V თავი



„როცა ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე ფეხი დაადგეს, რათა თავიანთი მოკრძალებული სახელი განედიდებინათ, უცბად შესძახეს: „ყარა ბაყ! – ნახე, აქ თოვლია!“ მთებს რომ მიუახლოვდნენ და უღრანი ტყე დაინახეს, მაშინაც იყვირეს: „ყარა ბაღ! – შავი ბაღი!“ და მას მერე ჰქვია ამ ქვეყანას ყარაბაღი. უწინ სიუნიქი ერქვა, სულ ადრე კი აგვარი. შენ უნდა იცოდე, ხან, ჩვენ უძველესი და ცნობილი ქვეყანა გვაქვს.“

ჩემი მსახური, მოხუცი მუსტაფა, რომელიც შუშაში თან მახლდა, სიამაყით აღვსილი დუმდა და თან ერთ ჭიქა ყარაბაღულ ხილის არაყს შეექცეოდა, ზედაც ერთ ნაჭერ ყველს ატანდა, უჩვეულოდ, ძაფებივით რომ იყო გადაწნული. მერე ისევ წამოიწყო ლაყბობა:

– ჩვენს მთებში ყარანლიყები, ბნელი სულები ცხოვრობდნენ და უზარმაზარ განძს დარაჯობდნენ. ტყეში წმინდა ქვები იყო აღმართული, წმინდა ნაკადულები მოედინებოდა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. წადი, ქალაქში გაიარე და ნახე, ვინმე თუ მუშაობს, ან ვინმე თუა მოწყენილი. – თითქმის არავინ! არის ვინმე მშიერი? – არავინ! გაგიკვირდება, ბატონო!

მაოცებდა ამ ხალხის ტყუილების თხზვის არაჩვეულებრივი უნარი. შემთხვევას არ გაუშვებდნენ ხელიდან, თავისი ქვეყნის განსადიდებლად რომ არ გამოეყენებინათ. ერთ მსუქან სომეხს უნდოდა ჩემი დარწმუნება, რომ მარას ქრისტიანული ეკლესია შუშაში ხუთი ათასი წლის წინ ააგეს.

– ასე რატომ ცრუობ? ქრისტიანობა ჯერ ორიათასი წლისაც არ არის და ქრისტიანული ეკლესია ქრისტიანობამდე როგორ აშენდებოდა. – შევუტიე მე.

გაბერილ სომეხს ძალიან ეწყინა და გულნატკენმა მითხრა: „რა თქმა უნდა, შენ განათლებული კაცი ხარ, მაგრამ რატომ არ გინდა, მოხუცსაც დაუჯერო რამე. შეიძლება სხვა ხალხში ქრისტიანობა მხოლოდ ორი ათასი წლის წინ მიიღეს, მაგრამ ჩვენთან, ყარაბაღში, სამი ათასი წლით ადრე გაბრწყინდა მესიაო.“

ჯერ კიდევ შუშისაკენ მიმავალ გზაზე მეეტლეც კი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ქვის ხიდი, რომელზედაც გადავდიოდით, ალექსანდრე დიდმა ააშენა, როცა თავისი დიადი მიზნის მისაღწევად სპარსეთში მიდიოდა. დაბალ მოაჯირზე 1897 წელი იყო ამოკვეთილი და, როცა მეეტლეს ამაზე მივუთითე, მაინც ცივად უარყო: „ბატონო, ეგ წარწერა რუსებმა მოგვიანებით გააკეთეს, რომ ჩვენი დიდება შეელახათ“.

