XXI თავი


ადამიანების სახეებზე ბედნიერება თუ შიში ერთიმეორეში აღრეულიყო. ქუჩებში უაზროწარწერებიანი ჭახჭახა წითელი ტრანსპარანტები ეკიდა. კუთხეებში აგიტატორები იდგნენ და ამერიკელი ინდიელებისა და აფრიკელი ლტოლვილების განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ფრონტი უკან იხევდა. დიდი მთავარი გაქრა. ქალაქში თავზეხელაღებული ჯარისკაცების ჯგრო დაეხეტებოდა. დღისით მაღაზიებს ძარცვავდნენ, ღამით სროლის ხმა ისმოდა განუწყვეტლივ.

ნინო ატლასს დასცქეროდა.

– ისეთ ქვეყანას ვეძებ, სადაც მშვიდობაა. – ჩაილაპარაკა და პატარა თითი ჭრელ სასაზღვრო ხაზს გააყოლა.

– იქნებ მოსკოვი ან პეტერბურგი? – ვკითხე დამცინავად. მხრები აიჩეჩა და თითით ნორვეგია მოხაზა.

– მართლაც მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ როგორ მივალთ იქამდე?

– მართალი ხარ. იქამდე ვერ მივალთ. – ამოიოხრა, – ამერიკა? – გამომხედა ისევ.

– წყალქვეშა ნავით ხომ არ აპირებ გადაცურვას? – გავეხუმრე.

– იქნებ ინდოეთი, ესპანეთი, ჩინეთი ან იაპონია?

– ომს მაინც ვერსად წავუვალთ.

– სათაგურში ვართ, ალი ხან.

– ნინო, ხომ ხვდები, გაქცევის ცდა უაზრობაა. რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩვენი ქალაქი გონს მოეგოს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ თურქები აქ არიან.

– რისთვისა მყავს გმირი ქმარი? – თქვა მან საყვედურით. – ვერ ვიტან ამდენ ლოზუნგებს, ხმაურს და ყვირილს. ასე თუ გაგრძელდა, ბიძაშენთან გავიქცევი სპარსეთში.

– ასე აღარ გაგრძელდება. – ვუთხარი და სახლიდან გამოვედი.

ისლამურ საქველმოქმედო კავშირში კრება ტარდებოდა. ხალხის მომავლი ბედით შეწუხებული მზრუნველი საუკეთესო ბატონები, ამას წინათ მამაჩემის სახლში რომ შეიკრიბნენ, დაბნეულები ჩანდნენ. მთელი დარბაზი კუნთმაგარი ბიჭებით იყო გადაჭედილი.

კართან ილიას ბეგს გადავეყარე. ის და მეჰმედ ჰაიდარი ფრონტიდან დაბრუნდნენ. ამ ქაოსმა, მეფის ტახტის დამხობამ ისინი ფიცისგან გაათავისუფლა. გარუჯულნი იყვნენ, ამაყად დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში და იმ ადამიანებს ჰგავდნენ, რომელთაც იხილეს ომი – ის სხვა სამყარო და გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდეს მისი იდუმალება.

– ალი ხან, რამე უნდა მოვიფიქროთ. მტერი ქალაქის ჭიშკარს მოადგა. – მომიბრუნდა ილიას ბეგი.

– ჰო, დასაცავად უნდა მოვემზადოთ.

– არა, შეტევაზე უნდა გადავიდეთ. – მითხრა და ტრიბუნაზე ავიდა. შემართული ხმამაღლა ლაპარაკობდა:

– მაჰმადიანებო! მინდა კიდევ ერთხელ აგიხსნათ ჩვენი ქალაქის მდგომარეობა. რაც რევოლუცია დაიწყო, ფრონტის ხაზი დაირღვა. ყაჩაღობის სურვილით შეპყრობილი, თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი შეიარაღებული რუსი დეზერტირები უკვე ბაქოს კარიბჭესთან დაბანაკდნენ. ქალაქში ერთადერთი მაჰმადიანური სამხედრო ფორმირება არსებობს, ეს ჩვენ ვართ, მოხალისეების „ველური დივიზია“. ვერც რაოდენობით და ვერც შეიარაღებით, რა თქმა უნდა, რუსებთან ვერ მოვალთ. მეორე – ესაა სომხური ეროვნული პარტიის სამხედრო კავშირი „დაშნაკცუთიუნი“, რომელსაც სათავეში შტეპა ლალაი და ანდრანიკი უდგანან. ჩვენ მათთან კავშირი შევკარით. ეს დივიზია ძირითადად ადგილობრივი სომხური მოსახლეობისაგან შედგება. ისინი ყარაბაღისა და სომხეთის დასაცავად შეიკრიბნენ. განზრახული გვაქვს, მოვუწონოთ იმათ არმიის შექმნა და სომხეთისაკენ სვლა. სომხებთან ერთად რუსებს ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ – მოვითხოვოთ, რომ მათი ჯარისკაცები და ლტოლვილები დაუყოვნებლივ გავიდნენ ჩვენი ტერიტორიიდან, აქ მათ აღარაფერი ესაქმებათ.

