XIII თავი

ზღვიდან წამოსულმა ნისლმა ქალაქი ბურუსში ჩაძირა.

პრომენადის გასწვრივ მივრბოდი. ჩამოწოლილ ბურუსში, როგორც დაბინდულ მინაში, შიგადაშიგ თუ ვხედავდი ზოგის შეშინებულ, ზოგის გულგრილ სახეს. უცბად რაღაცას წამოვკარი ფეხი და ვიღაც ამბალს დავეჯახე. ნავსადგურის მტვირთავი პირს აღლაჭუნებდა, ეტყობა, ჰაშიშს ღეჭავდა და შორეულ ველურ ხილვებში ჩაძირულიყო. მუშტები დავუშინე და ისევ გავიქეცი. სანაპიროსთან ჩამწკრივებული სახლებიდან გამოღწეული შუქი თვალებს მჭრიდა. შუშას დავადგი ფეხი. მსხვრევის ხმით დამფრთხალმა მიმოვიხედე და ვიღაც სპარსელის მთლად დასერილ სახეს მოვკარი თვალი. წინ ბურუსში მსუქანი მუცელი მოცურავდა. თავით დავეტაკე. ისეთი რბილი იყო, ლამის შიგ ჩავეფალი. ადამიანის დანახვაზე შევცბუნდი და ისევ გაქცევა ვცადე. ავიხედე, ვიღაცამ კეთილად მომმართა:

– საღამო მშვიდობისა, ალი ხან. – ნახარარიანი შემრჩა, მიცინოდა.

– ფუი ეშმაკს! – დავიყვირე და გაქცევა მინდოდა, მაგრამ ძლიერმა ხელმა დამიჭირა და მკითხა:

– ყმაწვილო, რა გემართება, კავკასიური სიშმაგეა, თუ ამ ქაოსმა შეგიხუთა სული, ასე რომ გარბიხარ? არ გირჩევნია, ჩემთან დარჩე?

უცბად ძალიან დაღლილად ვიგრძენი თავი.

– ფილიპოზიანცის სახლში წავიდეთ. – მითხრა მან. თავი დავუქნიე. იმ წუთს ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. ხელი მომკიდა და ბარიატინსკის ქუჩაზე კაფეში შემიყვანა. ღრმა სავარძლებში რომ ჩავეშვით, თანაგრძნობით მკითხა:

– კავკასიური სიბრაზეა, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი გაქვს?

დარბაზი რბილი ავეჯით და წითელი გადასაფარებლებით იყო მორთული. ცხელ ჩაის დავეწაფე და მოვახსენე, რაც დღეს თავს გადამხდა: როგორ მივედი ყიფიანებთან ნინოს ხელის სათხოვნელად, როგორ ჩამოვართვი თავადს ხელი, როგორ ვაკოცე მის მეუღლეს ხელზე, როგორ მოვუყევი ხელმწიფის შესაშური რუსულით ჩვენი ოჯახის უძველეს წარმომავლობასა და შესაძლებლობებზე, და ნინოს ხელი ვთხოვე.

– მერე? – დაინტერესდა ნახარარიანი.

– მერე? – მე თავადის ხმით, ქართული აქცენტით განვაგრძე, – „ჩემო საყვარელო შვილო, პატივცემულო ხან, დამიჯერეთ, ჩემი შვილისათვის უკეთესს ვერც ვისურვებდი, მაგრამ აბა დაფიქრდით, რა იცის ბავშვმა სიყვარულისა? ჯერ ისევ სკოლაში დადის და თანაც: განსხვავება რელიგიის, აღზრდის, წარმომავლობის მიხედვით? ამას თქვენს სასიკეთოდაც გეუბნებით. ალბათ მამათქვენიც იმავე აზრისა იქნება. ვიცი, ჩემს შვილს ჰგონია, უყვარხართ. არ მინდა, თქვენს ბედნიერებას გზა გადავუღობო, მაგრამ ერთს კი გეტყვი: დავიცადოთ, ვიდრე ომი დამთავრდება. იმ დროისთვის უკვე ორივე დიდები იქნებით და, თუ ისევ გეყვარებათ ერთმანეთი, მერე ვილაპარაკოთ.“

– რას აპირებ, ხან? – მკითხა ნახარარიანმა.

