XXVIII თავი


„– დეიდა გყავთ?

– არა, დეიდა არა მყავს.

– იცით, ჩვენმა მოსამსახურემ ფეხი მოიტეხა.

– მოგზაურობა გიყვართ?

– დიახ, მიყვარს.

– თუმცა ვცდილობ, საღამოობით მხოლოდ ხილი ვჭამო.“

– ალი ხან, ვფიქრობ, იმდენ ინგლისურს მაინც მოვახერხებთ, რომ ამ ფრონტზე გავიმარჯვოთ. მართლა, შენ ვისკი თუ გასინჯე?

– ნინო, – ვიყვირე უცბად, – შენ რა მაგ წიგნის შემდგენელივით ლაპარაკობ?

– იოლი და სულელური ფრაზებია. რა ვქნა, ხომ უნდა შევასრულო სამშობლოს წინაშე ჩემთვის გაუგებარი მოვალეობა?! ჰო, მართლა, დღეს ვინ უნდა მოვიდეს? – მოჩვენებითი გულგრილობით მკითხა და ინგლისურის სახელმძღვანელო დახურა, საიდანაც უაზრო ინგლისურ ფრაზებს იზეპირებდა.

მე ჩამოვუთვალე ინგლისელი ოფიცრებისა და მინისტრების სახელები, რომელთაც თავისი მოსვლით იმ დღეს ჩვენთვის პატივი უნდა დაედოთ. ნინომ ამაყად გამომხედა. მშვენივრად იცოდა, რომ არც ერთ აზერბაჯანელ მინისტრსა თუ გენერალს არ ჰქონდა ის უპირატესობა, რაც მის მეუღლეს: განათლებული ცოლი ევროპული მანერებით, ინგლისურის ცოდნით, არისტოკრატული წარმომავლობის მშობლებით. ნინო საღამოს კაბას ირჩევდა და სარკის წინ ტრიალებდა.

– ვისკი გავსინჯე, მწარეა. ალბათ ამიტომაც ურევენ სოდიან წყალს. – დავძინე მე და მხრებზე მოვეხვიე. ის ბედნიერებით აღსავსე თვალებით მიყურებდა.

– უჩვეულო ცხოვრება გვაქვს, ალი ხან. ერთ დროს ჰარამხანაში ჩამკეტე, ახლა კი ჩვენი ქვეყნის კულტურულ წინსვლას უნდა ვემსახუროთ.

მერე დაბლა ჩავედით, მისაღებ ოთახში. წინასწარ გავარჯიშებული მსახურები კედელთან იდგნენ.

კედლებზე უამრავი სურათი ეკიდა პეიზაჟებისა თუ ცხოველების გამოსახულებებით. ირგვლივ სავარძლები იდგა, მაგიდას ყვავილები ამშვენებდა. ნინომ თავი ჩარგო ვარდების ნაზ ფურცლებში და მკითხა:

– ალი ხან, გახსოვს, როგორ გემსახურებოდი, ხევიდან წყალი რომ ამომქონდა აულში?

– შენ რომელი მომსახურება უფრო მოგწონს?

ნინოს მეოცნებე თვალები გაუხდა, მაგრამ არაფერი უპასუხია. კარზე დარეკეს. მას აღელვება დაეტყო. მაგრამ ეს მხოლოდ ილიას ბეგი და ნინოს არისტოკრატული ჩამომავლობის მშობლები გახლდნენ. სრულ სადღესასწაულო მუნდირში გამოწყობილმა ილიას ბეგმა დარბაზს შემფასებლური მზერა მოავლო და აღფრთოვანებულმა მკითხა:

– ალი ხან, მეც მინდა ევროპელი ცოლის შერთვა. იქნებ ბიძაშვილი ჰყავს ნინოს?

მე და ნინო კართან ვიდექით და სტუმრებს ვეგებებოდით, ხელს ვართმევდით ძლიერ ინგლისურ ხელებს. მოდიოდნენ მაღალი ჩინოსნები, ოფიცრები, ცისფერთვალება, მოღიმარი ცოლებით. მათ მზერაში გაკვირვებას ვკითხულობდი. იქნებ ისინი საჭურისების ნახვას მოელოდნენ, ან მუცლით მოცეკვავეთა ცეკვას. ნაცვლად ამისა კი აქ თავაზიანი მსახურები დახვდათ, საჭმელებს მარცხნიდან რომ სთავაზობდნენ. კედლებზე მწვანე მდელოებითა და ცხენებით მოხატული სურათები ეკიდა. ნინოს სუნთქვა შეეკრა, როცა ერთმა ახალგაზრდა ლეიტენანტმა ვისკით გავსებული ჭიქა ისე გადაჰკრა, რომ სოდიანი წყალითაც კი არ გაუზავებია. მთელ დარბაზში ისეთივე უაზრო, გამაღიზიანებელი ინგლისური ფრაზები ისმოდა, როგორიც ნინოს სახელმძღვანელოში იყო:

– დიდი ხანია გათხოვილი ხართ, ქალბატონო შირვანშირ?

