XXIII თავი


ენზელი, რაშთი, სოფლები თუ ქუჩები – ყველაფერი უდაბნოს სულით იყო აღვსილი. დროდადრო ჰორიზონტზე სპარსული ფატა მორგანა – აბუ-იაზიდი – ეშმაკის წყალიც მოჩანდა. რაშთისაკენ გზა მდინარის გასწვრივ მიდიოდა. მდინარე დამშრალი იყო, მისი უზარმაზარი ფსკერი კი – დამსკდარი, როგორც, საერთოდ, სპარსეთის უმეტეს მდინარეებში. მხოლოდ რამდენიმე ტბორიღა დარჩენილიყო, რომელთა ნაპირებთანაც უძველესი დროის გიგანტური აჩრდილებივით აღმართულიყო დიდმუცელა და ნებიერა კლდეები. წინ ქარავანი მიდიოდა ზარების რეკვით. მანქანამ სვლა შეანელა. მთის კიდეზე აქლემები მოაბიჯებდნენ. ქარავანს ხელჯოხიანი კაცი მიუძღვოდა, უკან კი შავებში გამოწყობილი ადამიანები მისდევდნენ. ნელ-ნელა მიირხეოდნენ აქლემები და კისერზე ჩამოკიდებული ზარიც რეკდა ყოველ მოძრაობაზე. ნაცრისფერ ზურგზე გრძელი, მუქი ხურჯინები ეკიდათ და მარჯვნივ თუ მარცხნივ ჩამოსთრევდათ. ხურჯინებში, ალბათ, სხვადასხვა საქონელი ეწყო: ქსოვილები ისპაანიდან, შალი გილანიდან. მანქანა წინ ვეღარ მიდიოდა. აქლემებზე შავ ტილოში გახვეული გვამები ეკიდა. ასი-ორასი გვამი იქნებოდა. უდაბნოებსა თუ გადათეთრებულ მარილიან სტეპებში, მდინარეების ნაპირებსა თუ მთებზე, მწვანე ოაზისებში უხდებოდათ აქლემებს ამ ტვირთის ზიდვა, ვიდრე თურქეთის საზღვარს მიაღწევდნენ. აქ კი ჩაიმუხლებდნენ აქლემები, მესაზღვრეები გასინჯავდნენ გვამებს და ქარავანიც განაგრძობდა გზას წმინდა ქალაქ ქერბელას გუმბათებისაკენ.

ქარავანი წამებული ჰუსაინის აკლდამასთან გაჩერდებოდა. ფრთხილად გადმოიღებდნენ გვამებს, რათა მათ ქერბელას წმინდა მიწაში ეპოვათ განსასვენებელი, ვიდრე მთავარანგელოზის საყვირი ძილისაგან აღადგენდა.

– ჩვენთვისაც ილოცეთ წმინდანის საფლავთან! – მივაძახეთ ქარავანს.

– ლოცვას თავად ვსაჭიროებთ! – გამოგვეპასუხა წინამძღოლი.

ქარავანი კვლავ მშვიდად მიირწეოდა, როგორც აბიიეზიდი – დიდი უდაბნოს ფატა-მორგანა.

რაშთის ქუჩებში მივდიოდით. აქ გასული საუკუნის სული შეიგრძნობოდა. ყველაფერი მხოლოდ ხისა და თიხისაგან იყო ნაკეთი. თვალში მოგხვდებოდა ვიწრო ქუჩები, ვიწრო შესახვევები, თითქოს სივრცის ეშინიათო. აუტანელი ერთფეროვნება გამეფებულიყო, იქნებ ბედისადმი მორჩილების გამო. მხოლოდ მეჩეთები იყო აღმართული შიგადაშიგ.

კაცებს მრგვალი, ნესვივით ქუდები ეხურათ მოტვლეპილ თავებზე. სახეები თოჯინებს მიუგავდათ.

