ერთი პატარა სახლის აივანზე ტახტზე ვიწექი და სიყვარულზე ვოცნებობდი. ჩემი სიყვარული სხვა იყო, ჩემი წინაპრების სიყვარულისაგან სრულიად განსხვავებული. მე ნინოს წყაროსთან არ შევხვედრივარ, ნიკოლოზის ქუჩაზე, სკოლის გზაზე გავიცანი. ამიტომაც განსხვავდებოდა მამაჩემის, პაპაჩემისა თუ ბიძაჩემის სიყვარულისაგან. აღმოსავლელის სიყვარული ერთ პატარა მოდუდუნე წყაროსთან ან შადრევანთან იწყება. ყოველ საღამოს მხარზე სურაშემოდგმული გოგონები წყაროსთან ჩადიან. შორიახლოს, წრეში ყმაწვილკაცები სხედან და გაცხარებით მსჯელობენ ომზე, ქურდობაზე, ჩამვლელებს სულაც არ აქცევენ ყურადღებას. გოგონები ნელა ავსებენ სურას და უკან ბრუნდებიან. პირთამდე ავსებული სურა მძიმეა, ფეხი რომ არ წამოჰკრან, ჩადრს ცოტათი უკან იწევენ და თვალდახრილნი ფრთხილად მიაბიჯებენ. ყოველ საღამოს ჩადიან გოგონები წყალზე, ყოველ საღამოს სხედან ყმაწვილები მოედანზე. აქ იწყება აღმოსავლელის სიყვარული. ზოგჯერ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, აღაპრობენ გოგონები მზერას და კაცებისკენ თვალს მალულად გააპარებენ. და თუ ამ დროს, ისიც შემთხვევით, ცისკენ მომზირალი ყმაწვილის მზერა გოგონას თვალებს წააწყდება, და მეორე დილით რომელიღაც ყმაწვილებში მჯდომთაგანი ისევ გააპარებს გოგოებისაკენ თვალებს, უკვე ყველამ იცის, რომ სიყვარული დაიწყო.
ყველაფერი დანარჩენი კი თავისთავად ვითარდება. შეყვარებული დაეხეტება ქალაქში და ბაიათებს მღერის. მისი ნათესავები ურვადზე ვაჭრობას იწყებენ. უხუცესები კი უკვე ბჭობენ, როდის მოუვლენს წყვილი სამშობლოს ახალ მებრძოლს. ყველაფერი მარტივია და წინასწარ გათვლილი.
მე კი? სად არის ჩემი წყარო? სადაა ნინოს ჩადრი? რა უცნაურია, ჩადრის ქვეშ ქალის დანახვა შეუძლებელია, მაგრამ კაცებს მაინც არ გამოეპარებათ მისი ჩვევა, აზრი, სურვილები. ჩადრი თვალებს, ცხვირს, პირს მალავს, მაგრამ სულს – არა. სული აღმოსავლელი ქალისა ამოუცნობი არ არის. უჩადრო ქალებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. კაცი ხედავს თვალებს, ცხვირს, პირს, უფრო მეტსაც, მაგრამ თვალების მიღმა რა იმალება, არავინ იცის, მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეიცანი.
გაგიჟებით მიყვარს ნინო. ნინო ხარობს, ქუჩაში სხვა კაცები რომ უყურებენ. ნამდვილი აღმოსავლელი ამაზე უნდა ბრაზდებოდეს. ნინოს ვკოცნი კიდეც, ვეფერები მკერდზე, თეძოებზე, თუმცა დანიშნულები არა ვართ. უამრავ სასიყვარულო რომანს რომ კითხულობს, ალბათ, ამიტომაც აქვს ხშირად მეოცნებე, ვნებიანი თვალები. და, როცა ვეკითხები, რაზე ოცნებობ-მეთქი, დაბნეული გადააქნევს ხოლმე თავს, რადგან წესიერად თავადაც არ იცის. ნინოს მეტი არაფერი მაღელვებს, აღარაფერი მახსოვს, როცა ჩემს გვერდითაა. ის, ალბათ, იმიტომ არის ასეთი, რომ მამამისს ხშირად დაჰყავდა პეტერბურგში, იქ კი გამუდმებით უყურებდა რუს ქალებს, რომლებიც ცნობილნი არიან ქარაფშუტობით, ქმრებს ხშირად ღალატობენ და იშვიათად, რომ ორზე მეტი ბავშვი ეყოლოთ. ასე სჯის მათ ღმერთი! მაინც მიყვარს ჩემი ნინო: ხმა, ლაპარაკი, კისკისი, ფიქრიც კი. და ცოლადაც შევირთავ. ალბათ, კარგ ცოლობას გამიწევს, როგორც ყველა ქართველი. მერე რა, რომ ჯერ ასეთი მხიარული, თავქარიანი და მეოცნებეა. ალაჰმა ინებოს!