თუ რუსები ჩვენს ულტიმატუმს არ მიიღებენ, მაშინ სომხებს შევეკვრებით და ჩვენს მოთხოვნებს სამხედრო გზით მივაღწევთ. მაჰმადიანებო, მოგიწოდებთ, ხელში იარაღი აიღოთ და „ველურ დივიზიაში“ გაერთიანდეთ. მტერი კარს მოგვდგომია.

ყურს ვუგდებდი ილიას ბეგს. ქალაქში ბრძოლისა და სისხლისღვრის მოახლოება იგრძნობოდა. უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ყაზარმის ეზოში ტყვიამფრქვევით სროლაში ვვარჯიშობდი. იმედი მქონდა, ახლად მიღებული ცოდნა გამომადგებოდა.

გვერდით მეჰმედ ჰაიდარი მედგა და ტყვიამფრქვევის ლენტს აწვალებდა. გადავიხარე და ჩავჩურჩულე:

– კრების შემდეგ ილიას ბეგთან ერთად ჩემთან მოდი. სეიედ მუსტაფაც იქნება, უნდა მოვილაპარაკოთ.

თავი დამიქნია. სახლში დავბრუნდი. ნინო დატრიალდა. ჩაი მოამზადა და ამასობაში მეგობრებიც მოვიდნენ. შეიარაღებულები იყვნენ. თვით სეიედ მუსტაფასაც კი მწვანე ქამარში ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი. თითოეულ ჩვენგანს უცნაური სიმშვიდე დაუფლებოდა. ბრძოლის წინა ღამით ქალაქი დათრგუნულად, უცხოდ გამოიყურებოდა. ქუჩებში ხალხი ისევ დადიოდა თავის ყოველდღიურ საქმეებზე, ზოგი სეირნობდა კიდეც, მაგრამ ყოველ მოძრაობასა თუ ქცევას ხვალინდელი დღის შიში დასტყობოდა. ადამიანები აჩრდილებივით დაბორიალებდნენ აქეთ-იქით, თითქოს ჩვეული საქმიანობის უაზრობას გრძნობდნენ.

– იარაღი და ტყვია-წამალი საკმარისად გაქვთ? – იკითხა ილიას ბეგმა.

– ხუთი თოფი, რვა რევოლვერი, ერთი ტყვიამფრქვევი და საბრძოლო ვაზნები. გარდა ამისა, ბავშვებისა და ქალებისათვის სარდაფიც გავამზადეთ.

უცბად ნინომ თავი ასწია და მტკიცედ, მგზნებარედ განაცხადა:

– მე არ ჩავალ სარდაფში, მეც დავიცავ ჩემს სახლს.

– ნინო, – წამოიწყო მეჰმედ ჰაიდარმა მშვიდად, – ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, თქვენ კი ჭრილობები შეგვიხვიოთ.

– ღმერთო ჩემო! – თვალები დახარა ნინომ, ხმაში დაძაბულობა შეეპარა. – რა საშინელებაა! წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება ჩვენი ქალაქი, ქუჩები სასაკლაოებს დაემსგავსება, თეატრები შტაბებად იქცევა. მალე, ალბათ, ჩინეთში გამგზავრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე ნიკოლოზის ქუჩაზე, წმინდა თამარის ლიცეუმისაკენ გავლა. ადამიანებს მსოფლმხედველობის შეცვლა, ან მთელი ჯარის მოგერიება მოუწევთ. რამდენი დაიჭრება! უკვე წარმომიდგენია, როგორ მიხოხავთ შეიარაღებულები. გუბერნატორის ბაღში, აუზთან, სადაც ადრე ალი ხანს ვხვდებოდი, ტყვიამფრქვევი იდგება. ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! რა უცნაურ ქალაქში ვცხოვრობთ!

