აბიტურიენტების სადღესასწაულო ფორმებს ვერცხლისფერი საყელოები, ვერცხლისბალთიანი ქამრები და ვერცხლისფერი ღილები ამშვენებდა. თვითონ ნაჭერი კი ისე იყო გატკიცინებული, რომ უთოს სითბოს სუნი ჯერაც ასდიოდა. გიმნაზიის დიდ დარბაზში თავშიშვლები ჩუმად ვიდექით. დაიწყო გამოცდის საზეიმო პროცესი. ჩვენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის ღმერთს დახმარებას ვთხოვდით, ორმოცივე გიმნაზიელი, რომელთაგანაც მხოლოდ ორი ეკუთვნოდა ამ ეკლესიას.
მღვდელს საზეიმო, მოოქროვილი ანაფორა ემოსა, გრძელი, სურნელოვანი თმა ჰქონდა და ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ლოცვა დაიწყო. დარბაზი საკმევლის სურნელით აივსო. ყველამ დაიჩოქა.
მღვდლის წამღერებით წარმოთქმული მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა ყრუდ ჩაგვესმოდა. უკვე მერამდენედ გვესმოდა ამ რვა წლის განმავლობაში:
„ყოვლადმორწმუნე, ყოვლადძლიერ, ყოვლადქრისტიან ხელმწიფეს, მეფე ნიკოლოზ მეორე ალექსანდრეს ძეს წყალობა ღვთისა... და ყველა მეზღვაურს, მოგზაურს, ყველა სწავლულს, ყველა ტანჯულს და ყველა მებრძოლს, ყველას, ვინც მთელი ცხოვრება რწმენისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის იბრძვის და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს წყალობა ღვთისა“.
გაბეზრებული მივშტერებოდი კედელს; ფართო ოქროს ჩარჩოდან ყოვლადძლიერი და ყოვლადწმინდა მბრძანებელი მეფე ნიკოლოზ მეორე შემოგვცქეროდა, თითქოს მართლაც იქ იდგაო. სურათი იმხელა იყო, ბიზანტიურ ხატს მოგაგონებდა. მეფეს მოგრძო სახე, ქერა თმა და ცივი, ნათელი თვალები ჰქონდა. მკერდს უამრავი მედალი უმშვენებდა. მთელი ეს რვა წელი ვცდილობდი დამეთვალა, რამდენი მედალი ეკიდა, მაგრამ სულ მერეოდა.
ადრე მეფის სურათის გვერდით დედოფლის სურათიც ეკიდა. მაგრამ მაჰმადიანებმა ერთი ამბავი ატეხეს მისი მოშიშვლებული მკერდის გამო; იმუქრებოდნენ, ბავშვებს სკოლაში აღარ ვატარებთო და ამიტომ ჩამოხსნეს.
მღვდელი ლოცულობდა. ჩვენ ყველას სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. ეს დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ჩემთვის და ძალ-ღონეს არ ვიშურებ-დი, რომ ღირსეულად დამესრულებინა. დილიდანვე გადავ-წყვიტე, ამ დღეს ყველას თავაზიანად მოვპყრობოდი. მაგრამ სახლში ყველას ეძინა. ისღა დამრჩენოდა, რომ გზად შემხვედრი მათხოვრებისთვის ფული დამერიგებინა. აღელვებისაგან ერთ მათხოვარს ხუთი კაპიკის ნაცვლად მანეთი მივეცი და, როცა ის გაუთავებლად მადლობას მიხდიდა, ამაყად განვუცხადე: მე კი ნუ მიხდი მადლობას, ალაჰს უმადლოდე, ჩემი ხელით ის შეგეწია-მეთქი.
შეუძლებელი იყო ასეთი ღვთისნიერი მოქცევის შემდეგ ჩავჭრილიყავი.
