XIX თავი


სოფელში ბატებივით დამწკრივებულნი მოემართებოდნენ ქალები და ბავშვები. ეტყობა, შორი გზიდან ბრუნდებოდნენ. გადაღლილი, დაძაბული სახეები ჰქონდათ. ხელში სასუქითა და მიწით სავსე ტომრები ეჭირათ. თითქოს ძვირფასი განძიაო, გულში ისე იხუტებდნენ. როგორც ჩანს, შორეულ ხეობაში შეეგროვებინათ და ამისათვის თავიანთი ცხვრები, ვერცხლის ფული და ქსოვილები გაეღოთ. უნდოდათ, თავიანთი მშობლიური სალი კლდეების ზედაპირი ძვირფასი მიწით დაეფარათ, რომ ღარიბ მიწას მარცვალი გამოეღო და სოფელი გამოეკვება. დაღესტნის ციცაბო კლდეებზე შეფენილი მინდვრები სამი გოჯი სიგანისა და ოთხი გოჯი სიგრძისა იქნებოდა. ხევზე მინდვრები დამრეცად ეკიდა. გლეხებს ფეხი რომ არ დასცურებოდათ, ფრთხილად, ჯაჭვზე მობმულნი მიიწევდნენ მაღლა. ყოველ მინდორთან კედელი აღემართათ, რომ თხელი მიწის საფარი ქარისაგან და ზვავისაგან დაეცვათ. კაცები დილაადრიან გადიოდნენ მინდორში სამუშაოდ. გლეხი დიდხანს ლოცულობდა, ვიდრე მიწის მადლს შეეხებოდა. დიდი ქარის დროს ქალებს საბნები გამოჰქონდათ და ძვირფას მიწას აფარებდნენ. ყოველ ნათესს ეფერებოდნენ თავიანთი გამხდარი, გარუჯული ხელებით. მომწიფებულ ღეროებს პატარა ცელებით ჭრიდნენ, მერე მარცვალს ლეწავდნენ და მოგრძო, ბრტყელ პურებს აცხობდნენ. პირველ პურში ბუნების საოცრებისათვის მადლობის ნიშნად ვერცხლის ფულს აყოლებდნენ.

პატარა მდელოს კედელ-კედელ მივუყვებოდი. მაღლა კლდეებზე ცხვარი შეფენილიყო. ერთი ფართო ნაბდისქუდიანი გლეხი ორთვალა ურმით მოდიოდა. თვლები ისე ჭრიჭინებდა, კარგა შორ მანძილზეც გაიგებდა კაცი.

– ძმაო, ბაქოში მივწერ, ზეთი გამოაგზავნონ, ურმის ბორბლები რომ დაზეთო. – ვუთხარი მე მისალმების შემდეგ.

გლეხი გაბრაზდა:

– მე უბრალო კაცი ვარ, დასამალი არაფერი მაქვს, დაე, ყველამ გაიგოს, რომ მოვდივარ. არასოდეს დავზეთავ ჩემს ურემს, ამას მხოლოდ აბრაგები აკეთებენ.

– აბრაგები?

– დიახ, აბრაგები, განკიცხულნი.

– ბევრი აბრაგია ამქვეყნად?

– საკმაოდ არიან – ქურდები, მკვლელები. ზოგიერთი ხალხის საკეთილდღეოდ სჩადის ამას, ზოგიც ანგარებისათვის. მაგრამ ყოველმა მათგანმა საშინელი ფიცი უნდა აღასრულოს!

– რა ფიცი?

გლეხმა ურემი შეაჩერა, გადმოვიდა და იქვე მინდვრის კედელს მიეყრდნო. მერე მარილიანი ცხვრის ყველი გადმოიღო და გრძელი თითებით ნახევარი მომიტეხა. მეც გამოვართვი. ყველის ნაჭერში ცხვრის ბეწვი იყო ჩახვეული, მაგრამ მაინც შევჭამე.

– იცი, რას ნიშნავს აბრაგის ფიცი? თუმცა შენ რა იცი. ის შუაღამით იპარება მეჩეთში და ფიცს დებს: „ვფიცავ წმინდათა-წმინდა ადგილს, რომელსაც პატივს ვცემ, დღეის მერე განკიცხული გავხდე. მე ადამიანთა სისხლი მწყურია, ვფიცავ, არავინ შევიბრალო; ვფიცავ, დევნა დავუწყო ადამიანებს. ყველას მოვპარო ის, რაც უღირთ და რასაც აფასებენ. დედას მკერდზე დავაკლა ძუძუმწოვარა ბავშვები, უღატაკესი მათხოვრის ქოხს ცეცხლი წავუკიდო. ვფიცავ, ბოროტება დავთესო ყველგან, სადაც აქამდე სიხარული სუფევდა. და, თუ ეს ფიცი არ შევასრულო, თუ ჩემს გულს სიყვარული და სიბრალული შეეპაროს, ვეღარასოდეს ვიხილო მამაჩემის საფლავი, მწყუროდეს და წყალმა წყურვილი ვერ მომიკლას, მშიოდეს და პურმა ვერ დამაპუროს, მოვკვდე და ჩემი ლეში ძაღლების საჯიჯგნი გახდეს.“

გლეხის ხმა დამაჯერებლად და გულწრფელად ჟღერდა. სახე მზისკენ ჰქონდა მიშვერილი.