– ნინოს მოვიტაცებ და სპარსეთში წავიყვან. ასე გულხელდაკრეფილი ხომ არ ვიჯდები. მე, შირვანშირს, უარი მითხრეს. მაგას რა ჰგონია, შირვანშირები უფრო ძველი წარმომავლობისანი არიან, თუ ყიფიანები? აღა მაჰმადის დროს მთელი საქართველო ხელთ გვეპყრა. ყველა ყიფიანი მოხარული იქნებოდა თავისი ქალიშვილი შირვანშირებისთვის მიეთხოვებინა. რას გულისხმობს რელიგიის განსხვავებულობაში? როგორ, ისლამი ქრისტიანობაზე ნაკლებია? საკუთარი მამა დამცინებს. ქრისტიანი უარს მეუბნება და ქალიშვილს არ მაძლევს. ჩვენ, მაჰმადიანები, მგლები ვართ, ალესილი კბილებით. ასი წლის წინ...

სიბრაზე მახრჩობდა, ვეღარ ვლაპარაკობდი. დავდუმდი. ისედაც ბევრი ვთქვი. ნახარარიანიც ხომ ქრისტიანი იყო.

– მესმის შენი სიბრაზისა, მაგრამ იმას უარი ხომ არ უთქვამს. ომის დამთავრებამდე დაცდა მართლაც სასაცილოა. უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ მისი ქალიშვილი უკვე ზრდასრულია. მოტაცების საწინააღმდეგოდ ვერაფერს გეტყვი, ეს ერთ-ერთი უძველესი ხერხია, ჩვენი ადათების შესატყვისი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ვინმემ უნდა აუხსნას თავადს ამ ქორწინების პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა. ალბათ მერე მიხვდება და დათანხმდება.

– მერე ამას ვინ იზამს?

ნახარარიანმა მკერდზე მჯიღი დაიკრა და შესძახა:

– მე, მე, ეგ საქმე მე მომანდე, ხან.

გაკვირვებით შევხედე. რა უნდოდა ამ სომეხს? უკვე მეორედ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ნუთუ მართლა კავკასიელი ხალხების ერთიანობით იყო დაინტერესებული, თუ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა? თუმცა ჩემთვის სულერთი იყო. მთავარია, რომ ჩემი დახმარება უნდოდა. ერთმანეთს ხელი მაგრად ჩამოვართვით.

– სიტყვა მომეცი, რომ ჯერ არაფერს მოიმოქმედებ. საქმის ვითარებას შეგატყობინებ, არავითარი მოტაცება. ეს მხოლოდ მაშინ, თუ არაფერი გამოვა.

წამოვდექი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ამ კაცზე დაყრდნობა შემეძლო. გადავეხვიე და იქაურობას გავეცალე. გამოსვლისას მამაჩემის ძველმა მეგობარმა სულეიმან აღამ, რომელმაც, როგორც ჩანს, ნახარარიანთან დამინახა, შემაჩერა:

– ფუი, შირვანშირი სომეხს ეხვევა.

შევკრთი. ის კი ღამის ბურუსში გაუჩინარდა. რა კარგია, რომ მამაჩემს არ ვუთხარი, რისთვის მივდიოდი ყიფიანებთან. ვეტყვი, რომ იმათთან ამ საქმეზე ჯერ არაფერი მითქვამს. სახლში რომ შევდიოდი, გავიფიქრე, რა სისულელეა ეს ბრმა სიძულვილი სომხების მიმართ-მეთქი.

მთელი მომდევნო კვირა ტელეფონთან წრიალში გავატარე. როგორც იქნა, ტელეფონმაც დარეკა. ნინო იყო:

– შენ ხარ, ალი? მომისმინე, აქ ნახარარიანი ზის, დედასთან ერთად ჩაის მიირთმევს და ჩემი დიდი ბაბუის, ილიკო ჭავჭავაძის ლექსებზე ელაპარაკება.

მოგვიანებით ნინომ ისევ დარეკა:

– ალი, ნახარარიანი ამბობს, რომ რუსთაველი და თამარის პერიოდი სპარსეთის კულტურის დიდ ზეგავლენას განიცდის.

მერე:

– ალი ხან, ნახარარიანი ჩაის სვამს მამასთან ერთად და ამ ქალაქის ჯადოსნურ ძალასა და ღირშესანიშნაობებზე საუბრობს. ისეთ გულის ამაჩუყებელ ამბებს უყვება, ნიანგის ცრემლებს აღვრევინებს. უკვე ყოველდღე მოდის და კავკასიელი ხალხების მჭიდრო ურთიერთობებზე საუბრობს.