გვერდი ვიცვალე. ფიქრებმა გადამღალა. მერჩივნა, თვალები დამეხუჭა და მომავალზე მეოცნება. ჩემი მომავალი კი იმ დღიდან დაიწყებოდა, როცა ნინოს ცოლად შევირთავდი. ყველაზე ამაღელვებელი და რთული ჩვენი ქორწილის დღე იქნებოდა: ამ დღეს საცოლის თვალებში ჩახედვა არ შეიძლება. საერთოდ, ნახვის უფლებაც კი არა მაქვს. ცხენზე ამხედრებული, შეიარაღებული მეგობრები თავით ფეხამდე ჩადრით შებურულ ნინოს მოიყვანენ. მხოლოდ ამ დღეს იქნება ის ნამდვილი აღმოსავლელი. მოლას შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. ჩემი მეგობრები დარბაზის ოთხივე მხარეს იდგებიან და ცვედანობის საწინააღმდეგო ლოცვებს იბუტბუტებენ. ასე მოითხოვს წესი და ადათი, რადგან ყველა ადამიანს ჰყავს მტერი, რომელიც ქორწილის დღეს ხანჯალს სანახევროდ ამოწევს, სახეს დასავლეთით მიაბრუნებს და ბუტბუტს დაიწყებს: ანისანი, ბანისანი, მამავერლი კანიანი – ის ვერ შეძლებს, ვერ შეძლებს, ვერ შეძლებს“.
მაგრამ, ღვთის წყალობით, კარგი მეგობრები მყავს. ილიას ბეგმა ყველა წყევლის საწინააღმდეგო შელოცვა იცის. საქორწილო რიტუალის შემდეგ მე და ნინოს ისევ დაგვაშორებენ. ჩვენ-ჩვენს მეგობრებთან ერთად ორივე ცალ-ცალკე უნდა გამოვემშვიდობოთ სიყმაწვილეს.
შემდეგ? დიახ, მთავარი შემდეგ იწყება!
თვალი ერთი წამით გავახილე. ბაღში ხეებს მოვკარი თვალი და ისევ დავხუჭე, რომ უკეთ წარმომედგინა, რა იქნებოდა შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწინების ღამეა, განუმეორებელი და დაუვიწყარი ღამე ცხოვრებაში, თუმცა ამავე დროს საოცრად მძიმეც.
ადვილი არ არის ქორწინების ღამით საცოლის მოპოვება. ყოველ კართან ვინმეა ჩასაფრებული და გზას მხოლოდ მაშინ გაძლევს, თუ ხელში ფულს ჩაუდებ.
საცოლის ოთახში კეთილმოსურნე მეგობრები ქათამს, კატას ან რამე მოულოდნელს დაგახვედრებენ. ზოგჯერ საწოლში შეიძლება მოქირქილე მოხუც ბებრუხანასაც გადაეყარო. ისიც ფულს მოგთხოვს, რომ ოთახი დატოვოს.
როგორც იქნა, მარტო ვრჩები. კარი იღება და ნინო შემოდის. ქორწილის ურთულესი მომენტიც იწყება. ნინო იღიმება და მოლოდინით აღსავსე თვალებით შემომცქერის. ტანზე ტარსიკონის კორსეტი თასმებითა აქვს შეკრული, უამრავი ჩახლართული კვანძია, მთავარიც სწორედ იმათი გახსნაა. ნინო არ უნდა დამეხმაროს, მარტომ უნდა გავართვა თავი. თუ დამეხმარება, ან თუ თასმებს დანით გადავჭრი, დიდ ცოდვად ჩამეთვლება. სწორედ აქ უნდა გამოავლინოს მამაკაცმა თავშეკავება. როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, თვითონ უნდა გახსნა. კაცის ძალა ამაში გამოიხატება. მეორე დღეს მოვლენ მეგობრები, შეამოწმებენ გახსნილ კვანძებს და, ვაი იმ უბედურს, ვინც ამას თავს ვერ გაართმევს! მთელი ქალაქის დასაცინი გახდება.