– დიახ, ესაა აბრაგის ფიცი.

– და ვინ დებს ამგვარ ფიცს?

– ადამიანები, რომელთაც უამრავი ტანჯვა აქვთ გადატანილი.

ის გაჩუმდა. შინ წავედი. აულის ოთხკუთხა სახლები კამათლებივით იყო ჩარიგებული. მზე დაჰნათოდა სოფელს. მე თვითონაც აბრაგი ხომ არ ვიყავი, ამ აულში შემოხიზნული? მეც ხომ არ უნდა დავდო ეს ფიცი? სოფელში დავეხეტებოდი. გლეხის ნათქვამი ეს იდუმალი სიტყვები ისევ მაცდურად ჩამესმოდა ყურებში.

ჩემი ქოხის წინ სამი შეკაზმული ცხენი დამხვდა, ერთ-ერთ მათგანს ვერცხლის აღვირი ჰქონდა. სახლის ტერასაზე თექვსმეტი წლის მსუქანი ყმაწვილი იჯდა, ქამარში ოქროს ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი. დანახვისთანავე გამიცინა და ხელი დამიქნია. ეს არსლან აღა იყო, ჩემი ყოფილი სკოლელი. მდიდარი მენავთობის ვაჟი. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ამიტომ ხშირად დადიოდა კისლოვოდსკის წყლებზე. წესიერად არც კი ვიცნობდი, რადგან ჩემზე ბევრად უმცროსი იყო. მაგრამ აქ, ამ მთის სოფელში, ამ მარტოობაში შეხიზნულმა, დავინახე თუ არა, ძმასავით გადავეხვიე. სიამაყისგან გაწითლდა და თქვა:

– მსახურებთან ერთად სოფელს ჩავუარე და გადავწყვიტე, მომენახულებინე.

მხარზე ხელი დავკარი:

– ჩემი სტუმარი იყავი დღეს, არსლან აღა, სამშობლოს პატივსაცემად ვიქეიფოთ.

მერე ქოხში შევძახე:

– ყადი მოლა, სუფრა გაშალე. სტუმარი გვყავს ბაქოდან.

უკვე ნახევარი საათის შემდეგ პირისპირ ვისხედით მე და არსლან აღა. ის მადიანად შეექცეოდა შემწვარ ცხვრის ხორცს, ნამცხვარს და სიამოვნებისაგან თაფლად იღვრებოდა:

– მიხარია თქვენი ნახვა, ალი ხან. გმირი ხართ, ნამდვილი გმირივით შორეულ სოფელში ცხოვრობთ და მოსისხლე მტერს ემალებით. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. არავის ვეტყვი თქვენს ადგილსამყოფელს.

როგორ შემეძლო, მშვიდად ვყოფილიყავი?! აშკარაა, მთელმა ბაქომ იცოდა, სად ვიმალებოდი.

– როგორ გაიგეთ, სად ვიყავი?

– სეიედ მუსტაფამ მითხრა. მე ვთხოვე, ავუხსენი, რომ გზად მაინც აქეთ უნდა ჩამომევლო. მოკითხვა შემოგითვალათ.

– სად მიემგზავრებით, არსლან აღა?

– კისლოვოდკში, წყლებზე. თან ორი მსახური მახლავს.

– ოჰო, ასეა?! – გამეცინა მე, – მითხარით გულწრფელად, პირდაპირ მატარებლით რატომ არ წახვედით?

– მთის ჰაერის ჩაყლაპვა მინდოდა. მახაჩყალაში ჩამოვედით და კისლოვოდსკისაკენ მიმავალ გზას დავადექით. – ლაპარაკობდა და თან ნამცხვრით ჰქონდა პირი გამოტენილი.

– კი მაგრამ, კისლოვოდსკისაკენ პირდაპირ მიმავალი გზა ხომ აქედან სამი დღის სავალზეა?

არსლან აღას ვითომ ძალიან გაუკვირდა:

– მართლა? ალბათ შეცდომით მითხრეს. მაგრამ მე მაინც მიხარია, თქვენი ნახვის შესაძლებლობა რომ მომეცა.