ყველაფერი მტვერსა და ჭუჭყში ჩაძირულიყო, იმიტომ არა, რომ სპარსელებს ჭუჭყი და მტვერი უყვარდათ. უბრალოდ, მიაჩნდათ, რომ საგანი, როგორიც არის, ისეთადვე უნდა დარჩეს, რადგან ბოლოს ყველაფერი მაინც მტვრად იქცევა. ჩვენ ერთ პატარა ჩაიხანაში შევედით. შიგნით ჰაშიშის სუნი იდგა. ყველა ნინოს უყურებდა გაოგნებული. კუთხეში დერვიში იჯდა, ჯვალოში გახვეული, გაჩეჩილი თმით, პირდაღებული, დორბლიანი და არ იძვროდა, თითქოს ვერავის ხედავსო. მხოლოდ ნიშანს ელოდა. აუტანელი მდუმარება მოდიოდა მისგან. ხელში სპილენძის თასი ეჭირა. უცბად შეხტა, ისედაც დაღებული პირი კიდევ უფრო დააღო და იყვირა:

– ვხედავ, დასავლეთში მზე ამოსულა.

იქ მყოფნი აცახცახდნენ.

კარებში გუბერნატორის კურიერი გამოჩნდა:

– მისმა აღმატებულებამ დაცვის განწესება ბრძანა შიშველი ქალის გამო.

ნინოს გულისხმობდნენ, მას ხომ ჩადრი არ ეხურა. ნინოს წარბიც არ შეუხრია. სპარსული არ ესმოდა.

ღამე გუბერნატორის სახლში გავატარეთ. დილით ბადრაგმა ცხენები შეკაზმა და ნინოს სიშიშვლის გამო, რომელიც სახეს არ იბურავდა და, შესაძლოა, ყაჩაღების გამოც, ქვეყანაში რომ დაძრწოდნენ, თეირანამდე მიგვაცილეს.

მანქანა ნელ-ნელა მიიწევდა უდაბნოში. კიდევ 80, 70, 60 კილომეტრი... გზა გველივით მიიკლაკნებოდა. შორეული თოვლიანი დამავანდის ფონზე თეირანის კარიბჭის ოთხი კოშკი გამოიკვეთა. ქალაქის კარიბჭე მშვენიერი ფერადი ქვებით იყო ნაგები. ბრძნული წარწერით დამშვენებული არაბული თაღი დემონის შავი თვალებივით შემოგვცქეროდა. იქვე ჩამოფლეთილტანსაცმლიანი დერვიშები, ჭუჭყიანი მაწანწალები, დატილიანებული, ზიზღის მომგვრელი მათხოვრები ეყარნენ და ჩვენს დანახვაზე გამოცოცხლებულნი გაძვალტყავებულ ხელებს იწვდიდნენ. ისინი თეირანის დიდებას უმღეროდნენ. მათ ხმაში ნაღველი და ერთგულება გაისმოდა. ერთ დროს ქალაქში დიდი იმედებით ჩამოვიდნენ, ახლა კი მტვერში იწვნენ, თავადაც მტვრად და ნაგვად ქცეულნი. მაგრამ მაინც უმღეროდნენ ქალაქს, რომელსაც ისინი ასე გაერიყა.

მანქანა მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მიირწეოდა. ზარბაზნების მოედანზე, სამეფო სასახლის ალმასის ჭიშკართან, კედლების გასწვრივ ფართო ქუჩა გადიოდა გარეუბან შემრანისკენ.

შემრანის სასახლის ჭიშკარი ფართოდ გაეღოთ. ვარდების სუნი შემოგვეგება. ცისფერი ქვით ნაგები კედლები სიმშვიდესა და სიგრილეს აფრქვევდა. აჩქარებული ნაბიჯით გავიარეთ ბაღი, ჩავუარეთ შადრევანს. ჩაკეტილფანჯრებიანი ბნელი ოთახები ცივ წყაროს ჰგავდა. მე და ნინო რბილ ბალიშებში ჩავეშვით და იმწამსვე ძილმა წაგვიღო.

