– დედაშენმა გაჭირვებით გშვა, ალი ხან. მაშინ ევროპელი ექიმები არ მოგვყავდა ჩვენი ქალებისათვის.
მამაჩემი ჩემთან ერთად იჯდა ჩვენი სახლის ბანზე და ჩუმი, სევდიანი ხმით ლაპარაკობდა.
– როცა სამშობიარო ტკივილები გაუძლიერდა, დედაშენს დანაყილი ფირუზის და ალმასის მტვერი მივეცით. მაგრამ ამან დიდად არ უშველა. ჭიპლარი ოთახის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოვკიდეთ ხანჯლისა და ყურანის გვერდით, რომ ძლიერი ყოფილიყავი. მერე ეს ჭიპლარი ყელზე თილისმად გეკიდა. ყოველთვის ჯანმრთელი იყავი. როცა სამი წლისა გახდი, თილისმა გადააგდე და ავადმყოფობაც მოგერია. ვცდილობდით, ავადმყოფობა განგვედევნა და ოთახში ღვინოსა და ტკბილეულს გიდგამდით. ერთხელ შეღებილი ქათამიც შემოვუშვით შენს ოთახში, მაგრამ ავადმყოფობა მაინც არ გეშვებოდა. ერთხელ ერთი ბრძენი კაცი ჩამოვიდა მთიდან და ძროხა ჩამოიყვანა. იმ კაცმა ძროხა დაკლა, მუცელი გამოუფატრა, მთელი შიგნეულობა გამოალაგა და ძროხის მუცელში ჩაგსვა. სამი საათის შემდეგ გამოგიყვანა, სულ წითლად იყავი შეღებილი. იმ დღიდან ჯანმრთელი ხარ.
სახლიდან გაბმული, სულისშემძვრელი კივილი გამოიჭრა. უძრავად ვიჯექი და მთელი არსებით ვაყურადებდი. კივილი გამეორდა, გაბმით, მოთქმით.
– ახლა შენ მას სძულხარ. ასეთ დროს ყველა ქალს სძულს თავისი ქმარი. უწინ ქალს მშობიარობის შემდეგ ცხვარი უნდა დაეკლა და მისი სისხლით ქმრისა და ბავშვის დაბადების ადგილები მოერწყა, რომ მშობიარობის დროს წყევლით ნათქვამი ბოროტება განედევნა.
– მამა, რამდენ ხანს გრძელდება?
– ხუთი, ექვსი, ათი საათი. ვიწრო თეძოები აქვს.
მამა გაჩუმდა. იქნებ თავის ცოლზე, დედაჩემზე ფიქრობდა, ჩემზე მშობიარობას რომ გადაჰყვა. უცბად წამოდგა და მითხრა:
– მოდი აქ.
ორივენი ბანის შუაში გაშლილი სალოცავი ნოხისაკენ გავემართეთ. ნოხის ზემოთა კიდეები მეჩეთისაკენ, წმინდა ყააბის მხარეს იყო მიქცეული. ფეხთ გავიხადეთ, ნოხზე შევდექით, მარჯვენა ხელის გული მარცხენის ზურგზე დავიდეთ.
– ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველა ექიმის ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას. – მამაჩემმა ქედი მოიდრიკა და არაბული ლოცვის სიტყვები წარმოთქვა, – სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა...
მეც მას მივბაძე. სალოცავ ნოხზე დავიჩოქე, შუბლით იატაკს ვეხებოდი:
– ხოტბა ალაჰს, სამყაროთა მეუფეს, მოწყალესა, მწყალობელს, განკითხვის დღის ხელმწიფეს...
ხალიჩაზე ვიჯექი. სახე ხელებში მქონდა ჩარგული. ნინოს ყვირილი ჩემს ყურამდე აღწევდა, მაგრამ ვეღარ აღვიქვამდი, ბაგეები თავისთავად იმეორებდნენ ყურანის ლოცვებს:
– მხოლოდ შენ გმორჩილებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას...
ხელები მუხლებზე მეწყო. სიჩუმე იყო, მხოლოდ მამაჩემის ბუტბუტი მესმოდა:
– წაგვიყვანე ჭეშმარიტი გზით; იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება...
ხალიჩის წითელი ხაზები ჩემს თვალებში დალივლივებდნენ. სახით ხალიჩას ვეხებოდი:
– არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა...