– თითქმის ორი წელია.

– დიახ, საქორწინო მოგზაურობაში სპარსეთში ვიყავით.

– დიახ, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ცხენით ჯირითი.

– ო, არა, ის არ თამაშობს ცხენბურთს.

– მოგწონთ ჩვენი ქალაქი?

– მოხარული ვარ...

– მაგრამ, ღვთის გულისათვის, ჩვენ ველურები არ გახლავართ. აზერბაიჯანში კარგა ხანია, აღარ არის მრავალცოლიანობა. საჭურისებზე მხოლოდ რომანებში თუ წამიკითხავს. – ნინო თან მე გამომცქეროდა და სიცილისაგან შევარდისფერებული ნესტოები უთრთოდა.

მაიორის ცოლმა ნინოს ისიც კი ჰკითხა, ოპერაში თუ ყოფილხართო.

– დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, წერაც ვიცი და კითხვაც. – ამაყად უპასუხა ნინომ და მაიორის ცნობისმოყვარე ცოლს ამ ნათქვამით თვალებში ნაცარი შეაყარა.

ახალგაზრდა ინგლისელები, სახელმწიფო მოღვაწეები და ოფიცრები ქედს იხრიდნენ ნინოს წინაშე, მის ნაზ თითებს ეხებოდნენ, მის შიშველ მხრებს თვალს ავლებდნენ. და იძულებული ვიყავი, ამაზე თვალი დამეხუჭა. დარბაზის ბოლოში ასადულაჰი იდგა და მშვიდად ეწეოდა სიგარეტს. ის თავის ცოლს არასოდეს მისცემდა უფლებას, ამდენ უცხო კაცს მოხვედროდა თვალში. მაგრამ ნინო ქართველი, ქრისტიანი იყო. ალბათ ამიტომაც თვლიდნენ, რომ შეიძლებოდა, მისი თვალებისა თუ შიშველი მხრებისათვის ემზირათ უცხოებს. თავში სისხლი მომაწვა. სიბრაზესა და სირცხვილს ვგრძნობდი. ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებიღა მესმოდა, ურცხვად, სულმდაბლად რომ ჟღერდა. ნინო დარბაზის მეორე ბოლოს იდგა, უამრავი უცხოს გარემოცვაში.

უცბად მისი დამფრთხალი ხმა შემომესმა:

– გმადლობთ, თქვენ ძალიან თავაზიანი ბრძანდებით.

თავი რომ ავწიე, ნინოს შეშინებულ, მთლად გაწითლებულ სახეს მოვკარი თვალი. ჩემკენ მოდიოდა. როცა მომიახლოვდა, ხელკავი გამომდო, თითქოს საყრდენს ეძებდა:

– ალი ხან, ვიცი, ახლა შენც იმას გრძნობ, რასაც მე თეირანში შენს ბიცოლებსა და ბიძაშვილებთან ვგრძნობდი. რა ვქნა, არც მე ვიცი, რა მოვუხერხო ამდენ უცხო მამაკაცს, სულაც არ მინდა, რომ მიყურებდნენ.

ის კვლავ შებრუნდა და სტუმრების გარემოცვაში მოექცა. მაიორის მეუღლეს ხელკავი გამოსდო და გავიგე, როგორ უთხრა:

– ნამდვილად ღირს, ნახოთ ადგილობრივი თეატრი. შექსპირი აზერბაიჯანულად ითარგმნა. მომავალ კვირას „ჰამლეტს“ წარმოადგენენ.

ოფლი მოვიწმინდე. ვფიქრობდი სტუმართმოყვარეობის მკაცრ კანონებზე და არაფერი შემეძლო მეღონა.