გავიცინე და ყურმილი დავკიდე.

ნახარარიანი ყოველდღე ყიფიანების ოჯახში ჭამდა, სვამდა, მათთან ერთად დადიოდა სასეირნოდ. სხვადასხვაგვარ რჩევებს აძლევდა. ტელეფონით ვიგებდი სომეხი ნახარარიანის ეშმაკობებს.

– ნახარარიანი ამბობს, ფული პირველად მთვარემ შთააგონა ადამიანებსო, და მერე ადამიანებში ოქროს მონეტების სიყვარულმა და გავლენამ წარმოშვა სწორედ მთვარის კულტი კავკასიელებსა და ირანელებშიო. – მიყვებოდა ნინო ტელეფონით, – აღარ შემიძლია ამ სისულელეების მოსმენა, ალი ხან, მოდი, ბაღში შევხვდეთ.

ჩვენ ძველი ციხე-სიმაგრის კედელთან შევხვდით. ნინომ მოამბო:

– დედაჩემმა თქვა, მაჰმადიანს ჩემს ქალს ვერ ვანდობო, მამაჩემმა კი ხუმრობით შემახსენა, ჰარამხანაში რომ გიკრავს თავს, მაშინ მიხვდებიო. მე კი ვუთხარი, მომიტაცებს და ნახავთ-მეთქი.

თმაზე ვეფერებოდი. ვიცოდი, ნინოს შეეძლო, რაც უნდოდა, იმისთვის მიეღწია:

– ომი იქნებ ათ წელს გაგრძელდეს, – ბუტბუტებდა უკმაყოფილოდ, – საშინელებას ითხოვენ მშობლები ჩვენ-გან. ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით. მშობლები ცხოვრებას გვირთულებენ. მე შენ მართლა მიყვარხარ, მაგრამ გულს მატკენ, თუ მომიტაცებ.

გაჩუმდა, რადგან კოცნასაც და ლაპარაკსაც ერთდროულად ვერ ახერხებდა. მერე სახლში გაიქცა და ისევ გააგრძელა ტელეფონობანას თამაში.

– ალი ხან, ნახარარიანი ამბობს, რომ მამამისმა თბილისიდან მოიწერა, თითქოს მეფისნაცვალი შერეული ქორწინების მომხრეა, რადგან ამით აღმოსავლური და დასავლური კულტურის შერევა მოხდებაო. შენც ერკვევი ამაში?

ამისი არაფერი გამეგებოდა.

შინ ვიჯექი და კედლებს ვაწყდებოდი, მაგრამ ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი. ჩემმა ბიძაშვილმა აიშემ მისაყვედურა, ნინომ ამ დღეებში ხუთი დამაკმაყოფილებელი რომ მიიღო, შენი ბრალიაო, ჯერ იმის სწავლაზე გეზრუნა და მერე მომავალზეო. დარცხვენილი ვიჯექი და ნარდს ვეთამაშებოდი. ბოლოს დამპირდა, ნინოს სწავლაში მივეხმარებიო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– შენა ხარ? ნახარარიანი პოლიტიკასა და ეკონომიკაზე საუბრობს საათობით. ამტკიცებს, მაჰმადიანებისა მშურს, მხოლოდ იმათა აქვთ სპარსეთის ქვეყნებში ფულის დაბანდებისა და მიწების შესყიდვის უფლებაო. ვინ იცის, რუსეთს რა ელის? ზუსტად ვიცი, შირვანშირების ოჯახს გილანის ნახევარი ეკუთვნისო. მშობლებზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

კიდევ ორი დღეც და ჭადრაკის ამ პარტიას სომეხი მოიგებდა.

ნინო იცინოდა და ყვიროდა ტელეფონში:

– ჩვენ მშობლები დაგვლოცავენ, ამინ.

– ახლა მამაშენმა უნდა დამირეკოს, რადგან ძალიან მატკინა გული.

მართლაც ასე მოხდა. თავადის ხმა კეთილად და მშვიდად ჟღერდა:

– ჩემი შვილის სიყვარული შევამოწმე. მისი გრძნობა გულწრფელი და წმინდაა. მართალაც ცოდვა იქნება, ალი ხან, თქვენს ბედნიერებას თუ გადავეღობებით.