ასე ვიყავით ჩაძირულნი წმინდა ლოცვაში. კვლავ და კვლავ ვიმეორებდით ლოცვას, რომელიც ერთხელ წინასწარმეტყველმა არაბ მომთაბარეებს შთააგონა მექაში. ნინოს ყვირილი აღარ ისმოდა. ხალიჩაზე ვიჯექი ფეხმორთხმული, ხელში კრიალოსანს ვმარცვლავდი, ბაგეებით კი უფლის სახელს ოცდაცამეტჯერ ვიმეორებდი.
უცბად ვიღაც შემეხო მხარზე. თავი ავწიე, მომღიმარი სახე დავინახე. გაურკვეველი სიტყვები მესმოდა. წამოვდექი. მამაჩემის მზერაც შევნიშნე. ნელ-ნელა გადმოვედი ხალიჩიდან.
ნინოს ოთახში ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ. ის მშვიდად იღიმებოდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ლოყები ჩასცვივნოდა. უცბად ჩვენს ენაზე, აზერბაიჯანულად, ძლივს რომ ლაპარაკობდა, მითხრა:
– გოგოა, ალი ხან, მშვენიერი გოგო, საოცრად ბედნიერი ვარ.
გაყინულ ხელებზე მოვეფერე, მან თვალები დახუჭა.
– არ მისცე დაძინების უფლება, ალი ხან, ცოტა ხანს უნდა ეღვიძოს. – შემომესმა უკნიდან.
ვეალერსებოდი მის გამომშრალ ბაგეებს. ის მშვიდად, მაგრამ გაწამებული თვალებით მიყურებდა. ერთი ქალი მოუახლოვდა საწოლს, ხელში რაღაც გახვეული ეჭირა. დავინახე პატარა მრგვალი თოჯინა, პაწია თითებით, დიდი, ლამაზი თვალებით. თოჯინა ნებიერი სახით ტიროდა.
– რა მშვენიერია! – თქვა ნინომ აღფრთოვანებით და ხელი თოჯინასაკენ გაიწოდა. შიშით ფრთხილად შევახე ხელი. თოჯინას სერიოზული, შეჭმუხნული შუბლით ჩაეძინა.
– თამარს დავარქმევ, ლიცეუმის პატივსაცემად. – წაიჩურჩულა ნინომ, მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, რადგან ეს სახელი ქრისტიანებშიც გვხვდება და მუსლიმებშიც.
ვიღაცამ ოთახიდან გამიყვანა. აქეთ-იქიდან ცნობისმოყვარე მზერას ვგრძნობდი. მამამ ხელი მომკიდა და ეზოში გავედით:
– სანაპიროსკენ წავიდეთ, ნინომ უნდა დაიძინოს.
ცხენებზე შემოვსხედით და ველური ჭენებით გავაქროლეთ ყვითელქვიშიან დიუნებში. მამაჩემი რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. ამაყი ვიყავი, მრგვალი მძინარე მზეთუნახავი რომ შემეძინა.
დღეები დღეებს ცვლიდა, როგორც კრიალოსნის მარცვლები. ნინოს მკერდთან თოჯინა ეჭირა. შესცქეროდა თავის მრგვალ პაწიას, ასე გასაოცრად რომ ჰგავდა დედიკოს. ღამით ქართულ სიმღერებს უმღეროდა ჩუმად. თავის მრგვალ თოჯინას დაჰყურებდა და თან დაფიქრებული აქნევდა თავს. ჩემთან ურთიერთობაში ისეთი თავდაჯერებული გახდა, როგორც არასდროს, რადგან მე მხოლოდ კაცი ვიყავი, რომელსაც ბავშვის არც გაჩენის, არც დამშვიდების და არც საფენების გამოცვლის უნარი არ შემწევდა. მე სამინისტროში ვიჯექი და გაუთავებლად ვიქექებოდი საქმეებში, დროდადრო ნინო თუ მოიღებდა მოწყალებას, დამირეკავდა და მამცნობდა პაწიას უნებლიე და ახალ-ახალ ქმედებებს:
– ალი ხან, იცი, თოჯინამ გაიცინა და მზისკენ გაიშვირა ხელი.
– ძალიან ჭკვიანია, ალი ხან, ეს ჩვენი პატარა, შუშის ბურთულა ვუჩვენე და თვალი გააყოლა.
– იცი, ალი ხან, თოჯინა პაწია თითებით თავის მუცელს ეთამაშება. ეტყობა, ძალიან ნიჭიერი იქნება.