ძველი ადათის მიხედვით, სტუმარი შენს ოთახში თუ შემოაბიჯებს, შენი საკუთარი ერთადერთი ვაჟის მოჭრილი თავიც რომ მოგიტანოს, უნდა გაუმასპინძლდე და, როგორც სტუმარს, პატივით მოეპყრა. ბრძნული ადათია, მაგრამ ზოგჯერ ძნელია მისი შესრულება.

უამრავ ჭიქაში ჩამოვასხი ვისკი და კონიაკი. ოფიცრები სიგარეტს ეწეოდნენ. კიდევ კარგი, მაგიდაზე ფეხები არავის შემოუწყვია.

– საუცხოო მეუღლე გყავთ და საუცხოო სახლი გაქვთ, ალი ხან. – განაგრძო ჩემი ტანჯვა ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა. ეს ოფიცერი ნამდვილად გაოგნდებოდა, თუ გაიგებდა, რომ სილის გაწვნას მხოლოდ პოლიტიკურმა მოსაზრებებმა გადაარჩინა. ვიღაც ურწმუნო ძაღლი ჩემი ცოლის მშვენიერებაზე ლაპარაკს ბედავდა! ხელი მიკანკალებდა, კონიაკს რომ ვუსხამდი. რამდენიმე წვეთი დამექცა კიდეც.

ერთ სახელმწიფო მოღვაწეს, თეთრ სმოკინგში გამოწყობილ თეთრწვერა მოხუცს, ნამცხვარი გავუწოდე. ჩაყვითლებული მოგრძო კბილები და მოკლე თითები ჰქონდა:

– ალი ხან, ჭეშმარიტად ევროპული სახლი გაქვთ. – თქვა მან სუფთა სპარსულით.

– ისე ვცხოვრობ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

გაოცებულმა შემომხედა:

– როგორც ჩანს, სპარსეთსა და აზერბაიჯანს შორის უზარმაზარი კულტურული სხვაობაა.

– ო, დიახ, საუკუნით ვუსწრებთ წინ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მძლავრი ინდუსტრია გვაქვს, ჩვენთან რკინიგზაცაა. სამწუხაროდ, რუსეთის მმართველობამ დათრგუნა ჩვენი კულტურული განვითარება და ამიტომაც გვყავს ცოტა ექიმი თუ მასწავლებელი. გავიგე, მთავრობას განზრახული აქვს ნიჭიერი ახალგაზრდობის ევროპაში გაგზავნა, რითაც, იმედია, ავინაზღაურებთ, რაც რუსეთის დროს დავკარგეთ.

კარგა ხანს ვილაპარაკეთ. ვისკი შევთავაზე, მაგრამ არ სვამდა.

– ოცი წელია კონსული ვარ სპარსეთში. – განაგრძო მან, – მტკივნეულია იმის აღიარება და დანახვა, როგორ დაეცა ღირსეული აღმოსავლური კულტურა, როგორ უარყოფენ აღმოსავლელები ჩვენს ცივილიზაციას და როგორ ეჭიდებიან წინაპრების ადათ-წესებს. იქნებ არც ცდებიან. მათი ცხოვრების წესი, ბოლოს და ბოლოს, მათი პირადი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვაღიარო, რომ თქვენი ქვეყანა სავსებით მზადაა დამოუკიდებლობისათვის, ისევე, როგორც ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკები. ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა მალე აღიარებს აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

რაღა თქმა უნდა, ეჭვიანი სულელი ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, საღამოს მისია გამართლდა, მიზანს მიაღწია. დარბაზის ბოლოში ასადულაჰი იდგა ილიას ბეგსა და ნინოს მშობლებთან ერთად. მე დარბაზი გადავჭერი და მათკენ გავემართე.

– რაო, რა გითხრა მოხუცმა? – სულმოუთქმელად მომაყარა ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა ასადულაჰმა.

– მითხრა, რომ სულელი ვარ, მაგრამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ინგლისი იფიქრებს.

მირზა ასადულაჰმა შვებით ამოიოხრა:

– არა, სულელი ნამდვილად არ ბრძანდებით, ალი ხან.

– გმადლობთ, მინისტრო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვარ.