ქორწინების ღამით სახლში თუ სახლის გარშემო ჭიანჭველებივით ირევა ხალხი. მეგობრები თუ ნათესავები დგანან სახურავზე, ქუჩაში და მოუთმენლად ელოდებიან შედეგს. დიდხანს თუ გაგრძელდა, აღშფოთებულები კარზე კაკუნს, ყეფას, კნავილს იწყებენ და ბოლოს რევოლვერების ბათქა-ბუთქი ატყდება. მეგობრები გარეთ საპატიო ყარაულში დგანან და, ვიდრე საჭიროდ არ ჩათვლიან, გარეთ არ გამოგვიშვებენ.
მართლაც ლამაზი ქორწილი გვექნება, უძველესი მამაპაპური ადათ-წესების დაცვით.
ეტყობა, ოცნებებში წასულს ტახტზევე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ჩემს ყოჩს მოვკარი თვალი. მიწაზე იჯდა და ხანჯლის წვერით ფრჩხილებს ისუფთავებდა. მისი მოსვლა არც გამიგია.
– რა არის, ძმაო, ახალი? – ვკითხე მთქნარებით.
– დიდი არაფერი, ყმაწვილო. – მიპასუხა გულგრილად, – მეზობლის ქალები წაიჩხუბნენ. ერთი ვირი ამ აყალ-მაყალზე დაფრთხა, მდინარისკენ გაიქცა და ახლაც იქა წევს.
ყოჩი ცოტა ხნით გაჩუმდა, ხანჯალი ქარქაშში ჩააგო და მერე ისევ გულგრილად განაგრძო:
– მეფემ ევროპის სხვადასხვა მონარქებს ომი გამოუცხადა.
– რაა? რა ომი? – წამოვხტი შეშლილივით.
– რა და ჩვეულებრივი ომი.
– რაებს ლაპარაკობ, ვის გამოუცხადა?
– სხვადასხვა ევროპელ მონარქებს. იმდენი სახელი იყო, ვერ დავიმახსოვრე. მუსტაფამ კი ჩაიწერა.
– ახლავე დაუძახე! – ზლაზვნით წამოდგა და თავის ქნევით კარის მიღმა გაუჩინარდა. ცოტა ხანში მუსტაფას თანხლებით დაბრუნდა. სახეგაბრწყინებული მუსტაფა თავისი უპირატესობის შეგრძნებით ამაყად მოაბიჯებდა. მთელმა ქალაქმა გაიგო უკვე, რომ ომი დაიწყო, მარტო მე მეძინა აივანზე. მაგრამ რა იყო ომის დაწყების მიზეზი, არავინ იცოდა.
– კი მაგრამ, ვის გამოუცხადა მეფემ ომი? – ვიყვირე ბოლოს მოთმინებადაკარგულმა.
მუსტაფამ ჯიბიდან ფურცელი დააძრო, ჩაახველა და თავდაჯერებულად, მაგრამ მძიმე-მძიმედ წამოიწყო:
– გერმანელ კაიზერს, ავსტრიელ კაიზერს, პრუსიის მეფეს, საქსონიის მეფეს, ვიურტემბერგის მეფეს, უნგრეთის მეფეს და კიდევ სხვა მთავრებს. შეუძლებელი იყო, ბატონო, ყველას დამახსოვრება, – მუსტაფამ დაკეცა თავისი ქაღალდი და კვლავ განაგრძო, – ამის საპასუხოდ დიდი ოტომანის იმპერიის ხალიფამ და სულთანმა, მისმა საიმპერატორო უდიდებულესობამ მეჰმედ რაშიდმა, ასევე ირანის მეფეთ მეფემ სულთან აჰმად შაჰმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს ურწმუნოთა ომია და ჩვენ არაფერი გვესაქმებაო. მეჩეთში მოლა მეჰმედ ალი ფიქრობს, რომ გერმანელები გაიმარჯვებენ...
მუსტაფამ სიტყვების დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ უცბად ქალაქში ჩვიდმეტივე ეკლესიამ ზარს ერთდროულად შემოჰკრა. გარეთ გავიჭერი. აგვისტოს სიცხისაგან ჩაბუღული ცა მუქარით დაჰყურებდა ქალაქს. მთები შორიდან მოწყენით იმზირებოდნენ, თითქოს ამ ყველაფერთან არაფერი ესაქმებოდათ. ნაცრისფერი კლდეები ზარების რეკის ექოს გამოსცემდა. ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. აღელვებული და დასიცხული სახეებით შესცქეროდნენ ეკლესიის გუმბათებს. ჰაერში მტვრის კორიანტელი იდგა. აქა-იქ ყვირილიც გაისმოდა. ეკლესიების კედლები მდუმარედ, მარადიული სიმშვიდით, თითქოს მუქარით შემოგვცქეროდნენ. ზარების ხმა ჩაჩუმდა. ერთი მსუქანი მოლა იქვე ახლოს მინარეთზე ასულიყო, პირთან ხელები მიეტანა და განწირული ხმით გაჰყვიროდა: „აღსდექით სალოცავად, აღსდექით სალოცავად, ძილს ლოცვა სჯობს“.