გვეძინა. ვიღვიძებდით. გვთვლემდა, გვესიზმრებოდა, და ისევ გვეძინა. საუცხოო იყო უთვალავი ბალიშითა და ხალიჩით, რბილგადასაფარებლიანი დაბალი დივნებით გაწყობილი გრილი ოთახი. იშვიათი ბედნიერებაა ძილი ასეთ მშვიდ და დიდ სახლში! მხოლოდ ბულბულების სტვენა გვესმოდა შიგადაშიგ, ისიც ძილ-ბურანში. შორს, ბაქოს ძველ კედლებთან დავტოვეთ ყველანაირი საფრთხე. საათები გადიოდა. ნინო დროდადრო ოხრავდა, ძილ-ბურანში თავს წამოსწევდა და მკერდზე მადებდა. სახე მქონდა ჩარგული რბილ ბალიშებში, რომლებიც სპარსული ჰარამხანის სურნელს აფრქვევდა. ძალაგამოლეული ვიყავი. ცხვირი მექავებოდა, მაგრამ ძილს თავს ვერ ვართმევდი, ხელის აწევაც კი არ შემეძლო. კიდევ კარგი ცხვირის ქავილმა თვითონვე გადამიარა და ისევ ჩამეძინა.

უცბად ნინოს გამოეღვიძა, წამოიწია და განმიცხადა:

– მგელივით მშია, ალი ხან.

ბაღში გავედით. შადრევანს გარს ვარდის ბუჩქები ერტყა. კვიპაროსებს ცისკენ აეტყორცნათ კენწეროები. ფარშავანგი თავისი დიდებული კუდით უძრავად მისჩერებოდა ჩამავალ მზეს. შორს დამავანდის თეთრი მწვერვალი მოჩანდა. ხელი ხელს შემოვკარი. საჭურისი მოვარდა მაშინვე, უკან დედაბერი მობრაცუნებდა ხალიჩითა და ბალიშებით. კვიპაროსის ქვეშ გავაშლევინეთ ხალიჩა. საჭურისმა წყალი და თასი მოიტანა ხელ-პირის დასაბანად. ქალმა კი უმალვე გააწყო ხალიჩა მადის აღმძვრელი სპარსული კერძებითა და ტკბილეულობით.

– ტყვიამფრქვევების კაკანს თითებით ჭამა ჯობია. – თქვა ნინომ და მარცხენა ხელი ჩაყო ცხელ ფლავში, ჯერ კიდევ ორთქლის ოხშივარი რომ ასდიოდა. შემცბარმა საჭურისმა გვერდზე გაიხედა. ნინოს ავუხსენი, რომ სპარსეთში ბრინჯს მარჯვენა ხელის სამი თითით ჭამენ. მას მერე, რაც ბაქო დავტოვეთ, ნინო პირველად იცინოდა. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. მშვენიერი იყო შაჰის ამ მშვიდ, პოეტთა და ბრძენთა ღვთისმოსავ ქვეყანაში შემრანის სასახლეში ცხოვრება.

უცბად ნინომ მკითხა:

– ბიძაშენი ასად ას-სალთანე და მთელი მისი ჰარამხანა სადღაა?

– ალბათ ქალაქის სასახლეში იქნება. ცოლებიც იქ ეყოლება. ჰარამხანა? აი, ეს ოთახები, ბაღი – სწორედ ესაა ჰარამხანა.

ნინო იცინოდა:

– გამოდის, ჰარამხანაში მოვხვდი? იმათ თუ ვნახავ?

მეორე, გამოფიტული, გამხდარი საჭურისი მოგვიახლოვდა და გვკითხა, სიმღერას ხომ არ ინებებთო. სიმღერა არ გვინდოდა. სამმა გოგონამ ხალიჩა დაახვია, დედაბერმა დარჩენილი საჭმელი აალაგა, პატარა ბიჭმა ფარშავანგს აჭამა.