– არა, საქმე ომამდე არ უნდა მივიდეს. რუსები ჩვენს ულტიმატუმს მიიღებენ. – თქვა ილიას ბეგმა.

მეჰმედ ჰაიდარს მწარედ ჩაეცინა:

– სულ დამავიწყდა, თქვენთვის მეთქვა. აქეთ რომ მოვდიოდი, ასადულაჰი შემხვდა და მითხრა, რუსები მოითხოვენ, ყველამ იარაღი ჩავაბაროთო. მე ჩემს იარაღს არ ჩავაბარებ.

– გამოდის, ომი იქნება. ჩვენთვის და ჩვენთან შეკრული სომხური სამხედრო ფორმირებისათვის. – ჩაილაპარაკა ილიას ბეგმა.

ნინო დუმდა. ფანჯრისაკენ იყურებოდა. სეიედ მუსტაფა კი აღელვებისაგან თავზე ჩალმას ისწორებდა. მერე კი წამოიწყო:

– ალაჰ, ალაჰ! ომში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი ომის დაუნდობელი კანონები. საშინელებაა, როცა მაჰმადიანები ბრძოლაში ურწმუნოთა ერთგულებაზე არიან დამოკიდებულნი. საერთოდ აუტანელია, როცა ვინმეზე ხარ დამოკიდებული და, მით უმეტეს, სომეხზე. მაგრამ ასეთია კანონი, და ასეთია ეს ცხოვრება. მერედა ვინ უდგას სათავეში სომხურ ჯარებს? შტეპა ლალაი? იცნობთ კი მას? 1905 წელს მშობლები მაჰმადიანებმა დაუხოცეს. არა მგონია, დავიწყებული ჰქონდეს. არც იმის მჯერა, რომ სომხები ჩვენთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძოლებენ. ეს რუსები ვიღა არიან? – ჩამოძონძილი ბრბო, ანარქისტები, ყაჩაღები. მაგათი მხედართმთავარი შაუმიანია. ისიც სომეხია. სომეხ ანარქისტსა და სომეხ ნაციონალისტს უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე მაჰმადიან ნაციონალისტსა და სომეხ ნაციონალისტს. ესაა სისხლის საიდუმლო. საქმე გათიშვამდე მივა. ასეთი გახლავთ ყურანის ჭეშმარიტება.

– სეიედ, – მიმართა ნინომ, – ჰო, მაგრამ სისხლის გარდა გონიერებაც ხომ არსებობს. თუ რუსები გაიმარჯვებენ, არც ლალაის, არც ანდრონიკს კარგი დღე არ დაადგებათ.

მეჰმედ ჰაიდარს გაეცინა და დასძინა:

– უკაცრავად, მეგობრებო, მე მხოლოდ წარმოვიდგინე, რა დღეში ჩაცვივდებიან სომხები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავიმარჯვეთ. თურქებმა რომ სომხები წალეკონ, ჩვენ თითსაც არ გავანძრევთ მათი ქვეყნის დასაცავად.

ილიას ბეგი ძალიან გაბრაზდა:

– ასე ფიქრისა და ლაპარაკის უფლება არავისა აქვს. სომეხთა საკითხი ადვილად გადაწყდება. ბატალიონები, რომლებიც ლალაიმ შეკრიბა, საბოლოოდ სომხეთში წავლენ. ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახებიც გადავლენ. ერთ წელიწადში ბაქოში ერთი სომეხიც აღარ დარჩება. იმათ თავისი ქვეყანა ექნებათ, ჩვენ – ჩვენი. უბრალოდ ორი მეზობელი ხალხი ვიქნებით.

– ილიას ბეგ, სეიედი მართალია. ნუ დაგავიწყდება სისხლის ვალდებულება. შტეპა ლალაი, რომელსაც მშობლები მაჰმადიანებმა დაუხოცეს, გაიძვერა უნდა იყოს, თუ სისხლის ვალი დაივიწყა. – ვუთხარი მე.

– ან კიდევ პოლიტიკოსი, ალი ხან, ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისი სისხლის ყივილი დაეოკებინა თავისი ხალხის საკეთილდღეოდ. თუ ის ჭკვიანია, მხარი უნდა დაგვიჭიროს საერთო ინტერესებისა და თავისი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.

გვიან საღამომდე ვისაუბრეთ. ბოლოს ნინო მოგვიბრუნდა და გვკითხა:

– თქვენ ვინა ხართ, პოლიტიკოსები თუ, უბრალოდ, ადამიანები? თუმცა, ვინც არ უნდა იყოთ, თუ ქალაქში ბრძოლა გარდაუვალია, მინდა, რომ ერთი კვირის შემდეგ ისევ აქ ისხდეთ ყველანი ერთად ჯანმრთელები და უვნებლები.