ლოცვა დამთავრდა. საგამოცდო მაგიდისაკენ ბატებივით მარშით გავემართეთ და პირდაპირ ურჩხულის დაღებულ ხახაში – კომისიის წინაშე აღმოვჩნდით. ოქროსფერ საზეიმო მუნდირებში გამოწყობილი გრძელწვერა კომისიის წევრები მოქუფრული მზერით შემოგვცქეროდნენ. ყველაფერი საზეიმო და თანაც საოცრად შიშისმომგვრელი იყო. რუსებს მაჰმადიანთა ჩაჭრა მაინცდამაინც არ ეხალისებოდათ, რადგან ყველას უამრავი მეგობარი გვყავდა, სულ კუნთმაგარი ბიჭები, ხანჯლებითა და რევოლვერებით შეიარაღებულები. იცოდნენ, შეიძლება სადმე ბნელ კუთხეში დახვედროდნენ და ეცემათ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმით მთავრდებოდა, რომ დამნაშავის ვინაობას ვერ ადგენდნენ, მასწავლებელი კი სხვაგან გადაჰყავდათ. ბაქოში მასწავლებლად გამოგზავნას რუსები ღვთის სასჯელად თვლიდნენ. ამიტომაც ხუჭავდნენ თვალს, როცა მოსწავლე ალი ხან შირვანშირი თითქმის მოურიდებლად იწერდა მათემატიკას გვერდით მჯდომი მეტალნიკოვისაგან. მხოლოდ ერთხელ, ისიც მორიდებით ჩამჩურჩულა მასწავლებელმა: „ასე აშკარად ნუ აკეთებ, შირვანშირ, მარტონი ხომ არა ვართ“. მათემატიკის გამოცდამ მშვიდობიანად ჩაიარა, კმაყოფილები მივაბიჯებდით ნიკოლოზის ქუჩაზე. ცოტაც და, მოსწავლეები აღარ ვიქნებოდით. მეორე დღეს რუსული წერა გვქონდა. თემა, როგორც ყოველთვის, თბილისიდან დალუქული მოვიდა. დირექტორმა საჯაროდ გახსნა და წაიკითხა: „ქალთა სახეები, როგორც რუსი ქალის სულის იდეალური გამოხატულება, ტურგენევის შემოქმედებაში“.
კარგი თემა იყო. შემეძლო დამეწერა. რაც შეიძლება უნდა მექო და მედიდებინა რუსი ქალები და თამაშსაც მოვიგებდი. ყველაზე ძნელი ფიზიკა წერა იყო, მაგრამ ცოდნა თუ გიმტყუნებს, გადაწერის ხელოვნებას უნდა მიმართო. მშვიდობიანად ჩაიარა ფიზიკის გამოცდამაც და, რაღა თქმა უნდა, კომისიისთვისაც მშვიდობიანი დღე იქნებოდა.
მერე იწყებოდა ზეპირი გამოცდები. მთავარი იყო, იოლ შეკითხვებზე რთული პასუხები გაგეცა. პირველი გამოცდა რელიგიაში გვქონდა. ჩვეულებრივ ყოველთვის მოკრძალებული გიმნაზიის მოლა ამჯერად ჩვენ წინ მაგიდასთან იჯდა გრძელი, ფარფარა მოსასხამით და განიერი მწვანე ბაფთით, რომელსაც წინასწარმეტყველის მიმდევრები ატარებდნენ. ის კეთილად იყო განწყობილი თავისი მოსწავლეებისადმი. მე მხოლოდ ისლამური სარწმუნოების ძირითადი მცნება მკითხა და მას მერე, რაც ბრწყინვალედ ჩამოვუყალიბე შიიტური მიმდინარეობის ძირითადი არსი, მაღალი ნიშანიც დავიმსახურე: „არა არს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამადია მოციქული მისი, ალი კი ალაჰის შემწე დედამიწაზე.“ ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს იყო, განსხვავება შიიტ ღვთისმოსავთა და სუნიტ ცდომილ ძმებს შორის, რომელთაც მაინც არ წაართვა ალაჰმა თავისი წყალობა. ასე გვასწავლა მოლამ, რომელიც ძალზე ლიბერალი გახლდათ.