– ვინ არის ეს ხალხი, ალი ხან?

– მსახურები.

– ღმერთო ჩემო, რამდენნი არიან?

მეც არ ვიცოდი. საჭურისს მოვუხმე და ვკითხე. ის ერთხანს ჩუმად იდგა, ტუჩებს აცმაცუნებდა და ბოლოს დაასკვნა, ოცდარვაო. ქალი რამდენია-მეთქი, რომ ვკითხე, რამდენსაც ინებებთ, ბატონო, ამ წუთას კი მხოლოდ ერთია, თქვენს გვერდით რომ ზისო.

– თუმცა ადგილი სხვებისთვისაც საკმაოდაა. ასადულაჰი თავისი ცოლებით ქალაქში იმყოფება. ეს ჰარამხანა თქვენია. – თქვა მან, ქედი მოიხარა და კვლავ განაგრძო, – მე იაირა ყული მქვია. თქვენი ღირსების დამცველი ვარ. ვიცი წერა, კითხვა, ანგარიში. გაცნობიერებული ვარ ყველა ქალურ და ადმინისტრაციულ საკითხში. შეგიძლიათ, მენდოთ. როგორც ვატყობ, ეს ქალი ველურია, მაგრამ კარგ ჩვევებს შევასწავლი. მითხარით, თუ უწესოდ მოიქცა, უნდა ვიცოდე, რომ მისი დარიგება შევძლო და მოვარჯულო, რადგან ვატყობ, ეს ქალი უჩვეულო ზნისა უნდა იყოს. მე მას თავად დავბან, მოვაწესრიგებ. ვხედავ, იღლიაში თმა აქვს, ხვალვე გავასუფთავებ. ფრჩხილებს წითლად შევუღებავ. პირის ღრუშიც ჩავხედავ. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ქალები საშინლად ჩამორჩენილები არიან, რადგან ქალის წესიერად აღზრდას არაფრად დაგიდევენ.

– ღმერთო ჩემო, რისთვისაა ეს საჭირო?

– ქალს თუ ცუდი კბილები აქვს, პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ამიტომ კბილებიც უნდა შევუმოწმო.

– რაებს ჩმახავს ეს არსება? – მკითხა ნინომ.

– თავის თავს გვთავაზობს კბილის ექიმად. სასაცილო ბუს კი წააგავს, არა?! – მივუგე ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა.

საჭურისს კი მივუბრუნდი და ვუთხარი:

– იაირა ყული, ვხედავ, რომ გამოცდილი ხარ და კარგად ერკვევი ყველაფერში, მაგრამ ჩემი ცოლი ფეხმძიმედაა და, მოდი, ბავშვის დაბადებამდე გადავდოთ მისი აღზრდა.

ლაპარაკისას ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ნინო მართლა ფეხმძიმედ იყო, მაგრამ, ასე მეგონა, ვიტყუებოდი.

– მართალი ბრძანდებით, ალი ხან, ფეხმძიმე ქალებს ხასიათი უფუჭდებათ. სხვათა შორის, არსებობს საშუალება, რომ ბიჭი დაიბადოს. – მან ნინოს გამხდარი ფიგურა აათვალიერ-ჩაათვალიერა და საქმის ცოდნით დასძინა, – თუმცა ამას ჯერ კიდევ დრო აქვს, რამდენიმე თვე.

გარეთ, ვერანდაზე უამრავი ფეხის ფრატუნი ისმოდა. საჭურისები და ქალები მიმოდიოდნენ. ათასგვარი იდუმალი წესი ჰქონდათ.

