ვიწრო ქვის ტერასა ხევს გადაჰყურებდა. შორს ხრიოკი, მიტოვებული კლდეები ყვითლად ბრწყინავდა, უზარმაზარი ქვები ერთიმეორეზე მიხერგილიყო. ხევის პირზე ოთხკუთხა უბრალო ქოხები ახლო-ახლო ჩაემწკრივებინათ. მათი ბანები ეზოებს წააგავდა. ქვემოთ მდინარე მიექანებოდა. კლდეზე, ქვა-ღორღში ვიწრო ბილიკი ჩადიოდა, და სადღაც უფსკრულში იკარგებოდა. ასეთი იყო აული – მთის სოფელი დაღესტანში.
ოთახი მუქი სქელი ჭილობით იყო ჩამობურული და ამიტომაც ბნელოდა. ვიწრო სახურავის შვერილი ორ სვეტზე იყო შეყენებული. მაღლა, უკიდეგანო ცაზე, გაშლილი ფრთებით არწივი გადმოკიდებულიყო გაქვავებულივით.
პატარა ბანზე ვიწექი, კბილებს შორის ქარვის მუნდშტუკი მედო და შხამიანი კვამლის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი. საფეთქლები გამეყინა. ცისფერი კვამლი ნიავმა აქეთ-იქით გაფანტა. ვიღაცის მზრუნველ ხელს თამბაქოს ბალახში ჰაშიშის მარცვლები გაერია. უფსკრულს ჩავშტერებოდი. ნისლში მოგონებები ამომიტივტივდა: ჩემი ოთახი ბაქოში, კედელზე გაკრულ ხალიჩაზე გამოსახული მებრძოლი რუსტამი. ოდესღაც იქ ვიწექი, აბრეშუმის რბილ საბანში გახვეული. გონს რომ მოვეგე, გვერდი საშინლად მტკიოდა, უკვე გადახვეული მქონდა. მეორე ოთახიდან ჩუმი ნაბიჯები და თავშეკავებული ხმები მესმოდა. ყურთასმენა დავძაბე, თანდათან ხმაც მაღლდებოდა.
– ვწუხვარ, პოლიციის კომისარო, მე თავადაც არ ვიცი, სადაა ჩემი ვაჟი. ვფიქრობ, თავის ბიძასთან სპარსეთში ხომ არ გაიქცა. – მომესმა მამაჩემის ლაპარაკი და მერე კომისრის გაშმაგებული ხმაც ჩამესმა:
– თქვენი ვაჟის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო დაჭერის ბრძანებაა გაცემული. ჩვენ მას სპარსეთშიც მოვძებნით.
– მოხარული ვიქნები, ყოველი მართლმსაჯულება გაამართლებს ჩემს ვაჟს, რადგან მან ეს აფექტის მომენტში ჩაიდინა, მეტსაც გეტყვით, უფრო შემთხვევით, ვიდრე სამართლის აღსავლენად. თუმცა…
მერე დუმილი ჩამოწვა. ფულის ჩხრიალის ხმა გავიგე, თუ მეჩვენებოდა, არ ვიცი... და კვლავ კომისრის ხმა:
– ხო, ხო, ეს ახალგაზრდები, როგორ გაუფრთხილებლად ეპყრობიან ხანჯალს. მე მხოლოდ უბრალო სახელმწიფო მოხელე ვარ, გულწრფელად თანავუგრძნობ. ბიჭი ქალაქში არ უნდა გამოჩნდეს. მაგრამ დაპატიმრების ბრძანება სპარსეთშიც უნდა გავგზავნო.
კვლავ დუმილი ჩამოწვა. ნაბიჯების ხმაც მიჩუმდა. ჩემ წინ ხალიჩაზე ამოქარგულ ასოების მწკრივს თვალი გავადევნე, ლაბირინთივით იყო. მზერა ასო ნ-ზე შევაჩერე. უცბად ჩემკენ ვიღაცეების სახეები დაიხარა, რაღაცას ბუტბუტებდნენ გაურკვევლად. მერე კი საწოლში ვიჯექი, ჩემ წინ ილიას ბეგი და მეჰმედ ჰაიდარი იდგნენ, ფორმები ეცვათ და იცინოდნენ:
– მოვედით, უნდა გამოგემშვიდობოთ, ფრონტის წინა ხაზზე გადაგვიყვანეს.