როგორც ჩანს, შემოვლითი გზა აირჩია, რომ მერე შინ მოეყოლა, როგორ მნახა. ეტყობა, იმ ამბის მერე ძალზე პოპულარული გავხდი ბაქოში.

ღვინო დავუსხი. ისიც ხარბად ეწაფებოდა. მალე ისე ალაპარაკდა, ყველაფერი დაფქვა:

– ამ პერიოდში კიდევ ხომ არ მოგიკლავთ ვინმე, ალი ხან? გთხოვთ, მითხარით, ნუ დამიმალავთ, არავის მოვუყვები.

– კი, რამდენიც გინდა.

– არა, მართლა?!

ის აღფრთოვანებული ლაპარაკობდა და ღვინოს ეწაფებოდა. მეც არ ვაყოვნებდი დასხმას.

– ნინოს კიდევ შეირთავთ? ქალაქში ამაზე სანაძლეოებს დებენ. ზოგი ამბობს, რომ ისევ გიყვართ. იცით, მთელი ქალაქი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს.

– მართლა? ახალი რა არის ბაქოში, არსლან აღა?

– ბაქოში? არაფერი! ახალი გაზეთი დაარსდა. მშრომელები აჯანყებას აპირებენ. სკოლაში მასწავლებლები ისეთი აუტანლები გახდნენ. მითხარით, ალი ხან, როგორ დააღწიეთ მათ თავი?

– ძვირფასო არსლან, კმარა შეკითხვები. ახლა ჩემი ჯერია. ნინო ნახეთ? ან ვინმე ნახარარიანელი? რას შვრებიან ყიფიანები?

საბრალოს ნამცხვარი ყელში გაეჩხირა.

– ოხ, მე არაფერი ვიცი, სრულიად არაფერი, არავინ მინახავს. ძალიან იშვიათად გავდივარ გარეთ.

– რატომ, ჩემო მეგობარო? ავად ხართ?

– დიახ, დიახ, ავად ვიყავი, ძალიან ავად. დიფტერია მქონდა. წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ხუთ ოყნას მიკეთებდნენ.

– დიფტერიის საწინააღმდეგოდ?

– დიახ.

– დალიეთ, არსლან აღა, ეს კარგია ჯანმრთელობისთვის.

და ისიც სვამდა. მერე მისკენ გადავიხარე და ვკითხე:

– ძვირფასო მეგობარო, უკანასკნელად როდის თქვით სიმართლე?

უმანკო თვალებით მომაჩერდა და გულწრფელად თქვა:

– სკოლაში, როცა ჯერ კიდევ ვიცოდი, რამდენია სამჯერ სამი.

უკვე ძალიან მთვრალი იყო. საცოდავს დაკითხვა მოვუწყე. ღვინო ძალიან მათრობელა იყო, საბრალო ბიჭი კი ჯერ ძალიან ახალგაზრდა. გამომიტყდა, აქ წმინდა წყლის ცნობისმოყვარეობამ მომიყვანაო. იმაშიც გამომიტყდა, რომ არც დიფტერია ჰქონდა და ბაქოს ყველა ჭორიც იცოდა.

– ნახარარიანები მოკვლით გემუქრებიან. – წამოაყრანტალა მან, – მაგრამ შესაფერის მომენტს ელოდებიან, არ ჩქარობენ. ზოგჯერ სტუმრად ყიფიანებთანაც დავდივარ. ნინომ დიდხანს იავადმყოფა. თბილისში წაიყვანეს. ახლახანს დაბრუნდნენ. ერთ მეჯლისზე ვნახე. იცი, ღვინოს წყალივით ეტანებოდა, მთელი საღამო იცინოდა. მხოლოდ რუსებს ეცეკვებოდა. მშობლებს უნდათ, მოსკოვში გაგზავნონ, მაგრამ თვითონ არ უნდა. ყოველდღე გამოდის სასეირნოდ. თითქმის ყველა რუსი ნინოს ეტრფის.

– ილიას ბეგმა მედალი მიიღო. მეჰმედ ჰაიდარი დაჭრილი იყო. ნახარარიანის ვილა გადაწვეს. როგორც გავიგე, შენი მეგობრების ნამოქმედარია. და კიდევ ერთი: ნინომ ძაღლი შეიძინა, ყოველდღე უმოწყალოდ ეჩხუბება. არავინ იცის, რას ეძახის ძაღლს. ზოგი ამტკიცებს, ალი ხანსო, ზოგიც – ნახარარიანსო. მე კი ვფიქრობ, სეიედ მუსტაფას ეძახის. მამაშენიც ვნახე. სასტიკად გამაფრთხილა, მოგკლავ, რამე რომ დაგცდესო. ყიფიანებმა თბილისში სახლი იყიდეს. შეიძლება იქ გადასახლდნენ.