ცოტა ხნის შემდეგ იაირა ისევ დაბრუნდა და მაუწყა:

– მის უდიდებულესობა ჰაფიზ სეიედ მუსტაფა მაშჰადის სურს თქვენი ნახვა. ვერ გავბედავდი თქვენს შეწუხებას ჰარამხანაში, მაგრამ სეიედი ნასწავლი კაცია, წინასწარმეტყველის გვარისა. ზემოთ გელოდებათ.

სეიედის ხსენებაზე ნინომ თავი ასწია.

– სეიედ მუსტაფაა? – თქვა მან, – შემოვიდეს, ჩაის დავლევთ ერთად.

შირვანშირების სახლის ღირსება ამჯერად მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ საჭურისმა რუსული არ იცოდა. დაუშვებელი იყო, ხანს ჰარამხანაში უცხო კაცი მიეღო.

ცოტა დავიბენი და მოკრძალებით ვუთხარი:

– სეიედს არა აქვს აქ, ჰარამხანაში შემოსვლის უფლება.

– აჰ, გასაგებია. სასაცილო ჩვევაა. მაშინ გარეთ შევხვდეთ.

– ნინო, ვშიშობ... როგორ გითხრა, არც ვიცი... სპარსეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. ვფიქრობ... სეიედი ხომ კაცია და...

ნინოს თვალები გაუფართოვდა გაოცებისაგან:

– შენ ფიქრობ, სეიედს ჩემი ნახვის უფლება არა აქვს, სეიედს, რომელმაც დაღესტანში ჩამომიყვანა?

– ვშიშობ, რომ ასეა, პირველ ხანებში მაინც. – ვუთხარი ნინოს.

– კარგი, წადი, წადი. – ჩაილაპარაკა მან მოულოდნელი გულგრილობით.

დათრგუნული გავედი ბაღიდან. დიდ ბიბლიოთეკაში ვიჯექი სეიედთან ერთად, ჩაის შევექცეოდით. სეიედი თავის გეგმებზე მემუსაიფებოდა. უნდოდა, თავის ცნობილ ბიძასთან წასულიყო მაშჰადში, ვიდრე ბაქო ურწმუნოთაგან გათავისუფლდებოდა. მე ვეთანხმებოდი. ნინოზე არაფერი უკითხავს, ერთხელაც კი არ უხსენებია მისი სახელი. სეიედი შეგნებული კაცი იყო. მაგრამ უცბად კარი გაიღო, ბიბლიოთეკაში ნინო შემოვიდა და თბილად მიესალმა:

– საღამო მშვიდობისა, სეიედ, ჩაის კიდევ ხომ არ მიირთმევდი?

ნინოს მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ოდნავი დაძაბულობაც იგრძნობოდა. მუსტაფა შეშინებული წამოხტა. ნაყვავილარ სახეზე აფორიაქება დაეტყო. ნინო ჩვენთან, ხალიჩაზე ჩამოჯდა. გარეთ გახშირებული, აბნეულ-დაბნეული ფეხის ფრატუნი ატყდა. შირვანშირების ღირსებას აშკარად საფრთხე დაემუქრა. ასე გაგრძელდა რამდენსამე წუთს, ვიდრე ისევ სეიედმა არ გაფანტა ეს საშინელი დაძაბულობა. ის კვლავ დაჯდა. ნინო სიცილით იგუდებოდა:

– ზარბაზნების სროლისა არ შემშინებია და, როგორ ფიქრობ, შენი საჭურისებისა შემეშინდება?

ასე ვისხედით გვიან საღამომდე. სეიედი ტაქტიანი კაცი იყო და არ უნდოდა, ნინოსათვის გული ეტკინა.

დასაძინებლად რომ მივდიოდით, იაირა მორჩილად მომიახლოვდა:

– დამსაჯე, ბატონო, თვალი ვერ დავიჭირე თქვენს მეუღლეზე. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ველური იქნებოდა. ჩემი ბრალია, ბატონო. – და ამის თქმაზე მსუქანი სახე სულ დაემანჭა.


Загрузка...