– როგორ?
– ნინო სახლში მივიყვანე. მთელი გზა ჩუმად იყო. მერე ისევ ყაზარმაში დავბრუნდით. რამდენიმე წუთში ყველაფერი გაუგიათ. მელიქოვი, პოლკის კომენდანტი ოთახში ჩაიკეტა და გამოთვრა. ცხენის დანახვაც აღარ უნდოდა. საღამოს ბრძანა, ცხენი მოეკლათ, თავად კი ფრონტზე გაწვევა ითხოვა... მამას კი შეეძლო სამხედრო სასამართლოსთან საქმის მოგვარება, მაგრამ ასე ვარჩიეთ. პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გაგვიწვიეს.
– მაპატიეთ, ყველაფერი ჩემს სინდისზეა.
ორივემ იუარა:
– არა, შენ გმირი ხარ, კაცურად მოიქეცი. ჩვენ შენით ვამაყობთ.
– ნინო ნახეთ?
სახეზე ორივეს ღიმილი გაუქრა.
– არ გვინახავს. – თქვეს ცივად. მერე გულმხურვალედ გადამეხვივნენ და გამომემშვიდობნენ:
– ჩვენზე ნუ წუხხარ, ჩვენ კარგად ვიქნებით.
ბალიშებში ჩაფლული ვიწექი. თვალები წითელ ხალიჩაზე მქონდა მიბჯენილი. საბრალო მეგობრები! ჩემი ბრალია. ძილ-ბურანში გავირიყე. ყველაფერი აწმყოსეული ისევ სადღაც გაქრა. ბურუსში ნინოს სახე დაცურავდა, ხან სერიოზული, ხან მომღიმარი. უცბად მხარზე ვიღაც შემეხო, სპარსულად ნათქვამი მომესმა:
– ჰაშიში თუ უშველის ამას დარდის გაქარვებაში. – და პირში მუნდშტუკი ჩამიდეს.
გაბრუებულს ისევ ვიღაცის ხმა ჩამესმა:
– პატივცემულო ხან, ეს რა უბედურება დაგვემართა! იმის სათქმელად მოვედი, რომ ჩემი გოგო თქვენმა ბიჭმა უნდა შეირთოს. მალე უნდა დაქორწინდნენ.
– არა, თავადო, ალი ხანს არ შეუძლია იქორწინოს. ის ახლა ყანლია, რომელსაც ნახარარიანის სისხლისთვის შურის საძიებლად დასდევენ. სპარსეთში გავგზავნე. მისი სიცოცხლე ყოველ წუთს საფრთხეშია. თქვენს ქალიშვილს არ შეეფერება!
– საფარ ხან, გემუდარებით, ჩვენ შვილები უნდა დავიცვათ. გავგზავნოთ ინდოეთში, ესპანეთში. ჩემს გოგონას სახელი გაუტეხეს, ახლა ქორწინება თუ გადაარჩენს.
– ეს ალი ხანის ბრალი არ არის, ჩემო თავადო. მოძებნეთ ვინმე რუსი, თუნდაც სომეხი.
– რას ბრძანებთ! ფარული გაქცევა ღამით?... ეს გასაგებიცაა ჩვენს დროში.... თქვენი ვაჟი ნაჩქარევად მოიქცა, სრულიად მცდარი ეჭვის გამო. თვითონვე უნდა გამოასწოროს.
– არა, თავადო, ალი ხანს არ შეუძლია.
– მეც მამა ვარ, საფარ ხან!