შუშა საოცარი ქალაქი გახლდათ. 5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა და სომხებით და მაჰმადიანებით იყო დასახლებული. საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ერთმანეთთან კავკასიას, სპარსეთსა და თურქეთს. გარს მშვენიერი მთები, ტყეები და მდინარეები ერტყა. მთებზე და მდელოებზე პატარა თიხის ქოხები იყო ჩადგმული, რომელთაც ბავშვური მოურიდებლობით სასახლეებს უწოდებდნენ. აქ ცხოვრობდნენ სომეხი მელიქები, ნახარარები, მაჰმადიანი ბეგები და აღალარსები. ისინი საათობით ისხდნენ თავიანთი სახლების ზღურბლზე, ჩიბუხს ეწეოდნენ და ერთმანეთს დაუსრულებლად უყვებოდნენ, რამდენჯერ გადაარჩინეს რუსეთი და რუსეთის მეფე ყარაბაღელმა გენერლებმა და, ისინი რომ არა, აღარც დიდი იმპერია იქნებოდა.

რკინიგზის პატარა სადგურიდან შვიდი საათი მივჩაქჩაქებდით ეტლით შუშისაკენ მიმავალ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე. თან ჩემი ყოჩი მახლდა. ყოჩები შეიარაღებულ მსახურებს ერქვათ და განსაკუთრებული თავზე ხელაღებულობით გამოირჩეოდნენ. ყოველთვის შეიარაღებულნი იყვნენ და დუმდნენ. იქნებ სწორედ ამ იდუმალებით ფარავდნენ თავიანთ „გმირულ ყაჩაღურ საქმეებს“. ან იქნებ დასამალი არც არაფერი ჰქონდათ. ყოჩი მამაჩემმა საგანგებოდ გამომაყოლა გზაზე, რომ უცხოებისგან დავეცავი, ან პირიქით, უცხოები დაეცვა ჩემგან. თუმცა, რა საჭირო იყო, თავადაც ვერ გამეგო. ისე, სასიამოვნო კაცი ჩანდა, ეტყობა, შირვანშირების ოჯახს როგორღაც ენათესავებოდა კიდეც და საიმედოდ თვლიდნენ. ასეთები მარტო აღმოსავლეთში თუ მოიძებნებოდა.

შუშაში ნინოს ჩამოსვლამდე ხუთი დღით ადრე ჩავედი და დილიდან დაღამებამდე მიწევდა ამბების მოსმენა, რომ თითქოს დედამიწის ზურგზე რაც კი მდიდარი, მამაცი და პატივსაცემი პიროვნებაა, ყველა წარმოშობით შუშიდან იყო. მთელი დღე გადავცქეროდი ამ მშვენიერ ქალაქს და ვითვლიდი ეკლესიების გუმბათებსა და მინარეთებს. შუშა ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ქალაქი გახლდათ. ჩვიდმეტი ეკლესია და ათი მეჩეთი სრულიად საკმარისი იყო სამოცი ათასი მცხოვრებისათვის. ამას კიდევ უთვალავი სალოცავი ემატებოდა ქალაქის მახლობლად და წმინდა სარი ბეგის სასაფლაოზე ამოსული ორი ხეც, სადაც ყარაბაღელმა მოლაყბეებმა პირველსავე დღეს წამათრიეს.

სასაფლაო ქალაქიდან ერთი საათის სავალზე იყო. აქ ყოველწლიურად ლოცულობდა მთელი ქალაქი და ჭალაში დიდ ნადიმს აწყობდა. ღრმად მორწმუნე ადამიანები ამ გზაზე მუხლის ჩოქით დადიოდნენ. ეს რთული რიტუალი უჩვეულო სანახავი იყო. სასაფლაოს ხეს არავინ უნდა შეხებოდა. ვინმეს ერთი ფოთლისთვისაც რომ შეევლო ხელი, მაშინვე დაკოჭლდებოდა. სასწაულმოქმედი იყო წმინდა სარი ბეგის ძალა. თუმცა, რა სასწაული მოახდინა, წესიერად მაინც ვერავინ ამიხსნა. მხოლოდ ის გავიგე, რომ, როცა მტერი დაედევნა, რაშით მთაზე ასულა, სწორედ იმ მთაზე, სადაც ახლა შუშაა გაშენებული. მერე კი კლდეებს და მთელ შუშას გადავლებია. იქ, სადაც მისი რაში დაეშვა, დღესაც ჩამარხული ყოფილა ცხენის ნალის ანაბეჭდიანი ქვა.