მღელვარებისაგან ვეღარ ლაპარაკობდა.

ღამით ნინოს არ ეძინა, ჩემკენ იყო გადმოტრიალებული, ფართოდ გაეღო თავისი პატარა ბაგეები, ფანჯარას მიშტერებოდა და დუმდა. მერე უცბად მომიბრუნდა და ჩამჩურჩულა:

– შენც უნდა იბრძოლო, ალი ხან?

ხელი მოვხვიე და ვუპასუხე:

– რა თქმა უნდა, ნინო.

უცბად ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მკერდში ჩაიკრა. და ერთხანს უსიტყვოდ მკოცნიდა. შიშისაგან თვალები მთლად გაფართოებოდა. მის თვალებში ტანჯვა, რაღაც აღუვსებელი სწრაფვა, სიკვდილის შიში თუ თავგანწირვა იკითხებოდა. მდუმარედ, მთელი სხეულით მომეკრა. გონებით კი თითქოს სხვა სამყაროში გადასახლებულიყო, და ამ სამყაროს კარიბჭესთან თავადვე დამდგარიყო სადარაჯოზე, რომ არავინ შეეშვა. ბოლოს თვალებში ჩამხედა და თქვა:

– შვილს ალი ხანს დავარქმევ.

მერე კი გაჩუმდა და ისევ ფანჯარას მიაპყრო თვალები.

მთვარის შუქზე სამლოცველოს ვიწრო კოშკი დიდებულად აღმართულიყო. ქალაქის ციხე-სიმაგრის ჩაბნელებული კედლები მკაცრად და მუქარით იმზირებოდნენ. სადღაც შორიდან რკინის ჟღრიალი ისმოდა. ვიღაც ხმალს ლესავდა და თითქოს ლოდინის ჟინს გვიმძაფრებდა. უცბად ტელეფონმა დარეკა. სიბნელეში ძლივ-ძლივობით მივედი, ყურმილი ავიღე. ილიას ბეგის ხმა გაისმა:

– სომხები რუსებს შეეკვრნენ. ისინი ხვალ სამ საათამდე მოითხოვენ მაჰმადიანთა განიარაღებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წინადადებას არ მივიღებთ. შენ ციციანაშვილის ჭიშკართან, მარცხენა მხარეს დადექი ტყვიამფრქვევთან, მე კიდევ ოცდაათ კაცს გამოგიგზავნი. ყველაფერი მოამზადე კარიბჭის დასაცავად.

ყურმილი დავდე. ნინო ლოგინზე წამომჯდარიყო და გაშტერებული მიყურებდა. ხმალი მეჭირა და პირს ვუმოწმებდი.

– რა მოხდა, ალი?

– მტერი მოადგა ძველი ქალაქის კედლებს, ნინო.

გადავიცვი და მსახურებს გავძახე. დაძახებისთანავე ოთახში ბრგე, ღონიერი, ტლანქი ბიჭები შემოვიდნენ. ყველას იარაღი დავურიგე. მერე მამის ოთახში შევედი. სარკის წინ იდგა, მსახური ჩერქეზულ ჩოხას უწმენდდა.

– შენი ადგილი სადაა, ალი ხან?

– ციციანაშვილის ჭიშკართან.

– კარგი. მე ქველმოქმედთა სახლში, შტაბში ვიქნები. – ხმალს აჟღრიალებდა, თან წვერზე ხელს ისვამდა, – უნდა ივაჟკაცო, ალი ხან. მტერმა კედელი არ უნდა გადმოლახოს. გამაგრდი, ალი ხან. მტერი კარს მოუახლოვდება თუ არა, ცეცხლი გაუხსენი. ასადულაჰიც ამასობაში გლეხებს შეკრებს სოფლებში და ნიკოლოზის ქუჩიდან მტერს ზურგიდან დასცხებს. – რევოლვერი ჩაიდო და შეფიქრიანებულმა დასძინა, – რვა საათზე სპარსეთში უკანასკნელი გემი გადის. ნინო უნდა გაემგზავროს. თუ რუსები გაიმარჯვებენ, ყველა ქალს ნამუსს ახდიან.