ხმები მიჩუმდა. სამარისებური სიჩუმე გამეფდა. ეს ჰაშიშის მარცვლები ჭიანჭველებს ჰგავდა. ნახვევები ჩამომიცურდა და ხელით შევეხე ჩემს ჭრილობას, ჩემი სხეულის პირველ სიამაყეს. ნელ-ნელა წამოვდექი და ხელის ცეცებით ოთახში გავიარე. გული მძლავრად მიცემდა. შეშინებული მოსამსახურეები გაშტერებულნი შემომცქეროდნენ. უცბად კარი გაიღო და მამა შემოვიდა. ერთ ხანს დუმდა. აქეთ-იქით აწყდებოდა მღელვარედ. მერე გაჩერდა და წამოიწყო:
– პოლიცია ყოველდღე მოდის. ნახარარიანის სისხლისა ყველა შენ გეძებს. ხუთი მათგანი სპარსეთში გასამგზავრებლადაც კი მზადაა. მელიქოვებიც გამწარებულნი არიან ცხენის გამო. ოცი კაცი დავაყენე სახლთან საყარაულოდ.
მდუმარედ დავჩერებოდი იატაკს. მამამ მხარზე ხელი დამადო და თბილად მომმართა:
– ვამაყობ შენით, ალი ხან, ძალიან ვამაყობ. მეც ასევე მოვიქცეოდი.
– კმაყოფილი ხარ, მამა?
– ჰო, ძალიან, მაგრამ ერთი რამე მითხარი, – მომეხვია და თვალებში ღრმად ჩამხედა, – ქალი რად არ მოკალი?
– არ ვიცი, მამა, ძალიან დაღლილი ვიყავი.
– უკეთესი იქნებოდა, შვილო, თუმცა ახლა ძალზე გვიანია. მაგრამ არ გსაყვედურობ. მთელი ოჯახი ვამაყობთ შენით.
– ახლა რა მოხდება, მამა?
ის წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და ამოიოხრა.
– შენი აქ დარჩენა შეუძლებელია. სპარსეთშიც არ შეიძლება წასვლა. პოლიცია და ორი ძლიერი ოჯახი გეძებს. უმჯობესი იქნება, თუ დაღესტანში წახვალ, ერთ-ერთ აულში. იქ, ალბათ, ვერავინ გიპოვის, ვერც სომეხი და ვერც პოლიცია.
– რამდენი ხნით, მამა?
– ძალიან დიდი ხნით. ვიდრე პოლიციასაც და მოსისხლე ოჯახსაც მომხდარი არ გადაავიწყდება და არ შემოგვირიგდებიან. ხშირად მოგინახულებ ხოლმე.
ღამით გავემგზავრე მახაჩყალისაკენ. მთებში გადავედით და ტანდაბალი, გრძელფაფრიანი ცხენებით ვიწრო ბილიკებით შორეული, უკიდეგანო უფსკრულისპირა აულისაკენ გავემართეთ. ახლაც აქ, დაღესტნური სტუმართმოყვარეობის საიმედო მფარველობის ქვეშ ვიმყოფები. „ყანლი“ – ამბობდნენ ჩემი შემხედვარე სოფლელები და მზრუნველობით მირევდნენ ჰაშიშს თამბაქოში. ბევრს ვეწეოდი და მოჩვენებებით გაწამებული განუწყვეტლივ ვდუმდი. მამაჩემის ძველმა მეგობარმა ყადი მოლამ შემიფარა სტუმართმოყვარე კალთის ქვეშ. გაუთავებლად მიამბობდა ძველ ამბებს და შიგადაშიგ სიზმრისეულ ხილვებს მირღვევდა:
– ნუ თვლემ, ალი ხან, მომისმინე, ნუ ფიქრობ. ანდალალის ამბავი გაგიგონია? იცი კი, რა არის ანდალალი? ეს იყო ერთი ლამაზი სოფელი. ექვსასი წლის წინ ამ სოფელს ჭკვიანი, კეთილი და მამაცი თავადი მართავდა. ხალხმა ვერ იგუა იმისი სიკეთე და ერთ მშვენიერ დღეს განუცხადა, მოგვბეზრდა შენი მმართველობა, უნდა დაგვტოვოო.