მან კვლავ გააქნია თავი და სტუმრებს გამოემშვიდობა. გასასვლელთან ნინოს ხელზე რომ კოცნიდა, ნინომ საიდუმლოებით მოცული ღიმილით რაღაც წასჩურჩულა, რა, ვერ გავიგე, მაგრამ იმანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

სტუმრები შუაღამისას დაიშალნენ. მთელ დარბაზში სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნი იდგა. დაღლილებმა შვებით შევაბიჯეთ საძინებელში. უცნაურმა სიცელქემ შეგვიპყრო. ნინომ თავისი სადღესასწაულო ფეხსაცმელები კუთხეში მიყარა, კაბიანადვე ბუმბულივით შეხტა საწოლზე, ცხვირი დამანჭა, ქვედა ტუჩი გამობზიკა, პატარა მაიმუნს ჰგავდა. ლოყები გამობუშტა, მერე საჩვენებელი თითები დაირტყა გამობერილ ლოყებზე და წამოიძახა:

– აბა, როგორ მოგეწონე დღეს ჩვენი სამშობლოს მხსნელის როლში? ნინო ხანუმ შირვანშირი – აზერბაიჯანელი ჟანა დ’არკი! – წამოიძახა მან, საწოლიდან ისკუპა, სარკესთან მიირბინა და აღრფთოვანებული შეაცქერდა საკუთარ თავს. – ხომ ვუმტკიცებდი მაიორის ცოლებს, თვალით არ მინახავს საჭურისები-მეთქი. – იცინოდა ნინო და ტაშს უკრავდა. ღია ფერის საღამოს კაბა ეცვა, ზურგზე ღრმად ამოჭრილი. ნაზ ბიბილოებზე გრძელი საყურეები ეკიდა, ყელზე მარგალიტის ფარღულის რამდენიმე წყება უბრწყინავდა სინათლის მკრთალ შუქზე. მუქი თმები გრძლად ეფინებოდა. სარკესთან იდგა და ტკბებოდა თავისი ახლებური მშვენიერებით. უკნიდან მივუახლოვდი ჩემს ევროპელ პრინცესას. ბედნიერებისაგან თვალები ანთებოდა. მოვეხვიე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად შევეხე. ნაზი, სურნელოვანი კანი ჰქონდა, კბილები მარგალიტებივით უელვარებდა. პირველად ჩამოვსხედით საწოლის კიდეზე. მკლავებში ევროპელი ქალი მყავდა. მისი გრძელი წამწამები, ნაზად რომ აფახულებდა, ლოყებზე მელამუნებოდა. ნინო ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. ნიკაპი ავუწიე და თვალებში ჩავხედე. ვუყურებდი მის ნოტიო, ოვალურ, სიყვარულს მოწყურებულ ბაგეებსა და ვნებიანად მილულულ თვალებს. მშვენიერი, პატარა სახე უღონოდ ჩაეშვა ჩემს ხელებში. სურნელოვან თმაზე ვეფერებოდი. სულ დამავიწყდა მისი საღამოს კაბა, გაპრიალებული ევროპული საწოლი და თეთრი ზეწრები. გამახსენდა დაღესტნის აული, თიხის იატაკზე დაგებულ ვიწრო ლეიბზე ნახევრად ჩაცმული ნინო. უცბად ძლიერად მოვეხვიე ნინოს, ტანსაცმლიანადვე დავეშვით ღია ფერის ქირმანულ ხალიჩაზე და ევროპული, მდიდრული საწოლის ფეხებთან აღმოვჩნდით. ვხედავდი ნინოს ტკივილით თუ ნეტარებით აღვსილ სახეს, მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა, და მის ყოველ მოძრაობას, გამხდარი თეძოების მოხაზულობასაც კი შევიგრძნობდი. იმ წამმა ყველაფერი გადამავიწყა: ინგლისელებიც, ახალგაზრდა ოფიცრებიც და ჩვენი რესპუბლიკის მომავალიც.

მოგვიანებით მშვიდად ვიწექით გვერდიგვერდ და დიდ სარკეში საკუთარ თავს შევყურებდით.

– სულ გამიფუჭდა კაბა. – დაასკვნა ნინომ, მაგრამ ეს სიტყვები დიდ ბედნიერებაში გამოტყდომას უფრო ჰგავდა.

მერე ხალიჩაზე წამოვჯექით. ნინოს ჩემს კალთაში ედო თავი და მეჩურჩულებოდა:

– რას იტყოდა მაიორის მეუღლე ამაზე? – „ალი ხან, რისთვისა გაქვთ საწოლები?“

მერე ზლაზვნით წამოდგა, პატარა ფეხი მუხლზე წამკრა და მითხრა:

– ეგებ ინებოს მისმა აღმატებულება ატაშემ ტანთ გახდა და დიპლომატიური სამყაროს საყოველთაოდ მიღებული წესების თანახმად საწოლში ჩაწოლა? სად გაგიგონია, რომ ატაშე ხალიჩაზე გორაობდეს?