ოთახში დავბრუნდი. ნინო ტელეფონით ლაპარაკობდა. გავიგე, როგორ ეუბნებოდა დედამისს:

– არა, დედა, არა. მე აქ დავრჩები. აქ არანაირი საშიშროება არ მემუქრება. გმადლობ, მამა. ნუ წუხხართ, ტყვია-წამალი სამყოფად გვაქვს. არ წამოვალ, არა და არა. დამანებეთ თავი. აქ ვრჩები. მორჩა და გათავდა.

ლამის ყვიროდა. რომ შევედი, ყურმილი დაკიდა.

– მართალი ხარ, ნინო, არც შენს მშობლებთან იქნები უსაფრთხოდ. რვა საათზე გემი გადის სპარსეთში. ბარგი ჩაალაგე. – ვუთხარი მე.

მთლად გაწითლდა:

– მგზავნი, ალი ხან?

ნინო ასეთი აჭარხლებული არასოდეს მენახა.

– თეირანში უფრო უსაფრთხოდ იქნები. თუ მტერი გაიმარჯვებს, ყველა ქალს ნამუსს ახდიან.

– მე ვერ ამხდიან ნამუსს, ალი. – თქვა მან და თავი ამაყად ასწია.

– წადი სპარსეთში, ნინო, სანამ დროა.

– გეყოფა, ალი, ძალიან მეშინია მტრის, ბრძოლის, ყველაფრის, რაც ამქვეყნად საშიშია, მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინია, რაც ჩვენ დაგვაშორებს. შენი დახმარება არ შემიძლია, მაგრამ მე შენი ვარ და შენთან დავრჩები. და ამით დავამთავროთ. – მითხრა მან მკაცრად.

და მართლაც ამით დავასრულეთ საუბარი.

თვალები დავუკოცნე. ძალიან მეამაყებოდა, ასეთი არაჩვეულებრივი ცოლი რომ მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დამიჯერა.

ირიჟრაჟა. ჰაერში მტვრის ბუღი ტრიალებდა. მაღლა, კედელის თავზე ვიდექი. შეიარაღებული მსახურები კედლის გადაღმა იდგნენ.

ილიას ბეგის გამოგზავნილი კაცები ყურადღებით აკვირდებოდნენ დუმის მოედანს. ტყვიამფრქვევთან ვიდექი, რუსული – ფართო, განიერი და ზემოთ აპრეხილი ცხვირი რომ ჰქონდა. ირგვლივ საოცარი სიჩუმე ჩამოწოლილიყო. მხოლოდ გაერთიანების წევრები მორბოდნენ შიგადაშიგ და მწირი ცნობები მოჰქონდათ – სადღაც მოლაპარაკებები გაემართათ სასულიერო პირებსა და უხუცესებს. ცდილობდნენ, მშვიდობის შესანარჩუნებლად უკანასკნელ მომენტში რაღაც საოცრება დაეტრიალებინათ.

მზე ამოდიოდა. ცა სიცხეს აფრქვევდა და ქვებს ავარვარებდა.კედლიდან ჩემს სახლს გავხედე. ნინო ბანზე იჯდა, სახე მზისკენ მიეშვირა. საუზმის დროს კედელთან მოვიდა, საჭმელი და წყალი მოგვიტანა. თან ცნობისმოყვარედ შეჰყურებდა ტყვიამფრქვევებს. ისიც ჩვენთან დაჯდა და მდუმარედ შეექცეოდა. ჩვენთან იყო, ვიდრე მე არ გავუშვი შინ.

პირველ საათზე მინარეთიდან სეიედ მუსტაფას მხურვალე მოთქმა და საგანგებო ლოცვა გაისმა. მერე ისიც ჩვენ შემოგვიერთდა. უკან მოუხერხებლად დასთრევდა იარაღი. ქამარში ყურანი ჰქონდა გაჩრილი.

დუმის მოედანს ვუმზერდი. ქალაქი მტვრის ბუღში გახვეულიყო, აქა-იქ შეშინებული ხალხი ჩანდა, მოხრილები გარბოდნენ მოედანზე. ერთი ჩადრიანი ქალი ბავშვების შინ შერეკვას ცდილობდა, იქვე, მოედანზე რომ თამაშობდნენ.

ერთი, ორი, სამი...

ზარებმა მუქარით ჩამორეკეს და ეს უჩვეულო სიჩუმეც დაირღვა. და იმავ წამს, ზარების გუგუნთან ერთად, თითქოს ამ ხმამ სხვა სამყაროს იდუმალი კარის გახსნა გვაუწყაო, პირველი გასროლაც გაისმა...


Загрузка...