თავადი ტირილით გამოემშვიდობა თავისიანებს, ცხენს მოაჯდა და შორს, სპარსეთში გადაიხვეწა. იქ ის დიდი კაცი გახდა. შაჰი აფასებდა იმის სიტყვას. უამრავი ქვეყანა დაიპყრო, მაგრამ გულში, როგორც ჩანს, სოფელ ანდალალზე ბოროტება ჩაიდო და შაჰს უთხრა, ეს სოფელი სავსეა ძვირფასი ქვებით და უნდა დავიპყროთო.
შაჰი დიდი ჯარით მოადგა სოფელს. ანდალალის ხალხმა კი შეუთვალა: „ჩვენ აქ, ზემოთ, ცოტანი ვართ. თქვენ მანდ, ქვემოთ, ჩვენზე ბევრნი ხართ, მაგრამ ორივეზე მაღლა ორივეზე ძლიერი ალაჰი დგას!“ სოფელში თავი მოიყარა ყველამ, დიდმა თუ პატარამ, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ, ქალმა თუ კაცმა და მტერზე გაილაშქრა. თვით თავადის ვაჟებიც იბრძოდნენ წინა რიგებში. სპარსელები დამარცხდნენ. შაჰი პირველი გარბოდა. მოღალატე თავადიც უკან მისდევდა.
გავიდა ათი წელი. თავადი მოხუცდა, მიატოვა სასახლე თეირანში და სამშობლოში დაბრუნდა. თანასოფლელებმა მოღალატე ამოიცნეს, აფურთხებდნენ და კარს ცხვირწინ უკეტავდნენ. მთელი დღე დადიოდა თავადი სოფელში ცხენით, მაგრამ მეგობარი ვერ იპოვა. მერე მივიდა ყადისთან და უთხრა, მე დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, რათა კანონის თანახმად ჩემი დანაშაული გამოვისყიდოო.
„შეკარით!“ – ბრძანა ყადიმ. – „კანონის თანახმად ის ცოცხლად უნდა დაიმარხოს.“
ხალხმა ერთხმად იღრიალა: „ეგ მაგის ღირსია!“
ყადი სამართლიანი იყო, მოღალატეს მიუბრუნდა და ჰკითხა: „რა შეგიძლია თქვა თავის დასაცავად?“
„არაფერი, დამნაშავე ვარ. მიხარია, რომ აქ ასე ასრულებენ მამა-პაპეულ ადათებს. მაგრამ ერთი ადათიც არსებობს: ვინც მამის წინააღმდეგ იბრძვის, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ამიტომ მოვითხოვ: ჩემი ვაჟები ჩემ წინააღმდეგ იბრძოდნენ და მათ ჩემს საფლავზე თავები უნდა მოჰკვეთონ.“
„ეგრე იყოს!“ – თქვა ყადიმ და ხალხთან ერთად ატირდა, რადგან მოღალატის ვაჟები დაფასებულნი და პატივცემულნი იყვნენ სოფელში. კანონი უნდა აღსრულებულიყო. მოღალატე თავადი ცოცხლად დამარხეს, ქვეყნის საუკეთესო მებრძოლებს, თავადის ვაჟებს კი მის საფლავზე თავები მოჰკვეთეს.
– სულელური მონაჩმახია. უკეთესი არაფერი იცი? შენი გმირი ექვსასი წლის წინ ცხოვრობდა, თანაც მოღალატე ყოფილა. – ჩავიბურდღუნე მე.
ყადი მოლას ეწყინა, მაგრამ მაინც განაგრძო:
– კარგი, მაშინ იმამ შამილზე მოგიყვები. ორმოცდაათი წელი გავიდა მას მერე. მაშინ ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა, არც ღვინო იყო, არც თამბაქო. კანონი კანონობდა, ქურდს ქურდობისთვის მარჯვენა ხელს აჭრიდნენ. ისე, ქურდობა არც იყო, ვიდრე რუსები შემოვიდოდნენ.