რაც შეეხება ისტორიას, მასწავლებელი ლიბერალობით არ გამოირჩეოდა. ბილეთიც ისეთი შემხვდა, არ მესიამოვნა: „მადათოვის გამარჯვება განჯასთან“. თვითონ მასწავლებელსაც დაეტყო აღელვება. ეს ის ბრძოლა იყო, სადაც რუსებმა მზაკვრულად მოკლეს ჩემი წინაპარი იბრაჰიმ ხან შირვანშირი, რომლის დახმარებითაც ჰასან ყულიმ თავად ციციანაშვილს მოაჭრა თავი .
„შირვანშირ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი უფლება გამოიყენოთ და ბილეთი გამოცვალოთ“. მე უნდობლად გავხედე მინის საფარს, რომელშიც ლატარიის ბილეთებივით ეწყო საგამოცდო ბილეთები. ყოველ მოსწავლეს ჰქონდა უფლება, აღებული ბილეთი ერთხელ გამოეცვალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალ ნიშანსაც უნდა გამომშვიდობებოდა. ეს არ მინდოდა და ბედს დავემორჩილე, მით უმეტეს, რომ ჩემი წინაპრის სიკვდილზე ასე თუ ისე რაღაც ვიცოდი, ამ მინის ქვეშ კი, ვინ იცის, ჩემთვის უცნობი რამდენი საკითხი ეწყო – პრუსიის ომზე თუ ამერიკის გამათავისუფლებელ ბრძოლაზე. ამიტომაც ბილეთის გამოცვლაზე უარი ვთქვი: „გმადლობთ, ჩემს საკითხს დავიტოვებ“. და მოვყევი, როგორც შემეძლო აბას მირზაზე, როგორ დაიძრა ორმოციათასიანი ჯარით თავრიზიდან, რომ აზერბაიჯანიდან რუსები განედევნა, როგორ დახვდა მათ მეფის გენერალი სომეხი მადათოვი ხუთი ათასი კაცით განჯასთან და ბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ სპარსელებისათვის. სროლის შედეგად უფლისწული აბას მირზა ცხენიდან ჩამოვარდა და თხრილში ჩაიმალა. მთელი ჯარი დაიფანტა. იბრაჰიმ ხან შირვანშირი კი ცდილობდა, მდინარე გადაელახა, მაგრამ დაიჭირეს და დახვრიტეს. რუსთა გამარჯვება ჯარის სიმამაცემ კი არა, მადათოვის ძლიერმა აღჭურვილობამ განაპირობა. ამ გამარჯვებით გათავისუფლდა თურქმენჩაი. ამასთან, ომის შემდგომ სპარსელებისაგან დაკისრებული ხარკის შედეგად ხუთი პროვინცია მთლად გაპარტახდა“.
სწორედ ასეთი დასასრულის გამო დამიწერეს ოთხიანი. არადა, უნდა მეთქვა: „გამარჯვება განაპირობა რუსების სიმამაცემ, რომელთაც შეძლეს მტრის მრავალრიცხოვანი ჯარების მოგერიება. გამარჯვების შედეგად გათავისუფლდა თურქმენჩაი, ამით სპარსელებს გზა გაეხსნათ დასავლეთის ბაზრებისა და კულტურისაკენო.“
რაში მეკითხებოდა ჩემი წინაპრის ღირსების დაცვა? ამან ხუთიანი დამაკარგვინა.
როგორც იქნა, გამოცდებიც დასრულდა. დირექტორმა საზეიმო სიტყვა წარმოთქვა. მან სიამაყით და მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ ცხოვრებისთვის.