ისე გამოთვრა, შემეცოდა.

– არსლან აღა, რა გინდა, რომ გამოხვიდე?

მან უაზროდ გამომხედა და მიპასუხა:

– მეფე.

– რა?

– ჰო, ლამაზი ქვეყნის მეფე მინდა ვიყო და მრავალრიცხოვანი კავალერია მყავდეს.

– მერე?

– სიკვდილი.

– როგორ?

– ჩემი სამეფოს დაცვისას.

ძალიან ეწყინა, რომ გამეცინა.

– კარცერში ჩამაგდეს სამი დღით იმ სადისტებმა.

– სკოლაში?

– ჰო, აბა გამოიცანი, რატომ. გაზეთში დავწერე რაღაც, როგორ ეპყრობიან სკოლაში ბავშვებს. ღმერთო ჩემო, უნდა გენახა, ნამდვილი სპექტაკლი იყო.

– კი, მაგრამ, არსლან, ღირსეული ადამიანები როდის წერენ გაზეთებისთვის?

– მაინც დავწერ. მე ხომ შენი მეგობარი ვარ, ნუ გეშინია, შემიძლია საიდუმლოს შენახვა. მაგრამ შინ რომ დავბრუნდები, მაინც დავწერ შენზე, ისე, რომ შენს სახელს არც ვახსენებ. აი, მაგალითად, ასე: „ჩვენი ხალხის ღირსეული ადათი ანუ გაქცევა მოსისხლე მტრისაგან.“

ბოლო ჭიქა გამოცალა, იქვე ქვეშაგებზე გადავარდა და მაშინვე ჩაეძინა. მისი მსახური შემოვიდა და უკმაყოფილოდ გამომხედა, თითქოს მეუბნებოდა, გრცხვენოდეთ, ალი ხან, საბრალო ბიჭი ასე რომ გამოათვრეთო.

გარეთ გავედი. ზედგამოჭრილი პატარა ვირთხაა ეს არსლანი, იქნებ ნახევარი მომატყუა კიდეც. რატომ უნდა ეჩხუბებოდეს ნინო ძაღლს? ღმერთმა უწყის, რას ეძახის თავის ძაღლს. სოფლის შარაზე მივაბიჯებდი. იქვე, ქვაზე ჩამოვჯექი. კლდეები მთვარის აჩრდილებივით აღმართულიყვნენ და მოღუშულნი იცქირებოდნენ, თითქოს სიზმრად რაღაცას ხედავენო. ჩაბნელებულ ცაზე ვარსკვლავები ბაქოს პატარა ნათურებივით კიაფობდნენ. შორეული ციდან წამოსული უამრავი სხივი თვალებს მჭრიდა. ერთი საათი ვიჯექი ასე და ცას შევცქეროდი.

„რუსებს ეცეკვება?!“ – გამახსენდა არსლანის ნათქვამი და ქალაქში დაბრუნების სურვილი გამიჩნდა, რომ იმღამინდელი შეცდომა გამომესწორებინა. ხვლიკი გამოსრიალდა ჩემკენ. ხელში ავიყვანე. ვგრძნობდი სიკვდილის შიშით აფართხალებული მისი გულის ძგერას. ცივ კანზე ვეფერებოდი. გაშტერებული, დაბნეული თვალებით მიმზერდა. სახესთან ახლოს მივიტანე. შიშისაგან ცოცხალ ქვას დამსგავსებოდა, კანიც დასჭკნობოდა და დაბერებოდა.

– ნინო! – დავუძახე და მყისვე ნინოს ძაღლი გამახსენდა, – ნინო, მეც უნდა გეჩხუბო? მაგრამ როგორ უნდა ეჩხუბოს ადამიანი ხვლიკს?!

უცბად პატარა არსებამ პირი გააღო. პაწაწინა, ბასრი ენა გამოჩნდა და ისევ გაქრა. გამეცინა ენის მოძრაობაზე, ისეთი სხარტი და გულისამაჩუყებელი იყო. ხელი გავშალე და გავუშვი. ხვლიკი მაშინვე გაუჩინარდა.

ავდექი და შინისაკენ გავბრუნდი. არსლანს ჯერ კიდევ ეძინა. თავი მზრუნველი მსახურის მუხლებზე ედო.

სახურავზე ავედი და ჰაშიშს ვეწეოდი, ვიდრე ლოცვის საათმა არ ჩამოჰკრა.


Загрузка...