იმამ შამილს წინასწარმეტყველი გამოეცხადა და უბრძანა, ღაზავათი – წმინდა ომი წამოეწყო. მთის ყველა ხალხი საშინელი ფიცით იყო შამილთან შეკრული. მაგრამ რუსები უფრო ძლიერები გამოდგნენ. ისინი ჩეჩნებს ემუქრებოდნენ, სოფლებს და მინდვრებს უწვავდნენ. ბრძენმა კაცებმა გადაწყვიტეს დარგუში, იმამ შამილის სამფლობელოში ჩასულიყვნენ, რომ მისთვის მთის ხალხის ფიცისაგან განთავისუფლება ეთხოვათ. იმამთან მისულებმა ლაპარაკი ვერ გაბედეს და იქიდან მის დედასთან, ხანუმთან წავიდნენ.
ხანუმს კეთილი გული ჰქონდა. ის ჩეჩნების ტანჯვამ აატირა და დაჰპირდა, იმამს დაველაპარაკები, იქნებ გაგათავისუფლოთ ფიცისგანო. ხანუმს გავლენა ჰქონდა შვილზე, იმამიც პატივს სცემდა დედას. ერთხელ იმამს ასეთი სიტყვებიც უთქვამს – წყეულიმც იყოს ის შვილი, ვინც დედას გულს ატკენსო. როცა ხანუმი იმამს დაელაპარაკა, მან ასე უპასუხა: „ყურანი კრძალავს ღალატს. ყურანი იმასაც კრძალავს, რომ დედას შეეპასუხო. მე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვილოცებ და ვიმარხულებ, რომ ალაჰმა გამინათოს გონება და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინოს.“
იმამი სამი დღე და სამი ღამე გამოიკეტა ოთახში, იმარხულა, ილოცა. შემდეგ ხალხთან გამოვიდა და თქვა: „ალაჰმა მაუწყა, ვინც პირველმა წამოიწყო ღალატზე ლაპარაკი, ჯოხის ასჯერ დარტყმით დაისაჯოსო. ეს დედაჩემი იყო. მე ვსჯი მას.“ ხანუმი მოიყვანეს. შეიარაღებულმა კაცებმა ჩადრი ჩამოაგლიჯეს, ჩადრი მეჩეთის კიბეზე დაეცა. ერთი დარტყმა მიიღო მშობელმა იმამისგან, მერე კი მუხლებზე დაეცა ტირილით და იყვირა: „რკინისაა ყოვლადდღეგრძელის კანონები. ვერვინ აღუდგება, ვერც მე. ძნელია მათი დაცვა, ჩემთვისაც ძნელია. ერთის უფლებას მაინც გაძლევს ყურანი – მშობლის სასჯელი შვილს შეუძლია აიღოს.“ ასე აიღო იმამმა დედის სასჯელი საკუთარ თავზე, ზურგი მოიშიშვლა მთელი ხალხის წინაშე, დაწვა მეჩეთის კიბეზე და ბრძანა: დამკარით, მთელი ძალით დამკარით, ნურაფრად ჩააგდებთ, რომ იმამი ვარ. თუ ვინმეს შევამჩნიე, რომ დარტყმისას მზოგავს, ვებრალები და მთელი ძალით არ მარტყამს, თავს წავაჭრი.“
ოთხმოცდაცხრამეტი დარტყმა მიიღო იმამმა. სისხლის ნაკადში იწვა. კანი სულ დაგლეჯილი ჰქონდა. ხალხი შეძრა ამ სანახაობამ. აღარავის გაუბედავს ამის მერე ღალატზე ლაპარაკი. ასე იმართებოდა მთები ორმოცდაათი წლის მანძილზე და ხალხიც ბედნიერი იყო.
ვდუმდი. სადღაც მაღლა ღრუბლებში არწივი გაუჩინარდა. ბინდდებოდა. ყადი მოლამ სალოცავი ნოხი გაშალა. ჩვენ პირით მექისკენ შებრუნებულნი ვლოცულობდით. სიმღერასავით ჟღერდა არაბული ლოცვები.
– ახლა წადი, ყადი მოლა. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ახლა იქნებ დავიძინო.
იმედგაცრუებულმა გამომხედა. ოხვრით ამირია თამბაქოში ჰაშიშის მარცვლები. მერე კი წავიდა. გავიგონე, მეზობელს რომ უთხრა:
– ყანლი ძალიან ავადაა.
იმან კი უპასუხა:
– დაღესტანში მალე გამოჯანმრთელდება.