მათთან რომ მივედი, თავადის ცოლი სიხარულისაგან ტიროდა და მკოცნიდა. ათასგვარ დარიგებას მაძლევდა ქორწინებაზე, რაც სრულიად განსხვავდებოდა მამაჩემის დარიგებებისაგან: ქორწინება ორმხრივ პატივისცემასა და სიყვარულში გამოიხატებაო, ამბობდა თავადი. დავიფიცე, რომ ნინოს ჩადრს არ ჩამოვაფარებდი და არც ჰარამხანაში ვუკრავდი თავს. ამასობაში ნინოც შემოვიდა. შუბლზე ვეამბორე. ნინომ თავი დახარა და მხრებში ჩარგო. პატარა მტრედს ჰგავდა.

– მაგრამ ეს ამბავი არავინ გაიგოს, ვიდრე ნინო სკოლას არ დაამთავრებს. ისწავლე, შვილო, თორემ ჩაიჭრები და კიდევ ერთი წლით მოგიწევს დაცდა. – დასძინა თავადმა.

ნინომ კალმით ნახატი თვალები აღაპყრო და თქვა:

– ნუ გეშინია, მამა, არც სკოლაში ჩავიჭრები, არც ქორწინებაში. ალი ხანი ორივეში დამეხმარება.

თავადის სახლიდან რომ გამოვდიოდი, ნახარარიანის მანქანა იდგა. თვალები უბრწყინავდა. შორიდანვე გავძახე.

– ნახარარიან, ცხენების ჯოგი გაჩუქო თუ სოფელი დაღესტანში? იქნებ სპარსული ორდენები გირჩევნია ან ფორთოხლის ბაღი ენზელში?

მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– არაფერი მინდა, ჩემთვის ისიც კმარა, რომ ბედის შესწორება შევძელი.

მადლიერი თვალებით შევცქეროდი. ქალაქგარეთ ბიბი-აიბატისკენ გავემგზავრეთ. იქ მუქი მანქანები ნავთობით მდიდარ მიწას ბურღავდნენ. ამ მშვენიერი ბუნების წიაღში ნობელის სახლი ისე შეიჭრა, როგორც ნახარარიანი ჩემს ბედში. სანაპიროს ნაწილი ნავთობის ამოსატუმბად მიწით დაეფარათ. ამიტომ მიწის ეს მონაკვეთი აღარც ზღვას ეკუთვნოდა და აღარც მყარ ნიადაგს. ზოგიერთ მეწარმეს უკვე მოესწრო და თავისი სარფიანი საქმიანობისთვის აქ, ქალაქის ამ უკიდეგანო მხარეში მშვენიერი შენობა ჩაედგა. სწორედ აქ ვისხედით მე და ნახარარიანი და საუკეთესო მუქ და, სხვათა შორის, ალკოჰოლზე უფრო მძიმე ჩაის მივირთმევდით. ჩაის საამო სურნელით მთვრალმა ნახარარიანმა, წამოიწყო ლაპარაკი თურქებზე, რომლებიც, ალბათ, ყარაბაღში შევიდოდნენ. მერე მცირე აზიაში სომხების შევიწროებაზეც აწუწუნდა. ძლივს ვუსმენდი.

– ნუ გეშინია, როცა თურქები ბაქოში შემოვლენ, ჩემს სახლში გადაგმალავ. – დავამშვიდე მე.

– არ მეშინია. – თქვა ნახარარიანმა.

შორს, ზღვაზე, კუნძულ ნარგინს ვარსკვლავები დასთამაშებდა. სანაპიროზე სიმშვიდე ჩამოწვა. „ზღვა და სანაპირო მარადიული ბრძოლით ერთმანეთთანაა შერწყმული, როგორც ქალი და კაცი.“ – გავიფიქრე, მაგრამ ნახარარიანსაც ვუთხარი თუ არა, აღარ მახსოვს. სახლში მიმიყვანა. შინ მისვლისთანავე მამას მოვახსენე:

– ყიფიანების ოჯახი მადლობელია, რომ შირვანშირმა მის გვარს ასეთი პატივი დასდო. ნინო ჩემი საცოლეა. წადი ხვალ და დანარჩენი შენ მოაგვარე.

ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვიყავი.


Загрузка...