საჯინიბოში შევვარდი. ყოჩი ცხენს კაზმავდა. ცხენს მოვახტი და ქუჩებში გავიჭერი. ირგვლივ ადამიანთა დაბნეულ და შეშინებულ მზერას ვაწყდებოდი. მე კი ცხენს ყარაბაღელ დიდებულთა სახლების წინ მივაჭენებდი. ზოგი ხელს მიქნევდა და მომძახოდა: „საომრად მიიჩქარი, ალი ხან?“
თავში ყველაფერი ამერია. ფიქრმა მაშინვე ერთი სახლისკენ წამიყვანა. შორს, სივრცეში, ბაღის წიაღში ჩაფლული ბრტყელბანიანი სახლი მოჩანდა, რომლის დანახვაზეც მხედრული ვალდებულებების ყველა წესი გადამავიწყდა. გიჟივით მივქროდი ბორცვებზე.და ის სახლიც თანდათან ახლოვდებოდა, რომლის მიღმაც მთები, ცა, ქალაქი, მეფე თუ მთელი სამყარო უჩინარდებოდა. ცხენი ბაღში შევაჭენე. მსახური გამომეგება, შეშინებული, გაყინული მზერით შემომქცეროდა. სამი საათია, რაც თავადის ოჯახმა აქაურობა დატოვაო“ – მაუწყა მან. მექანიკურად ხელი ხანჯალზე წავივლე. მსახური განზე გადგა. მერე ჯიბიდან წერილი ამოიღო და გამომიწოდა: „თავადის ასულმა ნინომ თქვენი უდიდებულესობა ალი ხან შარვანშირისათვის წერილი დატოვა“. მოუთმენლად გავხსენი და კითხვა დავიწყე. დიდი ბავშვური ასოებით ეწერა: „ძვირფასო ალი ხან, ომი უცბად დაიწყო. ბაქოში უნდა დავბრუნდეთ. დრო არ იყო, შენთვის შემეტყობინებინა. არ გამიჯავრდე, ვტირი და მიყვარხარ. სამწუხაროდ, ზაფხული მალე დაგვიმთავრდა. მალე გამომყევი უკან. გელოდები და მენატრები. გზაში მხოლოდ შენზე ვიფიქრებ. მამა თვლის, რომ ომი მალე დიდი გამარჯვებით დამთავ-რდება. გაგიკვირდება ალბათ, სულელი ვარ, მაგრამ გთხოვ, შუშაში ბაზარში შეიარო და ჭრელ-ჭრელი, ცხენების თავებით მოქარგული ხალიჩა მიყიდო, მე ვეღარ მოვასწარი. გკოცნი. ბაქოში ალბათ საშინლად ეცხელება. შენი ნინო“.
წერილი დავკეცე. კაცმა რომ თქვას, ყველაფერი წესრიგში იყო. მე კი, ალი ხან შირვანშირი, ნამდვილი სულელი ვარ, გიჟივით მოვქროდი აქეთ, იმის მაგივრად, რომ, წესისამებრ, ქალაქის თავთან მივსულიყავი და ომის დაწყება მიმელოცა, ან შუშის რომელიმე მეჩეთში მეფის ჯარებისათვის მელოცა. ტერასის კიბეებზე ჩამოვჯექი და გაშტერებული ვიყურებოდი. მეც კაი შეშლილი ვარ, ნინოს რა უნდა ექნა, თუკი მშობლები მიდიოდნენ. მეც ხომ მეხვეწება, მალე ჩამოდიო. ისე კი, რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში ომია, სუნამოთი გაჟღენთილი წერილი კი არ უნდა დაწეროს, შეყვარებული შეყვარებულთან უნდა მივიდეს. თუმცა ეს ომი მე და ნინოს არც გვეხებოდა. ომი რუსეთში იყო და არა ჩვენს ქვეყანაში. მე უბრალოდ თავად ყიფიანზე ვბრაზობდი, ასე საჩქაროდ რომ გაარბენინა ნინო სახლში. გამწარებული ვიყავი ომზე, წმინდა თამარის ლიცეუმზე, გოგოებს ქცევის წესებს რომ არ ასწავლიდნენ. როგორ მივისწრაფოდი მისკენ, ყველანაირი სიამაყე და მოვალეობაც კი დავივიწყე, ის კი წავიდა. რამდენჯერმე კიდევ გადავავლე თვალი წერილს და უცბად ხანჯალი ვიძრე, წუილით გავაქანე და ჩემ წინ ხეში ჩავარჭე. მსახური ხეს მიუახლოვდა, ხანჯალი ამოაძრო, მცოდნე სახით შეათვალიერა და უკან დამიბრუნა: „ნამდვილი ყუბაჩური ფოლადია, ძლიერი ხელი გქონიათ, ბატონო“ – მითხრა მოწიწებით.