და იმ დროს, როცა ჩემი თოჯინა შუშის ბურთულას თვალს აყოლებდა, თითებით მუცელს ეთამაშებოდა, დიდები შორეულ ევროპაში საზღვრებით, ჯარებითა და სახელმწიფოებით თამაშობდნენ. ვკითხულობდი ახალ ამბებს, ჩავცქეროდი რუკას, სადაც მომავალი მსოფლიოს მონიშნული საზღვრებიც საეჭვო გამხდარიყო. იდუმალი ადამიანები, რომელთა სახელების გამოთქმაც კი მიჭირდა, ვერსალში ისხდნენ და აღმოსავლეთის ბედს წყვეტდნენ. მხოლოდ ერთადერთმა კაცმა, ქერათმიანმა თურქმა გენერალმა ანკარიდან გადადგა თავზეხელაღებული ნაბიჯი გამარჯვებულთა წინააღმდეგ. აზერბაიჯანი ევროპელ ძლევამოსილთა მიერ დამოუკიდებლად ქვეყნად იქნა აღიარებული. დიდი ხანი დამჭირდა, ვიდრე ამ ამბით გაოგნებული ილიას ბეგი გონს მოვაგე. არ იჯერებდა, რომ ამის მერე ინგლისელები სამუდამოდ გავიდოდნენ ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან.
– ჩვენ ახლა თავისუფლები ვართ! არც ერთი უცხო ჩვენს ქვეყანაში! – ვერ მშვიდდებოდა ილიას ბეგი.
– შეხედე, – ვუთხარი მე და რუკასთან მივიყვანე, – ჩვენი ჭეშმარიტი საყრდენი თურქეთი და სპარსეთი იყო. ახლა ორივე უძლურია. ახლა ცარიელ სივრცეში ვართ გამოკიდებული. ჩრდილოეთიდან ას სამოცი მილიონი რუსი მოისწრაფის. ჩვენს ნავთობს ეხარბებიან. ვიდრე ინგლისელები აქ არიან, რუსები ვერ მობედავენ, ვერც თეთრები და ვერც წითლები; მაგრამ ინგლისელები გავლენ თუ არა, აზერბაიჯანის დამცველებად მარტო მე და შენ ვიქნებით და კიდევ ის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენს ქვეყანაში რომ დარჩება.
– აჰ, არა, – თავი გადააქნია ილიას ბეგმა უზრუნველად. – ჩვენ გვყავს დიპლომატები, ისინი რუსებთან მეგობრულ ხელშეკრულებას დადებენ. არმია კი სხვა რამეს მოიმოქმედებს აქ, – თქვა მან და ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე მიუთითა, – ჩვენ აქ, სომხეთის საზღვართან უნდა დავდგეთ. იქითა მხარეს ამბოხებაა, საომარ საქმეთა მინისტრმა გენერალმა მეჰმანდარმა ახლახანს გასცა ბრძანება.
უაზრობა იყო ილიას ბეგისათვის იმის მტკიცება, რომ მთელ დიპლომატიას მარტო მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა სამხედრო თვალსაზრისით დაცული ხარ.
ინგლისელები გადიოდნენ. ქუჩები სადღესასწაულო დროშებით იყო მოფენილი. ჩვენი ჯარები სომხეთის საზღვრისაკენ დაიძრა. იალამასთან, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხოლოდ სასაზღვრო პატრული და რამდენიმე მესაზღვრე რჩებოდა. სამინისტროში ვამუშავებდით ხელშეკრულებების ვარიანტებს როგორც წითლებთან, ასევე თეთრებთან. მამაჩემი სპარსეთში გაემგზავრა. ნინომ და მე ნავსადგურამდე მივაცილეთ. ნაღვლიანად გამოგვემშვიდობა, ვეღარც კი გვეკითხებოდა, ხომ არ წამოხვალთო.
– მამა, რას გააკეთებ სპარსეთში?
– ვინ იცის, იქნებ ცოლი შევირთო. – გვიპასუხა მან გულგრილად და მხურვალედ გადაგვკოცნა სიყვარულით. – შიგადაშიგ გინახულებთ. თუ ეს ქვეყანა განადგურდება, რამდენიმე მამული მაქვს მაზანდარანში.
გემზე ავიდა და გემბანზე იდგა ნაღვლიანი. მანამდე გვიქნევდა ხელს, სანამ ჯერ კიდევ ხედავდა ძველ კედელს, ქალწულის კოშკსა და მთელ სანაპიროს.
