხელით. რუსეთის მეფე განრისხდა და გადაწყვიტა შური ეძია. მან ბაქოსკენ დიდი ჯარი გამოგზავნა. ჰასან ყული ხანი სასახლეში ჩაიკეტა და ლოცულობდა. როცა ჯარისკაცებმა შიგნით შეაღწიეს, ის საიდუმლო გასასვლელით სპარსეთისაკენ ზღვით გაქცეული დახვდათ. გაქცევამდე გასასვლელში ასეთი ბრძნული წარწერა დაეტოვებინა: „ვინც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, მამაცი ვერასოდეს იქნება“.
სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ხშირად ჩავივლიდი ხოლმე დანგრეულ სასახლესთან, რომლის მავრიტანიული, სვეტებიანი დარბაზები ეულად და უკაცრიელად გამოიყურებოდა.
თუ ვინმე ჩვენს ქალაქში სამართალს ეძიებდა, კედლის იქითა მხარეს, რუს მოსამართლესთან უნდა წასულიყო. თუმცა ასე ცოტანი იქცეოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რუსი მოსამართლეები ცუდები ან უსამართლონი იყვნენ. არა, შეიძლება შემწყნარებლები და სამართლიანებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი ჩვენს ხალხს არ მოსწონდა. ქურდებს აპატიმრებდნენ, მაგრამ ისინი სუფთა საკანში ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ, თანაც შაქრით. ჩვენი ხალხი ამაზე მხრებს იჩეჩავდა და სამართალს თვითონვე ეძიებდა. მომჩივანნი ნაშუადღევს მეჩეთში მიდიოდნენ. ბრძენი მოხუცები წრეში ისხდნენ და შარიათის, ალაჰის კანონით ასამართლებდნენ: „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“. ღამღამობით ქუჩაში იდუმალი აჩრდილები დაბორიალებდნენ. სადღაც ხანჯალი იელვებდა, ვიღაც იყვირებდა და სამართალიც გაჩენილი იყო. ყველგან, სახლიდან სახლში, სისხლის ასაღებად შურისმაძიებელნი დაძრწოდნენ. სამართალს ბრძენი ადამიანები იცავდნენ და რუსი მოსამართლეები არავის სჭირდებოდა, მათ ბავშვები ქუჩაში დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
ხანდახან ღამეულ ქუჩებში ზურგზე მოკიდებული ტომრები დაჰქონდათ, საიდანაც ვიღაცის ყრუ კვნესა მოისმოდა. მერე ზღვასთან ჩუმი ტყლაშუნის ხმას გაიგებდი და ტომარაც სადღაც ქრებოდა. მეორე დღეს კი თავის ოთახში იატაკზე ვიღაც იჯდა შემოფლეთილი ტანსაცმლით და მწარედ მოთქვამდა. მან ალაჰის კანონი აღასრულა – მოღალატე ცოლი მოკლა.
ჩვენი ქალაქი უამრავ საიდუმლოს იტევს. მისი ყოველი კუთხე-კუნჭული სავსეა საოცრებებით. მე მიყვარს ეს საოცრებები, ეს კუთხეები, ღამით მოჩურჩულე სიბნელე და მდუმარე მედიტაცია მეჩეთის მტვრით დაფარულ ეზოში. უფალმა ჩემი დაბადება მუსლიმად, შიიტური მოძღვრების, იმამ ჯაფარის სარწმუნოების მიმდევრად აქ ინება. და თუ უფალი ინებებდა, აქ მოვკვდებოდი, ამავე ქუჩაზე და ამავე სახლში, სადაც ქვეყანას მოვევლინე. ნინოც აქ ცხოვრობდა, მშვენიერი ქართველი ქრისტიანი, დანა-ჩანგლით რომ ჭამდა, მომღიმარი თვალები ჰქონდა და გამჭვირვალე, ჰაეროვანი წინდები ეცვა.