ბუზღუნით წამოვდექი, ტანსაცმელი გავიხადე და ზეწარგადაფარებულ საწოლში ჩავწექი.

ასე გადიოდა დღეები და კვირები. მოდიოდნენ სტუმრები, სვამდნენ ვისკის, აქებდნენ ჩვენს ოჯახს. და ნინოს ქართული სტუმართმოყვარეობა და მწველი გულზიარობა დღითიდღე ძლიერდებოდა. ნინო ცეკვავდა ახალგაზრდა ლეიტენანტებთან, ესაუბრებოდა მოხუც მინისტრებს, უყვებოდა ინგლისელ მანდილოსნებს თამარ მეფის დროინდელ ამბებს და არწმუნებდა, რომ თამარ მეფე აზერბაიჯანზეც ბატონობდა. მე კი სამინისტროში ვიჯექი, ვწერდი დიპლომატიური ნოტის პროექტებს. ვკითხულობდი საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მოხსენებებს და ზღვას გავცქეროდი. ხანდახან სამინისტროში საოცრად ქალური, მხიარული და წარმოუდგენლად მომხიბლავი ნინოც შემოირბენდა ხოლმე. მან არაჩვეულებრივად მეგობრული ურთიერთობა დაამყარა საგარეო საქმეთა მინისტრ ასადულაჰთან. როცა ის ჩვენთან მოდიოდა სტუმრად, ნინო გულით მასპინძლობდა, საზოგადოებრივი თვალსაზრისით ბრძნულ დარიგებებს უზიარებდა. ზოგჯერ ორივე, იდუმალებით მოცული, კუთხეში მიდგებოდა და რაღაცას ჩურჩულებდა.

– რა გინდა მირზასაგან? – ვკითხე ერთხელ. გამიცინა და ამიხსნა, რაოდენ დიდი პატივი იქნებოდა მისთვის, თუ პირველი საქმიანი ქალი გახდებოდა.

ჩემს საწერ მაგიდაზე წერილები, მოხსენებები, მემორანდუმები იყო დახვავებული. გამალებით შენდებოდა ახალი სახელმწიფო. იყო ერთი წერილებისა და აქტების თხზვა, ახალი გერბიც უნდა შემოეღოთ.

შუადღე იქნებოდა, როცა კურიერმა გაზეთები მომიტანა. გადავშალე. გაზეთის ერთ ფურცელზე ჩემს სახელს მოვკარი თვალი. ქვეშ ეწერა: „ალი ხან შირვანშირი, საგარეო სამინისტროს ატაშე, საუკეთესო მონაცემების გამო წარგზავნილ იქნეს ელჩად პარიზში.“ ამას მოჰყვებოდა მთელი გვერდი ჩემი სრული დახასიათებით, აშკარად აღა არსლანის ხელწერა ემჩნეოდა.

გამწარებული წამოვხტი, მინისტრის კაბინეტისკენ გავიჭერი, კარი გამოვგლიჯე და ვიყვირე:

– რას ნიშნავს ეს, მირზა ასადულაჰ?

– აჰ, – გაიცინა მან, – თქვენთვის მოულოდნელია, ალბათ, არა, ჩემო მეგობარო? ეს მე თქვენს მეუღლესთან შევათანხმე. ნინოსა და თქვენთვის პარიზი სწორედ რომ შესაფერისი ადგილია.

გაზეთი გვერდზე მოვისროლე და ველურმა სიბრაზემ შემიპყრო.

– მირზა, ვერანაირი კანონი ვერ მაიძულებს, წლობით ვიცხოვრო ჩემი სამშობლოდან მოშორებით ! – ვიყვირე მე.

გაოცებით შემომყურებდა.

– რატომ, ალი ხან? საზღვარგარეთის პოსტები ჩვენს სამსახურში მართლაც მისწრებაა. თქვენ შესანიშნავი კანდიდატურა ბრძანდებით.

– მაგრამ მე არ მინდა პარიზში. სამსახურს დავტოვებ, თუ წასვლას მაიძულებთ. მე მძულს უცხო ქვეყანა, უცხო ქუჩები, უცხო მანქანები და ზნე-ჩვეულებები. მაგრამ თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ.