ქალაქში ცხელოდა, სამინისტროს ფანჯრები შუამდე იყო შეღებული. რუსი წარმომადგენლები ცბიერი, მზაკვრული სახეებით მოდიოდნენ და ხელშეკრულებებს ნაჩქარევად, გულგრილად აწერდნენ ხელს.
ჩვენი ქალაქის ქუჩები მტვრითა და ქვიშით დაიფარა. ცხელი ნიავი ჩემ წინ გადაშლილ ფურცლებს აშრიალებდა. ცოლის მშობლები ამ ზაფხულს საქართველოში წავიდნენ. იალამასთან ისევ იდგა სასაზღვრო პატრული და რამდენიმე მესაზღვრე.
– ასადულაჰ, იალამას იქითა მხარეს ოცდაათი ათასი რუსი დგას. – მოვუბრუნდი მინისტრს.
– ვიცი, ქალაქის კომენდანტი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მანევრებია. – თქვა მან ჩაფიქრებით.
– და ვაითუ ასე არ არის, მაშინ?
შუბლშეჭმუხნულმა გამომხედა:
– ჩვენ მხოლოდ ხელშეკრულებების დადება გვეხება, დანაჩენი ღვთის ნებაა.
დავდიოდი ქუჩებში და ვუყურებდი რამდენიმე გვარდიელს, ხიშტებშემართულნი რომ ყარაულობდნენ პარლამენტის შენობას. პარლამენტში პარტიები ჩხუბობდნენ. რუსი მშრომელები აჯანყებით იმუქრებოდნენ, თუ მთავრობა ნებაყოფლობით არ მისცემდა რუსეთს ნავთობს.
კაცები ყავახანებში ისხდნენ, გაზეთებს კითხულობდნენ, ნარდს აგორებდნენ, ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ. ქალაქი მზის მცხუნვარებაში ჩაძირულიყო. მინარეთიდან ძახილი ისმოდა:
– აღსდექით სალოცავად, აღსდექით, ძილს ლოცვა სჯობია.
არ მეძინა. ხალიჩაზე ვიჯექი თვალდახუჭული და თვალწინ იალამას საზღვარი იდგა, საიდანაც ოცდაათი ათასი რუსი ჯარისკაცი იმუქრებოდა.
– ნინო, ცხელა, თოჯინა მზეს არაა შეჩვეული და შენც გიყვარს ხეები, ჩრდილი, წყალი. არ გინდა, ამ ზაფხულს საქართველოში წახვიდე?
– არა, არ მინდა. – მითხრა მკაცრად.
ცოტა ხნის შემდეგ შუბლშეჭმუხნულმა განაგრძო:
– ერთად უნდა გავემგზავროთ. ალი ხან, ქალაქში ძალიან ცხელა. განჯაში ხომ გაქვს მამული, ბაღ-ვენახით გარშემორტყმული სახლი. მოდი, წავიდეთ. იქ შენს სახლში იქნები და თოჯინაც ჩრდილში გვეყოლება.
ვერ შევეწინააღმდეგე და გავემგზავრეთ. ჩვენი მატარებლის ვაგონი ახალი აზერბაიჯანის პატივსაცემად იყო მორთულ-მოკაზმული.
ფართო, მტვრიანი ქუჩა მიდიოდა სადგურიდან ქალაქ განჯამდე. ეკლესიებსა და მეჩეთებს გარს დაბალი სახლები ერტყა. მაჰმადიანების უბანს სომეხთა უბნისაგან დამშრალი მდინარის კალაპოტი ჰყოფდა. ნინოს ის ლოდი ვუჩვენე, რომელზეც ასი წლის წინ ჩემი წინაპარი იბრაჰიმი რუსების ტყვიით განგმირული დაეცა. ჩვენი მამულის გადაღმა კამეჩები მკერდამდე ჩაწოლილიყვნენ წყალში უძრავად, ზარმაცად. ირგვლივ რძის სუნი იდგა. ყურძნის მტევნებს ძროხის თვალებისტოლა მარცვლები ესხა. აქაურ გლეხებს საფეთქლებთან თმა თითქმის სულ აეპარსათ, შუაში კი გრძლად გადაევარცხნათ მარჯვნივ და მარცხნივ. ხის ვერანდიანი პატარა სახლი ხეებში იდგა. თოჯინამ ცხენების, ძაღლებისა და ქათმების დანახვაზე საოცრად გაიხარა და სულ იცინოდა.