საოცარი ნახტომის გამო გაკვირვება რომ გამოვთქვი, აღშფოთებულებმა ამიხსნეს: „კი, მაგრამ, ბატონო, ეგ ხომ ყარაბაღული ცხენი იყოო!“.

ამას ყარაბაღულ ცხენზე თქმულებაც მოაყოლეს: „ყველაფერი მშვენიერია ამ ქვეყანაში, მაგრამ ყარაბაღულ ცხენს ბადალი არ ჰყავს. ამ ცხენის სანაცვლოდ სპარსეთის შაჰი აღა მაჰმადი მზად იყო მთელი ჰარამხანა დაეთმოო (ნეტა, ის თუ იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, აღა მაჰმადი საჭურისი რომ იყო?) საუკუნეების მანძილზე ბრძენკაცებმა ბევრი იფიქრეს და აჯვარეს, ვიდრე ეს საოცრება არ გამოიყვანეს – ყარაბაღული ჯიშის ოქროსფერ-წითელი რაში.“

იმდენი აქეს, დავინტერესდი და ვთხოვე, ეჩვენებინათ ერთი ამ საოცრებათაგანი, მაგრამ თანაგრძნობით გადმომხედეს და მითხრეს: „სულთნის ჰარამხანაში უფრო იოლად შეაღწევ, ვიდრე ყარაბაღული ცხენების თავლაში. ასეთი ცხენი სულ თორმეტია. ვინც ერთხელ მაინც მოჰკრავს მათ თვალს, ცხენის ქურდად იქცევაო.“

იძულებული გავხდი ნაამბობით დავკმაყოფილებულიყავი. ვიჯექი შუშაში, ვუცდიდი ნინოს და თავს მშვენივრად ვგრძნობდი ამ ზღაპრულ ქვეყანაში. თან მოხუცი მუსტაფას მონათხრობ ჭორებს ვისმენდი:

– ო, ხან, შენი წინაპრები იბრძოდნენ, შენ ცოდნის სახლი დაამთავრე და ნასწავლი კაცი ხარ, უამრავი რამე იცი. სპარსელები საადით, ჰაფეზით და ფირდოუსით ამაყობენ, რუსები – პუშკინით, შორს, დასავლეთში კი ვიღაც პოეტი, გოეთე ყოფილა, ეშმაკზე დაუწერია პოემა.

– შენ გინდა თქვა, რომ ისინიც ყარაბაღიდან არიან? – შევაწყვეტინე მე ბრაზმორეულმა, მაგრამ ის თავისას განაგრძობდა:

– კარგი, ძვირფასო სტუმარო, ეგ არა, მაგრამ ჩვენი წინაპარი პოეტები მაინც ხომ ყველას სჯობიან? ისინი მკვდარ ასოებსაც კი აჟღერებენ და თანაც კი არ წერენ, ზეპირად, პაექრობისას გამოთქვამენ.

– რომელ პოეტებს გულისხმობ, აშუღებს?

– დიახ, აშუღებს, – თქვა მოხუცმა მრავალმნიშვნელოვ-ნად. – ისინი შუშის ახლო-მახლო სოფლებში ცხოვრობენ. ხვალ ლექსებით პაექრობა იმართება. არ გინდა, წავიდეთ? ნამდვილად გაგაოცებენ, ბატონო.

რა თქმა უნდა, მინდოდა. მეორე დღეს მიხვეულ-მოხვეული გზებით სოფელ ტაშ-კენდასკენ გავემგზავრეთ; ეს სოფელი კავკასიური პოეტური ხელოვნების ბურჯად ითვლებოდა.