მერე კი თავისუფლებამინიჭებული მსჯავრდებულებივით კიბეზე დავეშვით. მზე თვალს გვჭრიდა, ქუჩები ყვითელი ქვიშით იყო დაფარული. სკოლის ახლოს მდგომმა პოლიციელმა, მთელი რვა წელი ღირსეულად რომ გვიცავდა, მოგვილოცა და ყოველი ჩვენგანისაგან ხუთ-ხუთი კაპიკი მიიღო. მთელ ქალაქს ყაჩაღებივით ხმაურითა და ღრიანცელით მოვედეთ.
სახლისაკენ მივიჩქაროდი. ისე მიმიღეს, როგორც სპარსელებზე გამარჯვებული ალექსანდრე ომის შემდეგ. მსახურები კრძალვით შემომცქეროდნენ. მამამ გადამკოცნა და სამი სურვილის შესრულებას დამპირდა. არჩევანი ჩემზე იყო. ბიძაჩემმა დაასკვნა, რომ ისეთი ჭკვიანი კაცისათვის, როგორიც მე ვიყავი, მხოლოდ თეირანის კარზე თუ მოიძებნებოდა ადგილი.
როგორც კი პირველი ემოციები ჩაცხრა, ტელეფონთან მივიპარე. ორი კვირა ნინოსთან არ მილაპარაკია. ბრძენ კაცს უთქვამს, თუ საპასუხისმგებლო საქმე გაქვს, ქალისგან თა-ვი შორს დაიჭირეო. ავკრიფე 33-81 და ნინოს ხმაც გავიგე:
– ჩააბარე, ალი?
– კი, ნინო!
– გილოცავ, ალი.
– სად და როდის, ნინო?
– ხუთზე გუბერნატორის ბაღთან, აუზთან.
მეტის თქმა აღარ შემეძლო. ზურგით ცნობისმოყვარე მსახურებისა და ნათესავების მზერას ვგრძნობდი. ნინოსაც ალბათ დედამისი ედგა გვერდით. თანაც, არც თუ ისე სასიამოვნოა, როცა საყვარელი ადამიანის ხმა გესმის და ვერ ხედავ.
მერე დიდ ოთახში გავედი მამასთან. ის და ბიძაჩემი ტახტზე ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. კედელთან მსახურები იდგნენ და მომშტერებოდნენ. სიმწიფის გამოცდა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. ვიდრე ცხოვრების კარს შევაღებდი, ჯერ მამის დარიგება უნდა მიმეღო. ეს ამაღელვებელი და ცოტა ძველმოდური იყო, მაგრამ მამამ შვილს ყველა წესის დაცვით ცხოვრების სიბრძნე უნდა გაუზიაროს:
„შვილო ჩემო, ახლა, როცა შენ უკვე ცხოვრების კარი უნდა შეაღო, ვალდებული ვარ, მუსლიმის ყველა მოვალეობა კიდევ ერთხელ შეგახსენო. ჩვენ ურწმუნოთა ქვეყანაში ვცხოვრობთ და, რადაც უნდა დაგიჯდეს, მტკიცედ უნდა დაიცვა ძველი ადათ-წესები. გამუდმებით ილოცე, არასოდეს დალიო, არასოდეს აკოცო სხვის ცოლს, კეთილად მოეპყარი ღარიბებსა და სუსტებს. ყოველთვის მზად იყავი ხმლის ამოსაღებად და რწმენის დასაცავად. ბრძოლის ველზე თუ დაეცემი, მოხუც მამას გულს მომიკლავ, მაგრამ შენი უღირსი სიცოცხლის გამო სირცხვილით დავიწვები. შვილო ჩემო, მტერს ნუ დანებდები, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ხვალინდელ დღეზე ნუ იფიქრებ, ეს მხოლოდ მხდალის ხვედრია. ნუ დაივიწყებ მუჰამადის რწმენას, იმას, რასაც შიიტური მოძღვრების მიმდევარი იმამ ჯაფარი გვიქადაგებს!“
ბიძაჩემი და მსახურები მამაჩემს ისეთი გაბრწყინებული სახეებით უსმენდნენ, თითქოს გამოცხადება ყოფილიყო. მერე მამაჩემი წამოდგა, მომიახლოვდა და მავედრებელი ხმით მითხრა, მხოლოდ ერთსა გთხოვ, პოლიტიკაში არასოდეს გაერიოო.