– ვერა, მაგრამ თუ თქვენ მაგ აზრზე მყარად დგახართ, შეგიძლიათ დარჩეთ. – ჩაილაპარაკა მან თავაზიანად.

სახლისაკენ მივიჩქაროდი, კიბეები ავირბინე:

– ნინო, არ შემიძლია, უბრალოდ, არ შემიძლია.

ნინო სულ გაფითრდა, ხელები უცახცახებდა.

– რატომ, ალი ხან ?

– ნინო, სწორად გამიგე, მე მიყვარს ჩემი სახლის ბანი, ჩემი სანაპირო და ზღვა. მიყვარს ეს ქალაქი, ძველი კედელი, მეჩეთები, ვიწრო ქუჩები. დავიღუპები აღმოსავლეთის გარეშე, როგორც თევზი უწყლოდ.

მან წამით თვალები დახუჭა.

– სამწუხაროა. – თქვა ჩამქრალი ხმით. გული მეტკინა ამ სიტყვების გაგონებაზე. გვერდზე მივუჯექი, ხელი მოვკიდე და ვუთხარი:

– პარიზში მე ისევე უბედური ვიქნები, როგორც შენ იყავი სპარსეთში. ევროპაში უცხოდ ვიგრძნობ თავს. გაიხსენე ჰარამხანა შემრანში. ევროპას მე ისევე ვერ ავიტან, როგორც შენ – აზიას. დავრჩეთ ბაქოში, სადაც ევროპა და აზია შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს. არ შემიძლია პარიზში წასვლა, იქ არც მეჩეთებია, არც ძველი კედელი და არც სეიედ მუსტაფა. დროდადრო მინდა აზიის სულით ვიცხოვრო, რომ ჩვენს სახლში მომსვლელი ამდენი უცხო ავიტანო. პარიზში მე ისევე შეგიძულებ, როგორც შენ შემიძულე სპარსეთში მოჰარამის დღესასწაულზე. მაშინვე არა, მაგრამ ერთ საღამოს, მეჯლისზე ან სხვა დროს უცბად დამეწყება შენდამი სიძულვილი იმ უცხო სამყაროში, საითკენაც შენ მეწევი. ამიტომ აქ დავრჩები, რაც უნდა მოხდეს. აქ დავიბადე და აქ მინდა, მოვკვდე.

მთელი ეს ხანი დუმდა. როცა დავასრულე, ჩემკენ დაიხარა და თმაზე გადამისვა ხელი:

– აპატიე შენს ნინოს, ალი. ძალიან სულელი ვარ. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე, რომ შენც შეძლებდი ისე ხეტიალს, როგორც მე. ჩვენ აქ ვრჩებით და პარიზს აღარც ვახსენებთ. შენ შენს აზიურ სახლს მოუარე და მე ჩემს ევროპულ სახლს მოვუვლი.

მან ნაზად მაკოცა, თვალებში ცრემლები უბრწყინავდა.

– ნინო, მძიმეა ჩემი ცოლობა?

– არა, ალი ხან, ჭკვიანი ადამიანისთვის სულაც არა.

მისი ხელები ჩემს სახეზე დაცურავდა. ძლიერი ქალი იყო ჩემი ნინო. ვიცოდი, რომ ულამაზესი ოცნება დავუმსხვრიე. მუხლებზე მოვეხვიე და ვუთხარი:

– ნინო, როცა ბავშვი გაგვიჩნდება, გავემგზავროთ პარიზში, ლონდონში, ბერლინში, თუნდაც რომში. საქორწინო მოგზაურობაში წავიდეთ. მთელი ზაფხული დავრჩეთ იმ ქალაქში, სადაც შენ მოგეწონება. ყოველ წელს ვიმოგზაუროთ ევროპაში, ტირანი არა ვარ. მაგრამ ცხოვრება იმ ქვეყანაში მინდა, რომელსაც ვეკუთვნი, რადგან ამ უდაბნოს, ამ ქვიშის, ამ მზის შვილი ვარ.

– ჰო, მართალი ხარ, ერთი პატარა ბავშვი და ევროპა სულ დაგვავიწყდება. მაგრამ ბავშვი, რომელსაც შენგან ვატარებ, არც ამ უდაბნოსი და არც ამ ქვიშისა არ უნდა იყოს, უბრალოდ ეს იქნება ნინოსა და ალის ბავშვი, კარგი?

– კარგი! – ვთქვი მე. ვიცოდი, რომ ამით ევროპელის მამობაზე ვთანხმებოდი.


Загрузка...