ცხენს შემოვახტი. ქუჩებს ნელ-ნელა მივუყვებოდი. შორს ცისკენ აღმართული გუმბათები მოჩანდა. აღარ ვბრაზობდი. სიბრაზე ხის ქერქში ჩავტოვე. ნინო კარგად მოიქცა. მამის დამჯერი ქალიშვილია და კარგი ცოლიც იქნება. ფიქრებში ჩაძირული, თავდახრილი მივდიოდი. ქუჩები ქვიშის ბუღში იყო გახვეული. მზე ანათებდა და დასავლეთით ეშვებოდა.
უეცრად ცხენის ჭიხვინმა გამომაფხიზლა. თავი ავწიე და გავშტერდი. წამით ნინოც დამავიწყდა და დანარჩენი სამყაროც. ჩემ წინ საოცრება იდგა – ოქროსფერ-წითელი რაში, მოხდენილი თავით, ამაყი თვალებით, ბალეტის მოცეკვავესავით ჩამოქნილი ფეხებით. მზეზე ოქროსფრად უბრწყინავდა ფაფარი. უნაგირზე წვეროსანი მოხუცი იჯდა. ეს იყო დიდი მემამულე თავადი მელიქოვი მეზობელი ქალაქიდან. ცხენით აღფრთოვანებული, გაოგნებული ხმას ვერ ვიღებდი. გამახსენდა, აქ ჩამოსვლისას ოქროსფერ რაშზე ლეგენდებს რომ მიყვებოდნენ: „ყარაბაღში სულ თორმეტია ასეთი ოქროსფერი რაში. მათ ისე მალავენ, როგორც სულთანი – ქალებს ჰარამხანაში.“ ახლა ჩემ წინ სწორედ ერთ-ერთი მათგანი იდგა:
– საით გაგიწევიათ, თავადო?
– ომში, შვილო ჩემო.
– თავადო, რა საოცარი ცხენია!
– დიახ, იშვიათობაა! – და თავადს თვალებში სითბო ჩაუდგა.
– ამ ცხენის გული ექვს გირვანქას იწონის, ტანს წყლით რომ დაბან, ოქროსავით უბზინავს ხოლმე. თუ თვალებზე მზის სხივები მოხვდა, კამკამა წყალივით უბრჭყვიალებს. ეს სარი ბეგის ერთ-ერთი ცხენია, ჯერ არავისთვის მიჩვენებია. როცა მეფე ომში გამიწვევს, თავადი მელიქოვი ამ ოქროსფერ-წითელ რაშზე ამხედრებული ეახლება.
ამაყად გამომემშვიდობა და გზა განაგრძო.
ბნელოდა, სახლში რომ შევედი. ქალაქი ველურ გაოგნებას მოეცვა. ადგილობრივი დიდებულები მთვრალები დადიოდნენ და ჰაერში თოფებს ისროდნენ:
– სისხლი დაიღვრება! – ყვიროდნენ ისინი, – სისხლი დაიღვრება! ყარაბაღო, შორს გავარდება შენი სახელი!
სახლში დეპეშა დამხვდა. „მალე დაბრუნდი შინ.“ – მწერდა მამა.
– ჩაალაგეთ ბარგი! მივემგზავრებით. – გავძახე მსახურებს.
ქუჩაში მივდიოდი და ამ ალიაქოთს ვუყურებდი. რაღაც მოუსვენრობამ შემიპყრო, თავადაც ვერ გამეგო, რატომ. ფიქრებში ჩაძირული მაღლა ვარსკვლავებს ავცქეროდი.