თითქმის ყოველ ყარაბაღულ სოფელში სახლობდნენ ადგილობრივი მგოსნები თუ მომღერლები, რომლებიც ზამთარში შინ ისხდნენ და ლექსებს თხზავდნენ, გაზაფხულზე კი მათ გარე სამყაროს აცნობდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამი სოფელი, სადაც ძირითადად პოეტები ცხოვრობდნენ. აღმოსავლური პოეზიისადმი ღრმა პატივისცემის ნიშნად ეს სამი სოფელი ადგილობრივი ფეოდალების მიერ ყოველგვარი გადასახადებისაგან ოდითგანვე იყო განთავისუფლებული. ერთ-ერთი ასეთი სოფელი იყო ტაშ-კენდა.

ერთი თვალის შევლებაც კმაროდა, დარწმუნებულიყავით, რომ ამ სოფლის მცხოვრებნი ჩვეულებრივი გლეხები არ იყვნენ. კაცებს გრძელი თმა ჰქონდათ, აბრეშუმის ტანსაცმელი ეცვათ და ერთმანეთს უნდობლად უმზერდნენ. ქალები თავიანთ ქმრებს შეფიქრიანებული სახით დასტრიალებდნენ თავს და ხელში მუსიკალური საკრავები ეჭირათ. სოფელში ქვეყნის ყველა კუთხიდან მოეყარა თავი უამრავ მდიდარ სომეხსა და აზერბაიჯანელს, რომ აშუღთა ხელოვნებით დამტკბარიყო. სოფლის მგოსნები მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ. იქ მოპაექრეთა ორივე ჯგუფი იდგა და ერთიმეორეს გამომწვევად უმზერდა. უცბად ერთმა აშუღმა წამოიძახა:

– ტანსაცმელი გიყართ, სახეები ღორებს მიგიგავთ: ნიჭი ქალწულის მუცლის ბეწვივით სუსტი გაქვთ. ორ შაურად თქვენივე თავის დასაცინ ლექსებსაც კი შეთხზავთ.

საპასუხოდ გაისმა:

– მასხარასავით გაცვია, ხმა საჭურისივით წვრილი გაქვს, ნიჭს ვერც გაყიდი იმიტომ, რომ არ გაბადია, ჩემი ნასუფრალით ძღები.

ასე გაცეცხლებულები ლანძღავდნენ ერთმანეთს, ვიდრე მოციქულის მსგავსი შევერცხლილთმიანი ვიღაც მოხუცი არ გამოჩნდა. მან შეჯიბრისათვის ორი თემა დაასახელა, ერთი ლირიკაში და მეორე ეპოსში: „მთვარე არაქსზე“ და „სიკვდილი აღა მაჰმად ხანისა“.

მგოსანთა ორივე ჯგუფი ცას მიაჩერდა. მერე სიმღერა წამოიწყეს. ისინი უმღეროდნენ საჭურის აღა მაჰმადს, როგორ ჩავიდა იგი ქალაქ თბილისში, რომ იქ გოგირდის აბანოში მამაკაცობა აღედგინა. მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა, განრისხებულმა ბრძანა, დაუნდობლად გაენადგურებინათ ქალაქი, დაეხოცათ ქალები და კაცები. მაგრამ ყარაბაღში რომ ბრუნდებოდა, ცოდვებმა უწია, ვიღაცამ ღამით კარავში მახვილით განგმირა. დიდ შაჰს არაფერი რგებია ცხოვრებისაგან. ბრძოლის ველზე შიმშილით ხდებოდა სული. შავ პურსა და მჟავე რძეს სვამდა და უამრავი ქვეყნის დამპყრობელი უდაბნოს უღარიბეს მათხოვარს ჰგავდა. ასეთი ბედი ერგო საჭურის აღა მაჰმადს.

ამ ყველაფერს მოლექსეები მშვენიერი სტროფებით გადმოსცემდნენ. ერთმა აშუღმა დაწვრილებით ასახა საჭურის აღა მაჰმადის ტანჯვა მშვენიერ ქალთა ქვეყანაში, მეორემ კი იმ ქალთა წამებით დასჯა. აღფრთოვანებული მაყურებელი ტაშს უკრავდა. მერე მეორე თემის გალექსვაც დაიწყეს.