პოლიტიკისაგან შორს ვიყავი და ამიტომაც იოლად დავიფიცე. ჩემი აზრით, ნინო პოლიტიკურ პრობლემას არ მიქმნიდა. მამა კიდევ ერთხელ გადამეხვია. ახლა კი ნამდვილად დავასრულე სიმწიფის გამოცდა.
ხუთის ნახევარზე სახლიდან გამოვედი. ისევ გიმნაზიელის ფორმა მეცვა. ციხე-სიმაგრის ქუჩაზე, პრომენადის მარჯვნივ გავუხვიე, გუბერნატორის სასახლესთან, რომელსაც წინ ბაღი ჰქონდა. ეს ბაღი ბაქოს გახრიოკებულ, მწირ მიწაზე დიდი ვაი-ვაგლახით გააშენეს.
საოცრად თავისუფალი, უჩვეულო შეგრძნება მქონდა. სახელმწიფო მოხელემ ჩამიარა მანქანით და არ დამჭირვებია არც სამხედრო მისალმება და არც გაჭიმვა, როგორც მთელი ამ რვა წლის მანძილზე მევალებოდა. ქუდს ვერცხლისფერი წარწერა „ბაქოს გიმნაზია“ საზეიმოდ მოვაცალე. და ახლა, როგორც სრულიად დამოუკიდებელი ვინმე, ქალაქში დავსეირნობდი. წამით სიგარეტის მოწევის სურვილიც კი გამიჩნდა. მაგრამ თამბაქოს სიძულვილი თავისუფლების შეგრძნებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ასე რომ, მოწევა გადავიფიქრე და ბაღისაკენ გადავუხვიე.
დიდ, მტვრით დაფარულ ბაღში გამხმარი ხეები მოწყენილად გამოიყურებოდა. სავალი ბილიკები სულ მოასფალტებული იყო. მარჯვნივ ძველი ციხე-სიმაგრის კედელი მოჩანდა. შუაში ქალაქის კლუბის მარმარილოს სვეტები თეთრად ბრწყინავდა. ხეებს შორის უთვალავი ძელსკამი ჩაედგათ. რამდენიმე მტვრით დაფარული პალმის ქვეშ სამი ფლამინგო შეყუჟულიყო და უძრავად მიშტერებოდა ჩამავალი მზის ათინათს. კლუბის მახლობლად ქვებით მოპირკეთებული, ღრმა, მრგვალი აუზი გაეკეთებინათ. ერთი პირობა უნდოდათ, აუზი წყლით აევსოთ და შიგ გედები გაეშვათ, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლეს: ჩვენში წყალი ძვირად ფასობდა, გედები კი იშვიათობა იყო. ამიტომაც აუზი, მკვდარი ციკლოპის თვალის ღრმულივით, მუდამ ცარიელი შეჰყურებდა ცას.