სახლში შესვლისთანავე გადამავიწყდა სამინისტრო, ხელშეკრულებები და იალამას სასაზღვრო ხაზი. ვისხედით ხოლმე ბალახზე ბაღში, ჩრდილქვეშ. ნინო თივის მწარე ღეროს ღეჭავდა, მზით გარუჯული მშვიდი სახე ისე გაცისკროვნებოდა, როგორც ზეცა განჯის თავზე. ის ოცი წლისა იყო. და ისევ ისეთივე გამხდარი, აღმოსავლელის ხედვით.
– ალი ხან, ეს გოგო ჩემია. შემდეგი ბიჭი გვეყოლება და შენი იქნება. – მერე მომავლის გეგმები დასახა, უნდოდა, ევროპელების მსგავსად თოჯინასათვის ჩოგბურთი, ინგლისური, ფრანგული ესწავლებინა, ოქსფორდში გაეგზავნა.
ვდუმდი, რადგან თოჯინა ჯერ ძალიან პატარა იყო. წინ კი რა გველოდა, არ ვიცოდი. იალამასთან ისევ ოცდაათი ათასი რუსი იდგა.
ხშირად ვჭამდით ხოლმე ხის ქვეშ გაშლილ ხალიჩაზე, ბალახში ვთამაშობდით, მდინარეზე ჩავდიოდით. ნინო ბანაობდა კიდეც, მაგრამ ცოტა მაღლა, იმ ადგილიდან მოშორებით, სადაც კამეჩები იწვნენ. გლეხები ადი-ჩადიოდნენ. ქედს იხრიდნენ თავიანთი ხანისა და მისი ცოლის წინაშე. ხილით სავსე კალათები მოჰქონდათ: ქლიავი, ვაშლი, ყურძენი, ატამი. გაზეთებს არ ვკითხულობდით, არც წერილებს ვიღებდით. ჩვენი სამყარო მხოლოდ აქაურობით შემოიფარგლებოდა და ისევე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც დაღესტნის აულში.
ერთ დღეს, ოთახში რომ ვისხედით, შორიდან ცხენის თქარათქური მომესმა. ვერანდაზე გამოვედი, სწორედ ამ დროს ცხენიდან ჩერქეზულჩოხიანი შავი აჩრდილი ჩამოხდა.
– ილიას ბეგ! – შევძახე და ხელი გავუწოდე. სალამიც კი არ მომცა, საოცრად შეძრული და ფერდაკარგული ჩანდა.
– რუსები შემოვიდნენ ბაქოში. – თქვა ნაჩქარევად.
თავი დავიქნიე, თითქოს უკვე კარგა ხანია, ვიცოდი. ნინო ჩემ უკან იდგა და უეცრად ყვირილი აღმოხდა:
– როგორ, რა მოხდა, ილიას ბეგ?!
– ღამით იალამადან რუსი ჯარისკაცებით სავსე მატარებლები შემოვიდა, მთელი ქალაქი სროლით აიკლეს და პარლამენტი დაიკავეს. ყველა მინისტრი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, დაიჭირეს. პარლამენტში რუსმა მშრომელებმა თავიანთი თანამემამულეები დააყენეს. ბაქოში აღარცერთი ჯარისკაცი აღარ დარჩა. სომხეთის საზღვართან დაკარგულ პოსტებზე არმია დგას. მოხალისეთა შეკრება მინდოდა...
უკან რომ მოვიხედე, ნინო შინ შესულიყო და ვიდრე მსახურები ეტლში ცხენებს აბამდნენ, ბარგს ალაგებდა, თან თავის მშობლიურ ენაზე ბავშვს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ნინოს ბარგის ჩალაგებაში მივეხმარე და ცოტა ხანში უკვე მინდვრებს მივუყვებოდით. ილიას ბეგიც გვერდზე მოგვდევდა. ერთ წამს ვიგრძენი, როგორ ამერია აწმყო და წარსული ერთიმეორეში. ილიას ბეგს ქამარში ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი. ნინოს კი საოცრად ამაყი და შეუპოვარი მზერა ჩასდგომოდა თვალებში, როგორც მაშინ, მარდაკიანის გზაზე. ქალაქ განჯას მივუახლოვდით. ქუჩებში საოცრად აღელვებული, დაბნეული ხალხი გვხვდებოდა. ხიდზე, რომელიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთიმეორისაგან ყოფდა, ჯარისკაცები იდგნენ. ტყვიამფრქვევებიც გაემზადებინათ სასროლად. მთავრობის სახლის აივანზე აზერბაიჯანის დროშას ჩირაღდნები დანათოდა.