– ვისა ჰგავს მთვარე არაქსზე? – წამოიწყო ერთმა მშვიდად.

– შენ ვინც გიყვარს, იმის სახეს. – გამოეპასუხა მეორე, მრისხანე სახე ჰქონდა ამ მგოსანს.

– მიმზიდველია ოქრო ამ მხარის. – განაგრძო ისევ პირველმა.

– მთვარე კი ფარია დიდი ომისა. – გამოეპასუხა ისევ მრისხანე ხმა.

ასე ერთიმეორესთან პაექრობაში იქვე ქმნიდნენ აშუღები სტროფებსა და ტაეპებს. ისინი უმღეროდნენ მთვარეს, მდინარე არაქსს, გოგონას, ნაწნავივით აქეთ-იქით რომ მიირხეოდა, შეყვარებულებს, ღამით რომ ჩადიოდნენ მდინარესთან და შიგ არეკლილ მთვარეს შესცქეროდნენ.

გამარჯვებულად ის მრისხანესახიანი აშუღი გამოცხადდა. მივუახლოვდი. დაფიქრებული შესცქეროდა, როგორ ივსებოდა მისი თასი ფულით.

– გიხარია გამარჯვება? – ვკითხე აშუღს.

გადააფურთხა. „ეს რა გამარჯვებაა, ბატონო. გამარჯვება უწინ უნდა გენახათ. მაშინ გამარჯვებულს უფლება ჰქონდა, თავი მოეკვეთა დამარცხებულისათვის. მაშინ ხელოვნებას მართლა აფასებდნენ. ახლა კი ჩვენ გააზიზებულები ვართ. ლექსისთვის სისხლს აღარავინ ღვრის.”

– ახლა შენ ხომ ქვეყნის საუკეთესო აშუღად ითვლები?

– არა, – თქვა მან და თვალები დაუნაღვლიანდა. – არა, – გაიმეორა კვლავ. – მე მხოლოდ ლექსის შემქმნელი ვარ, მე არა ვარ ჭეშმარიტი აშუღი.

– მაშ ვინღაა ნამდვილი აშუღი?

– რამადანის თვეში – წამოიწყო მრისხანემ, – ერთი იდუმალებით მოცული ღამეა, ალ-კადრის ღამე. იმ ღამით ერთი საათით ბუნებაც იძინებს, აღარც მდინარეების დუდუნი ისმის. ბოროტი სულებიც აღარ უდარაჯებენ განძს. ამ დროს ბალახის ამოსვლის ხმა, ხეების ლაპარაკიც კი შეიძლება გაიგონო. მდინარეებიდან ალები ამოდიან. იმ ღამით ბრძენები და პოეტები იბადებიან. ალ-კადრის ღამეს აშუღმა ყველა პოეტის მფარველი ელია წინასწარმეტყველი უნდა მოიხმოს; როდესაც წინასწარმეტყველი გამოჩნდება, პოეტს თასს მიართმევს და ეტყვის ხოლმე: „ამ წამიდან შენ ჭეშმარიტი აშუღი ხარ და ყველაფერს ჩემი თვალით დაინახავო“. ამგვარად მადლცხებული ყველაფრის მფლობელია, მის ხმას ემორჩილება ყველა – ცხოველი, ადამიანი, ქარი თუ ზღვა. მისი სიტყვა ყოვლისშემძლეა.

მრისხანე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. მერე კი დასძინა:

– მაგრამ არავინ იცის, როდისაა ალ-კადრის ღამე და რა დროსაა მიძინების საათი, ჭეშმარიტი აშუღიც ამიტომ არ იარსებებს.

მერე კი წამოდგა და წავიდა ეული, ნაღვლიანი და გულჩათხრობილი, როგორც უდაბნოს მგელი ყარაბაღის მწვანე სამოთხეში.




Загрузка...