ერთ ძელსკამზე ჩამოვჯექი. მზე მიყოლებით ჩამწკრივებული ნაცრისფერი სახლების უკან ეშვებოდა. ვიღაც ჩადრიანმა ქალმა ფლოსტების ფრატუნით ჩამიარა, მარტო ნისკარტივით ცხვირი მოუჩანდა. თვალი მოვარიდე. უჩვეულო დაღლილობა მომეძალა. კიდევ კარგი, ნინო ჩადრს არ ატარებს, და არც ასეთი გრძელი ცხვირი აქვს. არა, ნინოს ჩადრს ვერ ჩამოვაფარებ. ჰა, იქნებ მაინც? ჯერ ზუსტად არ ვიცი. ჩამავალი მზის ნათებაში ნინოს სახე დამიდგა თვალწინ. ნინო ყიფიანი – მშვენიერი ქართველი ქალი, დიდგვაროვანი წარმომავლობისა, ევროპულად აღზრდილი, შეუდარებელი სილამაზის მქონე: თეთრი, ქათქათა კანით, მომღიმარი, დიდი, მუქი, მოციმციმე კავკასიური თვალებით, გრძელი, ნაზი წამწამებით; მხოლოდ ქართველებსა აქვთ ასეთი თბილი, სიცოცხლით აღსავსე თვალები, სხვას – არავის, არც ევროპელს, არც აზიელს. ვიწრო, ნახევარმთვარისებური წარბები, ღვთისმშობლის პროფილი. სევდა მომერია. ამ შედარებებმა და წარმოდგენებმა დამთრგუნა. საერთოდ, მდიდარია აღმოსავლელი კაცის წარმოსახვა, მაგრამ ამჯერად ერთი რამის თქმა შემიძლია: ნინო უცხო, გაუგებარი ქრისტიანული სამყაროს, წმინდა მარიამის სიმბოლოა.
თავდახრილი ვიჯექი და მტვრითა და ქვიშით შთანთქმულ გზას მივშტერებოდი. ქარი ქვიშას თვალებში მაყრიდა და მაბრმავებდა. თვალები დავხუჭე და უცბად გვერდიდან ლაღი ხმა ჩამესმა: „წმინდაო გიორგი, ვხედავ, რომეოს ჯულიეტას მოლოდინში ჩასძინებია“. მაშინვე წამოვხტი, გვერდით ნინო მედგა. ჩვეულებისამებრ, ლიცეუმის ცისფერი ფორმა ეცვა. გამხდარი იყო, აღმოსავლელის გემოვნებისათვის მეტისმეტად გამხდარი, რაც კიდევ უფრო ნაზ გრძნობას მიღვიძებდა. ჩვიდმეტი წლისა იყო. იმ დღიდან ვიცნობდი, რაც ლიცეუმში დაიწყო სიარული და ნიკოლოზის ქუჩაზე გამოჩნდა.
ნინო ჩამოჯდა. დახრილი, გრძელი წამწამების მიღმა თვალები უბრწყინავდა:
– ჩააბარე? ძალიან მეშინოდა.
მხრებზე ხელი მოვხვიე:
– ცოტა ვიღელვე, მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა.
ნინოს გაეცინა:
– ერთ წელიწადში შენ მოგიწევს ჩემთვის ღვთის როლის შესრულება, ჩემი მერხის ქვეშ ჯდომა და გამოცდაზე მათემატიკის ამოცანის პასუხების კარნახი.
სწორედ ასე მოხდა რამდენიმე წლის წინ. თორმეტი წლის ატირებული ნინო ჩემს კლასში შემოიჭრა. მე მის საკლასო ოთახში შეპარვა მომიხდა. მთელი საათი ვიჯექი მერხის ქვეშ და მათემატიკის ამოცანას ვკარნახობდი. იმ დღის მერე ნინოს თვალში გმირი გავხდი.
– როგორ არის ბიძაშენი თავისი ჰარამხანით? – მკითხა ნინომ.
სერიოზული სახე მივიღე, რადგან, რაც ჰარამხანას ეხებოდა, საიდუმლო იყო. მაგრამ ნინოს უწყინარი ინტერესი აღმოსავლური ადათ-წესების ყოველგვარ კანონს გაალღობდა:
– ბიძაჩემის ჰარამხანა სამშობლოში გასამგზავრებლად ემზადება. დასავლეთის მედიცინის ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ნინომ ბავშვური შუბლი შეიჭმუხნა და წამოიწყო:
– რა საშინელებაა, ეს ხომ სირცხვილია. მამაჩემიც და დედაჩემიც ჰარამხანის წინააღმდეგნი არიან.
სკოლის მოწაფესავით ლაპარკობდა, თითქოს გაკვეთილს ჰყვებაო. ბაგეებით მის ყურს შევეხე და ჩავჩურჩულე:
– მე არ მეყოლება ჰარამხანა, დამიჯერე, ნინო.
– ჰო, მაგრამ შენ, ალბათ, ჩადრს ჩამოაფარებ შენს ცოლს.
– ალბათ ჩადრი ნამდვილად საჭიროა, მზისაგან, მტვრისაგან, უცხო თვალისაგან დასაფარავად.
ნინო გაწითლდა:
– შენ მაინც აზიატად დარჩები, ალი. რას გიშლის უცხოების მზერა? ქალი იმისთვისაა, რომ მოეწონოთ.
– ჰო, მაგრამ მხოლოდ თავის ქმარს. მშვენიერი სახე, მოშიშვლებული ზურგი და მკერდი, გამჭვირვალე წინდები ფეხებზე. ამ ყველაფერს დამალვა სჭირდება, თორემ კაცი რაც მეტს ხედავს ქალში, მით მეტის დანახვა სურს. ამიტომაცაა ჩადრი კარგი.
ნინომ გაოცებულმა შემომხედა.
– შენ ფიქრობ, ევროპაში ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგო-ბიჭებიც ასეთ თემებზე საუბრობენ?
– ალბათ არა.
– მაშინ ჩვენც ნუ ვილაპარაკებთ. – თქვა ნინომ მკაცრად და ტუჩები მოკუმა.
თმაზე მოვეფერე, ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები თვალებს უელვარებდა. მისკენ გადავიხარე და მის პატარა ნოტიო ბაგეებს, უნებურად, ნაზად რომ გაპობოდა, მოურიდებლად დავეწაფე. დიდხანს ვკოცნიდი. მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა. თვალები მილულული ჰქონდა. მერე კი უცბად გაითავისუფლა თავი. ჩუმად ვისხედით და ბინდს მივჩერებოდით. ცოტა ხნის შემდეგ დარცხვენილები წამოვდექით და ხელიხელჩაკიდებულნი გამოვედით ბაღიდან.
– იქნებ მართლა გინდა, ჩადრი ვატარო? თუ შენს დაპირებას შეასრულებ? – მკითხა მან გამოსასვლელთან. ნინო სახლამდე მივაცილე. გამომშვიდობებისას მითხრა:
– აუცილებლად მოვალ თქვენს გამოსაშვებ საღამოზე.
მე ისევ მისი ხელი მეჭირა და ვკითხე:
– ზაფხულში რას აპირებ, ნინო?
– ზაფხულში? ყარაბაღში, შუშაში მივდივართ. ახლა ნუ მოიგონებ რაღაცეებს, ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ შენც შუშაში უნდა წამოხვიდე.
– მაშ კარგი, ზაფხულში შუშაში შევხვდებით.
– აუტანელი ხარ. არც კი ვიცი, რატომ მიყვარხარ. – თქვა მან და შინ შევიდა.
სახლში დავბრუნდი თუ არა, მამაჩემის ოთახისაკენ წავედი. გზად ბიძაჩემის საჭურისი შემომხვდა. გამოფიტული ხვლიკის სახით გამიცინა და მითხრა: „შეუდარებელი სილამაზისანი არიან ქართველი ქალები, ხან. მაგრამ არ შეიძლება ასე აშკარად, სხვების დასანახად ბაღში ხვევნა-კოცნა“. ფერმკრთალ ლოყაზე ვუჩქმიტე. საჭურისთან ყველანაირად შეიძლებოდა მოქცევა, არც ქალი იყო, არც კაცი, რაღაც საშუალო. მერე კი მამაჩემისაკენ გავემართე. შესვლისთანავე წამოვიწყე: „მამა, შენ სამი სურვილი მაჩუქე. პირველი უკვე ვიცი. ამ ზაფხულს მინდა ყარაბაღში მარტო წავიდე“. მამა დიდხანს მიმზერდა და ღიმილით დამეთანხმა.